სპორტული გადაცემა „ტაიმაუტი“ საქართველოს პირველ არხზე ყოველ სამუშაო დღეს სთავაზობს ერთგულ მაყურებელს სპორტის სფეროში მომხდარი ახალი და აქტუალური თემების მიმოხილვას.
სპორტი, ჯანსაღი ცხოვრების წესი და სხვა ბევრი საინტერესო თუ სასარგებლო თემის განხილვა „ტაიმაუტში“ პროფესიონალებთან − მოწვეულ სტუმრებთან ერთად. გადაცემის წამყვანები ქართული სპორტული ტელეაუდიტორიისთვის კარგად ნაცნობი სახეები − ვლადიმერ გუცაევი, გიორგი თვალაბეიშვილი, ხატია ალადაშვილი, ოთარ გიორგაძე და ლუკა ჭოჭუა არიან. OK! სიამოვნებით წარმოგიდგენთ ინტერვიუს ვლადიმერ გუცაევთან და გიორგი თვალაბეიშვილთან.
ვისაუბროთ გადაცემაზე „ტაიმაუტი“. რას ნიშნავს ეს გადაცემა თქვენთვის?
(გიორგი): „ტაიმაუტი“ ყოველდღიური სპორტული გადაცემაა, რომლის მთავარი დანიშნულება მიმდინარე ამბების ოპერატიული გაშუქებაა. წამყვანები ცდილობენ ეს ამბები მაყურებლამდე იმ ფაქტების მეშვეობით მიიტანონ, რაც მათთვის ნაკლებად არის ცნობილი და არ ყოფილა სხვა გადაცემებში ან ინტერნეტგამოცემებში. ოპერატიული ამბების გარდა, გადაცემაში არის ბევრი საინტერესო რუბრიკა. თითოეულ წამყვანს საკუთარი თემები წინასწარ აქვს არჩეული და მინიმუმ ერთხელ კვირაში, მათ გადაცემის დიდ ნაწილს უთმობს. ყურადღება ეთმობა ნაკლებად ცნობილ სპორტულ სახეობებს, მაგალითად, ელექტრონულ სპორტს.
ასევე, ჩვენთვის პრიორიტეტულია ქალების წარმოჩენა სპორტის ყველა სახეობაში. თითოეულ დღეს ერთი გამორჩეული რუბრიკა გვაქვს, რომელსაც თავისი ავტორი ჰყავს.
(ვლადიმერი): „ტაიმაუტი“ არა მხოლოდ ჩემთვის, არამედ მთელი მოსახლეობისთვის ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი გადაცემაა, საიდანაც მაყურებელი იღებს ახალ-ახალ ინფორმაციას ყოველდღე. ცოტა ხნის წინ ხუთშაბათის საფეხბურთო „ტაიმაუტი“ დაგვემატა, სადაც მხოლოდ ფეხბურთზე ვლაპარაკობთ, გვყავს ძალიან საინტერესო სტუმრები, რეკომენდაციებს ვაძლევთ ფეხბურთელებს, მწვრთნელებს, გულშემატკივარს...
მოგვიყევით, როგორ მუშაობთ და ამზადებთ თითოეულ გადაცემას.
(ვლადიმერი): მთელი გუნდი ერთად ვსხდებით, ვარჩევთ თემებს და სტუმრებს ვიწვევთ გადაცემაში. როგორც წესი, ყველა თანახმაა და სიამოვნებით მოდის. შემდეგ ვამზადებთ შეკითხვებს და საღამოს ვაჯერებთ ერთმანეთთან. ასეთი სამუშაო რეჟიმი გვაქვს.
(გიორგი): ყოველდღიური გადაცემის მომზადება პრაქტიკულად 24-საათიან რეჟიმში მუშაობას მოითხოვს. უპირატესობა ენიჭება მიმდინარე თემებს. განსაკუთრებით საინტერესო ამბები უფრო ვრცლად შუქდება და ამ პროცესში ყველა წამყვანია ჩართული. რაც შეეხება სტუმრებს, „ტაიმაუტისთვის“ იდეაფიქსი არ არის, რომ ყოველდღე სტუდიაში სტუმარი მოიწვიოს. ეს ხდება მაშინ, როცა რომელიღაც თემა სპეციალისტის კომენტარს საჭიროებს. სხვა შემთხვევაში, სტუმარი გადაცემის შევსების მარტივი ხერხია და „ტაიმაუტში“ ამას ვერიდებით. უმჯობესია, დრო საინტერესო ამბებით და თემებით შეივსოს.
როგორ ფიქრობთ, რა არის ქართული სპორტისა და სპორტსმენების ძლიერი მხარე და პირიქით − სად გვიჭირს ყველაზე მეტად? რა გვაქვს გამოსასწორებელი?
