ადამიანს, რომელსაც ამ რუბრიკაში წარმოგიდგენთ, მრავალფეროვანი და საინტერესო საქმიანი ცხოვრება აქვს, რაც, თუკი მის მრავალმხრივ, ღრმა განსწავლულობასა და გონიერებას გავითვალისწინებთ, სრულებითაც არ არის გასაკვირი. ანდრო დგებუაძეს შესწევს გასაოცარი უნარი, უმარტივეს ენაზე გამოთქვას ჩვენთვის მანამდე ჩახლართული ცხოვრებისეული იეროგლიფები ისე, რომ აუცილებლად გავიფიქრებთ – ღმერთო, ამას აქამდე როგორ ვერ მივხვდი?! სიამოვნებით წარმოგიდგენთ ინტერვიუს ანდრო დგებუაძესთან − ტრენერთან, ბიზნესკონსულტანტთან, ბლოგერთან და ფლეიტასთან „მოთამაშე“ მელომანთან.
ბატონო ანდრო, როგორ ხართ? მოგვიყევით, ამჟამად რას საქმიანობთ, რითი ხართ დაკავებული?
ამჟამად ჩემი საქმიანი დროის დიდი ნაწილი მიაქვს ლექციებს, საჯარო გამოსვლებს, ამ ყველაფრის მომზადებას, ფიქრს.
ადამიანი და განათლება. რა როლი აქვს განათლებას ადამიანის ცხოვრებაში და საერთოდ, რას ნიშნავს განათლება თქვენთვის? რას გულისხმობს?
მე ვფიქრობ, განათლება უკიდურესად მნიშვნელოვანია, თუმცა ის სრულყოფილების მხოლოდ მესამედია. განათლება ცოდნის ზრდისთვისაა და მას ბევრ რამეს მიაწერენ, უკეთეს ადამიანად გარდაქმნასაც, მაგრამ ამას ვერც სკოლა ახერხებს, ვერც უნივერსიტეტი და ვერც ეკლესიები. ჩვენ უკეთესს გვხდის შიდა გადაწყვეტილებები და არა ის, თუ რას გვასწავლიან. თუ მკითხავთ, რა არის დანარჩენი ორი მესამედი, გეტყოდით, რომ ეს არის გრძნობა და ნებელობა. საბოლოოდ გამოდის, რომ როცა ადამიანმა იცის რასაც გრძნობს და იმასვე ახერხებს მოიმოქმედოს, ის სრულყოფილია. ცოდნა კი ამის მესამედია. ის, როგორც გითხარით, მხოლოდ ფიქრის სფეროა. მაგალითის მოყვანაც შემიძლია: პიანისტმა რომ კარგად დაუკრას, უნდა იცოდეს, რას უკრავს და ის კარგად ნაფიქრი უნდა ჰქონდეს, უნდა გრძნობდეს და ასრულებდეს გრძნობით, დაბოლოს − თითებს არ უნდა ეშლებოდეს, რასაც უკრავს. საკმარისია, რომელიღაც ფაქტორი იყოს სუსტი, და ეს მოცემულობა სრულყოფილი არ იქნება. მარტო მუსიკალური ტექსტის ცოდნა ძალიან ცოტაა. ამდენად განათლება საჭიროა, მაგრამ არა − საკმარისი.
როგორ ფიქრობთ, დღევანდელი საგანმანათლებლო სისტემის ხარვეზები სად არის? რა სახის პრობლემებს ხედავთ?
უნდა ვთქვა, რომ მე არ ვარ ამ დარგის ექსპერტი და კრიტიკოსად ვერ გამოვდგები. თუმცა გეტყვით, რასაც ვხედავ: 1. ბაზრის მოთხოვნებს აცდენილია; 2. თანამედროვე გამოწვევებს ჩამორჩენილია; 3. ინსპირატორი მასწავლებლები, როგორც ყოველთვის და ყველგან, ცოტაა. მე მიმაჩნია, რომ ონლაინგანათლება ჯერ კიდევ მნიშვნელოვნადაა ასათვისებელი.
ადამიანის წარმატება უკავშირდება განათლებას?
მახსოვს, ერთხელ ჩემი ჯგუფელი, გერმანელი ბიჭი ჩამოვიდა თბილისში. ჯერ მე ვესტუმრე, მერე ის მესტუმრა. ერთხელ ასეთი რამ მითხრა: რატომაა, რომ თბილისში კარგ მანქანაზე ყოველთვის გაურკვეველი მორალის ადამიანი ზის საჭესთანო? გავშრი... არც ვიცოდი, რა მეპასუხა. ცალსახა იყო, რომ წარმატება და განათლება, და მით უმეტეს, მორალი ერთმანეთისგან აბსოლუტურად აცდენილი იყო. იმის მერე დიდი დრო გავიდა და დაუნახავი უნდა ვიყო, რომ ვთქვა − არაფერი შეცვლილა. განათლება შეიძლება საშუალო სეგმენტში იყოს მნიშვნელოვანი. მაღალ ეშელონებში ის მეორეხარისხოვანი მგონია. რაც შეეხება ფორმალურ განათლებას და დიპლომს, ყოველდღიურ დევალვაციას განიცდის და ასეც უნდა იყოს.
