ქართული ტელესივრცის ერთ-ერთი ყველაზე რეიტინგული და პოპულარული გადაცემა „სხვა შუადღე“ უკვე მე-20 სატელევიზიო სეზონია, რაც „რუსთავი 2“-ის ეთერში გადის და ყოველდღე საინტერესო და სახალისო-შემეცნებით გადაცემებს სთავაზობს არხის ერთგულ მაყურებელს. სიამოვნებით წარმოგიდგენთ განახლებული „სხვა შუადღის“ შესანიშნავ წამყვანებს: გვანცა დარასელიას, თომა ჩაგელიშვილს, სოფო ნარჩემაშვილს, აჩიკო სოლოღაშვილს და თიკა ფაცაციას. რას ნიშნავს „სხვა შუადღე“ თავად გადაცემის წამყვანებისთვის, როგორ ემზადებიან თითოეული ეთერისთვის და რისი თქმა სურთ ერთგული აუდიტორიისთვის ქართული OK!-ის საშუალებით, მათთან ინტერვიუში წაიკითხავთ.
რას ნიშნავს „სხვა შუადღე“ თქვენთვის?
(სოფო): პასუხისმგებლობას, ყოველდღიურ განვითარებას, მუშაობას საკუთარ თავზე, ურთიერთობებს და მეგობრებს.
(გვანცა): „სხვა შუადღე“ ჩემთვის ნიშნავს მეორე ოჯახს. ყველაზე კომფორტულ გარემოს, რაც შეიძლება ადამიანმა სამუშაოდ ინატროს. სივრცეს, სადაც გამოვხატავ ჩემს აზრს თავისუფლად, ყოველგვარი შეზღუდვების გარეშე, სადაც ადამიანებს ვუზიარებთ ცოდნას და გამოცდილებას ჩვენი კომპეტენტური სტუმრების დახმარებით თითქმის ყველა სფეროში.
(აჩიკო): „სხვა შუადღე“ ჩემთვის ნიშნავს ადამიანებისგან შემდგარ იმ გუნდს, ვისთან ერთადაც მუდამ მიხარია საქმის კეთება...
(თომა): „სხვა შუადღის“ გუნდს ერთი წელია შევუერთდი. ჩემთვის ეს ახალი ამპლუა და ახალი გამოწვევაა, მაყურებელთან ურთიერთობის ახალი პლატფორმაა. მეორე მხრივ, ესაა გუნდი, რომელთან ერთად ყველა გამოწვევას გაუმკლავდები, ყველა იდეას ხორცს შეასხამ. აქ იდეალისტების ნაკრებია, ვისაც ძალიან უყვარს საკუთარი საქმე. ერთი წლის წინ „რუსთავი 2“-მა მისი არსებობის ისტორიაში ყველაზე დიდი დარტყმა მიიღო და მე მსურს, არხის ახალ ცხოვრებაში საკუთარი წვლილი შევიტანო. „სხვა შუადღე“ არხის ერთ-ერთი ხერხემალია და ჩვენ მისი ნაწილი ვართ.
მოგვიყევით, როგორ ემზადებით თითოეული გადაცემისთვის?
(გვანცა): ვემზადებით ყოველდღიურად, ვგეგმავთ მეორე დღის თემებს, სტუმრებს და ფორმას გადაცემისთვის. ვინაწილებთ მნიშვნელოვან სათქმელს და, რაც მთავარია, ვზრუნავთ განწყობაზე, რომელიც მაყურებელსაც უნდა გადაეცეს ჩვენგან. ასეთ დროს ვივიწყებთ ყველა დარდს და პრობლემას, რომელიც შესაძლოა გვქონდეს, თუმცა ხანდახან სწორედ ამ დარდებსა და პრობლემებზე გვიჩნდება საუბრის სურვილი პირდაპირ ეთერში.
(თიკა): რა თქმა უნდა, ვამუშავებთ თემას. ეს ძალიან საინტერესო პროცესია. გადაცემის სპეციფიკიდან გამომდინარე, ვაკეთებთ უამრავ საინტერესო რამეს: ვცეკვავთ, დაკავებული ვართ ხელსაქმით, ეთერში ვჩნდებით სხვადასხვა ატრიბუტით, თემების შესაბამისად. ვიზუალურად ძირითადად თავად ვემზადები, მაკიაჟს ყოველთვის თვითონ ვიკეთებ.
