თეატრისა და კინოს ქართველი მსახიობის, ია შუღლიაშვილის საინტერესო კარიერა დიდი წარმატების წილს მუსიკალურ სამყაროსაც უზიარებს. პროფესიით მსახიობია და როგორც თავად აღნიშნავს, სიმღერა ცხოვრების გატაცებად თან სდევს. ლეგენდარული ინოლა გურგულიას ქალიშვილისთვის, მუსიკა თანმხლები ფენომენია, მამაც – მიხეილ შუღლიაშვილი ხომ კომპოზიტორი იყო და მათ ოჯახში დაბადება თავისთავადი მემკვიდრეობა აღმოჩნდა.
მუსიკაა ის, რამაც მეუღლესთანაც მჭიდროდ დააკავშირა და ერთობლივ, იას თქმით, ახლებურ ცხოვრებას დასაბამი მისცა... პანდემიის პერიოდმა მსახიობისთვის დროის მცირედით გამოთავისუფლება შეძლო, ვირუსით გამოწვეული დაბრკოლებები მის საქმიანობასაც შეეხო და დამტკიცებული ახალი როლის თამაშმაც დროებით მომავალში გადაიწია. თუმცა, ახლო წარსულში, ევრაზიის საერთაშორისო კინოფესტივალზე საუკეთესო მსახიობ ქალად (ფილმისთვის „ჩემი ბედნიერი ოჯახი“) აღიარებული ია შუღლიაშვილისთვის მთავარი ამოცანა, ნებისმიერ მოცემულობაში, საკუთარ თავზე მუშაობა და მუდმივი განვითარებაა.
მსახიობისა და მომღერლის ამპლუაში თქვენ ორი შთამბეჭდავი როლი გერგოთ საკუთარ ცხოვრებაში. როდის რომელს „თამაშობთ“ დიდი სიამოვნებით?
უპირველესად გეტყვით – მომღერლობას საკუთარ პროფესიად არ მივიჩნევ. ისე მოხდა, რომ მემკვიდრეობად მერგო ჩემი წილი მუსიკა, ხოლო სიმღერა ისეთივე მოთხოვნილებაა, როგორიც საკვებისა და წყლის მიღება. ამისთვის მე დიდად არ ვიხარჯები და მხოლოდ სიამოვნებას ვიღებ. არ ვემზადები, განსაკუთრებულად არ ვმუშაობ საკუთარ თავზე − განსხვავებით სამსახიობო ცხოვრებისგან, რომელიც ნამდვილად ჩემი პროფესიული არჩევანია.
ინოლა გურგულიას შვილი − ეს არის პატივი და პასუხისმგებლობა, რომელიც ალბათ ახლავს თქვენს თითოეულ ნაბიჯს. რა მოვლენაა ეს ფაქტი − მისი შვილობა თქვენთვის და როგორ ფიქრობთ, გარეგნული მსგავსების გარდა, რაში ჰგავხართ მას განსაკუთრებით?
სწორად აღნიშნეთ – ეს პატივი და პასუხისმგებლობაა თანაბარი დოზით. მაქვს იმის პასუხისმგებლობაც, მისი სახელი შემოვინახო. ამბობენ, რომ ვგავარ ხმითაც, თუმცა მას უფრო მეტად წვრილი ხმა ჰქონდა. გარეგნობითაც ვგავარ, თუმცა მას ჩემი ამჟამინდელი ასაკისთვის არც მოუღწევია. მხოლოდ 10 წლის ვიყავი, როცა ის გარდაიცვალა. დარჩენილი მაქვს მისი ანდერძი, დედის რჩევები, რომლითაც მე დღეს ვხელმძღვანელობ. მომყვება მისი ნაკარნახევი, მაყალიბებს და მიმსგავსებს.
მცირე ასაკში მოგიწიათ დედასთან გამომშვიდობება. გაგვანდეთ მთავარი მოგონებები, რომლებიც გსტუმრობთ?
უცნაურია, თუმცა მასთან გამოთხოვებისას ჩემი მცირე ასაკის მიუხედავად, მე ყველაფერი კარგად მახსოვს. ის იყო ადამიანი − სიყვარული. იმ სამყაროში, რომელსაც ინოლა ქმნიდა, ყველა უყვარდა და ყველა მის მიმართ ამას გრძნობდა.
