გადაცემა „დილა უქმეებზე“ „რუსთავი 2“-ის ეთერში ყოველ შაბათ-კვირას, დილის 8 საათზე გადის. არხის ერთგული მაყურებლის დილის განწყობაზე გადაცემის ოთხი არაჩვეულებრივი წამყვანი ზრუნავს: ნუკა ორჯონიკიძე, მაკო კვიტაიშვილი, სანდრო სანაია და ნიკა ლომიძე, რომლებიც უქმეების დილას ხალისით, ენერგიითა და საუკეთესო განწყობით ავსებენ. როგორ ემზადებიან გადაცემის წამყვანები შაბათ-კვირის დილის ეთერისთვის და რა ემოციები მოაქვს მათთვის „დილა უქმეებზე“ მუშაობას, წაიკითხეთ ქართული OK!-ის ინტერვიუში.
ვისაუბროთ გადაცემაზე „დილა უქმეებზე“. როგორ იწყება უქმეების დილა თქვენი ერთგული მაყურებლისთვის?
(სანდრო): უქმეების დილა მაყურებლისთვის ყველაზე ხალისიანად და დადებითად იწყება, რადგან ჩვენი გადაცემა მაყურებელს იმ განწყობას უქმნის, რომელიც მას შაბათ-კვირის ხალისიანად გასატარებლად სჭირდება.
(ნუკა): გადაცემას ოთხი ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული წამყვანი ჰყავს, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენი დილა ყოველთვის მრავალფეროვანია არა მხოლოდ შინაარსობრივად, არამედ თავისი ენერგეტიკით და ხასიათით. ამ დაძაბულ ვითარებაში, როცა ადამიანებს უამრავი პრობლემა და საფიქრალი აქვთ, ვცდილობთ განტვირთვის რამდენიმე საათი ვაჩუქოთ ჩვენს ერთგულ მაყურებელს, ვიყოთ მხიარულები, ენერგიულები და ამასთან ერთად, მიმდინარე მოვლენებსაც არ ჩამოვრჩეთ.
(ნიკა): „დილა უქმეებზე“ ყოველთვის დადებითად იწყება. თითოეული ჩვენგანი ყოველ შაბათ-კვირას, დილით ადრე ადგომის მიუხედავად, ვცდილობთ ვიყოთ მაქსიმალურად კარგ განწყობაზე, რათა ჩვენმა მაყურებელმა დღე მხიარულად, ენერგიულად და ხალისიანად დაიწყოს.
რას ნიშნავს ეს გადაცემა და მისი წამყვანობა თქვენთვის?
(ნიკა): ამ გადაცემის გუნდის წევრი მისი ეთერში გასვლის წუთიდან ვარ. ჩემთვის აქ მუშაობა ნიშნავს ბევრ დადებით ემოციას და განწყობას.
(მაკო): „დილა უქმეებზე“ უკვე წელიწადია, რაც ჩემი ცხოვრების შემადგენელი ნაწილი გახდა. თავს ბედნიერად ვგრძნობ „უქმეების“ გუნდის წევრობის გამო და მიხარია, რომ ჩემი ყოველი შაბათ-კვირა იწყება გადაცემით „დილა უქმეებზე“. აქ მუშაობა ჩემთვის ძალიან დიდი გამოცდილებაა.
(ნუკა): 2.5 საათი ჩვენს ხელშია ერთგვარი ძალაუფლება. ამასთან ერთად, უდიდესი პასუხისმგებლობა − ჩვენს ყველა სიტყვას ფასი აქვს და რასაც ვიტყვით, უკან ვეღარ დავაბრუნებთ. თითოეული ეთერის დაწყებისას მხოლოდ ამაზე ვფიქრობ. ამიტომ, გარდა იმისა, რომ უზომოდ მიყვარს ჩვენი გადაცემა და საქმე, რომელსაც ერთად ვაკეთებთ, ეს ჩემთვის ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა.
რამდენი ხანია, რაც გადაცემის „დილა უქმეებზე“ წამყვანები ხართ? საინტერესოა, როგორი დატვირთვა შეიძინა თქვენთვის უქმეების ამ საინტერესო ფორმატში დაწყებამ?
(ნუკა): წელიწადზე მეტია, რაც ამ გუნდს შემოვუერთდი. მე და მაკო ერთად მოვედით, სანდრო და ნიკა უკვე წლებია, ამ გადაცემის წამყვანები არიან. ჩვენ ყველამ ერთად მოვახერხეთ, რომ ძალიან მალე ისეთ გუნდად ჩამოვყალიბდით, რომელიც ტოვებს განცდას, თითქოს უკვე მრავალი სეზონია ერთად ვმუშაობთ. ბედნიერებაა გვერდით გყავდეს ადამიანები, რომლებსაც უსიტყვოდ ესმით შენი და ერთმანეთის. იმ ფორმატის გადაცემაში, როგორიცაა „დილა უქმეებზე“, ეს ყველაზე მნიშვნელოვანია.
