ყველასათვის ცნობილმა, უნიჭიერესმა მსახიობმა ია სუხიტაშვილმა, სულ ცოტა ხნის, წინ მთავარი როლი შეასრულა დეა კულუმბეგაშვილის ფილმში „დასაწყისი“, რომელიც სან სებასტიანის კინოფესტივალის ნამდვილ ტრიუმფატორად იქცა და 2021 წლის აპრილში „ოსკარის“ დაჯილდოების ცერემონიაზეც წარდგება. როგორ ემზადებოდა ია ფილმში გადასაღებად, სად და როგორ მიმდინარეობდა სცენების გადაღება, რა კვალი დატოვა მსახიობზე მის მიერ განსახიერებულმა განსაკუთრებულმა პერსონაჟმა და ამჟამად რომელ საინტერესო პროექტებშია ჩართული − ამაზე თავად ია სიამოვნებით გვესაუბრა.
ია, ვისაუბროთ ფილმზე „დასაწყისი“, სადაც თქვენ მთავარი როლი შეასრულეთ. ამ ფილმმა დიდი ინტერესი, ოვაციები დაიმსახურა და სან სებასტიანის კინოფესტივალის ტრიუმფატორიც კი გახდა, რაც საკმაოდ იშვიათად ხდება.
ბედნიერი ვარ, რომ ამ ფილმზე მომიწია მუშაობა. ცხოვრების დიდ სიურპრიზად მიმაჩნია ეს პროექტი. საერთოდ, ქალის ასეთი მასშტაბური, გამორჩეული როლები მსოფლიო კინემატოგრაფში იშვიათად იწერება. სტატისტიკურად, უფრო მამაკაცებს აქვთ ხოლმე ეს ბედნიერება. ფილმში ერთი მთავარი გმირია და ძალიან გამიხარდა, როცა დეამ ჩემზე შეაჩერა არჩევანი მსახიობების შერჩევის დროს.
სანამ კასტინგზე გავიდოდი, სცენარს 3 დღის განმავლობაში ვკითხულობდი და მოსვენება დავკარგე, იმდენად უჩვეულო დასაწყისი, განვითარება და დასასრული აქვს სიუჟეტს. მივხვდი − ეს როლი რომ არ მეთამაშა, ვერ გადავიტანდი.
საერთოდ, სცენარის კითხვიდან იწყება მსახიობის წარმოსახვის ჩამოყალიბება როლთან მიმართებაში. გმირის ინსპირაციის წყარო ხშირად ხდება რომელიღაც ადამიანი ან რაიმე ამბავი, ისტორია. ეს კი ისეთი გმირი გახლდათ, რომ ინსპირაციის წყარო არ მქონია. ამიტომ უფრო საინტერესო იყო ამ პერსონაჟის დაბადება და ჩამოყალიბება. ძალიან რთული და საინტერესო გზა გავიარე დეასთან ერთად. დასვენების დღეებშიც კი არ გავჩერებულვარ, მუდმივად ვმუშაობდი ამ განსაკუთრებული გმირის გამოსაძერწად. იმდენად მოცული ვიყავი მისით, რომ როცა დამთავრდა გადაღებები, სანამ ახალ პროექტზე არ დავიწყე მუშაობა, დიდხანს არ წავიდა ეს ქალი ჩემი გონებიდან.
გადაღებები რამდენ ხანს გრძელდებოდა?
5 მაისიდან დავიწყეთ მოსამზადებელი პერიოდი, გადაღებები კი − სექტემბერში. გრძელი მოსამზადებელი პერიოდი გვქონდა, რაც დიდი ფუფუნებაა. გადაღებები ლაგოდეხში მიმდინარეობდა. ძალიან საინტერესო ადგილმდებარეობები იყო შერჩეული, განსაკუთრებით ვგულისხმობ სახლს, სადაც ფილმის ძირითადი ნაწილი გადავიღეთ. ზოგადად, დიდი მნიშვნელობა აქვს იმ ატმოსფეროს, სადაც პერსონაჟი ყალიბდება. სახლი, რომელიც საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში ეძება დეამ, იმდენად განსაკუთრებულ აურას და განწყობას ქმნიდა, რომ გამიადვილდა როლში შესვლა. სახლი იწყებოდა დაუსრულებელი დერეფნით, რომელიც მისტიკურ განწყობას ქმნიდა.
