OK!-ის სექტემბრის ნომერი „კასტელო მარეს“ გაყიდვებისა და მარკეტინგის მენეჯერს, მანო კუჭუხიძეს წარმოგიდგენთ. როგორც თავად ამბობს, საკუთარი ცხოვრების ყველაზე დიდ მიღწევად შინაგან თავისუფლებას მიიჩნევს. ამ სიტყვებმა გაჟღერებისთანავე მომხიბლა, რადგან მიმაჩნია, რომ ადამიანის ცხოვრების განმსაზღვრელი ფაქტორი სწორედ ეს შეგრძნება − შინაგანი თავისუფლებაა. თავდაჯერებულობა ანიჭებს კომფორტს, სწრაფად ადაპტირდეს ნებისმიერ ცხოვრებისეულ და პროფესიულ კრიზისზე, მიიღოს სწრაფი გადაწყვეტილებები და უარი არ თქვას საინტერესო, თუნდაც რთულ გამოწვევებზე. ვფიქრობ, ჩვენს მკითხველს კიდევ უფრო საინტერესო ნიუანსები სტატიაში ელის, ამიტომ წაიკითხეთ ძალიან შინაარსიანი ინტერვიუ მანო კუჭუხიძესთან.
მანო, გვიამბეთ თქვენ შესახებ. რა არის თქვენი ძირითადი პროფესია?
პროფესიით მარკეტერი ვარ. ჩემი მრავალწლიანი გამოცდილება მედიაგაყიდვების მიმართულებით წარიმართა, თუმცა მესამე წელია სასტუმრო „კასტელო მარეს“ გაყიდვებისა და მარკეტინგის მენეჯერის პოზიციაზე ვმუშაობ. მგონია, რომ სტუმარ-მასპინძლობის სფეროში ჩემი თავი კიდევ ერთხელ აღმოვაჩინე.
რამდენი ხანია, რაც Castello Mare Hotel-ს დაუკავშირეთ თქვენი პროფესიული კარიერა?
სასტუმრო „კასტელო მარეს“ მენეჯმენტთან 2017 წლის ზაფხულში მომიწია საქმიანი ურთიერთობა, როცა OK! ბათუმის პროექტზე ვმუშაობდი. პირველი ნომრის პრეზენტაცია და გრანდიოზული ღონისძიება „კასტელო მარეში“ გაიმართა. რამდენიმე თვეში გენერალური მენეჯერისგან შეთავაზება მივიღე. თბილისის გაყიდვების ოფისისთვის ეძებდა კადრს, რომელიც სააგენტოებთან და კორპორაციულ სეგმენტთან უზრუნველყოფდა კომუნიკაციას. ძალიან გამიხარდა, მაგრამ არ დაგიმალავთ, ცოტა შემეშინდა. იმ სფეროში უნდა მომესინჯა ძალები, რომელიც ჩემთვის სრულიად უცხო იყო. ჩემი მთელი პროფესიული შეხება ტურიზმის სფეროსთან, ტურისტულ გაიდზე, where.ge-ზე მუშაობით შემოიფარგლებოდა. ამავე დროს, დიდი გამოწვევის წინაშე ვიდექი, რომელიც სრულიად ახალ კარიერულ გზას მიხსნიდა. ამიტომ, დავთანხმდი. 2018 წლის მაისში კონტრაქტი გავაფორმეთ, 2019 წლიდან კი სასტუმროს მარკეტინგის მიმართულებაც გადმომბარდა.
რატომ Castello Mare Hotel? რა მიგაჩნიათ სასტუმროს უპირატესობად?
სასტუმრო „კასტელო მარეს“ უპირატესობა მაინც უნიკალური ადგილმდებარეობაა. ციხისძირს, როგორც დასასვენებელ კურორტს, 100-წლიანი ისტორია აქვს. საერთაშორისო სტანდარტის 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო და გამაჯანსაღებელი კომპლექსი გაშენებულია ზღვიდან 50 მეტრ სიმაღლეზე. სუბტროპიკული ჰავა, კლდოვანი სანაპირო, ასწლოვანი უნიკალური მცენარეების ტყის საფარი, ქმნის იდეალურ გარემოს დასვენებისა და გაჯანსაღებისთვის. მაგრამ „კასტელო მარე“ ქართული ბრენდია, და მისი უპირატესობის განმსაზღვრელი, მაინც ის აჭარული სტუმარ-მასპინძლობის ტრადიციაა, რომელიც უნიკალურია და სხვაგან ვერსად შეხვდებით.
ახალი სეზონისთვის რას სთავაზობს სასტუმრო დამსვენებლებს?