(ნიკა): უკვე მეოთხე წელია, რაც ამ გადაცემაში ვმუშაობ. დილის გადაცემებში მუშაობის საკმაოდ დიდი გამოცდილება მაქვს, თუმცა შაბათ-კვირის დილის გადაცემა სატელევიზიო სივრცეშიც ახალი სიტყვა იყო.
(სანდრო): გადაცემის შექმნის დღიდან მისი ნაწილი ვარ და 2018 წლის აპრილიდან ეთერში ვმუშაობ. ეს გადაცემა ყოველთვის განსხვავებული ფორმატის იყო და მაყურებელს მუდმივად სთავაზობს განახლებულ და საინტერესო რუბრიკებს.
როგორ და როდის ემზადებით ხოლმე გადაცემებისთვის? როგორ გეგმავთ?
(სანდრო): გადაცემისთვის მზადებას შუა კვირიდან ვიწყებთ და თითოეული თანამშრომელი, წამყვანი, პროდიუსერებთან ერთად, ჩართული ვართ მის მომზადებაში. ჯერ უშუალოდ ვიწყებთ ე.წ. ბრეინშტორმინგით და შემდეგ ვცდილობთ მოვიძიოთ აქტუალური, სახალისო მასალა და საინტერესო სტუმრები.
(ნუკა): გადაცემისთვის მთელი კვირა ვემზადებით. პანდემიამ მზადება დისტანციური გახადა, თუმცა მუდმივ ონლაინკომუნიკაციაში ვართ. ვაგროვებთ საინტერესო ამბებს, სტატიებს და ერთმანეთს ვუზიარებთ, როგორი წარმოგვიდგენია მომდევნო გადაცემა. ამ პროცესში ჩვენი დიდი გუნდი მონაწილეობს: პროდიუსერები, ჟურნალისტები და ჩვენ. მოკლედ, შაბათიდან შაბათამდე ეს პროცესი უწყვეტია.
(მაკო): გადაცემის დაგეგმვა ყველაზე მნიშვნელოვანი პროცესია. ყველა ერთად ვმუშაობთ და ზუსტად ეს მომწონს. ამ დროს იგრძნობა ერთობა. მომწონს დაგეგმვის პროცესი, რადგან ტიპაჟებით ყველა ერთმანეთისგან განვსხვავდებით და შესაბამისად, ყველას იდეები თავისებური და გამორჩეულია. აქედან გამომდინარე, გადაცემაც მრავალფეროვანი გამოდის ხოლმე.
თქვენი პროფესიონალიზმის რომელი მხარეები დაგანახათ უკეთ ამ გადაცემის წამყვანობამ? ახალი აღმოჩენებიც ხომ არ გაგიკეთებიათ?
(ნუკა): ამ გადაცემამ კიდევ ერთხელ დამარწმუნა იმაში, რომ პირდაპირი ეთერი ერთადერთი ფორმაა მაყურებელთან კომუნიკაციის, რომელსაც ვაღიარებ. პასუხისმგებლობას, რომელზეც ზემოთ ვლაპარაკობდი, ემატება უდიდესი აზარტი და სიამოვნება, როცა ხვდები, რომ რასაც აქ და ახლა ამბობ და აკეთებ, აქ და ახლა უყურებს და ისმენს მაყურებელი.
(მაკო): ტელევიზია შესაძლებლობების ადგილია. აქ შეგიძლია ძალიან ბევრი ისწავლო, გააკეთო და ბევრი საინტერესო ადამიანი გაიცნო. საკმაოდ დიდხანს ვეძებდი ადგილს, სადაც ბედნიერი ვიქნებოდი, ბევრგან მოვსინჯე საკუთარი შესაძლებლობები, მაგრამ ტელევიზია და კონკრეტულად, „რუსთავი 2“-ის „დილა უქმეებზე“ ზუსტად ის ადგილია, სადაც ყველაზე კომფორტულად ვარ და მომავალშიც აქ ვხედავ თავს.
(სანდრო): ამ გადაცემის მეშვეობით დაიწყო ჩემი, როგორც წამყვანის, კარიერა და შესაბამისად განვავითარე ყველა ის უნარი, რომელიც ამ ფორმატის გადაცემას სჭირდება. აღმოჩენებს რაც შეეხება, „უქმეების“ მეშვეობით უკეთ დავინახე ჩემი სამომავლო კარიერის განვითარების პერსპექტივა. უკეთ აღვიქვი საკუთარი შესაძლებლობები და ძლიერი მხარეც აღმოვაჩინე − სოციალურ-პოლიტიკური მიმართულება.
(ნიკა): საკუთარი თავის პროფესიონალიზმზე საუბარი მეუხერხულება, თუმცა გეტყვით, რომ ჩვენ მთავარ მისიას თავს ნამდვილად კარგად ვართმევთ − დილის დადებით განწყობას ნამდვილად ვუქმნით ჩვენს ერთგულ მაყურებელს და ეს ძალიან გვახარებს.