ყოველთვის ვცდილობდი ჩამეწერა რესპონდენტები, რომლებიც ინტერესს იწვევდნენ ჩემში, საკუთარი საქმიანობით, დამოკიდებულებებით, ინტელექტით და მიდგომებით სხვადასხვა ცხოვრებისეულ საკითხთან მიმართებაში. ამ შემთხვევაში გამიმართლა, რადგან სრულიად მოულოდნელად აღმოვჩნდი იმ ადამიანის პირისპირ, რომლის ნათქვამი თითოეული სიტყვა ჩემში განსაკუთრებულ ასოციაციებს იწვევდა. ინტერვიუს მსვლელობისას მითხრა, რომ არ სურდა მისი პასუხები მკითხველს „რჩევა-დარიგების“ სახით მიეღო, მე კი მგონია, რომ კარგი ლექცია იქნება მისი ნაამბობი ყველა ამბავი, რომელსაც მკითხველი ინტერვიუში გაეცნობა. მაშ ასე, წარმოგიდგენთ ბიზნესკონსულტანტს და ადამიანების მენეჯმენტის ტრენერს, დავით გოგიჩაიშვილს.
დათო, როგორ ხართ? თქვენს ამჟამინდელ საქმიანობაზე მოგვიყევით. რა გიყვართ თქვენს საქმეში?
ჩემი ერთ-ერთი ამჟამინდელი საქმიანობა მენეჯმენტ-ტრენინგებს მოიცავს. ეს არის პრაქტიკულ თვითგანვითარებაზე ორიენტირებული მოგზაურობა. კურსი გათვლილია არა სტუდენტებისთვის და დამწყები ბიზნესმენებისთვის, არამედ უკვე გამოცდილი მენეჯერებისთვის, რომლებიც თვითგანვითარებისთვის დამატებით კურსებს ირჩევენ. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ჯგუფი მყავს, თითოეული მათგანი არის უნიკალური და ყველას აქვს თავისი იდენტობა. შესაბამისად, ეს არის საქმე, რომელშიც ისეთი მოტივირებული ვარ, რომ ვერ აგიღწერთ. ყოველი ლექციის წინ მაქვს მღელვარება და ვნებათაღელვა.
გარდა ამისა, სხვადასხვა ორგანიზაციას ვუწევ კონსულტაციებს და ვეხმარები ჯანსაღი ორგანიზაციული კულტურის ჩამოყალიბებაში. ეს კი იმას ნიშნავს, რომ თანამედროვე მენეჯმენტში მენეჯერის ფუნქცია აღარ არის დელეგირება, ანუ დაქვემდებარებულს მიუთითოს, თუ რა გააკეთოს, არამედ შექმნას ჯანსაღი გარემო, სადაც ადამიანები თვითრეალიზდებიან, თვითმოტივირდებიან და ჯგუფურად იმუშავებენ იდეის გარშემო.
რაც ამ საქმეში მიყვარს, ესაა ბედნიერების ყოველდღიური შეგრძნება, რომელიც ჩემი განსაზღვრებით არის... თვითრეალიზება საქმეში...
სამი რამ, რაც ადამიანის წარმატებას განსაზღვრავს...
ვფიქრობ, ყველა ჩვენგანს სიტყვა „წარმატების“ ჩვენებური განსაზღვრება გვაქვს და მიმაჩნია, რომ კლიშეა წარმატების საზოგადო კრიტერიუმები. არ მიმაჩნია, რომ მეტად წარმატებულია ის, ვინც იერარქიულად უფრო მაღალ დონეზე ავიდა ორგანიზაციაში, რაკი უფრო ძვირადღირებული მანქანა ჰყავს, ან ვისაც უფრო მეტი შემოსავალი აქვს...