ფილმის ყველა დეტალი წინასწარ ნაფიქრი და ნამუშევარია. მოსამზადებელ პერიოდში, როცა ჩვენი მხატვრები სახლის დეტალებზე მუშაობდნენ და კედლები უნდა შეეღებათ, დეამ მთხოვა ლაგოდეხში ერთი დღით ჩავსულიყავი. მხატვრებმა კედელთან დამაყენეს და კედლის ფერი ჩემი სხეულისა და თმის ფერთან მაქსიმალურად შესაბამისად შეარჩიეს, იმგვარად, რომ სილუეტი ზუსტად ყოფილიყო აღქმული მის ფონზე. თითოეულ სცენაში გმირის ჩასუნთქვა-ამოსუნთქვაც კი წინასწარ განსაზღვრული და ნამუშევარი იყო.
რატომ ლაგოდეხში?
არ ვიცი, გინახავთ თუ არა, ლაგოდეხი საკმაოდ მისტიკური ადგილია, განსაკუთრებით − ღამით. ძალიან საინტერესო ქალაქია, სწორი და დაუსრულებელი ქუჩებით, მკაცრი გეომეტრიით. თითქმის ყველა ქუჩა ასეთია და ფილმს ძალიან მოუხდა.
როდის დასრულდა გადაღებები?
ნოემბერში დავამთავრეთ ფილმის გადაღება. უცნაური ამბავია, რაც ჩემს გმირს ემართება. დღემდე ჩემთვის გამოცანად დარჩა ეს პერსონაჟი, ლოგიკას ბოლომდე არ ექვემდებარება ამბავი, რომელიც ამ პერსონაჟს დაემართა. შემდეგ დავფიქრდი და მივხვდი, რომ ჩვენს ცხოვრებაშიც ასეა − ხშირად ლოგიკის ფარგლებში არ ექცევა ყველაფერი, რასაც ჩვენ გავდივართ. ბევრი რამ ალოგიკურია და ახსნა არ აქვს.
ია, როდის ვნახავთ ფილმს საქართველოში?
სხვათა შორის, ჯერ მე თვითონაც არ მინახავს ფილმი. „დასაწყისს“ სავარაუდოდ თბილისის კინოფესტივალზე აჩვენებენ პირველად, მაგრამ ზუსტად ისიც არ ვიცით, ჩატარდება თუ არა კინოფესტივალი.
ძალიან ველოდები მის ნახვას. საერთოდ, მიძნელდება ჩემი ნამუშევარი ფილმის ნახვა. ასეთ დროს ძალიან კრიტიკული ვარ და განვიცდი. მინდა, ამჯერად მაინც ისე ვუყურო ჩემს ფილმს, რომ არ მქონდეს ეს კრიტიკული თვითგვემა. ამისთვის ძალიან ბევრი ენერგია და რესურსი დავხარჯეთ ყველამ − მე, რეჟისორმა, ოპერატორმა და მთლიანად გუნდმა. ამ ძალისხმევამ და შრომამ თავისი შედეგები უკვე გამოიღო, ვგულისხმობ იმ ტრიუმფს, რომელიც სან სებასტიანზე დავიმსახურეთ. A კლასის კინოფესტივალზე, როგორც წესი, არ ხდება ერთი ფილმის მიერ ბევრი ჯილდოს აღება, რადგან ჟიურის წევრები ყოველთვის ცდილობენ, შერჩეულ, ძლიერ ფილმებს შორის გადაანაწილონ ჯილდოები. მჯეროდა, რომ ფილმი აუცილებლად მიიღებდა ჯილდოს, მაგრამ საკუთარ თავზე ნაკლებად ველოდი ამას. ავიღეთ საუკეთესო ფილმის ჯილდო, ასევე, საუკეთესო რეჟისურის, საუკეთესო მსახიობი მამაკაცის და საუკეთესო მსახიობი ქალის ჯილდოები. ეკრანზე ჩემი გამოსახულება რომ დავინახე, გავოგნდი. არაფრით ველოდი და ძალიან ბედნიერი ვიყავი.
ეს ფილმი დეას დებიუტი იყო და როცა დებიუტანტი რეჟისორი ასეთი მასშტაბის როლზე გაკავებს, ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა, რომ მისი იმედი გაამართლო. ამიტომ ასმაგად მიხაროდა, რომ 4 ჯილდო ავიღეთ ფესტივალზე, სადაც კანისა და სან სებასტიანის კინოფესტივალების ჟიურის წევრები ისხდნენ და ჩვენ საკმაოდ ძლიერი ოპონენტები გვყავდა. ეს დიდი გამარჯვება გახლდათ. იმდენად მასშტაბური იყო ეს სიხარული ჩვენი ხალხისთვისაც, რომ მეორე დღეს, სადაც კი შევედი − მაღაზიაში, აფთიაქში, ბანკში, ყველგან ამ გამარჯვებაზე მელაპარაკებოდნენ, ემოციურად მილოცავდნენ.