მოგეხსენებათ, 2020 წელს ტურიზმის სფერო ყველაზე მნიშვნელოვნად დაზარალდა. ზაფხულის სეზონის წინასწარი ჯავშნების 60%-ზე მეტს უცხოელი დამსვენებელი შეადგენდა. არსებულ რეალობაში, აუცილებელი იყო სწრაფი ადაპტირება და მოქმედება. გაყიდვების გუნდმა შევიმუშავეთ მოქნილი მარკეტინგული სტრატეგია და გაყიდვების გეგმა, რომლითაც გაუქმებულ ჯავშნებს ადგილობრივი დამსვენებლით შევავსებდით. ამიტომ მოვახდინეთ ბაზრის დივერსიფიკაცია: დაბალ, საშუალო და მაღალ საფასო კატეგორიებად დაყოფა და შესაბამისი აქციების შეთავაზება. როცა შეზღუდვები მოიხსნა, რა თქმა უნდა, რეგულაციების სრული დაცვით, სასტუმრო გავხსენით და 15 ივნისიდან ქართველ დამსვენებელს 2-ადგილიანი განთავსება 180 ლარიდან შევთავაზეთ.
ასევე, საბანკო და სადაზღვევო სექტორთან აქტიური თანამშრომლობით შევიმუშავეთ სპეციალური ფასდაკლებები. რეალურად, შევძელით, მოგვეზიდა სრულიად ახალი სეგმენტი. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ აჭარის რეგიონში სასტუმრო „კასტელო მარე“ გაყიდვების ლიდერია, რაც სასტუმროს მენეჯმენტისა და გაყიდვების გუნდის შეთანხმებული და მოქნილი სტრატეგიის შედეგია.
რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, რა თქმა უნდა, რეგულაციების დაცვით, წელს მეორედ ჩავატარებთ „მანდარინობის ფესტივალს“, ხოლო ზამთრის პერიოდში, სპეციალურ დეტოქს-პროგრამებს და გამაჯანსაღებელ პროცედურებს შევთავაზებთ დამსვენებელს. მოგეხსენებათ, რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი „ოტიუმ სპა“ გვაქვს. წელს გვექნება სიახლეც − „კასტელო მარეს“ ცნობილი პანორამული აუზი ზღვის წყლით, ზამთრის სეზონზე 30 გრადუსამდე გათბება, რაც დამატებითი კომფორტი იქნება დამსვენებლისთვის.
რამდენად რთულია პირადი ცხოვრებისა და პროფესიის ერთმანეთთან ბალანსი?
ხშირად მაქვს შეგრძნება, რომ პირად ცხოვრებასა და სამსახურს შორის ზღვარი წამეშალა. ბუნებით მაქსიმალისტი ვარ და ჩემ თავთან ზედმეტად კრიტიკული. კარიერა მნიშვნელოვანია, მაგრამ ამავე დროს, მაქვს უდიდესი პირადი პასუხისმგებლობა. მყავს ნიკო − 11 წლის შვილი, რომელიც ჩემი ნომერ პირველი ცხოვრებისეული გამოწვევაა. სტიმული, რომელიც მაძლევს ძალას და ენერგიას, ვიყო მუდმივ მოძრაობაში, ვიყო საზოგადოების აქტიური ნაწილი. რაც მთავარია, ყოველ დილით, გავიღიმო და მუდმივად გამოვიყურებოდე იდეალურად.
რა მიგაჩნიათ თქვენი ცხოვრების მთავარ პრინციპად?
ცხოვრებაშიც და კარიერაშიც მნიშვნელოვანია ადამიანმა აკეთოს ის, რაც სიამოვნებას და თავისუფლებას ანიჭებს. მე არასოდეს დავთანხმებივარ სამუშაოს ანაზღაურებისთვის. ყოველთვის ვეძებდი საინტერესოს. ეს ჩემი ხასიათია. მუდმივი ძიება და სიახლეები. ჩემი მთავარი პრინციპი, საქმეშიც და პირად ცხოვრებაში, მაინც ის არის, რომ ვაკეთო სიყვარულით, და არა ისე, როგორც იმ დროს პოპულისტურია.
რა მიგაჩნიათ თქვენი ცხოვრების ყველაზე დიდ მიღწევად?
ცხოვრების დიდ მიღწევად ჩემს შინაგან თავისუფლებას მივიჩნევ. თავდაჯერებულობა მანიჭებს კომფორტს, სწრაფად მოვერგო ნებისმიერ ცხოვრებისეულ და პროფესიულ კრიზისს. მივიღო სწრაფი გადაწყვეტილებები და უარი არ ვთქვა საინტერესო, თუნდაც რთულ გამოწვევებზე.