წარმატება ინდივიდუალური სპორტია. კახი კავსაძის ვიდეო შემხვდა რამდენიმე დღის წინ... ეკითხებოდნენ, ვის მიიჩნევდა წარმატებულად, და მან უპასუხა: „არასოდეს შეგშურდეს სხვა ადამიანის და შენ იქნები წარმატებული“. თითქოს მარტივი ჭეშმარიტებაა, მაგრამ როგორც კი ამას მიაღწევ, მაშინ იქნები წარმატებული. უინსტონ ჩერჩილმა თქვა, რომ წარმატებაა მარცხიდან მარცხამდე სიარული ისე, რომ არ დაკარგო ენთუზიაზმი... ჩემი აზრით კი, წარმატებული ხარ მაშინ, როდესაც ისეთ რაღაცას აკეთებ, რისი კეთების დროსაც დრო ისე გადის, რომ ვერ გრძნობ.
თვითცენზურა რომ გვაქვს − „ამ სფეროში წარმატებას ვერ მივაღწევ, იმიტომ, რომ არ ვარ დაბადებული ექიმად, ბიზნესმენად...“ ეს არის ხაფანგი. რაც წამიკითხავს და გამიგია, დანამდვილებით შემიძლია ვთქვა, რომ როცა ვინმე იბადება, მხოლოდ ორი ვარიანტი არსებობს − ან ბიჭია ან გოგო. არ არის მისი სპეციალობა დაბადებიდანვე განსაზღვრული, არ არსებობს ისეთი რაღაც, რასაც ვერ მიაღწევს ადამიანი. აქ ფილოსოფიური ფორმულაა, რომ თუ არ გამოგივიდა, ე.ი. არ გდომებია.
ამბავს მოგიყვებით: ბაყაყები მოხვდებიან ჭაობში. ორი მათგანი ისეთ სიღრმეში ჩავარდება, რომ იქიდან ამოსვლის შანსი, ფაქტობრივად, არ არსებობს. სხვა ბაყაყები უყვირიან, რომ ვერ დაეხმარებიან და მათგან ერთ-ერთი აუცილებლად ჩაიძირება. ერთ-ერთი მათგანი ამოვა და აღმოჩნდება, რომ სმენადაქვეითებულია, არ ესმოდა შეძახილები და მათი ქმედებები აღიქვა გამხნევებად. შესაბამისად, თუ ხარ იმის მსხვერპლი, რასაც გეუბნებიან, რომ არაფერი გამოვა შენგან, მაშინ ვერ მიაღწევ იმას, რაც სინამდვილეში გინდა. შეჯიბრი უნდა გქონდეს მხოლოდ საკუთარ თავთან და მხოლოდ ასე მიაღწევ წარმატებას.
იუმორს რა როლი აქვს ადამიანის ცხოვრებაში?
იუმორს გადამწყვეტი როლი უჭირავს ადამიანის ცხოვრებაში და არასოდეს არის ზედმეტი. ეს არის უმთავრესი, რითაც შეგიძლია შეაფასო ადამიანის ინტელექტის დონე. არ ვგულისხმობ ანეკდოტების მოყოლის ხელოვნებას. ინტელექტუალური იუმორის გრძნობა აქვთ 3-დან 6 წლამდე ბავშვებს. ჩემი დაკვირვებით, ეს არის საგნებსა და მოვლენებს შორის არატრაფარეტული კავშირების მოძებნის უნარი. იუმორს ჩემთვის ორი განსაზღვრება აქვს: ერთი, რომელიც შენგან მომდინარეობს და მეორე, როდესაც შეფასება და აღქმა შეგიძლია.
რამდენად განსხვავებულად აღვიქვამთ ადამიანები იუმორს? შევეცდები, მაგალითი მოვიყვანო: ებრაელი ღმერთს ევედრება, რომ 100$-ით დაეხმაროს. იმდენად ხშირად იმეორებს ამას, რომ გვერდით მჯდარი ეტყვის: „აჰა შენ 200$ და ღმერთს ნუ აცდენ“. ამაზე ჩემი სამი მეგობრიდან ერთ-ერთმა თქვა: „ის რამდენს სთხოვდა, რომ 100$-ის თხოვნა მოცდენად მიიჩნია“, მეორემ თქვა, „ეს ანეკდოტი სომეხზეც სასაცილო იქნებოდა“-ო და მესამემ თქვა: „ღმერთმა თხოვნა ვიღაცის ხელით შეუსრულა“-ო. შესაბამისად, იუმორი ჩემთვის ყველაფერია. კარგად ჩანს, როგორ უყურებს ადამიანი სამყაროს. რაზე ეცინება − ეს არის მისი სარკე.
