სულ ახლახან ქართველმა ვარსკვლავმა ქეთი მელუამ სამშობლოში, აჭარის რეგიონში თავისი ახალი ალბომის ორი სიმღერისთვის ვიდეოკლიპები გადაიღო. ქართველი მომღერლის ვიდეოებზე, რომელსაც მისი მილიონობით თაყვანისმცემელი მალე იხილავს, მთლიანად ქართული გუნდი მუშაობდა. ქართული OK! სიამოვნებით წარმოგიდგენთ ამ არაჩვეულებრივი თავგადასავლის მთავარ გმირ, ქეთი მელუასთან ექსკლუზიურ ინტერვიუს, ასევე გთავაზობთ ინტერვიუს კლიპების რეჟისორ მარიამ სიჭინავასთან და კოსტიუმების ავტორთან, დიზაინერ თაკო მექვაბიძესთან. აღსანიშნავია, რომ კლიპების ოპერატორი ალექსანდრე ომიაძეა, ასისტენტი - ანი ხუციშვილი. ბექსთეიჯზე კი მარიამ მუმლაძე მუშაობდა.
ქეთი, სულ ახალხან გადაიღეთ ორი კლიპი მშობლიურ კუთხეში, აჭარაში. როგორი ემოციები გამოიწვია საქართველოში დაბრუნებამ? რას ნიშნავს ეს ქვეყანა თქვენთვის?
საქართველო ჩემი სამშობლოა და ყველანაირად ვცდილობ, ხშირად ჩამოვიდე. აქ ბევრი ნათესავი მყავს: ბებია-ბაბუა, ბიძაშვილები... ბათუმში გავიზარდე და აქ გავატარე ბავშვობა. ძალიან მიყვარს ბულვარი, შავ ზღვაში ცურვა უდიდეს სიამოვნებას მანიჭებს. ახლა კი გადავიღე კლიპი იმ ადგილებში, რომელთანაც ჩემი ისტორია და ბავშვობაა დაკავშირებული და ეს ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს. ასე გამოვიდა, რომ წელს საქართველოში ჩამოსვლა უფრო ემოციური აღმოჩნდა. ვშიშობდი, პანდემიის გამო შესაძლოა ვერ მომეხერხებინა წელს აქ ჩამოსვლა და ბედნიერი ვარ, რომ გამომივიდა.
თქვენს ახალ კლიპზე გვესაუბრეთ − როგორ და სად მიმდინარეობდა გადაღებები? გაიხსენეთ ამ პროცესის ყველაზე საინტერესო მომენტები და დეტალები.
ჩვენი ვიდეო არის მარიამ სიჭინავასთან კოლაბორაცია. თავიდან მარიამი ინსტაგრამით გავიცანი, მისი ფოტოები ვნახე და დავათვალიერე. მომწონს ის, თუ როგორ ყვება ამბებს სურათებში, როგორ ფოტოებს უღებს ქალებს, სხვა ობიექტებს, შუქით ძალიან ლამაზად თამაშობს თავის ფოტოებში. შემდეგ ერთმანეთს დავეკონტაქტეთ. პირველი ფოტოსესია ლონდონში გვქონდა. მარიამი იანვარში ჩამოვიდა და ჩემს სტუდიაში შევხვდით. იმ პერიოდში ჯერ არ მქონდა დამთავრებული ალბომზე მუშაობა და არაფორმალური გადაღება გავაკეთეთ. შემდეგ მარიამი დაბრუნდა საქართველოში და მე გავაგრძელე ლონდონში მუშაობა.
კარგი ვიდეოკლიპის გაკეთება რთულია. იმის მიღწევა, რომ ვიდეო და მუსიკა ჰარმონიაში თანაარსებობდეს და სხვაგან არ გადაისროლოს, სხვა მხარეს არ წაიღოს მუსიკა. მნიშვნელოვანია, რომ ვიდეო ამბავს ყვებოდეს. ჩემს პარტნიორ მუსიკოსებს ვაჩვენე მარიამის ნამუშევრები, მოკლე ვიდეოკლიპები, ჩვენი 1-2 სურათი, და ძალიან მოეწონათ. აღიქვეს, რომ მას, როგორც შემოქმედს და ხელოვანს, სხვანაირი, თავისებური აღქმა აქვს. გავიაზრეთ, რომ მის მიერ გადაღებული ვიდეო ახალი სიტყვა იქნებოდა ჩემთვის. ძალიან მიხარია, რომ ეს ყველაფერი გამოგვივიდა.
