OK! ცნობილ მხატვარს, ეკატერინე ტუხაშვილს მის საინტერესო და მყუდრო სახელოსნოში შეხვდა, რომელიც მხატვრის სხვადასხვა ნამუშევრით იყო მოფენილი. როდის დაინტერესდა ეკა მხატვრობით, როგორი შემოქმედებითი გზა გამოიარა დღემდე, რა განსხვავებული ტექნიკით ხატავს თავის ნამუშევრებს და როგორია მისი უახლოესი გეგმები, მხატვართან ექსკლუზიურ ინტერვიუში წაიკითხავთ.
ეკა, როდის დაინტერესდით პირველად მხატვრობით?
სამი წლის ასაკიდან ვხატავ. თურმე, დედა ლამაზად რომ გამომაწყობდა, მეორე წუთს საღებავებით მქონდა ტანსაცმელი მოსვრილი. ძალიან მიყვარდა ყვავილების ხატვა. მშობლებმა სამხატვრო ათწლედში მიმიყვანეს, სადაც ფერწერის განხრით ვისწავლე. შემდეგ კი გამოცდები ჩავაბარე სამხატვრო აკადემიაში, მოდელირებაზე. პროფესიით მხატვარ-დიზაინერი ვარ. მაშინ ახალი შემოსული იყო ეს ფაკულტეტი, რომელიც წარჩინებით დავამთავრე და აკადემიამ გამიშვა კულტურისა და ხელოვნების ინსტიტუტში, სადაც პედაგოგად დავიწყე მუშაობა. სტუდენტებს ვასწავლიდი ხატვას, ფერწერას, კომპოზიციას. იქ 10 წელი ვიმუშავე და შემდეგ თეატრალურ ინსტიტუტში გადავედი, სადაც სანახაობრივ გაფორმებებს ვქმნიდი. ამ ყველაფრის პარალელურად, ჩემს სახელოსნოში აბიტურიენტებს ვამზადებდი. საბოლოოდ, ყველაფერს შევეშვი და 2013 წლიდან დავიწყე ზეთის საღებავებით მუშაობა.
როდის გქონდათ პირველი პერსონალური გამოფენა?
ჩემი პირველი გამოფენა 2017 წელს გავაკეთე, გალერეა „შარდენში“, სადაც 50 ნამუშევარი მქონდა წარმოდგენილი. მიყვარს ბუნებასთან ურთიერთობა და აქედან წამოვიდა ყვავილების თემა ჩემს შემოქმედებაში. ჩემი ინსპირაციის წყარო ოთახის ყვავილები, პეიზაჟებია, ძირითადად ნატურიდან ვხატავ ხოლმე, თავად ვაწყობ კომპოზიციებს და ვხატავ. ვმუშაობ პორტრეტებზეც, მიყვარს ადამიანების ხატვა. ჩემთვის თვალებიდან იწყება ადამიანის სულის დანახვა და ვცდილობ, ზუსტად გადმოვიტანო ხოლმე ტილოზე.
ნელ-ნელა გაჩნდა დიდი ინტერესი ჩემი შემოქმედების მიმართ და წამოვიდა ინდივიდუალური დაკვეთებიც. 2018 წელს მეორე გამოფენა მქონდა „მარიოტში“, სადაც ჩემი 25 ნამუშევარი გამოვფინე.
ეკა, თქვენ საკმაოდ ცნობილი ნამუშევარი გაქვთ რელიგიურ თემაზე. ამაზე გვესაუბრეთ.
დიახ, ეს იყო ჩემი პირველი ნამუშევარი რელიგიურ თემაზე, სახელწოდებით „ვედრება“. წელიწადი ვხატავდი ამ ტილოს, რომელმაც საკმაოდ დიდი ინტერესი გამოიწვია საზოგადოებაში და დიდი გამოხმაურება ჰქონდა. თუმცა ჩემს შემოქმედებაში რელიგიური თემა ამ ნახატით დავასრულე.
რას ნიშნავს თქვენთვის ხატვის პროცესი?
