ძალიან მალე საქართველოს პირველ არხზე მაყურებლებისათვის საყვარელი საბავშვო მუსიკალური მეგაშოუ „რანინას“ მესამე სეზონი გაიხსნება. კონკურსში გამარჯვებული, ტრადიციისამებრ, საქართველოს საბავშვო ევროვიზიაზე წარადგენს, რომელიც წელს, 29 ნოემბერს ვარშავაში გაიმართება. მეგაპროექტის წამყვანები, ლიკა ევგენიძე და დათუნა ალადაშვილი კონკურსის მთავარ ღირებულებებზე, დანიშნულებასა და თავისებურებებზე სიამოვნებით გვესაუბრნენ. როგორც აღმოვაჩინეთ, თავად წამყვანებიც მთელი გულითა და ემოციებით არიან ჩართული კონკურსში. როგორც თავადვე აღნიშნეს, „რანინა“ დიდი მუსიკალური ოჯახია, რომლის ნაწილიც თავადაც არიან.
დათუნა, ლიკა, გვესაუბრეთ სატელევიზიო მუსიკალურ კონკურსზე „რანინა“, რომლის წამყვანებიც თქვენ ბრძანდებით.
(დათუნა): „რანინა“ მართლაც რომ დიდი მუსიკალური ზეიმია. არათუ საქართველოში, არამედ მსოფლიოს არცერთ სატელევიზიო სივრცეში არ არსებობს მისი ანალოგი. უნიკალური და განსაკუთრებულია თავისი საკონკურსო წესებით. ქასთინგზე 8-დან 13 წლამდე 10 საუკეთესო ბავშვი შეირჩევა ჟიურის მიერ და ისინი კონკურსის ყველა – ოთხივე ტურში მღერიან. გარდა იმისა, რომ ჩვენ გამოვავლენთ საქართველოს ხმას საბავშვო ევროვიზიაზე, ეს კონკურსი ფანტასტიკურია იმით, რომ 4 ტურის განმავლობაში კონკურსის მონაწილე ყველა ბავშვი მღერის და არ ეთიშება პროცესს. ეს უნიკალური შესაძლებლობაა ბავშვებისათვის, ისწავლონ და იმეცადინონ არაჩვეულებრივ პედაგოგებთან, იმღერონ საუკეთესო მუსიკოსებთან ერთად. ისინი ძალიან კარგ მუსიკალურ სკოლას გადიან მთელი კონკურსის განმავლობაში.
სულ რამდენი ნაწილისგან შედგება კონკურსი?
(დათუნა): არის 4 ტური, ნახევარფინალი და ფინალი. თითოეული ტური ცალკეულ მუსიკალურ ჟანრს ეძღვნება და შესაბამისად, ჟიურიშიც ყოველთვის გვყავს იმ კონკრეტული მუსიკალური მიმდინარეობის მნიშვნელოვანი სახე. გვაქვს მიუზიკლების, ფოლკლორისა და სხვადასხვა ტურები, რომელთა ფარგლებშიც ბავშვები გამოცდილ მუსიკოსებთან ერთად მღერიან, ჰარმონიულად უწყობენ მათ ხმას, ახალ არანჟირებებს ერგებიან და ასე ამბობენ თავიანთ სათქმელს.
(ლიკა): ჩემთვის ეს პირველი სეზონია. დიდი დრო გავატარე ბავშვებთან ერთად, რაც საკმაოდ ემოციური იყო ჩემთვის. ძალიან მომწონს თავად კონკურსის სისტემა. ის, რომ თითოეული ბავშვი ოთხივე ტურს გადის და ბოლომდე აჩვენებს საკუთარ შესაძლებლობებს. შესაძლოა კონკურსანტი, რომელიც პირველ ტურში არცთუ აქტიურია, მესამე ტურში ისე გაიზარდოს, რომ გაგვაკვირვოს. ბავშვებს საოცარ მუსიკოსებთან, მომღერლებთან, ორკესტრთან ერთად უწევთ მუშაობა და ეს უდიდესი გამოცდილებაა მათთვის.
როგორ ფიქრობთ, თავად ბავშვებისთვის რამდენად მნიშვნელოვანია ამ კონკურსში მონაწილეობის მიღება?