მახსოვს, როგორ იქმნებოდა ცნობილი საბავშვო სიმღერა „ოდელია დელა“... სამზარეულოდან გამოვიდა, დაუკრა და მითხრა, გამემეორებინა. ქუჩაში მოვდიოდით, რაღაცას წაიღიღინებდა, შემდეგ ეს მელოდია შინაც მესმოდა და აუდიტორიამდეც მიდიოდა... დღეს ეს მოგონებები განსაკუთრებულ კავშირს მიბამს ინოლას მუსიკასთან და სიმღერები აცოცხლებს მას ჩემთვის.
როგორია თქვენი ხასიათის ძირითადი შტრიხები და თუ იხსენებთ ცხოვრების განმავლობაში, რომელმა მოვლენებმა განსაზღვრა ისინი?
ჩემი თავი პრინციპულ ადამიანად მიმაჩნია. შესაძლოა, ცოტა მომთხოვნიც ვარ − როგორც საკუთარი თავის, ისე სხვების (განსაკუთრებით, შვილების) მიმართ.
მოვითხოვ, ურთიერთობები არ შეგვეშალოს, რისი მთავარი განმსაზღვრელიც სიყვარულია. მგონია, რომ ძლიერ ადამიანად ჩამოვყალიბდი, რადგან ბევრი რამის წინაშე მედგრად დავდექი. ყველაფერი ეს კი, ალბათ, იმან განაპირობა, რომ საკუთარი თავი მე გავზარდე, ჩამოვაყალიბე, მალე ვიქეცი ზრდასრულად.
ამ ყველაფრის ფონზე, თქვენი მეუღლის − მეორე ნახევრის არსებობამ თქვენ, ალბათ, ახლებური ცხოვრება შემოგთავაზათ...
ცხოვრება შემსუბუქდა. როცა მეორედ გავთხოვდი, ცხოვრება თავიდან დავიწყე, შევიცვალე სახლი, გამიჩნდა მეორე შვილი − ყველაფერი თითქოს ხელახლა დაიწყო. სირთულეების შემდეგ, დგება დრო, როცა ჰარმონიას სადღაც პოულობ და მადლობელი ვარ ამ სიმშვიდისთვის.
მუსიკაა ის, რითაც თქვენი და მეუღლის − ბატონ თემურ მაისაშვილის ინტერესები კიდევ ერთხელ იკვეთება. რა არის დანარჩენი სხვა, რაზეც ეს მყარი ურთიერთობა დგას?
ჩვენი ერთობა, ვფიქრობ, უმთავრესად იმ სიმშვიდეს ემყარება, რომელიც ერთმანეთისთვის მოგვაქვს. ჩვენი შეუღლება ისეთ ასაკში მოხდა, როცა მოწიფულებმა გააზრებული ცხოვრებისეული ნაბიჯი გადავდგით. ზოგს ხიბლავს ფორიაქი, მხიარული კონფლიქტებიც კი, თუმცა ჩვენს სახლში ყოველთვის სიმშვიდეა. ეს გვაერთიანებს. გვაახლოებს მუსიკაც, რომელთანაც ჩემს მეუღლესაც კავშირი აქვს.
როგორია ყოველდღიურობა? გვიამბეთ თქვენი ოჯახის შესახებ.
მყავს ორი შვილი, პირველი ქორწინებიდან უფროსი ვაჟი − დავით თავაძე 32 წლისაა და მისგან უკვე ორი შვილიშვილი მყავს. უმცროსი, 15 წლის, ანდრია მაისაშვილია. სხვაობა მათ შორის ასაკობრივიც და ტიპაჟურიც არის, ამიტომ მათთან ურთიერთობა ძალიან საინტერესოა.
ახლანდელი სიტუაციიდან გამომდინარე, დრო შედარებით მყოფნის. პანდემიამდე მქონდა შეგრძნება, რომ არ მყოფნის დღე-ღამე, დასასვენებლად თუ გონების დასამშვიდებლად. ყოველდღე ხომ ჩვეულ რეჟიმში რეპეტიციები მიმდინარეობს, შემდეგი დღისთვის მზადება... შემდეგ, რასაკვირველია, ოჯახში დაბრუნება, შვილები და შვილიშვილები, საოჯახო საქმე...
