სულ ცოტა ხნის წინ „რუსთავი 2“-ზე დიდი ამბავი დატრიალდა! გადაცემა „დიდი ამბავი“ არხის მაყურებელმა თავიდანვე საუკეთესო განწყობით მიიღო და აიტაცა, რაც პროექტის სახალისო, გასართობ-იუმორისტული ფორმატის და არაჩვეულებრივი წამყვანების დამსახურებაა. „დიდი ამბავის“ წამყვანები − ანკა ვასაძე და ნიკა ლომიძე სიამოვნებით გვესაუბრნენ, რას ნიშნავს მათთვის ახალი, პოპულარული TV-შოუს წამყვანობა და როგორ გეგმავენ თითოეულ გადაცემას.
ანკა, ნიკა, გვესაუბრეთ გადაცემაზე „დიდი ამბავი“. რა არის ამ გადაცემის მთავარი სპეციფიკა და მიზანი. რაზეა გადაცემა?
(ნიკა): გადაცემის მიზანია, მაყურებელი მოწყვიტოს რეალობას და ერთი საათის განმავლობაში მხოლოდ პოზიტიურ და მხიარულ განწყობაზე დააყენოს. გამოხმაურებების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, მიზანს მივაღწიეთ.
(ანკა): ფორმატი მთლიანად გასართობია. ჩვენ გადაცემაში არ ვსაუბრობთ მძიმე თემებზე და გვაქვს ძალიან სახალისო თამაშები.
როგორ გეგმავთ თითოეულ გადაცემას? თემებს რის მიხედვით არჩევთ?
(ანკა): სტუმრად ყველასათვის ძალიან საყვარელ და კარგად ნაცნობ ადამიანებს ვიწვევთ და საუბარიც ბუნებრივად, წინასწარ დაგეგმილი და შეთანხმებული თემების გარეშე იწყება და ვითარდება. ალბათ, ეს ფაქტორიც გამოგვარჩევს სხვა გასართობი შოუებისგან.
(ნიკა): თამაშებს რაც შეეხება, სტუმრის მიხედვით ვარჩევთ − იმის გათვალისწინებით, თუ ვისთან ერთად უფრო სახალისო გამოვა ესა თუ ის თამაში.
თქვენთვის რას ნიშნავს „დიდი ამბავის“ წამყვანობა? რა მოგცათ ამ ტვ-შოუმ?
(ანკა): ჩემთვის ახალი და ძალიან მნიშვნელოვანი გამოწვევაა. რაც ყველაზე მთავარია, მომწონს და ძალიან ორგანულად აღვიქვამ იმას, რასაც „დიდი ამბავის“ გუნდი ერთად ვქმნით.
(ნიკა): ჩემთვის ეს გადაცემა უმნიშვნელოვანესია, რადგან დიდი ხანი ვფიქრობდით ფორმატზე, იმაზე, თუ როგორი შინაარსისა და ხასიათის უნდა ყოფილიყო და მთელი ამ დროის განმავლობაში ვცდილობდით, ახლოს გვეხილა იმასთან, რაც ჩავიფიქრეთ. ასეც მოხდა და ამით ძალიან კმაყოფილი ვარ.
გვესაუბრეთ გადაცემის სტუმრებზე. განსაკუთრებულად ვისი სტუმრობა გახსენდებათ?
(ანკა): რთულია ასე გამოყოფა. ყველა სტუმარი განსაკუთრებულია ჩვენთვის. თუმცა, ალბათ, ჭოლას და თინათინს გამოვყოფდი, იმ მიზეზით, რომ ჩვენი პირველი გადაცემის პირველი სტუმრები იყვნენ.
თქვენ გყავთ მესამე თანაწამყვანი − ადამიანი-ხმა. როგორ ფიქრობთ, გამოჩნდება ოდესმე, თუ ბოლომდე იდუმალ ფიგურად დარჩება?
(ნიკა): ხმა მართლაც გამორჩეული პერსონაა, ის ჩვენი იდუმალი თანაწამყვანია. ზოგჯერ ისეთ რამეს ამბობს ხოლმე, სურვილი მიჩნდება, ღილაკი მქონდეს და გავთიშო. მისი ვინაობა მაყურებლისთვის უცნობია და ასეც დარჩება. სახელი გვაქვს მისთვის მოსაფიქრებელი და იმედია, ამაში მაყურებელიც დაგვეხმარება.
ერთმანეთს, როგორც პარტნიორებს, როგორ დაახასიათებთ? საკმაოდ ჰარმონიული, ეკრანული წყვილის შთაბეჭდილებას ტოვებთ. ასეა?
(ანკა): ნიკა არაჩვეულებრივი პარტნიორია, დიდი ხანი არაა, რაც ერთმანეთს ვიცნობთ, თუმცა ძალიან მოკლე დროში დავმეგობრდით და ეს ეკრანზეც ჩანს. კომფორტულია ნიკასთან მუშაობა. ზოგადად, პარტნიორზე ბევრია დამოკიდებული და მე ამ შემთხვევაში გამიმართლა.
(ნიკა): ვერაფერს დავამატებ, ანკა არაჩვეულებრივი პარტნიორია და ვფიქრობ ეს ეკრანზეც ჩანს.