24 წლის წარმატებული ქართველი ფეხბურთელი გიორგი პაპუნაშვილი საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ესპანეთის კლუბ „რეალ სარაგოსას“ ნახევარმცველია. გიორგი ძირითადად ესპანეთში იმყოფება, თუმცა საქართველოს ეროვნული ნაკრების ოფიციალურ თამაშებს სტუმრობს. როგორია ცხოვრება საზღვრებს გარეთ, რას მიიჩნევს პროფესიულ მოტივაციად და როგორ უმკლავდება გამოწვევებს − სპორტსმენი OK!-ისთან საუბრობს.
გიორგი, ახლა, როცა კვლავ ესპანეთს უბრუნდებით, როგორია სამზადისი და მოლოდინი?
საქართველოში გარკვეული პერიოდის განმავლობაში ყოფნის შემდეგ, ესპანეთს ვუბრუნდები და სეზონის განახლებას ენთუზიაზმით ველოდები, შემართება და მოლოდინი მაქვს მეტი განვითარების. 12 სექტემბერს ახალი სეზონის დაწყებაა ნავარაუდევი.
როგორ ფიქრობთ, კარიერული თვალსაზრისით ახლა რომელ წერტილთან დგახართ?
ჩემი ამჟამინდელი კარიერა ჩემთვის ოპტიმალური არ არის, საკუთარი თავით კმაყოფილი არ ვარ. დიდი პერიოდი გამიცდა, რაშიც საკუთარ ბრალს ვხედავ. იყო დაბრკოლებებიც მთავარ მწვრთნელთან, შევხვდი უსამართლობასაც და სხვადასხვა გამოწვევის წინაშე დავდექი, თუმცა სირთულეებს წარსულში ვტოვებ და ხვალინდელ დღეს იმედიანად შევყურებ. ყველაფრის გამოსწორება და სასურველი შედეგების მიღწევა რომ შრომით შესაძლებელია, ამის ძალიან მჯერა.
გაიხსენეთ ყველაზე ძვირფასი გოლი ცხოვრებასა თუ კარიერაში.
ფეხბურთელის თითოეული გოლი ვფიქრობ მნიშვნელოვან მოვლენად რჩება მის მეხსიერებაში. გამოვარჩევდი 17 წლამდე ნაკრებში ინგლისის წინააღმდეგ ბოლო წუთზე გატანილ გოლს და საქართველოს უდიდეს ზეიმს. ასევე, როცა „დინამოში“ ვთამაშობდი, „გაბალას“ კარში გატანილ მეორე გოლს ვიხსენებ. რაც შეეხება ცხოვრებისეული მიზნის გატანას, ვფიქრობ გოლი და თითოეული გამარჯვება, თუნდაც საკუთარ თავზე, მთავარი მიღწევაა.
რომელი მთავარი მოტივაცია გამოძრავებთ?
საკუთარ თავს დავუმტკიცო, რომ შემიძლია.
როგორია უცხო ქვეყანაში ცხოვრების გამოცდილება?
ესპანეთში ცხოვრებამდე, პატარა ასაკში გერმანიაში 1 წელი დავყავი. ეს დიდი გამოცდილება და პროფესიული განვითარების საშუალება იყო, რომელიც ესპანეთში დღესაც მეხმარება. მთავარი სირთულე ოჯახისგან, მეგობრებისგან შორს ცხოვრებაა.
როგორ ჟღერს წარმატებული ფეხბურთელის ფორმულა? რა არის საჭირო ამ პროფესიაში?
გარე თვალით შესაძლოა ეს ყველაფერი ამდენად რთული არ ჩანდეს, მაგრამ ფეხბურთელობას უამრავი სიძნელე ახლავს. უამრავ რამეზე უარის თქმა გიწევს, საჭიროა შენი შესაძლებლობების წარმოჩენა, მათი დამტკიცება. ეს ყველაფერი ახლო ადამიანებისგან შორს ხდება, რის გამოც საკუთარი თავი მთავარ შემფასებლად გრჩება. მიზანდასახულობა, შრომა, თვითრწმენა, ვფიქრობ ყოველთვის ამართლებს, რათა გახდე ის, ვინც გინდა იყო მომავალში.
რა დრო რჩება თქვენს გრაფიკში ფეხბურთის მიღმა?
სიმართლე რომ ვთქვა, ასეთი ცნება არ არსებობს. პროფესიაში პასუხისმგებლობით, ბევრი რამის მსხვერპლად გაღების გათვალისწინებით, ღირებულ დროსტარებას ვერ ვახერხებ.
როგორ იხსენებთ უკვე განვლილ გზას?
რა თქმა უნდა, რაც დრო გადის, აანალიზებ, რომ შეიძლებოდა მეტი გაგეკეთებინა, სხვა ტაქტიკა აგერჩია, მაგრამ სინანულს ამ მხრივ დროს არ ვუთმობ – მაშინ ის მიმაჩნდა სწორად, რასაც ვაკეთებდი.
მოთხოვნა, რომელსაც საკუთარ თავს უყენებთ...
არასდროს შევწყვიტო მიზნებისკენ სვლა.
როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?
გუნდთან 2-წლიანი კონტრაქტი მაკავშირებს და ჩემი სამომავლო გეგმებიც „სარაგოსას“ უკავშირდება. მინდა გუნდთან ერთად პრიმერა დივიზიონში გადავიდე. ფეხბურთელის კარიერა სიურპრიზებითაა სავსე. ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები.