OK! წარმოგიდგენთ ადამიანს, რომელმაც თავისი შეგნებული ცხოვრების უდიდესი ნაწილი განათლებას და ახალგაზრდებისთვის ცოდნის გადაცემას მიუძღვნა. ფილოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი მაია დოქსოპულო 50 წელიწადი ემსახურა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს. როგორ იხსენებს მაია განვლილ, საოცრად ნაყოფიერ და საინტერესო წლებს, რას ნიშნავს მისთვის განათლება და როგორი იყო საყვარელ სტუდენტებთან ურთიერთობისა და მეგობრობის მისებური ფორმა − ამას მაია დოქსოპულოსთან საინტერესო ინტერვიუში წაიკითხავთ.
ქალბატონო მაია, როგორ ბრძანდებით? მოგვიყევით, როგორ ცხოვრობთ?
როგორც ალბათ ბევრმა სხვა ადამიანმა, მეც ძალიან მძიმე თვეები გამოვიარე. ჩავიკეტეთ და ძირითადად ფანჯრიდან ვაკვირდებოდი, რა ხდებოდა გარეთ. მიკვირს იმ ადამიანების, ვისაც არ სჯერა „კოვიდ-19“-ის არსებობა. არ შეიძლება ასეთი დაავადების უგულველყოფა და ჯინიანობა. იმედს არ ვკარგავ, რომ მსოფლიოს წამყვანი სამედიცინო ინსტიტუტები შეძლებენ მის დამარცხებას.
მინდა გთხოვოთ, თქვენს საინტერესო ცხოვრებაზე მოგვიყვეთ...
ალბათ გაგიკვირდებათ, მაგრამ ჩემი ამბის მოყოლას საბავშვო ბაღის პერიოდიდან დავიწყებ. წლები, რომელიც საბავშვო ბაღში გავატარე, ძალიან ძვირფასია ჩემთვის. ეს იყო მეორე მსოფლიო ომის პერიოდი და სწორედ ამ დროს მოვხვდი სამოთხეში. მაშინ ამ სიტყვას − „სამოთხეს“, ვერც გამოვიყენებდი. ახლაც მახსოვს ულამაზესი ბაღი, მასში პატარა ვენახი, ბროწეულის ხეები... შინ მაქვს პატარა, ლამაზი, დეკორატიული ბროწეულის ხე. ეს ჩემი ბავშვობის წარუშლელი სურათია. ემოცია, რომელიც მთელ ჩემს ცხოვრებას გასდევს. მგონია, რომ ბროწეულივით ლამაზი ხე არ არსებობს. წარმოიდგინეთ, ჩემს საბავშვო ბაღში, დიდი ომიანობის დროს, სრულიად გაკრიალებული გარემო და ოთახები გვქონდა, გვეცვა თეთრი ხალათები, თმას მოწესრიგებულს, შეკრულს ვატარებდით. საოცარი გამგე გვყავდა − ქალბატონი ნატაშა უნაფქოშვილი. ამ ადამიანზე მოგონება მთელი ცხოვრება მომყვება. აუცილებლად უნდა აღვნიშნო, რომ ქართული ენის მიმართ იყო განსაკუთრებული დამოკიდებულება, ვდგამდით სპექტაკლებს ბაღის დარბაზში, რაც ჩვენთვის დიდი ბედნიერება იყო. უამრავი მეგობარი მყავს ბაღიდან გამოყოლილი. ნატაშა გამგე კი ჩემთვის განათლებისა და კულტურის სიმბოლოა. ისე დადიოდა ხოლმე, ფრთხილი ნაბიჯებით, რომ იატაკიც კი არ შეეწუხებინა. შემდეგაც მქონია მასთან ურთიერთობა. ბაღი იყო ჩემთვის განათლებისა და კულტურის შეძენის უმნიშვნელოვანესი წყარო.
სკოლის პერიოდიც გაიხსენეთ...
ჩიტაძის ქუჩაზე ქალთა პირველ საშუალო სკოლაში ვსწავლობდი, ბიჭებთან მეცხრე კლასში გავერთიანდით. სკოლაში სიმკაცრე იყო. 9-ის ნახევარზე ჩაიკეტებოდა კარი და 2-ის ნახევრამდე არ იღებოდა. სკოლის ფორმის გარდა, არაფერი გაგვაჩნდა.