გყავთ გონებაში მონიშნული ისეთი ადამიანი, ვისი სწავლება ან შემოქმედება თქვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია?
ჩემზე უამრავ ადამიანს უმოქმედია და ახლაც ვერ ვიტევ თავში, თუ როგორ აზროვნებდნენ ძველი ინდოელები, ეგვიპტელები, ბერძნები. თანამედროვე მოაზროვნეებიც უაღრესად საინტერესოა ჩემთვის. ეგ კი არა, TED-გამოსვლებსაც ხშირად ვუყურებ და მაინტერესებს დღევანდელი ტენდენციები. ყველა დროის ფავორიტები ჩემთვის ალბათ არიან: უპანიშადები, ადი შანკარაჩარია, სოკრატე, ჯალალ ადდინ რუმი, რუდოლფ შტაინერი, შრი აურობინდო. მიყვარს ჯორდან პიტერსონის, საიმონ სინეკის, რიჩარდ დოუკინსის მოსმენა.
რა არის თავისუფლება?
იყო ის, რაც მართლა ხარ. იყო შენივე სინდისი − რეალიზებული. სინდისს სიმარტივისთვის ვეძახი, თუმცა ვგულისხმობ იმას, რაც არც გარედან მომწებებია და არც ჩემი ახირებაა. ვგულისხმობ ჩემსავე უშინაგანეს არსს, იმას, რითაც ვიგებ, ვაზროვნებ, ერთობაში მოვდივარ რეალობასთან. დაარქვით გნებავთ სინდისი, ცნობიერება, ატმა, თავადსული. სულერთია, მაგრამ მხოლოდ ის არის ჩემში თავისუფალი და მიუკერძოებელი.
ანდრო, რისი გაკეთება გიყვართ ყველაზე მეტად? რა გახალისებთ და გამხიარულებთ?
ყველაზე დიდი სიამოვნებაა, როცა გამოგდის ის, რაც გეგონა, რომ არ გამოგივიდოდა. თუნდაც ეს სულ მცირედი იყოს. ჩემი ჰობი არის მუსიკა. ბოლო დროს ვეთამაშები ფლეიტას და დავიწყე იმით, რომ სულ არაფერი გამომდიოდა. ბგერასაც ვერ გამოვცემდი. დღეს ცოტა მეტი შემიძლია და მახარებს ის, რომ ხვალ კიდევ მეტს შევძლებ. ამით ვიზრდები, ამით ვხალისობ და ეს მამხიარულებს.
რომელი ქვეყანა და ერი გესიმპათიურებათ ან გიყვართ და რატომ? რა ნიშნით გამოარჩევთ?
ახალი ზელანდია. არ ვყოფილვარ, მსმენია, და მხოლოდ კარგი. ერთხელ ვნახე, როგორც გააცილეს რაგბისტებმა მათი კერპი − იონა ლომუ. მივხვდი, რომ იბღავლო „ჰაკა“ და ამ დროს გამოხატო უშინაგანესი მოწიწება და პატივისცემა − ეს არის გამაოგნებელი დიაპაზონის მოქნილობა ფორმასა და შინაარსში. მეც მინდოდა იქ დგომა. კულტურა სხვა არაფერია ჩემთვის − ესაა სურვილი, იდგე სხვებთან ერთად, აღიქვამდე თავს მათ წევრად.
სულ ცოტა ხნის წინ ჩავლილმა ჩაკეტილობამ, ერთგვარმა განსაცდელმა, თქვენზე როგორი გავლენა მოახდინა? როგორ აღიქვით?
მე მიყვარს მარტოობაც და უმოქმედობაც. მოვიცალე ისეთი რამეებისთვის, რაც ყოველთვის გადადებული მქონდა. ახალი უნარების სწავლა ასეთ დროს შეუცვლელი რამაა. ვერც ხვდები, დრო როგორ გადის და გინდა, რომ ჯერ კიდევ დიდხანს იყო საკუთარი თავის ბატონ-პატრონი.
დაასრულეთ, სიყვარული არის...
როცა მიხვდები, რომ სხვაც შენ ხარ. სიყვარული ერთობის სიხარულია. მიხვედრის სიხარული.