თუ გაქვს იდეები, გსურს მიაღწიო წარმატებას და შექმნა შენი საკუთარი სამყარო, მგარამ ჯერ არ გადაგიდგამს შესაბამისი ნაბიჯები ახალი გადაცემა „წარმატებული ქალები“ სწორედ ამ ნაბიჯების განსაზღვრაში და განხორციელებაში დაგეხმარება.
OK! Magazine Georgia „წარმატებული ქალების“ წამყვანს გვანცა მაჩაიძეს ესაუბრა, რომელიც უფრო დეტალურად გვიამბობს გადაცემის ფორმატისა და იდეის შესახებ.
გვესაუბრეთ გადაცემის იდეაზე და განხორცილების ეტაპებზე.
პირველ რიგში მოგესალმებით. დავიწყებ იქიდან, რომ ყველა ადამიანს შეუძლია მიაღწიოს წარმატებას, თუმცა მიმაჩნია, რომ ქალებისთვის შედარებით უფრო რთულია სასურველ შედეგამდე მისვლა, სწორედ აქედან გამომდინარე გამიჩნდა იდეა გამეზიარებინა წარმატებული ქალების რჩევები შესაბამისი აუდიტორიისთვის. მიუხედავად იმისა, რომ ჟურნალისტი არ ვარ და გამოცდილებაც მარკეტინგისა და გაყიდვების სფეროში მაქვს, ჩემი რამდენიმე მეგობრის დახმარებით, ჩამოვაყალიბეთ გუნდი და შევუდექით იდეის განხორციელებას.
რა ფორმატისაა გადაცემა?
გადაცემის ფორმატი ითვალისწინებს საზოგადოებისთვის წარმატებული ქალების გაცნობას, რომლებმაც შეძლეს და შექმნეს ბრენდი ან კომპანია და სათავეში უდგანან მისი განვითარების ყველა ეტაპსა თუ პროცესს.
ვინ არიან თქვენი ძირითადი მაყურებლები?
ჩვენი გადაცემა გათვლილია იმ ქალბატონების სეგმენტზე, რომლებსაც აინტერესებთ და ცდილობენ საკუთარი თავის რეალიზებას. მიუხედავად ამისა ჩვენთვის მოულოდნელი აღმოჩნდა გადაცემის სტატისტიკა, რომლის მიხედვითაც გაირკვა, რომ ნახევარზე მეტი მამაკაცები გვიყურებენ, როგორც ჩანს მამაკაცები მეტად დაინტერესებულნი არიან, წარმატებული ქალებით.
სად შეგვიძლია ვიხილოთ გადაცემები?
იქიდან გამომდინარე, რომ ჯერ სტარტაპი ვართ, ფეისბუქზე შევქმენით გვერდი „წარმატებული ქალები“, სადაც გადაცემები იდება, ყოველ პარასკევს 21:00 სთ-ზე.
ასევე გვაქვს საკმაოდ წარმატებული და საინტერესო ჯგუფი „კონსულტანტი“, სადაც საინტერესო თემებზე ჩვენს მოსაზრებებს და რჩევებს ვპოსტავთ და ვუზიარებთ მაყურებელს.
გირჩევთ აუცილებლად შემოგვიერთდეთ, რადგან აქ თქვენ მოისმენთ ბევრ სასარგებლო რჩევას სხვადასხვა მიმართულებით.
რა არის გადაცემის მთავარი მიზანი?
ჩვენი გადაცემის მთავარი მიზანია, დავეხმაროთ იმ ადამიანებს, ვინც ახლა იწყებს წარმატებისკენ სწრაფვას და ესაჭიროება რჩევები უკვე გამოცდილი წარმატებული ქალებისგან.
როგორ ფიქრობთ იტყვის გადაცემა თავის სათქმელს?
ჩვენ უკვე გამოვაქვეყნეთ რამდენიმე გადაცემა და ვფიქრობ, რომ ჩვენს ჩანაფიქრს ზუსტად ასახავს ფორმატი, თუმცა მეტად განვვითარდებით და მეტ საინტერესო სიახლესაც გპირდებით, ასე რომ მაღალი რეიტინგი გველოდება.
როგორია გადაცემების დაგეგმის პროცესი?
პროცესი მეტად საინტერესო და სახალისოა, ამაში ჩვენი პროდიუსერი ლიკუნა მახარობლიშვილი ძალიან გვეხმარება, ასევე ოპერატორი ზაზა მალაშხია, რომელიც სრულიად უანგაროდ გვიდგას მხარში. მისი პროფესიონალური ხედვა, ძალიან გვიადვილებს გადაცემის ჩაწერებს. გადაცემას ორი წამყვანი ჰყავს, ნატალია ნაჭყებია, რომელიც ასევე მხარში გვიდგას, ვგეგმავთ ერთად და მივდივართ ინტერვიუზე.
სამომავლო გეგმები.
სამომავლოდ უამრავი იდეა და გეგმა მაქვს, თუმცა ამ ეტაპზე მინდა, რომ ჩემი პროექტი რომელიმე ტელევიზიაში მივიტანო და გადაცემა უფრო ფართო აუდიტორიას შევთავაზო.