ვოკალური ნიჭით დაჯილდოებულმა მომღერალმა ქრისტინე მარტიაშვილმა OK!-ის ოქტომბრის ნომრისთვის თვითიზოლაციის პერიოდზე, წარმატების მიღწევის მთავარ საიდუმლოზე, ყოველდღიურ რუტინაზე და სხვა საინტერესო თემების შესახებ გვიამბო. მისი თქმით, საქართველოში მუსიკოსისთვის თავის დამკვიდრება ძალიან რთულია, რადგან ჩვენს ქვეყანაში შოუბიზნესი ძალიან ნელი ტემპით ვითარდება და ეს კიდევ უფრო კარგად გამოჩნდა პანდემიის პერიოდში. თუ როგორია მისი სამომავლო გეგმები და განვითარების გზები, ქრისტინე თავად უამბობს ჩვენს მკითხველს.
ქრისტინე, გვიამბეთ თქვენ შესახებ. როგორ შეცვალა ბოლოდროინდელმა მოვლენებმა თქვენი ცხოვრება და რას საქმიანობთ ახლა?
მთელი ჩემი ცხოვრება უკავშირდება მუსიკას, ივენთებს, ქორწილებს და ზოგადად, ყველაფერ იმას, რასაც ეს პროფესია აერთიანებს.
ბოლოდროინდელმა მოვლენებმა საგრძნობლად შეცვალა ბევრი რამ, თუნდაც ადამიანებთან ურთიერთობა, დამოკიდებულებები და შეხედულებები. ყველაფერს უფრო მეტად ჩავუღრმავდი, დავფიქრდი ბევრ ისეთ რამეზე, რაც აქამდე მნიშვნელოვნად არ მიმაჩნდა. საერთო ჯამში, შეიძლება ითქვას, რომ პანდემიის პერიოდმა ძალიან გამზარდა და სხვა თვალით დამანახა ბევრი რამ.
ამჟამად, ისევე, როგორც ამ პროფესიის სხვა წარმომადგენლები, მეც გაჩერებული ვარ და ველოდები ყველაფრის გამოცოცხლებას, ცხოვრების ჩვეულ რიტმში დაბრუნებას, თუმცა მაინც ვცდილობ თავად შევუწყო ამ პროცესების განვითარებას ხელი და წამოვიწყო ახალი საქმიანობა, რომელზე საუბრისგან ჯერჯერობით თავს შევიკავებ. მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ მუსიკისგან აბსოლუტურად შორს ვიქნები და ამ პროფესიას შემოვიტოვებ, როგორც ჰობის, ხოლო როცა გულით მენდომება სიმღერა, მხოლოდ მაშინ მივუბრუნდები. ყოველ შემთხვევაში, იქამდე, სანამ ყველაფერი ძველებურ იერსახეს დაუბრუნდება. ვაპირებ, საავტორო მუსიკაზე ვიმუშაო, თუმცა პერიოდულად, რა თქმა უნდა, ქავერებსაც ვიმღერებ.
რომ არა მომღერალი, რა პროფესიის იქნებოდით?
რომ არა მომღერალი, ალბათ, იურისტი ვიქნებოდი, ან ინტერიერის დიზაინერი, რადგან ძალიან მომწონს ეს საქმიანობა.
რა არის თქვენი პროფესიული წარმატების მთავარი საიდუმლო?
მიმაჩნია, რომ ჩემი შესაძლებლობების მაქსიმუმი ამ დრომდე ვერ გამოვიყენე. ამაში გარკვეულწილად ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობაც ხელს მიშლის, რადგან ქვეყანაში არ არის განვითარებული შოუბიზნესი და მხოლოდ ენთუზიაზმზე ყოფნა ზოგჯერ მოსაბეზრებელიც ხდება. მაგრამ მაინც მიმაჩნია − ჩემი წარმატების მთავარი საიდუმლო ის არის, რომ ძალიან მშრომელი ვარ, არასოდეს მეზარება მუშაობა და მუდამ ვცდილობ ვაკეთო რაიმე ახალი. ასევე, ძალიან იღბლიანი ვარ და ეს განსაკუთრებით მეხმარება ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე.
როგორია თქვენი ყოველდღიური რუტინა?
ბოლო ექვს თვეში ჩემი ცხოვრების ყოველდღიური რუტინა საგრძნობლად შეიცვალა: ხშირად ვსეირნობთ მე და ჩემი ძაღლი, ვკითხულობ წიგნებს, დავიწყე ხატვა, ვუყურებ ფილმებს, ვუსმენ მუსიკას, მეტ დროს ვატარებ მეგობრებთან ერთად. ასევე ახალი პროფესიის შესწავლა მინდა და ვცდილობ ეს დრო ამ საქმის უკეთ შესწავლაში გამოვიყენო.
ვინ არის თქვენი მთავარი გულშემატკივარი?
ჩემი მთავარი გულშემატკივარი იყო ბებია, რომელიც წელს გარდაიცვალა... ასევე ჩემი მეგობრები, რომლებიც მუდამ გვერდით მიდგანან და ახარებთ ყველა ჩემი წინგადადგმული ნაბიჯი.
სამომავლო გეგმები.
სამომავლო გეგმებს რაც შეეხება, როგორც უკვე აღვნიშნე, ვაპირებ ახალი პროფესიის შესწავლას და ახლო მომავალში სრულიად სხვა სფეროში გადავინაცვლებ. ჯერჯერობით ამაზე საუბრისგან თავს შევიკავებ, რადგან მირჩევნია პირდაპირ შედეგებზე ვისაუბრო, ვიდრე პროცესებზე, რომელიც ჯერ კიდევ განხორციელების ეტაპზეა.