სამუშაო ჯგუფში შემოგვიერთდა ძალიან ნიჭიერი დიზაინერი თაკო მექვაბიძე, რომელმაც არაჩვეულებრივი კოსტიუმები შეკერა ვიდეოსთვის. გარდა ამისა, ლოკაციების შერჩევაშიც დაგვეხმარა, გვაჩვენა ლამაზი ადგილები სარფის გზაზე, ქედაში... გადაღება მიმდინარეობდა ბოტანიკურ ბაღშიც. ბავშვობაში ბევრჯერ ვყოფილვარ იქ და ვფიქრობ, ვიდეოში ამ ადგილის ყველაზე ლამაზი ხედები მოხვდა. აქ, ინგლისში ყველამ იცის, რომ მე საქართველოდან ვარ და ახლა უკვე ვიდეოებიდან ვაჩვენებთ, როგორი ლამაზია საქართველო. საოცარი ხუთი დღე გავატარეთ ერთად, რომელიც სასიამოვნო მოგონებად დამრჩება. ყველამ არაჩვეულებრივად იმუშავა. მარიამი, თაკო, ყველა დანარჩენი, ვინც ჩვენს გუნდში იყო და ჩვენთან ერთად მუშაობდა, ძალიან ნიჭიერი ადამიანები არიან.
ქეთი, მოგვიყევით, როგორ ცხოვრობთ ამჟამად? როგორია თქვენი მიმდინარე, ყოველდღიური ცხოვრება და უახლოესი სამომავლო გეგმები?
ამჟამად მერვე ალბომს ვუშვებ. უკვე დავასრულე მასზე მუშაობა და ძალიან მალე, ოქტომბრის შუა რიცხვებში გამოვა. ალბომი ძალიან მოეწონათ ჩემს ბიზნესპარტნიორებს და ამიტომაც მონდომეს, რომ ამ ალბომიდან რამდენიმე სიმღერას ჰქონდეს კლიპი. საქართველოში ორ სიმღერაზე გადავიღეთ ვიდეო. ესენია YOUR LONGING IS GONE და JOY. ადრე ალბომიდან 2 ვიდეოზე თუ გადავიღებდით კლიპს, ამჯერად კი 4 ან 5, შეიძლება 6 ვიდეოც გადავიღოთ ჯამში. ახლა ალბომის promotion-ის პერიოდი მაქვს, რაც ინტერვიუებს მოიცავს, ძირითადად ონლაინრეჟიმში, „ზუმში“. შინ დედა, მამა და ჩემი ძმა, ზურა თვალყურს ადევნებენ და აკვირდებიან, როგორ მიდის promotion-ის პროცესი. ადრე ოფისში, სხვადასხვა ქვეყანაში ხდებოდა ეს პროცესი.
დიდი იმედი მაქვს, ჩემს მსმენელებს მოეწონებათ ეს სიმღერები და გულში დარჩებათ.
მაქვს ასევე რეპეტიციები საკუთარ ბენდთან ერთად, ცოცხალი შესრულებისთვის ვამზადებ 10 სიმღერას. ეს არის სიმღერები ცხოვრებაზე, სიყვარულზე... ერთ რამეს დავაკვირდი: ადრე ვმღეროდი უფრო ახალგაზრდულ სიყვარულზე, ახლა კი, 35 წლის ქალი ზრდასრულ, ნამდვილ სიყვარულზე ვმღერი, სხვა შინაარსის გახდა ეს გრძნობა. სწორედ ეს არის სიმღერის ჯადოქრობა, რომ შეუძლია ძალიან ბევრი რამ უმარტივესად თქვას და გამოხატოს.
კლიპის რეჟისორი − მარიამ სიჭინავა
მარიამ, გადაღების პროცესზე მოგვიყევით. რამდენად რთული აღმოჩნდა თქვენთვის მუშაობა?
აჭარაში მეხუთედ ვიყავი. თითოეულ ჩამოსვლაზე ჩემს ყურადღებას ყოველთვის იქცევდა საოცარი სიმწვანე. აქ მუდამ გაზაფხულის სიმწვანეა; ზღვა, მთასა და ზღვას შორის გარდამავალი საოცარი ლოკაციები. მე ვიცოდი ქეთის ხედვა, კერძოდ ის, რომ მაქსიმალური თავისუფლება უნდა მეჩვენებინა ვიდეოში. წინა კლიპში ქეთის გმირი შორდება შეყვარებულს და მოდის საკუთარ ქვეყანაში. აქ თავის უახლოეს მეგობარს ხვდება, რომლის თავისუფლებაც მისთვის ინსპირაცია აღმოჩნდება და იწყებს წერას. ეს ბაზისი ვიცოდი და მის მიხედვით მოვიფიქრე კადრები, ლოკაციები. რთული აღმოჩნდა დროის დაგეგმვა-გადანაწილება, რადგან ძალიან ცოტა დრო გვქონდა. წინა დღით განვიხილავდით და ვწერდით მომავალი დღის გეგმას. კადრები ძირითადად დაგეგმილი იყო, თუმცა როგორც ფოტოგადაღებაზეც ხდება ხოლმე, აქაც გვქონდა სპონტანური კადრები.