(დათუნა): ეს არ არის მხოლოდ კონკურსი, ეს არის ამ ბავშვებისთვის გარკვეულწილად ცხოვრების სტილი, სკოლა, სადაც თითოეული დღე და წუთი სწორადაა დაგეგმილი და გაწერილი. ეს მუსიკალური ოჯახია, რომელიც ჩემთვისაც განუყოფელი ნაწილია.
(ლიკა): მას შემდეგ, რაც ამ კონკურსში ბავშვებსაც ვუყურე და დავაკვირდი, მგონია, რომ უდიდესი მუსიკალური მომავალი აქვს საქართველოს. ეს ბავშვები არიან საოცრად ნიჭიერი არტისტები. მნიშვნელოვანია, რომ ძალიან ნიჭიერ პროფესიონალთა გუნდი და პედაგოგები (ნინო ჩაჩავა და ქეთევან ჯავახიშვილი) მუშაობენ ბავშვებთან. მუსიკალური ხელმძღვანელი – მანანა მორჩილაძე, ნიკოლოზ რაჭველი და მისი სიმფონიური ორკესტრი, „კვინტესენსი“ და ბუკა კარტოზია, „შავნაბადა“. ძალიან რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდა ჟიური – იმდენად სრულყოფილია კონკურსანტების შესრულება, რომ მე ვერაფრით გამოვარჩევდი მათ შორის საუკეთესოს. წარმოუდგენლად რთულ სიმღერებს შესანიშნავად ასრულებენ.
ლიკა, თქვენთვის ეს პირველი სეზონია. მოგვიყევით საკუთარ ემოციებზე „რანინასთან“ დაკავშირებით.
(ლიკა): „რანინა“ ფანტასტიკური გამოცდილებაა ჩემთვის. მე და დათუნა დიდი ხნის მეგობრები ვართ და უდიდესი კომფორტია მასთან ერთად მუშაობა. არაჩვეულებრივი, ნიჭიერი და ხალისიანი ბავშვები მოვიდნენ წელს, საკმაოდ დიდი დროის გატარება მიწევდა მათთან ერთად კულისებში და მათ ყველანაირ ემოციას ვხედავდი, როგორ ნერვიულობდნენ, ემზადებოდნენ... მე თავად ორი შვილი მყავს და ბავშვების ემოციები გულთან განსაკუთრებულად ახლოს მიმქონდა, მათთან ერთად განვიცდიდი, უზომოდ ვნერვიულობდი. ძალიან სასიამოვნო გამოცდილება იყო ასეთი პარტნიორი გვერდით, საოცარ პროფესიონალთა გუნდი, უნიჭიერესი ბავშვები და ნამდვილი, გემოვნებიანი, ხარისხიანი მუსიკა.
თავად ბავშვები საოცრად მეგობრობენ, გულშემატკივრობენ ერთმანეთს. ჯანსაღი კონკურენციის გაცნობიერება მოზრდილებსაც კი უჭირთ, არათუ ბავშვებს. ამ მხრივ, ჩვენი კონკურსანტები სამაგალითოები არიან.
რამდენადაც ვიცით, გამარჯვებული წარადგენს საქართველოს ევროვიზიაზე.
(დათუნა): დიახ, მისთვის სპეციალურად შეიქმნება სიმღერა და მიეცემა არაჩვეულებრივი შესაძლებლობა, რომ ძალიან პატარა ასაკში დიდი სცენა დაიპყროს. აქვე მინდა, ყველა ქართველ კომპოზიტორს ვთხოვო, დაწერონ ბევრი კარგი სიმღერა, რათა ჩვენმა ბავშვებმა ღირსეულად წარადგინონ თავიანთი ქვეყანა. მოგეხსენებათ, „რანინას“ ორი გამარჯვებული უკვე წარდგა ევროვიზიაზე საქართველოს სახელით. დარწმუნებული ვარ, „რანინას“ ეთერში გაშვება დიდი მუსიკალური დღესასწაული იქნება ჩვენი მაყურებლისთვის, დაუვიწყარი მოგზაურობა მუსიკალურ სამყაროში.
როდის გავა „რანინას“ ახალი, მესამე სეზონი ეთერში?
(ლიკა): სექტემბრიდან მაყურებელს საშუალება ექნება, ისიამოვნოს ამ მუსიკალური მეგაშოუს ნახვით.