თქვენს საქმეში ყველაზე დიდი კმაყოფილება და ბედნიერება რას მოაქვს?
(აჩიკო): ბედნიერებაა, როცა მაყურებელი, პროდიუსერი, სტუმარი და წამყვანი − ყველა კმაყოფილი ვართ წარმატებული ეთერით.
(გვანცა): როცა ვხვდებით, რომ ვიღაცას ჩვენი გადაცემა დაეხმარა და მაყურებელს ჩვენი გადაცემით სარგებელი მოვუტანეთ; როცა ძალიან კარგ და საინტერესო რესპონდენტს ვმასპინძლობთ.
(თომა): დღეს მაყურებელთან ურთიერთობა ინტერაქციაა და გადაცემის დასრულებით და სტუდიის დატოვებით არ მთავრდება. ახლა სტუდიიდან გამოსვლით იწყება მაყურებელთან ურთიერთობის მეორე ნაწილი. ძალიან დიდ ყურადღებას ვაქცევ სოციალურ ქსელებს. ვცდილობ, ვინც მწერს, ყველას ვუპასუხო, კრიტიკულად განწყობილ ადამიანებს არგუმენტებით ვესაუბრო... ბედნიერებას მანიჭებს ის, რომ მაყურებლის ალბათ 95 პროცენტი ძალიან პოზიტიურია ჩემ მიმართ. ეს, რა თქმა უნდა, დიდ მოტივაციას მაძლევს.
(თიკა): უდიდესი სიამოვნება მოაქვს გარემოს, თანამშრომლებთან ურთიერთობას, ყოველდღე სასურველ ფიზიკურ ფორმაში ყოფნას − როგორც ვიზუალურად, ასევე შინაგანად. ტონუსში ყოფნა ჩემთვის მნიშვნელოვანია. მე არ ვარ ადამიანის ის კატეგორია, ვისაც კოტრიალი უყვარს. მომწონს, როცა აქტიური და დაკავებული ვარ, ჩართული სხვადასხვა საქმიანობაში.
რა გახსენდებათ „სხვა შუადღეში“ მუშაობის პერიოდიდან ყველაზე გამორჩეულად? გაიხსენეთ სახასიათო მომენტი ან გადაცემა, რომელმაც თქვენზე განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინა.
(სოფო): მახსენდება პირველი ეთერი „რუსთავი 2“-ზე.
(აჩიკო): ყოველი ხუთშაბათი იუმორით და კურიოზითაა სავსე... კონკრეტულად ვერ ვიხსენებ...
(თომა): აქ არც ერთი დღე ერთმანეთს არ ჰგავს, ყველა განსხვავებულია. მით უმეტეს, ჩემ შემთხვევაში, როდესაც მაყურებელს საკუთარი სამშობლოს ისტორიას ვუყვები საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან. თუმცა ალბათ უკანასკნელი ერთი წლის განმავლობაში ჩვენი გუნდის მიერ ჯუთაში მომზადებული სპეციალური რეპორტაჟი იყო განსაკუთრებული. გარდა იმისა, რომ ხევი და ზოგადად, ეს კუთხე ძალიან საინტერესოა და იქ სასწაული ამბების „ფოიერვერკი“ იყო, გადაღებების დროს „შუადღის“ გუნდური მუშაობის შესანიშნავი მაგალითი ვნახე. არც ერთი წუთი უქმად და უშინაარსოდ არ დაკარგულა, პროდიუსერებისა და ჟურნალისტების შესანიშნავი გუნდი იდეალურად მუშაობდა. გარდა ამისა, დამეთანხმებით, რომ უმნიშვნელოვანესია ადამიანური ურთიერთობები, მით უმეტეს, როდესაც სტუდიიდან გადიხარ და ექსტრემალურ პირობებში მუშაობ. მე ვიტყოდი, რომ აქ ყველაფერი იდეალურადაა.
რომ არა ჟურნალისტი, ვინ იქნებოდით?
(გვანცა): ბოლო დროს ვხვდები, რომ შეიძლება პოლიტიკოსი ვყოფილიყავი.
(სოფო): განათლებით პედაგოგი ვარ და ძალიან მიყვარს სტუდენტებთან მუშაობა. საერთოდ, აუდიტორიასთან ურთიერთობა. ალბათ, ჩემი ორივე საქმიანობა ერთმანეთს ავსებს. ისე, ყოველთვის მინდოდა სამხედრო მოსამსახურე გავმხდარიყავი.