ბიჭებთან გაერთიანების შემდეგ, ჩემი თანაკლასელები გახდნენ ზვიად გამსახურდია, გურამ დოჩანაშვილი, თეიმურაზ მეტრეველი − ყოველმხრივ გამორჩეული ბიჭები.
მე ძალიან ცელქი ბავშვი ვიყავი. ორი უფროსი და მყავდა − სკოლაში თითით საჩვენებელი გოგონები, ხოლო დედაჩემს, ჩემი სიცელქის გამო, ხშირად ეკითხებოდნენ, ნუთუ ესეც თქვენი შვილიაო. ქუჩაში ყოფნა მიყვარდა და ყოველთვის მინდოდა, სკოლიდან მოსულს ქუჩაში მეთამაშა. ჩემი და, რომელიც 10 წლით ჩემზე უფროსი იყო, ძალიან ნაკითხი ადამიანი გახლდათ, საოცარი მეხსიერებით. მისგან გაწერილი მქონდა წიგნების სია. თუ არ წავიკითხავდი, გარეთ ვერ გავიდოდი. 6 წლისა ქართულად და რუსულად თავისუფლად ვწერდი და ვკითხულობდი.
ბავშვობაში მყავდა ორი გამორჩეული მეგობარი, შემდგომ ქართული სამეცნიერო სკოლის თვალსაჩინო წარმომადგენლები − ბატონი გიორგი ახვლედიანი და ბატონი თედო სახოკია. ბატონი თედო ჩვენს სახლთან გავლის დროს შემოაღებდა ხოლმე ეზოს კარს და მამლის ყივილის იმიტაციით მესალმებოდა.
გიორგი ახვლედიანს ახლობელი ჰყავდა ჩემს გვერდით ეზოში, ამიტომ ხშირად ამოდიოდა ნელი ნაბიჯით ჩემს ქუჩაზე − როგორც კი დავინახავდი მას, გავიტანდი წიგნს, ჩამოვჯდებოდი ხის სკამზე და ის გამომკითხავდა, იმ დღეს რა წავიკითხე. შემახსენებდა, რომ ყოველთვის უნდა მყვარებოდა წიგნი. დამშვიდობებამდე, რაიმეს ხმამაღლა წამაკითხებდა. ამ ორი ადამიანის სახე არასდროს გაქრება ჩემი მეხსიერებიდან.
თქვენ ბრძანდებით ინგლისური ენის მცოდნე ადამიანი, რომელმაც ბევრი სტუდენტი გამოზარდა. როგორ აირჩიეთ პროფესია?
10-12 წლისა ვიყავი, როცა საშუალება მომეცა რადიოში მომესმინა ჩემთვის საინტერესო გადაცემებისთვის. ჩემს ყურს მოხვდა შესანიშნავი ინგლისური მეტყველება − ეს იყო გადაცემა Special English, რომლის დასრულების შემდეგ იწყებოდა ხოლმე მეორე არანაკლებ საინტერესო გადაცემა Jazz Hour.
ხშირად ვუსმენდი ფრენკ სინატრას, რომლის მიერ ნამღერი თითოეული მარცვალი მსმენელის ყურს აღწევს. თანდათან დავინტერესდი ინგლისური ენით, ვიწერდი მოსმენილი სიმღერების ტექსტებს, ვადარებდი ლექსიკონში არსებულს და ბოლოსდაბოლოს ავირჩიე პროფესიად ინგლისური ენა. ამაში პიონერთა სასახლის ინგლისურის კაბინეტიც ძალიან დამეხმარა. მთელი თბილისი პიონერთა სასახლის რომელიღაც წრეში იყო გაერთიანებული და დღემდე არ ვიცი, როგორ ვეტეოდით იქ.
