გადაცემა „დღის კოდი“ სექტემბრიდან საქართველოს პირველი არხის ეთერში ყოველდღიურად გადის და ამ უმოკლეს დროში უკვე მოიპოვა მაყურებლების დიდი სიმპათია და პოპულარულობა. „დღის კოდის“ ფორმატი საქართველოს ტელესივრცეში არსებული სხვა გადაცემებისგან გამორჩეული და განსაკუთრებულია. გადაცემა მიზნად ისახავს კულტურის, ხელოვნების, ისტორიისა და სხვა მსგავსი დარგების ირგვლივ საინტერესო მსჯელობას და მაყურებლებისთვის ამომწურავი ინფორმაციის მიწოდებას აქტუალურ თემებზე, რომელსაც გადაცემის წამყვანები თავიანთ მაღალი დონის პროფესიონალ, საინტერესო სტუმრებთან ერთად ყოველდღიურად განიხილავენ. ქართული OK! სიამოვნებით წარმოგიდგენთ „დღის კოდის“ წამყვანებს: დავით ანდრიაძეს, ნატალია ქუთათელაძეს, დათუნა ალადაშვილს და ნინო იაკობიძეს.
დიდი ხანი არაა, რაც თავისი ფორმატით საკმაოდ გამორჩეული და საინტერესო გადაცემა „დღის კოდი“ ეთერში გადის. რას ნიშნავს ეს გადაცემა თქვენთვის? რით არის ის განსაკუთრებული?
(დავითი): გადაცემა თავის არსში მოიცავს არაერთ კოდს. ამაშია ამ გადაცემის „კოდიც“ − კოდი, როგორც პირობითი ნიშნების სისტემა!
ეს არის გადაცემის არსიც − ვაქციოთ დღე (ყოველდღიურობა) კულტურის მოცემულობად და ამ ყოველდღიურობაში „ვიპოვოთ“ ჩვენი „დღის კოდი“. შესაბამისად, ყველა, ვინც ჩართული ვართ ამ პროცესში, თავისთავად ვხდებით კულტურის ერთგვარი „განმშიფვრელები“. რაც უფრო რთულია კოდის „მოხსნა“, მით მეტია ადრენალინი... ამაშია მთელი ხიბლიც.
(ნატალია): ძალიან მნიშვნელოვანია პირადად ჩემთვის „დღის კოდი“. სამწუხაროდ, დღევანდელი რეალობიდან გამომდინარე, არ არსებობს გადაცემა, სადაც ისეთ მნიშვნელოვან თემებზე იქნება საუბარი, როგორიც კულტურაა. საგანმანათლებლო ფორმატთან ერთად, ჩვენ ვსაუბრობთ პრობლემებზე და ვცდილობთ მათი გადაჭრის გზების მოძებნას. ძალიან მიხარია, რომ ასეთ მოკლე დროში, მაყურებელმა უკვე შეიყვარა „დღის კოდი“.
(დათუნა): მიუხედავად იმისა რომ ტელევიზია ჩემთვის უცხო გარემო არ არის, ეს ფორმატი ახალი გამოწვევაა. „დღის კოდი“ დიდი პასუხისმგებლობაა. ჩვენ ვცდილობთ, შევქმნათ გემოვნებიანი და ხარისხიანი პროდუქტი. ჩვენი გუნდისთვის ეს გადაცემაზე მეტია, რადგან მასში თითოეულის „კოდია“ ჩადებული, რომლის ამოხსნასაც ყველა ერთად ვცდილობთ.
(ნინო): ჩემთვის „დღის კოდი“ ზრდისა და შემეცნების შესაძლებლობაა, სრულიად ახალი გამოცდილება და გამოწვევაა; კულტურის საკითხების სიღრმისეული განხილვაა. სტუმრებთან ურთიერთობა ისევე საინტერესოა ჩემთვის, როგორც მაყურებლისთვის. ძალიან ვგულშემატკივრობ ჩვენს გადაცემას, რადგან მიმაჩნია, რომ დღეს სწორედ ასეთი სივრცე აკლია ქართულ მედიასამყაროს. გვინდა, „დღის კოდი“ გადავაქციოთ პლატფორმად, სადაც შესაძლებელი გახდება განსხვავებული აზრის არგუმენტირებულად გამოხატვა.
როგორ და რა პრინციპით არჩევთ გადაცემის თემებს და სტუმრებს?
(დავითი): ყოველდღიურობა და კულტურა თავად იძლევა თემას, როგორც ერთგვარ „თემიდას“− კულტურის მართლმსაჯულებისა და სამართლიანობის ნაწილს! შესაბამისად, თემა განსაზღვრავს სტუმარს, რომელსაც ყოველდღიურობის კულტურის კონკრეტულ მოცემულობაზე ყველაზე უკეთ შეუძლია „კოდის“ მოხსნა.