(გიორგი): ქართული სპორტის ძლიერი მხარე ძალისმიერი სახეობებია და ამ მხრივ ბევრი წარმატება გვაქვს. ბოლო დროა, ბევრი ძლიერი სპორტსმენი გვყავს შერეულ ორთაბრძოლებში. მაგრამ ყველა მათგანი უცხოეთში ემზადება, რაც იმას ნიშნავს, რომ კარგი სპორტსმენის აღზრდისთვის საქართველოში შესაბამისი პირობები ნაკლებადაა. რთულია ჩვენს ქვეყანაში მოამზადო კარგი სპორტსმენი ისეთ სახეობებში, როგორებიცაა ჩოგბურთი, მძლეოსნობა, ცურვა და ბევრი სხვა. არსებობს ერთეული გამონაკლისები, მაგრამ ეს საკმარისი არ არის. ამიტომაცაა, რომ ოლიმპიადებზე და დიდ სპორტულ ფორუმებზე მხოლოდ ძალისმიერი სახეობების იმედად ვართ დარჩენილები.
(ვლადიმერი): ფეხბურთს რაც შეეხება, დღეს ისე განვითარდა მსოფლიო სპორტის ეს სახეობა, განსაკუთრებით ინგლისში, ესპანეთში, საფრანგეთში, გერმანიასა და პორტუგალიაში, იმდენად წინ წავიდა ფეხბურთელებისა და მწვრთნელების პროფესიონალიზმი და კვალიფიკაცია, რომ ჩვენ ბევრ რამეში ჩამოვრჩებით. როცა მეკითხებიან, რა არის ფეხბურთში პრიორიტეტი, ვპასუხობ, რომ აბსოლუტურად ყველა ნაბიჯი პრიორიტეტია. რა თქმა უნდა, დიდი მნიშვნელობა აქვს გულშემატკივარს. მაგრამ რაკი ქართველი ფეხბურთელები არ აჩვენებენ იმ კლასს, რომელიც აქვთ დანარჩენი მსოფლიოს ფეხბურთელებს, ეს გულშემატკივრების აქტიურობაზეც აისახება.
„ტაიმაუტის“ წამყვანობის პერიოდში, განსაკუთრებულად საინტერესო და დასამახსოვრებელი გადაცემა ან სტუმარი თუ გახსენდებათ?
(ვლადიმერი): მუდამ ვცდილობთ ძალიან საინტერესო სტუმრები გვყავდნენ და მაყურებელმა პროფესიონალების, სპეციალისტების აზრი მოისმინოს. გამიძნელდება ვინმეს გამოყოფა.
(გიორგი): როგორც გითხარით, „ტაიმაუტი“ ცდილობს მხოლოდ განსაკუთრებულად საინტერესო სტუმრები მოიწვიოს სტუდიაში, ამიტომ ნებისმიერი სპორტსმენის ან სპეციალისტის სტუმრობა კარგად მახსენდება. თუმცა, პირველ გადაცემაში ჩოგბურთელ მარიამ ბოლქვაძის მოსვლა მაინც გამორჩეული იყო. ამ ძალიან დადებით გოგონას კარგი ფეხი აღმოაჩნდა და „ტაიმაუტის“ საქმეები კარგად წავიდა. რა თქმა უნდა, განსაკუთრებული იყო საფეხბურთო ტაიმაუტში ალექსანდრე ჩივაძისა და გიორგი ქინქლაძის სტუმრობა. ქართული ფეხბურთის ამ ლეგენდების ინტერვიუებით დიდად განებივრებულნი არ ვართ, მაგრამ ისინი სიამოვნებით დათანხმდნენ ბატონ ვლადიმერ გუცაევთან სტუმრობას. სიამაყით შემიძლია გამოვაცხადო, რომ „ტაიმაუტში“ ნებისმიერი სტუმრის ინტერვიუ ექსკლუზივებისა და ამბების წყაროა სხვა ინტერნეტგამოცემებისთვის. შეიძლება ითქვას, ისინი ხშირად ჩვენი გადაცემით საზრდოობენ.
დაბოლოს, სპორტი − პროფესია თუ ცხოვრების სტილი?
(ვლადიმერი): ფეხბურთელისთვის სპორტი ცხოვრების სტილია. იმ სტილით უნდა იცხოვრო, რომელიც ფეხბურთს ესაჭიროება, სხვანაირად ვერ გახდები დიდი სპორტსმენი. მნიშვნელოვანია რეჟიმი, კვება, ცხოვრების წესი ფეხბურთის მიღმა. სხვა შემთხვევაში, სპორტი სიამოვნებაა. მე პირადად დიდ სიამოვნებას ვიღებ ამ გადაცემით. მართალია, სპორტიდან წავედი, მაგრამ ახლა საფეხბურთო „ტაიმაუტში“ ვლაპარაკობ და განვიხილავ ჩემს საყვარელ სპორტს − ფეხბურთს.
(გიორგი): მიმაჩნია, რომ სპორტი თანაბრად შეიძლება იყოს ცხოვრების სტილიც და პროფესიაც. ეს ეხებათ როგორც სპორსტმენებს, ასევე სპორტულ ჟურნალისტებსა და ფუნქციონერებს. მათ მაგალითი უნდა მისცენ ყველას იმ მხრივ, რომ სპორტი ყოველდღიური ვალდებულება გახდეს.