უნივერსიტეტში ჩემი ორი პედაგოგი 5 წლის განმავლობაში გამორჩეული პროფესიონალი ქალბატონები − ვენერა ურუშაძე („ვეფხისტყაოსნისა“ და ქართული პოეზიის ანთოლოგიის მთარგმნელი) და ლეილა გამსახურდია − პოეზიის დიდი დამფასებელი და მომავალში მთარგმნელი გახლდნენ. მათი დაჟინებული რჩევით, ჩემი „პედაგოგიური სამსახური“ 19 წლის ასაკში დაიწყო. ისინი მეუბნებოდნენ: ერთია, რომ შენ გაქვს ცოდნა, მაგრამ ასევე მნიშვნელოვანია, ის გადასცე სხვას. მიძებნიდნენ მოსწავლეებს, დავდიოდი მათთან შინ და ჩემი პირველი მოსწავლე 65 წლის არქიტექტორი, ქალბატონი ელენე ციციშვილი იყო − ნამდვილი ინტელიგენტი, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით. მაშინ არ გაგვაჩნდა საჭირო მხატვრული ლიტერატურა, რომელიც პროგრამით აუცილებლად უნდა წაგვეკითხა და ამიტომ ჩვენს მეორე სახლად იქცა საჯარო ბიბლიოთეკა, სადაც ძალიან ბევრ დროს ვატარებდით.
უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ სწავლა ასპირანტურაში გავაგრძელე − აქაც გამიმართლა, ჩემი ხელმძღვანელი აღმოჩნდა 32 წლის, სრულიად ახალგაზრდა დოქტორი, ბატონი თამაზ გამყრელიძე. ასპირანტურაში ჩემი პროფილი შეიცვალა და ბატონმა თამაზმა ჩემი პროფილი სტრუქტურული ლინგვისტიკის განხრით შეცვალა.
უნიკალური სემინარის ფორმა ჩამოაყალიბა − ნანა შენგელაია და მე ვიყავით მისი პირადი ასპირანტები, გვიტარებდა ლექციებს ხან მთაწმინდაზე, ხან აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტში და ჩვენ ორს დიდი აუდიტორია გვემატებოდა გზადაგზა.
თქვენ ხართ ადამიანი, რომელსაც ჰქონდა ბედნიერება, საბჭოთა პერიოდში წასულიყო აშშ-ში. გთხოვთ, ამერიკული მოგონებები და მაშინდელი ემოციები გაგვიზიაროთ.
უნივერსიტეტში გვქონდა გაცვლითი პროგრამა. ძირითადად, ჩემი კოლეგები რიგის მიხედვით ინგლისში მიდიოდნენ. მაგრამ ერთ მშვენიერ დღეს ინგლისის მაგივრად მოულოდნელად გაჩნდა ერთი ადგილი აშშ-ში. ჩვენი კათედრის გამგემ, ბატონმა ნიკო ყიასაშვილმა ყოველგვარი კონკურენციისა და შერჩევის გარეშე გადაწყვიტა, მე გავეშვი ამერიკაში. ეს იყო პროფესორთა ჯგუფი საბჭოთა კავშირიდან და თითო რესპუბლიკიდან თითო წარმომადგენელი გავემგზავრეთ შტატებში − ძლივს დავიჯერე ეს ამბავი.
ამ დროს უკვე გათხოვილი ვიყავი, შვილები მყავდა. მოვხვდი ვაშინგტონში, ჯორჯთაუნის უნივერსიტეტში − სრულიად არაჩვეულებრივ გარემოში, სადაც შესანიშნავი პედაგოგები გვყავდა. რამდენიმე თვე დავყავი ამ საოცარ უნივერსიტეტში.
ეს იყო 1988 წელს, როდესაც ამერიკაში წასვლა მართლაც დაუჯერებელი ამბავი იყო.
როგორი შთაბეჭდილება დატოვა მაშინდელმა ამერიკამ?
იცით რა, მე მომზადებული წავედი. მთელი ცხოვრება ამერიკულ მუსიკას ვუსმენდი, ვკითხულობდი ამერიკელ მწერლებს, ვნახულობდი ბევრ დოკუმენტურ და მხატვრულ ფილმს, ამიტომ ისეთი განცდა მქონდა, თითქოს უკვე ნანახი მქონდა ამერიკა. რეალობა დაემთხვა წარმოდგენას − დაბნეულობის არანაირი შეგრძნება არ მქონია. აი, ჯორჯთაუნის შესაძლებლობები, მისი მდიდარი ბიბლიოთეკა, ჩემთვის წარმოუდგენელად საინტერესო აღმოჩნდა.