გადაღების პროცესში ძალიან დაგვეხმარა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი. ფაქტობრივად, შეუძლებელი შეძლეს. იმ მცირე დროში, რაც გვქონდა, ყველანაირად დაგვიდგნენ გვერდით და პროცესების ორგანიზებაში აქტიურ მონაწილეობას იღებდნენ.
კლიპების გამოსვლის შემდეგ არის მოლოდინი, რომ საქართველოს ცნობადობა გაიზარდოს? ამ ვიდეოს ხომ უამრავი ადამიანი ნახავს?..
ალბათ გარკვეულწილად გაზრდის ჩვენი ქვეყნის ცნობადობას. როცა გამორჩეულად ლამაზი ადგილი გვინახავს კინოში, ვოდეოში, ჩვენც ხომ დავინტერესებულვართ, თუ სად არის... ვიდეოში რამდენიმე განსაკუთრებული ლოკაცია გვაქვს − ზოგი მათგანი არ არის ტურისტული ადგილი, თუმცა ვფიქრობ, უცხოეთიდან ჩამოსული ადამიანებისთვის საინტერესო იქნება. მიხარია ის, რომ კლიპებში მთლიანად ქართული ტალანტია ჩადებული, ქეთი ქართველია და ვიდეოს გადაღებაზეც ქართული გუნდი მუშაობდა. ვფიქრობ, ამ ვიდეოთი კიდევ ერთხელ ვაჩვენებთ, რომ ჩვენ, ქართველები, საინტერესო ადამიანები ვართ და ვისაც არ გაუგია ჩვენ შესახებ, მოგვძებნიან, გაიგებენ, ვინ ვართ.
მარიამ, წინასწარ იცოდით, კოსტიუმები როგორი იქნებოდა? თქვენ და დიზაინერი შეუთანხმდით ერთმანეთს?
დიახ, შევთანხმდით. მე წინასწარ ავუხსენი, დაახლოებით როგორს ვხედავდი ჩვენი კლიპის პერსონაჟებს და თაკომაც ძალიან კარგი შედეგი გვაჩვენა − საუკეთესო კოსტიუმები შეკერა.
თქვენთვის, როგორც ხელოვანისთვის, რა ფერია ქეთი?
თეთრი და ვარდისფერი. ძალიან ქალურია და თან ექსტრემალი. თეთრი იმიტომ, რომ ფარფატაა, მოგყვება და მასთან ერთად ყველაფერი გამოგდის.
თქვენ შესახებ გვიამბეთ.
ყოველთვის კლასიკური კინემატოგრაფია მიყვარდა და მეგონა, უფრო ფილმებისკენ და რეჟისურისკენ წავიდოდი პროფესიის არჩევისას, მაგრამ ვინაიდან ძალიან რთული და მრავლისმომცველია ჩემთვის ეს სფერო, ფოტოგრაფიის გზით წავედი. დავიწყე ფოტოების გადაღება. ეს მიმზიდველი აღმოჩნდა, როგორ ადგილობრივი, ისე უცხოელი დამთვალიერებლებისთვის. მეუბნებოდნენ, რომ ცნობდნენ ჩემს ფოტოებს. ბევრი პროექტი გავაკეთე. მიმუშავია დიდ გამომცემლებთან და დიდ ბრენდებთან. ეს გამოცდილება − კლიპის რეჟისორობა ჩემთვის პირველია და ვფიქრობ, შეიძლება ჩაითვალოს, როგორც ერთი კარიერული საფეხურით მაღლა ასვლა. ჩემთვის ეს გაზრდაა. მუშაობის პროცესი სტრესული იყო, უდიდესი პასუხისმგებლობის გათვალისწინებით. ქეთი მელუას კლიპს, ცხადია, მილიონობით მაყურებელი ნახავს. მაგრამ თავად ქეთიმ ძალიან გამიმარტივა ყველაფერი, მიფრთხილდებოდა... საოცრად დადებითი განწყობა ჰქონდა, რაც გადამდები იყო. რაც მთავარია, არაჩვეულებრივი სამუშაო გუნდი შეიკრა. ალექს ომიაძე იყო კამერასთან და ჩვენმა ერთობლივმა ხედვამ ძალიან საინტერესო შედეგამდე მიგვიყვანა. ყველამ კარგად გაართვა თავი დაკისრებულ პასუხისმგებლობას. ბოლოს გულიც კი დაგვწყდა, რომ ეს ყველაფერი დასრულდა. ძალიან დიდი გამოცდილება გამოდგა ეს ყველასთვის, როდესაც თითოეულ საათსა და დღეს იზრდები პროფესიულად, იძენ ცოდნას და პრაქტიკას.
