აფხაზეთში დაიბადა და 9 წლის ასაკამდე ულამაზეს მხარეში იზრდებოდა, თუმცა როგორც უამრავ ადამიანს, მასაც მოუწია მშობლიური კუთხის დატოვება და საცხოვრებლად რუსეთში გადავიდა. იქ დაასრულა სკოლა და უმაღლესი განათლება ფილოლოგიაში მიიღო, წლების შემდეგ კი კვლავ საქართველოში დაბრუნება შეძლო და ბოლომდე საკუთარ ქვეყანაში დარჩენა გადაწყვიტა. პროფესიული არჩევანი სხვადასხვა დროს სრულიად განსხვავებულ სფეროებს დაუკავშირა − მუშაობდა სამშენებლო სფეროში, იყო არაერთი კომპანიის მენეჯერი, მოირგო ლექტორის ამპლუაც, თუმცა ყველა დროის საყვარელი გატაცება კარიერაში ის ნიშა გახდა, რომელიც უკვე წლებია დაიკავა.
ესთეტიკაზე შეყვარებულს მცირე ასაკიდანვე განსაკუთრებული უნარი ჰქონდა − ახლობელი ადამიანების სილამაზეზე, მათ მაკიაჟსა და თავის მოვლის რუტინაზე ეზრუნა, ეს წრე კი მაშინ გაფართოვდა, როცა სოფომ პერმანენტული მაკიაჟის ხელოვნებაში განათლებისა და პრაქტიკული სწავლების მიღება გადაწყვიტა. საბაზისო კურსებით დაწყებული თავგადასავალი არაერთ სკოლაში გამოსცადა, წლებთან ერთად კი სულ უფრო მაღალი კვალიფიკაციითა და საინტერესო ჩემპიონატებში მონაწილეობით იღებდა ჯილდოს და სერტიფიკატს, რომელიც რამდენიმე ათეულს ითვლის.
დღეს ის საკუთარ სტუდიაში ადამიანების გალამაზებას ემსახურება, ხოლო კარიერული გზის გაკვალვაში მისი მსგავსი გატაცების მქონე ადამიანებს უშურველად ეხმარება, ასწავლის, თუ როგორ შედგნენ პროფესიონალებად...
პროცედურები, რომელსაც უძღვებით, და თვითგამოხატვის რა საშუალებას გაძლევთ?
ნამუშევრები ჩემი, როგორც სპეციალისტის, სახელია. წარბის, თვალის, ტუჩის დაფერვა, როგორც ტატუაჟის სახეობა, ჩემი საქმიანობაა. ასევე ვარ წამწამების სპეციალისტიც (ე.წ. ლაშ-მეიქერი) და წამწამების ღეროვანი დაგრძელებით ვალამაზებ ქალბატონებს.
და ყველაფერ ამას მოსწავლეებსაც ასწავლით. გვიამბეთ თქვენი კურსების შესახებ.
თითოეული მოსწავლის მიმართ ინდივიდუალური, კონცენტრირებული მიდგომა მაქვს. ვატარებ სრულ კურსს, რომლის ფარგლებშიც, ისინი დეტალურ სწავლებას გადიან. რაც მთავარია, მათ ყველა ტექნიკას ვუზიარებ. სწავლების პროცესს კეთილსინდისიერად ვხელმძღვანელობ და მაქსიმალურად ხარისხიანი შედეგის დასადებად ბოლომდე ვიხარჯები.
სწავლება 2-კვირიანია, თუმცა ამ შემთხვევაშიც, ინდივიდუალურად, შესაძლოა მეტხანს გაგრძელდეს, სანამ არ დავრწმუნდები, რომ მოსწავლე ბოლომდე მომზადებულია.
რა არის საჭირო იმისთვის, რომ ამ სფეროში შედგე?