უდიდეს სიამოვნებას მანიჭებს, ყველაზე კარგად მაშინ ვგრძნობ თავს, როცა რაიმე ახალს ვქმნი. ხშირად მუბნებიან, რომ ჩემი ნახატებიდან ბევრ სითბოს და დადებით მუხტს იღებენ. ვცდილობ, საკუთარ ნამუშევრებში ფერები რეალურთან მაქსიმალურად ახლოს იყოს.
ეკა, თქვენი მუშაობის ტექნიკა გამორჩეულია, ასეა?
დიახ, მე „მასტეხინის“ ტექნიკით ვხატავ, ეს განსხვავებული სტილია მხატვრობაში. იშვიათად ვიყენებ ფუნჯს, პალიტრის დანით ვხატავ, რაც სამგანზომილებიანი ვიზუალის ეფექტს იძლევა.
თქვენ ახლახან კიდევ ერთი გამოფენა გქონდათ...
დიახ, შარშან, 2019 წელს მქონდა გამოფენა თანამედროვე სახვითი ხელოვნების მუზეუმში. 80 ტილო გამოვფინე, რომელიც 4-5 თვის განმავლობაში შეიქმნა. ძირითადი თემა კვლავ პეიზაჟები, ყვავილები და პორტრეტები იყო. საკმაოდ დიდი დაინტერესება გამოიწვია საზოგადოების მხრიდან და კოლექციის ძირითადი ნაწილი გამოფენაზევე გაიყიდა.
საიდან მოდის მუზა? თითოეული ნამუშევრის ინსპირაციას როგორ იღებთ?
ხშირად ღამით ავმდგარვარ და ხატვა დამიწყია, გადამიტანია ემოციები ტილოზე. დედას ძალიან უყვარს მცენარეებთან ურთიერთობა და ჩვენი სახლიც მთლიანად მწვანეა. ხშირად ამოვირჩევ ხოლმე რომელიღაც მცენარეს ან ყვავილს, ავიტან სახელოსნოში და ვხატავ.
ბოლოს რა დახატეთ?
ბოლოს ქრიზანთემები დავხატე. ქუჩაში მივდიოდი და დავინახე, რომ ყვავილები იყიდებოდა. გავჩერდი, ულამაზესი ქრიზანთემების დიდი თაიგული ვიყიდე, მოვიტანე სახელოსნოში და დავხატე. მე იასამნებით მიცნობს საზოგადოება. 198-ჯერ დავხატე იასამნები.
ეკა, თქვენს სამომავლო გეგმებზე გვესაუბრეთ.
ძალიან მინდა, საკუთარი გალერეა მქონდეს. ჩემი მთავარი გეგმები სწორედ ამას უკავშირდება. საკუთარ ნამუშევრებს არ ვაბარებ გალერეებში, მხოლოდ ერთ მაღაზია-სალონში მაქვს გამოფენილი. ვიმედოვნებ, მალე მექნება საკუთარი გალერეა, დიდი ნათელი სივრცით, სადაც ჩემი ნახატების მუდმივმოქმედი გამოფენა მექნება. ვგეგმავ კიდევ ერთ გამოფენას, რომელსაც, იმედი მაქვს, 2020 წლის ბოლოს გავაკეთებ.
სულ ცოტა ხნის წინ რთული პერიოდი გადაიტანა საქართველომ და სრულიად მსოფლიომ. თქვენს შემოქმედებაზე როგორ აისახა ეს საყოველთაო გამოწვევა?
სხვათა შორის, კარანტინის პერიოდში შევქმენი ახალი ტილო − ბუების ოჯახი, რომელსაც დავარქვი „ბრძოლა სიცოცხლისთვის“. ამ ნამუშევარმა უკვე დაიმკვიდრა ადგილი კლინიკაში „კარაპს მედლაინი“. ზოგადად, როგორ მდგომარეობაშიც ვარ კონკრეტულ მომენტში, სწორედ ის ემოციები, განწყობა გადამაქვს ხოლმე ნამუშევრებში. ხატვა ჩემი შინაგანი მდგომარეობის გამოხატულებაა, რომელსაც შემოქმედებად გადავაქცევ.