თვითკრიტიკული ხართ?
მე მიყვარს თვითკრიტიკული ხალხი და მიმაჩნია, რომ როდესაც შეგიძლია შენი თავიდან გამოხვიდე და საკუთარ თავს დასცინო, მხოლოდ ამის შემდეგ გაქვს მორალური უფლება, იხუმრო სხვაზე. შესაბამისად, ძალიან ვაფასებ ამ თვისებას ადამიანში, საკუთარ თავზე გამარჯვებისთვის უმთავრესი უნარია. პირადად მე ზოგჯერ ზედმეტად თვითკრიტიკულიც ვარ, თუმცა ჩვენს კულტურაში არ ვიცი, რამდენად მოგვწონს და მისაღებია, როდესაც თვითკრიტიკას მიმართავენ. მაგალითად, ამერიკული კულტურისთვის ძალიან მნიშვნელოვანი უნარია, საქართველოში კი უფრო მეტად „დასტოინი“ ადამიანები მოგვწონს, რომლებმაც „იციან საკუთარი თავის ფასი“.
ინტერვიუებზე იმიტომ ვამბობ ხოლმე უარს, რომ არ მიყვარს რესპონდენტების პასუხები, რომელსაც იძლევიან რჩევების სახით. სწორედ ამიტომ ვცდილობ მოგიყვე იმდენი, რომ შენ შეძლო კარგი ინტერვიუს გაკეთება და არავითარ შემთხვევაში ეს არ უნდა გამომივიდეს ვიღაცისთვის ჭკუის სწავლებად.
არსებობს ადამიანი (ან არსებობენ ადამიანები), ვისი ცხოვრების წესი ან პრინციპი, ან თუნდაც მის მიერ ნათქვამი ერთი ფრაზა თქვენი ინსპირაციაა დღემდე?
შემიძლია ორი ამბავი და ადამიანი გამოვყო, რომლებიც ნამდვილად გახდა ჩემთვის ინსპირაციის წყარო. Global MBA-ის ვაკეთებდი როტერდამში და ჩემს „ქოუჩს“, ელიზაბეტ ვან გერესტაინს, ერთ-ერთი ჯგუფური შეხვედრა ძალიან ავურიე და მან მითხრა: „შენ არ ისმენ იმისათვის, რომ გაიგო, არამედ ისმენ იმისათვის, რომ უპასუხო“. ეს სიტყვები არასოდეს დამავიწყდება, რადგან ამაზე ფიქრის შემდეგ ჩემი ცხოვრება გარკვეულ დონეზე შეიცვალა. დავრწმუნდი იმაში, რომ თითოეული ადამიანისგან შეიძლება რაღაც საინტერესო ვისწავლოთ და აღმოვაჩინოთ. ერთი ადამიანის ნათქვამი ფრაზა ბევრად ძვირფასი შეიძლება გახდეს, ვიდრე 10 წაკითხული წიგნი. შესაბამისად, ამ ამბის მერე სულ სხვანაირად ვისმენ, ანუ ვისმენ იმისათვის, რომ გავიგო, და არა იმისათვის, რომ ვუპასუხო.