(ნინო): თემები ულევია დაგროვილი. იმდენად იშვიათად საუბრობს მედია კულტურაზე, რომ გაუჟღერებელი თემების სიმწირეს ნამდვილად არ ვუჩივით. ამა თუ იმ თემის აქტუალურობას არხის მაყურებელი გვკარნახობს, სოციალური მედიის ანალიზის საფუძველზე. გადაცემაზე მთელი გუნდი მუშაობს, შესაბამისად, სტუმრების შერჩევა ყოველთვის ცხარე კამათის შედეგად ხდება. რაღა თქმა უნდა, მთავარი კრიტერიუმი გადაცემის თემასთან დაკავშირებული კომპეტენცია და ქარიზმატულობაა. მნიშვნელოვანია, სტუმარი საინტერესო იყოს, როგორც ჩვენი შემოქმედებითი ჯგუფისთვის, ასევე მაყურებლისთვის.
(დათუნა): თემა და მისი მიმართულება, მოგეხსენებათ, ამოუწურავია. ჩვენ ვცდილობთ თითოეული გადაცემა იყოს მაქსიმალურად აქტუალური და თანამედროვე. სტუმრის შერჩევის მთავარი კრიტერიუმი კი მაღალი პროფესიონალიზმია.
„დღის კოდი“ ორიგინალური ფორმატის გადაცემაა. როგორ ფიქრობთ, რა როლი აქვს მას სატელევიზიო სივრცეში?
(ნატალია): როგორც უკვე იცით, „დღის კოდის“ მთავარი თემა გახლავთ კულტურა, ხელოვნება და არა მხოლოდ ხელოვნება. ეს ის საკითხებია, რომლებიც დღეს ყველაზე მეტად სჭირდება ჩვენს საზოგადოებას. ჩემი აზრით, მსგავსი ტიპის გადაცემა უნდა არსებობდეს ყველა სატელევიზიო სივრცეში.
(ნინო): იმედი მაქვს, პროექტი მტკიცედ დაიკავებს შემეცნებითი და კრიტიკული გადაცემის ადგილს ქართულ სატელევიზიო სივრცეში. გვინდა, წამოვწიოთ ის საკითხები, რომელიც ნაკლებად შუქდება მედიაში, თუმცა მე პირადად მიამჩნია, რომ სწორედ მაყურებლის დაკვეთამ გააჩინა ეს გადაცემა. ამ მოსაზრებას გადაცემის ეთერში გასვლის შემდეგ მაყურებლის გამოხმაურება კიდევ უფრო მიძლიერებს.
(დავითი): კარგა ხანია დღევანდელმა რეალობამ ჩვენში დაკარგა კულტურის ყოველდღიურობის აღქმა და გაგება. მეტიც − „უკულტურო“ გაგვხადა; ყოველდღიურობამ გადაფარა, მიმალა კულტურა და ისეთი „კოდი“ დაადო, გახსნა რომ ძალიან გაჭირდება.
(დათუნა): დიახ, „დღის კოდი“ სპეციფიკური გადაცემაა და დარწმუნებული ვარ, ის განსაკუთრებულ ადგილს დაიკავებს ქართულ სატელევიზიო სივრცეში. მას აუცილებლად ეყოლება სხვადასხვა ასაკის ერთგული მაყურებელი.
მოგვიყევით თქვენზე. თითოეული თქვენგანი − ამ გადაცემის წამყვანები, სხვადასხვა სფეროში წარმატებული ადამიანები ხართ.
(ნატალია): გამომდინარე მსოფლიოში შექმნილი ვითარებიდან, ძალიან შენელდა შემოქმედებითი ცხოვრებაც. თუმცა მიხარია, რომ ქართველები არ უშინდებიან გამოწვევებს და მაინც ჩატარდება რამდენიმე კონცერტი შემოდგომაზე.
(ნინო): კინო ყოველთვის იყო ჩემი დიდი სიყვარული, თუმცა ისე გამოვიდა, რომ ძალიან დიდი ხანი ვერ ვიპოვე საკუთარი ადგილი კინოში. მრავალი საინტერესო პროფესია თუ საქმიანობა გამოვიცვალე, რასაც დადებითად ვაფასებ. დღესდღეობით აქტიურად ვარ დაკავებული სარეკლამო რგოლების პროდიუსირებით. მიმუშავია დოკუმენტურ კინოზეც და სერიალზეც. ეს საქმიანობა დიდ ბედნიერებას მანიჭებს, რადგან აქტიურად ვარ ჩართული მუდმივად შემოქმედებით პროცესში, რომელიც კინოწარმოების მომიჯნავე სფეროა. თუმცა საბოლოო მიზანი მაინც კინოა.
(დავითი): „ადამიანი უფრო მეტია, ვიდრე ჰგონია, მაგრამ აქამდე ვერ უპოვია საბრალოს თავი“, − ოთარ ჭილაძემ თქვა ასე და ესაა ზუსტი ფორმულა ამ კითხვის კოდის მოსახსნელად... რა არის წარმატება, არავინ იცის − CV-ში ჩამოწერილი უამრავი წიგნი და სტატია? ხარისხები, საუნივერსიტეტო აუდიტორია ან ჟურნალის რედაქტორობა?.. სინამდვილეში კი კულტურა აადამიანებს. და ესაა ჩემი მთავარი წარმატებაც, ალბათ... კულტურასთან განუყოფლობა ყოველდღიურობაში...