თაკო მექვაბიძე − დიზაინერი
თაკო, მოგვიყევით თქვენი და ქეთის ურთიერთობაზე.
ჩვენ, უპირველესად, მეგობრობა გვაკავშირებს, რომელიც საქმემ მოიტანა. ქეთი 6 წლის წინ გავიცანი, ბათუმში. ჩემს შოურუმში მოვიდა და თუ სწორად მახსოვს, ქუდი შეიძინა. მოგვიანებით შედგა ჩვენი შეხვედრა, აღმოვაჩინეთ ბევრი საერთო ნაცნობი, ახლობელი, და ასე დავახლოვდით. მოგვიანებით, შევუკერე „ბლექ სი არენას“ კონცერტისთვის ულამაზესი, სადაფებიანი კაბა. შემდეგ ამას მოყვა კიდევ 2 კაბა და ჩვენი მეგობრობაც განვითარდა. ქეთი იანვარში იყო ჩამოსული საქართველოში, მსოფლიო ტურნესთვის ემზადებოდა და მე სასცენო კოსტიუმებს ვუკერავდი. ესკიზები გაკეთებული იყო, ქსოვილები არჩეული, თარგები − აგებული, მაგრამ „კოვიდმა“ ცხადია, ქეთისაც შეუცვალა გეგმები, და აი, ახლა უკვე კლიპის გადასაღებად დაგვიბრუნდა. კოსტიუმები, რომელიც ქეთის ამ კლიპში აცვია, ჩემი შეკერილია. ფაქტობრივად, წინასწარი მორგების გარეშე, ქეთის გარეშე გავაკეთე ყველაფერი და მიხარია, რომ კლიპის გადაღების პერიოდში მარტივად მოირგო ტანზე და დიდი ჩარევა აღარ დაგვჭირდა. სულ 10-12 კოსტიუმია ზღვის თემატიკაზე.
საინტერესოა, ქეთი გკარნახობდათ კოსტიუმების იდეას, სტილს, თუ თქვენ იმდენად კარგად იცნობთ მას, რომ თავად შეურჩიეთ?
მე შევთავაზე იდეები, მაგრამ რა თქმა უნდა, გავითვალისწინე ქეთის ხასიათი, სიმშვიდე, სტილი, ძირითადი მოთხოვნები და ა.შ. თავიდან ვილაპარაკეთ. მითხრა, რა მოლოდინი ჰქონდა. საბოლოოდ ისე გამოვიდა, რომ ჩემს ყველა იდეას და წამოწყებას თანხმობით შეხვდა. ძალიან სასიამოვნო გუნდი შეიკრა კლიპებზე სამუშაოდ. საოცრად ვიღლებოდით, მაგრამ იმდენად გატაცებული ვიყავით საქმით, რომ ეს დაღლაც სასიამოვნო იყო.
ადგილმდებარეობები თქვენთან შეთანხმდა?
დიახ, ცხადია, თუმცა გადაღების პროცესში იცვლებოდა ზოგიერთი ლოკაცია და მეც ცოტას ვღელავდი, ჩემი კოსტიუმები რამდენად აღმოჩნდებოდა ახალ ადგილმდებარეობებთან თანმხვედრი და ჰარმონიული, რამდენად მოხდებოდა ბუნებრივი შერწყმა გარემოსთან. ვფრთხილობდი, არ ყოფილიყო გადაჭარბება ან რაიმე ნიუანსი გარემოდან ამოვარდნილი. ეს პროცესი ძალიან საინტერესო იყო. ზოგიერთ კოსტიუმს მოვაკელი მაგალითად, ღილები, კლოშები... ფიქრის და გადაწყვეტილების მიღების დროც კი ცოტა გვქონდა. მინდა, ჩემს გუნდს − მკერავებს, უდიდესი მადლობა გადავუხადო იმისათვის, რომ ჩემს მოთხოვნებს ძალიან სწრაფად და პროფესიულად უმკლავდებოდნენ.
როგორც პროფესიონალს, რომელ ლანდშაფტთან უფრო გაგიადვილდათ შერწყმა − ზღვასთან თუ მთასთან?
რა თქმა უნდა, ზღვასთან. ზღვით იწყება ყველა ჩემი კოლექცია და თითოეული მათგანი, უპირველეს ყოვლისა, მას ეძღვნება.
თაკო, როგორ დაახასიათებთ ქეთის სტილს? რომელი ქსოვილია ქეთი?
ქეთიზე, როგორც ადამიანზე, ძალიან ბევრი შემიძლია ვილაპარაკო. აბრეშუმია, ნაზი და სრიალა, ზღვისფერი გოგოა. მასთან კომუნიკაციისას გახსნილი ხარ, თავისუფალი; გაძლევს თავისუფლად მუშაობის საშუალებას და არასოდეს გიქმნის ბარიერებს.