OK!-ის დეკემბრის ნომრის Techno Book-ის მოწვეული რედაქტორი მოგზაური და ბლოგერი სოსო ნებიერიძეა. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენს მკითხველს წინ ერთ-ერთი გამორჩეული ნომერი ელოდება, ძალიან საინტერესო თემებითა და სტატიებით, რომელთა შესახებ თავად გვიამბობს და მცირეოდენ წარმოდგენას შეგვიქმნის ინტერვიუდან, სანამ უშუალოდ Techno Book-ის კითხვას შევუდგებით. მაშ ასე, გთავაზობთ ინტერვიუს სოსო ნებიერიძესთან.
თქვენ ხართ OK! Techno Book-ის მოწვეული რედაქტორი. გქონიათ თუ არა აქამდე მსგავსი გამოცდილება და რამდენად საინტერესო აღმოჩნდა ეს გამოწვევა თქვენთვის?
მსგავსი გამოცდილება აქამდე ნამდვილად არ მქონია, პირველად ვარ რედაქტორის ამპლუაში და, სხვათა შორის, იმაზე საინტერესო აღმოჩნდა ეს ყველაფერი ჩემთვის, ვიდრე მოველოდი. თავიდან ცოტა შევშინდი, როცა მივიღე შემოთავაზება, თუმცა შემდეგ მივხვდი, რომ არც ისე რთულადაა საქმე, როგორც წარმომედგინა. მით უმეტეს, როცა საქმე გვაქვს ტექნოლოგიებთან და მათ წვლილზეა საუბარი ჩვენს ცხოვრებაში. ამ ახალი გამოცდილებისთვის მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ჟურნალ OK!-ის.
რას წაიკითხავს მკითხველი OK!-ის დეკემბრის დამატება Techno Book-ში?
დეკემბრის დამატება Techno Book-ში ჯამში 10 თემა გვექნება. პირველი რედაქტორის სვეტი იქნება, სადაც ჩემ შესახებ ვისაუბრებ. შემდეგი სტატია კონკრეტულ აპლიკაციებს მიეძღვნება და მოგიყვებით, თუ როგორ გვიმარტივებენ ისინი მოგზაურობის დაგეგმვის პროცესს. ვფიქრობ, მოგზაურობის მოყვარულ ყველა ადამიანს დააინტერესებს მისი წაკითხვა. ასევე ვისაუბრებთ დრონზე და მის მნიშვნელობაზე დღევანდელ დროში. განსაკუთრებული კადრების გადაღება ხომ სწორედ ამ მოწყობილობით არის შესაძლებელი. ვფიქრობ, ის არცთუ ძვირი სიამოვნებაა და ამასთანავე, მისი მართვაც არ არის ძალიან რთული. შევადარებთ ერთმანეთს „ინსტაგრამსა“ და „ფეისბუქს“, დაგანახებთ, თუ რითი განსხვავდებიან ისინი ერთმანეთისგან. ასევე გვექნება სტატია iPhone-ის შესახებ, რომელიც ჩემი უსაყვარლესი მოწყობილობა და ერთგვარი მეგობარია. გარდა ამისა, გაჩვენებთ კამერის ევოლუციას და ვისაუბრებთ ბლოგერობაზეც. მოგიყვებით „ქაუჩსერფინგზე“, ანუ როგორ ვიმოგზაუროთ ძალიან მცირე ბიუჯეტით და ბოლოს, კვლავ „ინსტაგრამზე“ გავამახვილებთ ყურადღებას.
გვესაუბრეთ თქვენს ამჟამინდელ საქმიანობაზე.
ამჟამად დაკავებული ვარ ბიზნესსაქმიანობით − მაქვს რამდენიმე მაღაზია თბილისში. პარალელურად, ვარ მოგზაური ბლოგერი. პანდემიამდე ვმოგზაურობდი სხვადასხვა ქვეყანაში, ვიღებდი ფოტოებს, ვწერდი ბლოგებს და ვათავსებდი ჩემს „ინსტაგრამ“ და „ფეისბუქ“–გვერდებზე. წელს უკვე, პანდემიიდან გამომდინარე, საქართველოში დავიწყე მოგზაურობა. ისევ ვაგრძელებ ბლოგების წერას და გადაღებას. ამჯერად უკვე ჩემი ქვეყნის შესახებ, რაც ძალიან მსიამოვნებს.
როგორც მოგზაურისთვის, რა შეცვალა პანდემიისგან გამოწვეულმა შეზღუდვებმა თქვენს ცხოვრებაში?