სფეროს მიმართ ინტერესს რადიკალურად განსხვავებული პროფესიის მქონე ადამიანები გამოხატავენ და ისინი სტუდიაში მსტუმრობენ. მათაც ყოველთვის ვეუბნები, რომ ხარისხიან განათლებასთან ერთად, წარმატებისთვის საჭიროა ამ შემთხვევაშიც მხოლოდ ორი რამ − მონდომება და პრაქტიკა.
როგორია თქვენი ერთი სამუშაო დღე?
ადრე ვდგები, ვსვამ ყავას და დილიდან ვპასუხობ უამრავ ზარსა და შეტყობინებას. არ წყდება მომხმარებელთა და მოსწავლეთა ნაკადი. ყოფილა შემთხვევები, როცა დღის განმავლობაში მხოლოდ წყლის დალევა მომიხერხებია. დრო ფიზიკურად აღარ მრჩება.
განტვირთვას როგორ ახერხებთ?
ადრე განტვირთვას დროს ნაკლებად ვუთმობდი, თუმცა დროსა და გამოცდილებასთან ერთად მივხვდი, რომ ეს აუცილებელია. ტრადიციად ჩამოვაყალიბე, რომ 2-3 კვირაში ერთხელ, ქალაქიდან გავიდე.
შესანიშნავი რელაქსაციაა ჩემთვის მოგზაურობა. სამწუხაროდ, პანდემიამ ესეც მოგვაკლო. თუმცა, გული ამ მხრივ არაფერზე მწყდება, რადგან საკუთარი სამშობლო გავიცანი და უამრავ ადგილს ვესტუმრე.
საღამოობით, როცა ვახერხებ, მეგობრებთან ერთად დროის გატარება მიყვარს.
რამდენად მნიშვნელოვანია თქვენთვის თვითგანვითარება?
ეს უმთავრესია. მუდამ რაღაც მეტს ვისახავ მიზნად, არასდროს ვჩერდები. არ ვტოვებ შესაძლებლობას, რომ კვალიფიკაცია მუდმივად ავიმაღლო, ვიყო ყველა უახლესი მიგნების საქმის კურსში და ის ჩემს საქმიანობაში დავნერგო.
კარგა ხნით ადრე, ტრადიციულად, ტრენინგები რამდენიმე ქვეყანაში დაგეგმილიც მქონდა, თუმცა პანდემიამ ხელი შემიშალა. ყველაფერმა ონლაინსივრცეში გადაინაცვლა და მეც ეს დანაკლისი ინტერნეტსივრცეში ტრენინგებზე დასწრებით ავინაზღაურე.
როგორია თქვენი სამუშაო პრინციპი?
მთავარი პრინციპია ის, რომ ჩემი ნამუშევრები მე წარმომადგენს და მთავარი კმაყოფილი ადამიანები არიან. მათი ბედნიერება ჩემი მიზანია. ვერ წარმოიდგენთ, როგორ მაბედნიერებს მათი სიხარული, როცა საკუთარ თავს ახლებურად ხედავენ, მეტ თავდაჯერებას, ხალისს იძენენ.
რა შედის თქვენს სამომავლო გეგმებში?
ძალიან ხშირად ვფიქრობ იმ ქალბატონებზე, რომლებსაც ოჯახური პრობლემები აქვთ, არ გააჩნიათ ფინანსური დამოუკიდებლობა, არიან მარტოხელა დედები, უამრავ პრობლემასთან ერთად დარჩენილები... მათთვის მინდა, იმედი გავაჩინო, დავანახო, რომ არ ეშინოდეთ ცხოვრების, და რომ ეს არის პროფესია, რომელიც სასიამოვნო გამოცდილებასთან ერთად, მათი შემოსავლის წყარო გახდება.
ამიტომაც, ვგეგმავ გავხსნა სკოლა, სადაც მოსწავლეების კიდევ უფრო დიდ ნაკადს მივიღებ და სწავლება ყველა სოციალური ფენისთვის ხელმისაწვდომი იქნება.