და მეორე − ეს არის ამბავი, როცა მათხოვარი დამეხმარა. ყველა სოციალური ნიშანი გვეუბნება, რომ როდესაც მათხოვარი ფულს გვთხოვს, ჩვენ უნდა დავეხმაროთ მას. აშშ-ში ჩავფრინდი ღამის საათებში, დილით, 09:00 საათზე კი პრეზენტაცია მქონდა და ფრენის შემდეგ დასვენება მინდოდა. აეროპორტში მანქანა ვიქირავე, რომელიც სასტუმრომდე მიმიყვანდა. ჯიპიესი მასწავლიდა გზას, სასტუმროსაც მივუახლოვდი, მაგრამ ვერც ერთი სავარაუდო გზით ვერ მივედი იქამდე. გავჩერდი ავტოგასამართ სადგურზე, იქვე სხვა ადამიანებიც იყვნენ, ვისთვისაც უნდა მეთხოვა ესწავლებინათ იქამდე მისასვლელი გზა, მაგრამ გადავიფიქრე, „მოძველბიჭო ტიპები“ იყვნენ. შევედი სუპერმარკეტში, კონსულტანტს ვთხოვე დახმარება და ძალიან უხეშად მიპასუხა. გამოვედი. იქვე იჯდა მათხოვარი, ის იყო ერთადერთი ადამიანი, რომელსაც შეეძლო ჩემთვის დახმარება გაეწია. მასწავლა გზა და თან მითხრა: „თუ მე შენ არ დაგეხმარები ახლა, შენ არ დაეხმარები სხვას, ის სხვა არ დაეხმარება სხვას და ის სხვა არ დამეხმარება მე...“ მახსოვს ჩემი განცდები ამ სიტყვების შემდეგ. წავიღე ხელი ჯიბისკენ, მაგრამ შუა გზაში შევწყვიტე, იმიტომ, რომ იმ მომენტში ეს იქნებოდა დიდი შეურაცხყოფა მისთვის.
შესაბამისად, ეს ორი ამბავი ჩემთვის ინსპირაცია გახდა, შემეცვალა ჩემი დამოკიდებულება და მიდგომა სხვადასხვა საკითხის მიმართ.
თქვენს ყველაზე დიდ მიღწევად და ყველაზე დიდ მარცხად რა მიგაჩნიათ?
ჩემთვის გამარჯვება და მარცხი ერთი და იგივეა. ადამიანებს შეგვწევს იმის უნარი, რომ მარცხი გადავაქციოთ გამარჯვებად, იმიტომ, რომ ამ მარცხმა გვასწავლა რაღაც ახალი, და, ძირითადად, ყოველთვის ასეა. მარცხი გვასწავლის და არა ვიღაცის მიერ მოწოდებული ინფორმაცია. ცხოვრებაში ყველაფერს ჩემით მივაღწიე და ეს იმდენად გამჯდარი მქონდა, რომ არასდროს არავის დახმარებას არ ვიღებდი.
ერთხელ ნათურა გამიფუჭდა შინ, რომლის შეკეთების დროსაც დავმარცხდი ამ უბრალო საქმესთან ბრძოლაში. გამოვიძახეთ ხელოსანი, რომელმაც ძალიან ოსტატურად შეაკეთა ნათურა. მისი წასვლის შემდეგ ამ შემთხვევის ფილოსოფიურად განხილვა დავიწყე, თუ რატომ არ მინდოდა ვინმესთვის დახმარება მეთხოვა. ამ ფაქტმა კი მიმახვედრა, რომ ნათურა ვერ შევცვალე მე, მაგრამ ნათურამ შემცვალა, გარდამტეხი აღმოჩნდა ეს შემთხვევა ჩემთვის.
ამ ამბის შემდეგ უკვე გადავლახე ის ბარიერი, რომ სხვისთვის დახმარების თხოვნა სულაც არაა სათაკილო, პირიქით − სასიამოვნო და მამოტივირებელიც კია. მენეჯმენტში ეს ძალიან მნიშვნელოვანია, სულ სხვანაირი დამოკიდებულებები ჩნდება ხოლმე, როცა მენეჯერი თანამშრომელს დახმარებას სთხოვს დირექტივის მიცემის ნაცვლად.
ხართ რუტინის/დისციპლინის მოყვარული? დაგეგმვას რა როლი აქვს თქვენს ცხოვრებაში?
მნიშვნელოვანი რომ არ იყოს, ვერ ვიქნები წარმატებული, როგორც მენეჯერი და ვერც ის პროექტები იქნება წარმატებული, რომელსაც ვხელმძღვანელობ. ჩემს შემთხვევაში ეს ნაკლოვანება იყო და გადაიქცა რესურსად, რადგან ბავშვობაში ასოციალური ვიყავი და აუტისტური აკვიატებები მახასიათებდა. მამაჩემი დამეხმარა იმაში, რომ ჩემი ჰიპერაქტიურობა სწორად წარმემართა. აკვიატებების სიყვარული გადამექცა მიზანსწრაფულობად.