(აჩიკო): მე მსახიობი ვარ და დავრჩები ჩემს ნაჭუჭში.
(თომა): ამაზე ბევრი მიფიქრია. პროფესიით ისტორიკოსი ვარ და ჟურნალისტიკა და ისტორია ჩემთვის განუყოფელია. დიდ სიამოვნებას მანიჭებს, როდესაც ვწერ ან ვიღებ დოკუმენტურ ფილმს. დოკუმენტალისტიკა ჩემი ცხოვრების ნაწილია, აზარტული და უსასრულო. „შუადღის“ რეპორტაჟებში კი სულ სხვანაირად ვიპოვე საკუთარი თავი. ვიტყოდი, რომ მე და „სხვა შუადღემ“ ერთმანეთი აღმოვაჩინეთ. მინდა, როდესაც ცოტა მეტი თავისუფალი დრო მექნება, პარალელურად, დოკუმენტური პროზის სფეროში გადავინაცვლო. ასევე ძალიან ხშირად მიფიქრია, რომ ყველაზე ბედნიერი ხალხი ექიმები არიან, ნამდვილად პროფესიონალი ექიმები, რომლებიც ადამიანთა სიცოცხლისათვის იბრძვიან. მხოლოდ მათი მშურს, სხვა არავისი. ექიმი მხოლოდ იმიტომ არ გავხდი, რომ პასუხისმგებლობის შემეშინდა, იმ სიცოცხლის, რომლის გადარჩენისთვისაც მე ოდესღაც უნდა მებრძოლა... რომ ვერ გადავარჩინო?.. ახლა აღარ შემეშინდებოდა, თავიდან რომ იწყებოდეს ყველაფერი.
ტელევიზიის ხიბლზე ვისაუბროთ.
(აჩიკო): ეს არის მაყურებელზე მორგებული და დაგეგმილი ეთერები, რაც ძალიან ჰგავს თეატრში მუშაობას...
(თიკა): ტელევიზიას ორმაგი ხიბლი აქვს − ერთი, შიდა მხარე, ისაა, რომ ხდები განწყობის, ცოდნის გაზიარების ეპიცენტრი და მედიატორი. ეს ბევრ რამეს მოიცავს: შეუქმნა მაყურებელს განწყობა, დაავიწყო სადარდებელი, მისცე საჭირო რჩევები და ცოდნა. ტელევიზიის მეორე ხიბლი უკვე მაყურებლისაა, რომელიც იღებს ამდენ საჭირო და აუცილებელ ცოდნას, ინფორმაციას. შესაძლოა ადამიანმა იფიქროს, რამდენი რამ არ იცოდა, ვიდრე ამას ტელევიზიიდან მოისმენდა და გაიგებდა − როგორც მოქალაქე, როგორ მშობელი, პროფესიონალი...
შეგიძლიათ თქვენს მაყურებელს მიმართოთ ჩვენი ჟურნალის საშუალებით.
(აჩიკო): გვიყვარს ჩვენი მაყურებელი... თბილი და კეთილია.
(გვანცა): მადლობა ერთგულებისთვის!
(სოფო): მიყვარს, პატივს ვცემ ჩემს მაყურებელს და ყოველდღიურად ვგრძნობ უდიდეს პასუხისმგებლობას, როდესაც ვესაუბრები. ვცდილობ, ვიყო გულწრფელი და მგონია, რომ ეს ჩვენს პროფესიაში ყველაზე მნიშვნელოვანია. დიდი მადლობა.
(თომა): ყოველ წუთს, ყოველ წამს, როდესაც ეთერისთვის ვემზადები ან გადაღებაზე ვარ, მაყურებელზე ვფიქრობ. მიმაჩნია, რომ დღეს ჩვენს სფეროში მთავარი გამოწვევა პასუხისმგებლობის მქონე ჟურნალისტიკაა. ხშირად ვკარგავთ ნდობას იმიტომ, რომ არ გვაინტერესებს, რას ფიქრობენ ეკრანთან მსხდარი ადამიანები. მინდა მაყურებელს ვუთხრა, რომ ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ პასუხისმგებლობის მქონე და გულწრფელები ვიყოთ თქვენ წინაშე.