ვაშინგტონში ბედნიერება მხვდა წილად და დავეწარი დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნას. აშშ-ის დედაქალაქში მოვიარეთ ყველა საგანმანათლებლო დაწესებულება − საბავშვო ბაღები, სკოლები, კოლეჯები, უნივერსიტეტები, ვესწრებოდი გაკვეთილებს, მეც ჩამამატებინეს სკოლაში გაკვეთილი, მომიწყვეს შეხვედრა სტუდენტებთან, რომლებიც მეკითხებოდნენ საბჭოთა კავშირზე და მე სრულიად გულწრფელად ვპასუხობდი იმას, რასაც ვფიქრობდი, რადგან არასოდეს არაფრის მეშინოდა. საბჭოთა კავშირი არ არსებობდა ჩემთვის. სკოლაში, ცხადია, როგორც დადგენილი იყო, გვასწავლიდნენ და გვაწვდიდნენ ინფორმაციას საბჭოთა კავშირის შესახებ, მაგრამ როგორც კი დამთავრდებოდა გაკვეთილი, როგორც თქვენ არ გისწავლიათ ეს ყველაფერი, ისე აორთქლდებოდა ხოლმე ყოველგვარი მსგავსი ინფორმაცია.
მოვიარეთ ამერიკის 7 ქალაქი, ძალიან მომეწონა ბოსტონი, ნიუ იორკზე აბა რა გითხრათ? − უჩემოდაც ალბათ ბევრი გაგიგიათ.
მოგვიყევით თქვენსა და საკუთარ სტუდენტებს შორის ურთიერთობაზე.
ჩემი პედაგოგიური საქმიანობა და გამოცდილება განსაკუთრებით საინტერესო იმით იყო, რომ ყოველთვის მაძლევდნენ ჯგუფს, რომელშიც იყვნენ ბიჭები. იცოდნენ, რომ მათი ფსიქოლოგია ჩემთვის მარტივად გასაგები იყო.
ჩემ დროს, უნივერსიტეტში საფუძვლიანად ვსწავლობდით ფსიქოლოგიას, ლოგიკას, სხვადასხვა ქვეყნის ლიტერატურას, ძალიან ღრმა და მრავალფეროვან ცოდნას ვიღებდით. ახლა ამ მიდგომიდან აღარაფერი დარჩა. როგორ შეიძლება ადამიანმა პედაგოგობა გადაწყვიტოს და მან ფსიქოლოგია არ იცოდეს?! ეს სრულიად წარმოუდგენელია.
ასე აღმოვჩნდი ბიჭების სამყაროში − სტუდენტებში. იღბლიანი ადამიანი ვარ. დღემდე ჩემი ნასტუდენტარი გოგონებისა და ბიჭების შესახებ ერთი ნეგატიური სიტყვაც კი არ გამიგია. ყოველთვის კარგი მესმის მათზე.
ძალიან მიყვარდა დიპლომატია, ბევრს ვკითხულობდი და ჩემს სტუდენტებსაც ყოველთვის ვუზიარებდი წაკითხულს. ხშირად მოდიოდნენ ჩემთან შინ და წასვლა აღარ უნდოდათ, იმდენად საინტერესო საათებს ვატარებდით ერთად. მთელი ჩემი თავისუფალი დროც სტუდენტების იყო. განსაკუთრებული ურთიერთობის ფორმა შემოვიღე: წერილებს ვაწერინებდი, შემდეგ განვიხილავდით. ჩემს ხელში გამოვლილი სტუდენტებიდან მინდა გავიხსენო თედო ჯაფარიძე, გიგა ბურდული − ადამიანი, რომლის წასვლამ ამ ქვეყნიდან განუზომელი ტკივილი მომაყენა; ამჟამად გაეროში ჩვენი ელჩი − კახა იმნაძე; ალექსი ბაქრაძე − ადამიანი, რომელმაც ვაშინგტონში გახსნა ქართული საელჩო. თედო განსაკუთრებით უნდა ვახსენო, რადგან მასზე დიდი მეგობარი დღემდე არ მყავს. ადრე მე ვაკითხებდი ბევრს, ახლა თედო მაკითხებს, შემდეგ დაინტერესდება, რა მომეწონა, რა არა, და ერთად განვიხილავთ. მიგზავნის და მჩუქნის წიგნებს, ონლაინმასალებითაც მამარაგებს WhatsApp-ის აპლიკაციით... დღე არ გავა, ფრენკის სიმღერა არ გამიზიაროს ინტერნეტის საშუალებით.
განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია, რომ ერთ დღესაც გავემგზავრე ბრიუსელში, NATO-ში. ეს უკვე ჩემი სტუდენტების დამსახურება იყო. ერთ მშვენიერ დღეს მივიღე მოწვევა NATO-დან. თავიდან არც კი დავიჯერე, მეგონა შეეშალათ. კვირაზე მეტხანს ვიყავი NATO-ში. ვესწრებოდი ლექციებს, მოვიარე მისი პოლიტიკური და სამხედრო ნაწილი. ეს იყო ჩემი სტუდენტების „საჩუქარი“ − როგორც გაირკვა, ჩემს სტუდენტებს კითხვას უსვამდნენ სხვადასხვა ინტერვიუში, თუ ვინ იყო მათი ინგლისურის პედაგოგი. ჩემი გვარი ბევრჯერ მოხვდათ თვალში და NATO-ს შტაბბინაში საქართველოს დელეგაციის შემადგენლობის შერჩევის დროს ეს მომენტი გაითვალისწინეს.
რაკი ამერიკის საელჩოსთან და ფაქტობრივად ყველა ელჩთან ახლო და მჭიდრო ურთიერთობა მქონდა, უნივერსიტეტში გავხსენი კაბინეტი − ქართულ-ამერიკული სემინარი. ჩვენთან მოდიოდნენ საელჩოს ამერიკელი წარმომადგენლები, ამერიკელი სამხედროები, და სტუდენტებს უკითხავდნენ ლექციებს. ეს კი იმით დაგვირგვინდა, რომ ჩემი რამდენიმე სტუდენტი ერთწლიან უფასო სწავლებაზე გაუშვეს ამერიკაში. ასეთი სიკეთე მოიტანა ამ კაბინეტმა.
მქონდა ასევე საკუთარი საავტორო სალექციო კურსი. შეიძლება ითქვას, რომ მუდმივად შრომაში ვიყავი. გარდა პრაქტიკული ინგლისურის სწავლებისა, რამდენიმე თეორიულ სალექციო კურსს ვკითხულობდი. პირველი იყო ბატონ თამაზ გამყრელიძის სალექციო კურსი ენათმეცნიერებაში, რომელიც მე გადმომილოცა დასავლეთ ევროპის ენებისა და ლიტერატურის ფაკულტეტზე.
ქალბატონო მაია, რას ნიშნავს თქვენთვის განათლება? რა როლი მიუძღვის მას ადამიანის ცხოვრებაში?
განათლება ჩემთვის პრიორიტეტულია არა იმიტომ, რომ ამ სფეროში ვსაქმიანობდი. უბრალოდ, ჩემმა საქმემ ნათლად დამანახა, რამდენად მნიშვნელოვანია, ადამიანი იყოს განათლებული. განათლებიდან მოდის კულტურა, ჯანსაღი ინტერესი, განათლების ნაკლებობა კი წარმოშობს დაბალხარისხიან მენტალიტეტს, რომელსაც რეზო თაბუკაშვილი „აგრესიულ პროვინციალიზმს“ უწოდებდა. ცხადია, არაგეოგრაფიული გაგებით.
მინდა ყველა ბავშვს ვუსურვო სწავლის მიმართ ინტერესი და ვუთხრა, რომ ცხოვრება შემდეგ უკვე თავისთავად ყველაფერს თავის ადგილზე დააყენებს.
ქალბატონო მაია, თქვენს ოჯახზე მოგვიყევით − შვილებზე, შვილიშვილებზე, მათთან ურთიერთობაზე...