ამასთანავე, თეატრალურ სტუდია „ეტ სეტერაში“ მუსიკის პედაგოგი ვარ. იქ მსახიობებმა მოვიყარეთ თავი და სხვადასხვა საგანს ვუკითხავთ ახალგაზრდებს. პროცესი არ შეჩერებულა და ამჟამად ონლაინ გრძელდება.
ამჟამად რაში ხართ ჩართული (ან უახლოეს წარსულში რა ნაბიჯები გადადგით) პროფესიული თვალსაზრისით?
ძალიან ბედნიერები ვიყავით, როცა დიდი პაუზის შემდეგ, მოზარდმაყურებელთა თეატრის მთავარმა რეჟისორმა, დიმიტრი ღვთისიაშვილმა, მარჯანიშვილის თეატრის მსახიობებთან ერთად, კოპროდუქცია შემოგვთავაზა. ოტია იოსელიანის 90 წლის იუბილესთან დაკავშირებით, წყალტუბოში, მის ეზოში დავდგით სპექტაკლი „6 შინაბერა და 1 მამაკაცი“. პირდაპირი ჩვენება მიმდინარეობდა და მაყურებელს ხელი ონლაინსივრცეში მიუწვდებოდა.
ინოლას რომელი სიმღერის სათაურს/შინაარსს შეუსაბამებდით საკუთარ თავს?
არის სიმღერა, არცთუ ცნობილი, „შენთან მინდა“ − ასე ჰქვია და ძალიან სევდიანი, რთულად სამღერია. სულ ორჯერ თუ მიმღერია, რადგან საკუთარ თავთანაც კი ვერ ვტყდები, რომ ძალიან მიმძიმს მისი შესრულება. უამრავ ემოციას მიცოცხლებს და ძალიან ახლოა ჩემთვის.
გიფიქრიათ როლზე, რომლის თამაშიც ემოციურად ყველაზე მეტად გაგიჭირდებოდათ?
მგონია, რომ მძიმე როლს ან ითამაშებ ან უბრალოდ არა. ახლახან მქონდა შემოთავაზება და არსებული სიტუაციის გამო გადაღებებმა გადაიწია. საოცრად მძიმე ფილმია, რთული სათამაშო. მსახიობმა უნდა შეძლოს და ბალანსი დაიჭიროს ნაღდ ემოციასა და რეალობას შორის, ითამაშოს ნამდვილად, თუმცა როლი ცხოვრების ნაწილად არ უნდა აქციოს.
გეგმებს წინასწარ სახავთ, თუ მხოლოდ სურვილებს მისდევთ და მიჰყვებით დროს? რა შედის თქვენს სამომავლო გეგმებში?
ცხოვრებაში დალაგებული გეგმები მიყვარს. თუმცა, პროფესიაში ყოველთვის სხვაზე, შემოთავაზებებზე ხარ დამოკიდებული და გეგმებს ვერასდროს დასახავ. მსახიობობა ხომ ჩარჩოებს სცდება − ეს არ არის სამსახური კონკრეტული გრაფიკით. მით უფრო ახლა, რაიმეს წინასწარ თქმა რთულია...
გამოთავისუფლებულ დროს რითი ივსებთ? როგორ ებრძვით პროფესიულ ნოსტალგიას?
ჭკვიან ადამიანებს, პედაგოგებს უთქვამთ, რომ როცა არაფერს აკეთებ, მაშინაც უნდა მუშაობდე − საკუთარ თავზე. მხოლოდ როლის წაკითხვა, გააზრება და რეალიზება მთავარი არაა, არამედ უნდა დააკვირდე ცხოვრებას, რომელიც ყოველთვის აგროვებს მეხსიერებაში საინტერესო ემოციებს, ფრაგმენტებს, რომლებიც შემდეგ როლში გადაგვაქვს.
რა თქმა უნდა, ამ პერიოდში სიმღერაც მნიშვნელოვანი თავშესაქცევია და მოკრძალებული მუზებიც მეწვია, შევქმენი ორი-სამი სიმღერა, რომელიც რადიოში სტუმრობისას მსმენელმაც მოისმინა. პანდემიამ უამრავი რამ ონლაინსივრცეში გადაიტანა და მეგობრებსაც ინტერნეტით ვხვდებით, მათთვისაც არაერთხელ სიამოვნებით შემისრულებია.