ტურიზმი კორონავირუსის პანდემიის პროცესში საკმაოდ სერიოზული პრობლემების წინაშე დადგა. უპირველესად, ჩაიკეტა საზღვრები, რამაც ქვეყნებს შორის გადაადგილების შეწყვეტა განაპირობა, და ეს ზაფხულის სეზონზე განსაკუთრებულად იგრძნობა. რა დრო დასჭირდება მოცემული მდგომარეობის საწყის ეტაპზე დაბრუნებას და როგორ შევინარჩუნოთ უსაფრთხო გარემო? − ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილე, ქეთი ბოჭორიშვილი გვიამბობს.
ქეთი, რა გავლენა იქონია ტურიზმის შეჩერებამ ქვეყნის ეკონომიკაზე?
დღვანდელმა კრიზისმა ძალიან დიდი დარტყმა მიაყენა ტურიზმის სექტორს და მის ყველა მოთამაშეს. იცვლება მიდგომა, სტანდარტი, და გვაქვს ახალი რეალობა. „გალტ & თაგარტის“ საბაზისო სცენარის მიხედვით, 2020 წელს საერთაშორისო ვიზიტები საქართველოში წლიურად 65%-ით შემცირდება, რაც სექტორისთვის 2.1 მლრდ აშშ დოლარის დანაკარგია. ამ სცენარის მიხედვით, ივლისიდან იხსნება საზღვრები რამდენიმე ქვეყანასთან, ხოლო სექტემბრიდან ქვეყნების რიცხვი ფართოვდება (მეზობლების ჩათვლით). თუმცა დავინახეთ, რომ ივლისიდან საერთაშორისო ტურიზმი არ/ვერ გაიხსნა, ამიტომ მოსალოდნელი შედეგები კიდევ უფრო პესიმისტურია და სამწუხაროდ, დანაკლისი შეიძლება 80%-მდე იყოს. ტურიზმთან დაკავშირებულ სფეროებში ათიათასობით ადამიანია დასაქმებული, რომელთა შემოსავლებიც საგრძნობლად შემცირდა ან თითქმის ნულამდეც კი დავიდა.
სამწუხაროდ, პანდემია არის ისეთი კრიზისი, რომლის შემდეგ ტურიზმის აღდგენა ყველაზე რთული და გრძელვადიანია, თუნდაც რომ შევადაროთ ტერორიზმს/უსაფრთხოებას, რომლის შემდეგ აღდგენას საშუალოდ 2-12 თვემდე სჭირდება, ხოლო ბუნებრივი სტიქიის შემდეგ 1-16 თვემდე. ვინაიდან პანდემიასთან საბრძოლველად შექმნილი ვაქცინა ან წამალი ამ ეტაპზე შექმნილი არ არის, ჯერ ეს ათვლა არც კი დაწყებულა. შესაბამისად, რთულია გვქონდეს იმის მოლოდინი, რომ საერთაშორისო ტურიზმი უახლოეს მომავალში გაიხსნება და რეალურ შემოსავლებს მოგვიტანს.
როდის აღდგება ქვეყნებს შორის გადაადგილება?
ტურიზმის გახსნის შემდეგაც რთული სათქმელია, რამდენად მარტივი იქნება ქვეყნებს შორის გადაადგილება. უპირველეს ყოვლისა, უნდა მოხდეს შეთანხმება გლობალურ პროტოკოლზე. მოგეხსენებათ, პანდემიასთან ბრძოლის პროცესში ყველა ქვეყანას განსხვავებული სტრატეგია ჰქონდა და ამ შემთხვევაში ასე არ უნდა მოხდეს, ქვეყნები უნდა შეთანხმდნენ და იმოქმედონ ერთობლივად. მაგალითად: ზოგიერთი ქვეყანა მიიჩნევს, რომ ჩამოსულმა პირმა კარანტინი აუცილებლად უნდა გაიაროს, ზოგიერთი ქვეყნის აზრით მხოლოდ ტესტირებაა საკმარისი, სხვა ქვეყნები კი ტესტირების გარეშეც უშვებენ პიროვნებას. სხვადასხვა ქვეყანას განსხვავებული მოთხოვნები აქვს და შესაბამისად, ეს პროცესები იწვევს ტურიზმის შეფერხებას.