ორი შვილი და სამი შვილიშვილი მყავს. უფროსმა შვილიშვილმა ნინჩო ჯიბლაძემ მამის გზა აირჩია, დიზაინი აინტერესებს. ჩემმა შუათანა შვილიშვილმა, ლუკამ მოსმენით ისწავლა ინგლისური − ეტყობა, ჩემმა გენეტიკამ იჩინა თავი. ასევე, ძალიან უყვარს ინგლისური ენა უმცროსს, ლილიანასაც. მათთან რომ მივდივარ, ცოტა ხნით ინგლისურად ველაპარაკები ხოლმე. ლუკა, თუ რაიმე სიტყვა ან ფრაზა ვერ გაიგო, მირეკავს ხოლმე. „შეიძლება, გთხოვო...“ − ასე, მორიდებით დაიწყებს ხოლმე კითხვის დასმას. „დიდა“ − ასე მომმართავენ ჩემი შვილიშვილები.
შვილებთან მკაცრი ვიყავი. გასული საუკუნის 90-იან წლებში სხვანაირად წარმოუდგენელი იყო, თუმცა არასოდეს ვერეოდი მათ გადაწყვეტილებებში ან ვკარნახობდი, როგორ მოქცეულიყვნენ კონკრეტულ სიტუაციებში.
ჩემთან, შინ ხშირად იშლებოდა ხოლმე დიდი სუფრა და გვსტუმრობდა უამრავი უცხოელი სტუმარი. თედო ჯაფარიძე, მაშინ საგარეო საქმეთა მინისტრის რანგში ხშირად გვსტუმრობდა თავის უცხოელ დიპლომატებთან ერთად. მაშინ, მოგეხსენებათ, არ იყო ამდენი რესტორანი და კაფე. მე კი ცარიელ მაგიდასთან საუბრებს უხერხულად მივიჩნევდი. დედა მომეხმარებოდა, პატარა სუფრას გავშლიდით და ჩემი შვილებიც აი, ამ გარემოცვაში იზრდებოდნენ. ვფიქრობ, ეს გამოადგათ კიდეც მომავალში.
ბოლოსთვის მოვიტოვე ერთი სათქმელი: ჩემს თეორიულ კურსებში არ ვახსენე საკუთარი საავტორო კურსი ბრიტანული და ამერიკული კულტურების შესახებ. სტუდენტები ყოველი ლექციის შემდეგ ჩემსავე მითითებით მწერდნენ წერილებს, რა სურდათ მოესმინათ ჩემგან. ერთი ლექცია ჩარლი ჩაპლინს მივუძღვენი − ერთ-ერთ ყველაზე ნიჭიერ ადამიანს მსოფლიოში. ლექციის შემდეგ სტუდენტებს დავურიგე ჩარლის წერილი, რომელიც შვილს − ჯერალდინას მისწერა. წერილი ქართულ და ინგლისურ ენებზე დავარიგე. მომდევნო შეხვედრაზე ჩემი სტუდენტებიდან ერთ-ერთმა გადმომცა წერილი და მთხოვა, იქვე ჩუმად წამეკითხა. წავიკითხე. ზუსტად ეს იყო ის საოცარი მომენტი, რომელმაც კიდევ ერთხელ დამიმტკიცა, რომ სტუდენტებისთვის გაღებული შრომა, ალბათ ყველაზე ღირებულია ჩემს ცხოვრებაში. იმ წერილში საოცარი ისტორია წავიკითხე: ჩემი სტუდენტი და მამამისი ძალიან მტრულად ყოფილან ერთმანეთის მიმართ განწყობილნი. არ ელაპარაკებოდნენ და არ ცნობდნენ ერთმანეთს. როცა ამ გოგონამ ეს წერილი წაიკითხა, მოინდომა მამასთან ერთად კიდევ ერთხელ წაეკითხა წერილი − ამჯერად უკვე მამასთან ერთად. მათი ურთიერთობა ასე აღდგა, რისთვისაც მთელი კურსის წინაშე მადლობა გადამიხადა და მითხრა − „რომ არა ეს წერილი, არ ვიცი, შევხვდებოდით თუ არა მე და მამა კიდევ ერთმანეთს...“