მიმაჩნია, რომ მენეჯმენტი აკვიატებების გარეშე წარმოუდგენელია და მე გამიმართლა, რომ ეს უნარი მაქვს. ჩემს შემთხვევაში, რუტინა არის აკვიატებები, რომელიც მიზანსწრაფულობად გადაითარგმნა.
აქტივობა, რითაც თავისუფალ დროს დიდი სიამოვნებით ავსებთ...
ჩემს შემთხვევაში ყველა დრო თავისუფალია. როდესაც მუშაობ 10 საათიდან 6 საათამდე, შესაბამისად, თავისუფალ დროს უწოდებ 6-ის შემდეგ მონაკვეთს და ამ დროს შეგიძლია მეგობრებთან კომუნიკაცია და სასურველი საქმით დაკავება. ჩემს შემთხვევაში საკუთარი თავის უფროსი მე ვარ და იმას ვაკეთებ, რაც მე მინდა. ლექციები არ არის სამსახური, ამ სიტყვის კლასიკური გაგებით.
მაგრამ მაინც − თავისუფალი დრო ჩემს ოჯახს, ეკას, ნიკოლოზს და ჩემს მეგობრებს უკავშირდებათ. ჩემს შემთხვევაში ძნელი გასამიჯნია თავისუფალი და არათავისუფალი დრო. რასაც ვაკეთებ, ვაკეთებ იმიტომ, რომ მინდა და სიამოვნებას მანიჭებს.
როგორი ადამიანი იმსახურებს დათო გოგიჩაიშვილის პატივისცემას?
ჩემს პატივისცემას იმსახურებენ თვითკრიტიკული ადამიანები, ხაფანგებიდან რომ თავი აქვთ დაღწეული და სამყაროს მიმართ მადლიერები არიან, რადგან ბედნიერი ხარ, როდესაც გაქვს ეს უნარი. თუ კონცენტრირდები იმაზე, რაც გაქვს და იმაზე, რითაც შეიძლება სამყაროს მადლიერი იყო, გაცილებით მეტი გექნება, და თუ კონცენტრირდები იმაზე, რაც გაკლია და სამყაროს მოსთხოვ, უფრო დაგაკლდება. ამიტომ მიყვარს ადამიანები, რომლებმაც იციან იმის დაფასება რაც აქვთ. ანდაზაა ასეთი: „წარმატებაა გქონდეს ის, რაც გიყვარს და ბედნიერებაა გიყვარდეს ის, რაც გაქვს“. ჩვენ შესაძლოა ისე ვიცხოვროთ, რომ ყველაფერი სასწაულად აღვიქვათ და შესაძლოა ისე ვიცხოვროთ, რომ არ შევიგრძნოთ ის სასწაულები, რაც ჩვენ გარშემოა. სინამდვილეში, შენშია არჩევანი და პასუხი. შენზეა დამოკიდებული, რომელს აირჩევ. მუდმივად იმას ველოდებით, თუ რას მოგვცემს ეს ცხოვრება, მაგრამ გარკვეულ ეტაპზე ვიწყებთ ფიქრს, ჩვენ რა შეგვიძლია მივცეთ მას. პატივს ვცემ იმ ადამიანებს, რომლებმაც უკვე აღმოაჩინეს ამაზე პასუხი, და მშურს მათი, ვინც ჯერ ვერ მიმხვდარა ამაზე პასუხს, რადგან წინ აქვთ ცხოვრების ეს მთავარი გარდამტეხი სიამოვნება.
დაასრულეთ: 10 წლის შემდეგ მე...
ერთადერთი, რაც ჩვენ გვაქვს, ეს არის მიმდინარე მომენტი, იმიტომ, რომ წარსული აღარ არის და მომავალი არავინ იცის, რა არის. ჩემი რეალობა არის აქ და ახლა. 10 წლის შემდეგ არ ვიცი, რა იქნება.