ფაქტია, რომ შემდეგი ორი-სამი წლის განმავლობაში ფრენების რაოდენობა საგრძნობლად შემცირდება, რაც რა თქმა უნდა შეამცირებს საერთაშორისო (ავიარადიუსის ქვეყნებიდან) ტურისტების მოზიდვას. იქნება ორგანიზებული/ჩარტერული ფრენები, მაგრამ შეზღუდულად.
როგორ ფიქრობთ, რა დრო დასჭირდება მოცემული მდგომარეობიდან საწყის ეტაპზე დაბრუნებას?
იმ ფრენების რაოდენობას რომ მივაღწიოთ, რა რაოდენობაც პანდემიამდე იყო, ამას რამდენიმე წელი დასჭირდება. შესაბამისად, აქცენტი უნდა გამახვილდეს რეგიონულ და შიდა ტურიზმზე. ამ მხრივაც, საკმაოდ რთული მდგომარეობაა. ჩვენს მეზობელ ქვეყნებში, საიდანაც შესაძლებელია მანქანით გადაადგილება, დღეს პანდემია საკმაოდ მძვინვარებს. აქედან გამომდინარე, უსაფრთხო ქვეყნის სტატუსის შესანარჩუნებლად, ამ ქვეყნებიდან დიდი რაოდენობით ტურისტს ვერ მივიღებთ.
რაც შეეხება შიდა ტურიზმს, ვფიქრობ, დღესდღეობით ეს არის ტურიზმის მასაზრდოებელი, მიუხედავად იმისა, რომ შიდა ტურიზმის წილი სასტუმროებში 26%-ს არ აღემატება. ასევე გასათვალისწინებელია, რომ თბილისი ყველაზე მეტად დაზარალდა.
ქეთი, როგორ დავიბრუნოთ და შევინარჩუნოთ უსაფრთხო გარემო?
ჩვენ ვუმკლავდებით ამ ვირუსს და ეს სტატუსი უნდა შევინარჩუნოთ. სამწუხაროდ, რეგიონში მძიმე მდგომარეობაა, ამიტომ ტრადიციული ტურიზმის განხორციელება რეგიონიდან ძალიან რთული იქნება. საჰაერო ფრენების რადიუსიდან შემოსულ ვიზიტორებზე, როგორც ვისაუბრე, აქცენტს ვერ გავამახვილებთ. მნიშვნელოვანია გამოვიდეთ ჩარჩოებიდან, შევძლოთ ჩვენი „უსაფრთხო გარემოს“ კაპიტალიზაცია და ამით შემოსავლების გაზრდა. ერთ-ერთი იდეა, რომელიც დავაანონსე, არის „მწვანე რეზიდენციის“ შექმნა, რაც გულისხმობს იმას, რომ მსოფლიოს შევთავაზოთ საქართველოში ცხოვრება. ეს უნდა იყოს გრძელვადიანი და მოიცავდეს სამიდან ექვს თვემდე, ან ერთ წლამდე პერიოდს. ვისაც სურს მეორე ტალღა „გამოიზამთროს“, მივცეთ საქართველოში ჩამოსვლის საშუალება ოჯახებთან ერთად. პროცესი უნდა იყოს ძალიან გამჭვირვალე და დაცული სტანდარტით, მათ შორის: კარანტინის გავლა, ტესტების აღება, ან ამ ორის ერთობლიობა. საცხოვრებელი ადგილის დამადასტურებული დოკუმენტების წარდგენა (ბინის ქირა ან სასტუმროს გრძელვადიანი ჯავშნები); დაზღვევა და სხვა რაც არის მნიშვნელოვანი, რომ შევინარჩუნოთ უსაფრთხო ქვეყნის სტატუსი. ამ პროცესებში აუცილებელია, ჩავრთოთ კერძო სექტორი. ჩამოყვანის ორგანიზებაში ტურისტული კომპანიები და სასტუმროები უნდა ჩაერთონ. სასტუმროების ნაწილი ისევ გადაკეთდეს კარანტინის ზონებად და მიიღოს შემოსავალი, ნაწილმა კი იმუშაოს სტუმრების შემდგომ მიღებაზე. ამით, ჩვენ გავზრდით შემოსავლიანი მოსახლეობის რაოდენობას თუნდაც 5-10 ათასი კაცით, ეს დამატებით აამუშავებს სასტუმროებს, რესტორნებს, სალონებს, გაზრდის სხვადასხვა სერვისზე მოთხოვნას. თუნდაც მინიმალურად, მაგრამ მაინც დამატებითი შემოსავლებია ჩვენი ქვეყნისთვის. საშუალოვადიან პერსპექტივაში ამ ადამიანებს გაუჩნდებათ სურვილი, გახსნან საბანკო ანგარიშები, შეიძინონ ბინები და სხვა აქტივები, ასევე განახორციელონ ინვესტიცია ჩვენს ქვეყანაში.