ია, როგორც ცნობილია, „დასაწყისი“ კოპროდუქციაა, ასეა?
ფილმს ჰყავდა ფრანგი პროდიუსერები, რომლებმაც დიდი ინვესტიცია დააბანდეს ამ პროექტში. კადრები ფირზე გადავიღეთ, რაც საკმაოდ ძვირი ჯდება. რომ არა კარგი დაფინანსება, ფილმის ხარისხი ასეთი მაღალი ვერ იქნებოდა. კინოფესტივალებზე კი, ცხადია, ამ ფაქტორსაც ითვალისწინებენ. იმედი მაქვს, ქართული კინო დაფინანსდება ისე, როგორც იმსახურებს და ეკუთვნის. ძალიან კარგი რეჟისორები გვყავს და ეს სფერო ნამდვილად ღირსია, მიექცეს სათანადო ყურადღება.
ვინ არის ფილმის სცენარის ავტორი?
დეა კულუმბეგაშვილი და რატი ონელი − ქართველი პროდიუსერი, რომელიც ამავე დროს ფილმში ჩემი პერსონაჟის მეუღლის როლს თამაშობს, თანაც − შესანიშნავად.
რამდენადაც ვიცით, შესაძლოა, „დასაწყისი“ „ოსკარის“ დაჯილდოების ცერემონიაზე წარდგეს.
უკვე დაიწყო PR-კამპანია „ოსკარისთვის“. ეს საკმაოდ დიდ სამუშაოა და აგენტები თუ პროდიუსერები ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ ფილმი „ოსკარის“ ნომინაციაზე იყოს წარდგენილი. დაჯილდოების ცერემონიალი აპრილისთვის გადაიდო და ამბობენ, რომ დათქმულ დროს ჩატარდება, თუმცა − რეგულაციებით. ამდენი ხალხის დაშვება აღარ მოხდება. ალბათ, ძირითადად, ვარსკვლავებისთვის იქნება განსაზღვრული ადგილები.
ია, მოგვიყევით, ამჟამად რომელ პროექტებზე მუშაობთ?
კრიზისის გამო ცოტა შევფერხდი, მაგრამ გამიმართლა, რომ 2 პროექტზე მაინც ვიმუშავე: სრულმეტრაჟიან ფილმზე და სერიალზე, სახელწოდებით „სეანსი“, რომელსაც მალე საქართველოს პირველ არხზე იხილავს მაყურებელი. ჩემთვის ძალიან საინტერესო იყო ამ სერიალზე მუშაობა. ეს გახლავთ თინა გურჩიანის 38-სერიიანი დრამა, სადაც პარტნიორობა ნინო კასრაძემ და რეზო ჩხიკვიშვილმა გამიწიეს. ფილმში ნინოს ქალიშვილიც მონაწილეობს, ასევე, ნატალია ყულოშვილი, პაატა ინაური და სხვა არტისტები. არაჩვეულებრივი გუნდი შეიკრიბა.
სამომავლოდ გადამედო რუსუდან ჭყონიას ფილმის გადაღებები, რომელიც, დიდი ალბათობით, 1 აპრილს დაიწყება. რუსიკოსთან 2010 წელს ფილმზე KEEP SMILING ვიმუშავე, რომელმაც ყველაზე დიდი წარმატება მომიტანა კინოში. ჩვენს ახლანდელ თანამშრომლობას დავარქვი „შეხვედრა ათი წლის შემდეგ“, რომელსაც მთელი გულით ველოდები. ფილმში პარტნიორობას გიორგი ბაბლუანი გამიწევს, ძალიან მაინტერესებს მასთან ერთად მუშაობა.
დასასრულ, თქვენს ოჯახზე მოგვიყევით.
მყავს მეუღლე, პროფესიით ინჟინერ-მშენებელი და ორი შვილი − 13 წლის ლუკა და 3 წლის იკა, რომლებიც, როგორც იტყვიან, ყირაზე გადადიან ამ ჩაკეტილობის ჟამს შინ და არ იციან, ენერგია რაში დახარჯონ. საყვარელი ოჯახი მყავს.