ბევრი რამ შეცვალა პანდემიამ ჩემს, როგორც მოგზაურის, ცხოვრებაში. დავკარგე თავისუფლების შეგრძნება. აქამდე, როცა მინდოდა და სადაც მინდოდა, იქ მივდიოდი. ვყიდულობდი ბილეთს და სულ ეს იყო. ერთადერთი შემაფერხებელი ვიზა აღმოჩნდებოდა ხოლმე, რომელიც მოგვარებადი ამბავია. ახლა, ფაქტობრივად, შეუძლებელია მოგზაურობა. ვფიქრობ, ჯერ კიდევ დიდი ხანი ვერ დაბრუნდება ის რეალობა 100%-ით, რაც იყო პანდემიამდე, თუმცა იმედი მაქვს, შემდეგი წლიდან დაიწყება ყველაფრის ეტაპობრივად აღდგენა.
რას მოახმარეთ და რამდენად სასარგებლოდ გამოიყენეთ ეს დრო?
ვფიქრობ, მთელი ეს დრო, რაც ჩავიკეტეთ და მსოფლიო რეალობა რადიკალურად შეიცვალა, მაქსიმალურად სასარგებლოდ გამოვიყენე ჩემთვის და შეიძლება ითქვას, ჩვენი ქვეყნისთვისაც. მთელი ზაფხულის განმავლობაში მოვიარე არაერთი კუთხე და რამდენიმე დაცული ტერიტორია. ჩემს გამომწერებს გავაცანი ბევრი აქამდე არცთუ ცნობილი ადგილი, გადავიღე უამრავი ფოტო და ვიდეომასალა. ვცდილობდი ხარისხიანად მეჩვენებინა ადამიანებისთვის, რა საოცარი ქვეყანა გვაქვს. ამ ყველაფრის ფონზე, ძალიან გაიზარდა გამომწერთა რიცხვი, რაც უფრო დიდ სტიმულს მძენს, მეტი ვიმოგზაურო და მეტი აღმოვაჩინო. ვფიქრობ, საკუთარი მცირე წვლილი მეც შევიტანე შიდა ტურიზმის პოპულარიზებაში. ჩემდა გასაკვირად, ახლახან მოვხვდი ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების ორ ნომინაციაში, რაც ძალიან მახარებს.
რამ განაპირობა ტექნოლოგიებთან მჭიდრო კავშირი?
ალბათ იმან, რომ ბლოგერი გავხდი. როცა ბლოგერი ხარ, ცდილობ გამომწერებს მიაწოდო ხარისხიანი ფოტო-ვიდეომასალა, ეს კი მოითხოვს ისეთ ტექნოლოგიებთან მეგობრობას, როგორიცაა დრონი, ფოტოაპარატი, ექშენ-კამერა და ასე შემდეგ.
როდის დაიწყეთ ბლოგერობა?
დაახლოებით 3 წლის წინ ფილიპინების ერთ-ერთ კუნძულზე ვიყავი. მახსოვს, „ფეისბუქზე“ მოგზაურთა ერთ-ერთ ჯგუფში ისე, უბრალოდ პოსტი დავდე ფილიპინების შესახებ. ტელეფონით გადაღებული რამდენიმე არცთუ ხარისხიანი ფოტოც დავურთე. პოსტმა, ჩემდა გასაკვირად, დიდი გამოხმაურება ჰპოვა. ამის შემდეგ გადავწყვიტე, სადაც უნდა წავსულიყავი, მეწერა იმ ქვეყნის შესახებ და მომეყოლა ჩემი თავგადასავლები. ამისთვის შევქმენი პერსონალური ფეიჯი „ფეისბუქზე“, სადაც დღეს 63 000 მიმდევარი მყავს. შემდეგ, რამდენიმე წელიწადში მივხვდი, რომ „ინსტაგრამ“-პლატფორმა ზედგამოჭრილი იყო ჩემნაირი ადამიანისთვის და იქაც აქტიურად დავიწყე საქმიანობა. დღეის მდგომარეობით, 48 000 გამომწერი მყავს „ინსტაგრამზე“.
მოგზაურობის დასაგეგმად რა როლს ასრულებს ტექნოლოგიები?
მოგზაურობის დასაგეგმად საკმარისია მხოლოდ ჩემი ტელეფონი და მასში არსებული აპლიკაციები. სასტუმროს ან ჰოსტელის დაჯავშნა, იაფი ბილეთების მოძიება და შემდეგ შეძენა, ადგილზე ტურების დაჯავშნა, სანახავ ადგილებზე ინფორმაციის მოძიება, ავტომობილის დაქირავება და სხვა მრავალი მოქმედება უმარტივესად გვარდება აპლიკაციების დახმარებით. არასდროს მივსულვარ ამისთვის ტურისტული კომპანიის ან ავიაკომპანიის ოფისში.
დაახასიათეთ საკუთარი თავი სამი სიტყვით.
ოპტიმისტი. მიზანდასახული. კრეატიული.