თუ არსებობს რაიმე შესაძლებლობა იმისა, რომ ქვეყანაში მოხდეს ტურიზმის დახურვით გამოწვეული წნეხის შემსუბუქება, რა თქმა უნდა, ყველაფერი მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ. რადიკალური მიდგომა და სტიმულირების პაკეტები უმნიშვნელოვანესია: უპირველესად, რათა სექტორი გადარჩეს, არ მოხდეს კომპანიების დახურვა, სამსახურებიდან ხალხის დათხოვნა. ამ ყველაფერს შენარჩუნება უნდა, სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია, სწორი მოლოდინი შევქმნათ და ინდუსტრიას რეალურად დავეხმაროთ. ვფიქრობ, დარგს დაეხმარება დღგ-სგან საერთოდ გათავისუფლება, ორგანიზებული ტურიზმის ოპერატორებისა და ღონისძიების დამგეგმავი ორგანიზაციების ფინანსური სტიმულირება; კომპანიების მხრიდან თანამშრომლების ფინანსური წახალისება (რომელიც არ დაიბეგრება და როგორც სამივლინებო ხარჯი, ისე იქნება აღქმული ბუღალტრულად). კიდევ ძალიან ბევრი მაგალითის გამოყენება შეიძლება, საერთაშორისო პრაქტიკებიდან გამომდინარე. ბევრმა ქვეყანამ გაიარა სხვადასხვა კრიზისი, მათ შორის პანდემიები (SARS; MERS; EBOLA), სტიქიები და ა.შ.
ახალი არ არის, რომ კრიზისი ზრდის ეფექტიანობას და იწვევს ინოვაციას. მნიშვნელოვანია, ეს პერიოდი გამოვიყენოთ ხარისხიანი ინფრასტრუქტურის შესაქმნელად; სასტუმროებსა და სხვადასხვა ტურისტულ ობიექტზე ინფრასტრუქტურისა და სერვისების გასაუმჯობესებლად; ტექნოლოგიებისა და ახალი მართვის სისტემების დანერგვაში; ახალი მიმართულებით ტურისტული პროდუქტების შექმნა/გაზრდაში (განსაკუთრებით გამოვყოფდი ეროვნული პარკების, ნაკრძალებისა და დაცული ტერიტორიების, ასევე გამაჯანსაღებელი ტურიზმის განვითარებას). ეს იქნება წინაპირობა, რომ მოვიზიდოთ მაღალშემოსავლიანი ტურისტები. ამ მიმართულებით კონკრეტული სქემები უნდა შემუშავდეს. იმედს ვიტოვებ, როდესაც ტურიზმი განახლდება, ჩვენ უკვე ახალ ნიშნულზე ვიქნებით და ამ კრიზისულ პერიოდს პროდუქტიულად გამოვიყენებთ.