ქართული OK!-ის სტუმარი ახალგაზრდა, მომხიბლავი ტელეწამყვანი ნინუცა ორჯონიკიძეა. როდის დაინტერესდა ნინუცა ჟურნალისტიკითა და ტელევიზიით, როგორ დაიბადა „სილამაზის ანატომიის“ იდეა, როგორი დედაა ის და სად ხედავს საკუთარ თავს ათი წლის შემდეგ − ამაზე თავად ჟურნალისტთან OK!-ის მიერ ჩაწერილ საინტერესო ინტერვიუში წაიკითხავთ.
ნინუცა, როდიდან დაინტერესდით ჟურნალისტიკით? რატომ არჩიეთ ეს პროფესია?
მიმაჩნია, რომ ვსწავლობდი საუკეთესო სკოლაში − „ამერიკულ აკადემიაში“, და მყავდა არაჩვეულებრივი მასწავლებლები. მათ შორის, ლევან გიგინეიშვილი, დონალდ ტომასი, რამაც განაპირობა ჩემი მრავალფეროვანი ინტერესების არსებობა. მიყვარდა და მეხერხებოდა ტექნიკური საგნები, ასევე ისტორია, ლიტერატურა. ზოგადად, სწავლა მიყვარდა და მიყვარს. სკოლაში არჩვეულებრივი გარემო იყო შექმნილი მოზარდის განვითარებისთვის, გვქონდა თეატრალური კლუბი, სადაც სპექტაკლებს ვდგამდით (ძირითადად, შექსპირს ინგლისურად), თეატრალური ინსტიტუტიდან ვიწვევდით რეჟისორს და პროფესიულად ვუდგებოდით თითოეულ დადგმას, მთელი სემესტრის განმავლობაში ვემზადებოდით სპექტაკლისთვის. ასევე, მქონდა ვიდეოკამერა და ვიღებდი დოკუმენტურ ფილმს ჩვენი სკოლის შესახებ. ნაწილობრივ, ეს ყველაფერი ვიზუალურ ხელოვნებასთანაა დაკავშირებული, თუმცა როდესაც დადგა უმაღლესი განათლების მიღების საკითხი, ზუსტად ვიცოდი, რომ ფინანსების სწავლა მინდოდა. არც ახლა ვნანობ ამ გადაწყვეტილებას. ეს იყო ყველაზე მნიშვნელოვანი და სწორი ნაბიჯი ჩემთვის. ვსწავლობდი ინგლისში, European Business school in London-ში ძალიან რთული იყო სწავლა, განსაკუთრებით პირველი წელს. ბიბლიოთეკაში საშუალოდ 7 საათს ვატარებდი დღეში. თუმცა მოვახერხე, მაღალი შეფასებით დავამთავრე სწავლა და დავიწყე მუშაობა. სააუდიტორო კოპანიაში ვმუშაობდი, საინვესტიციო ბანკში.
შემდეგ შემეძინა შვილი − სოსიკო, და აღარც ფინანსები მაინტერესებდა და აღარც მუშაობა, მთლიანად ჩემი შვილით და ოჯახით ვიყავი დაკავებული. როდესაც ბავშვი წამოიზარდა და უფრო დამოუკიდებელი გახდა, მივხვდი, რომ გაჩნდა დიდი სიცარიელე, გამიჩნდა მეტი დრო და გავიაზრე, რომ შემეძლო რაღაც ახალი დამეწყო. დავიწყე ფიქრი, თუ რისი კეთება მინდოდა და ერთ მშვენიერ დილას გადავწყვიტე, რომ დამეწყო მეტყველების პედაგოგთან, მანანა ითონიშვილთან სიარული, რადგან წლების განმავლობაში თბილისში არ ვცხოვრობდი და შესაბამისად, არც ქართულად მისწავლია. განსაკუთრებულად დიდ პატივს ვცემ და მიყვარს ჩემი პედაგოგი, რომლის ინიციატივაც იყო, დამეწყო მუშაობა ტელევიზიაში. მეუბნებოდა, რომ საკმაოდ ტელეგენური ვიყავი და კარგი ხმა მქონდა. მაშინ ეს ჩემთვის დაუჯერებლად ჟღერდა, თუმცა ვენდე და არც არასოდეს მინანია.
როდის დაინტერესდით ტელევიზიით?
29 წლის ვიყავი, როდესაც პირველად დავიწყე მუშაობა „სტაჟიორად“, ერთ-ერთი არხის საინფორმაციო სამსახურში. მალევე გავიარე შერჩევის პროცესი პირველ არხზე და ასე მოხდა ჩემი შუადღის წამყვანად დამტკიცება. პირველი წელი ტელევიზიაში რთული იყო, რადგან საერთოდ არ მქონდა კამერასთან მუშაობის გამოცდილება. თუმცა, დღეს ჩემი სტუდია ჩემი მეორე სახლია და ძალიან კომფორტულად ვგრძნობ იქ თავს.
ამ ეტაპზე ჩემთვის ახალი გამოწვევაა ის გადაცემა, რომელიც ახალი სეზონისთვის მზადდება, ახალი გუნდით და ახალ ამპლუაში. ვნახოთ, როგორ გავართმევ თავს.
ვისაუბროთ თქვენს ვლოგზე − „სილამაზის ანატომია“.
„სილამაზის ანატომია“, როგორც პროექტი, ერთ კვირაში შეიქმნა. პირველი სეზონის ბოლოს გვქონდა გადაცემა მაკიაჟთან დაკავშირებით, რომლის დროსაც საკმაოდ ბევრი რჩევა მივეცი მაყურებელს.
კვირის ბოლოს კი აღმოჩნდა, რომ გადაცემის ამ ნაწილს ძალიან ბევრი ნახვა ჰქონდა ინტერნეტში. მივხვდი, რომ კონკრეტულად ასეთ პროდუქტზე იყო დიდი მოთხოვნა; მოვკიდე ხელი ოპერატორს და ვლოგის საპილოტე ვერსია ჩავწერე, რომელიც იმდენად მომიწონეს, რომ პირდაპირ ის საპილოტე ვერსია გავუშვით ეთერში. ძალიან მარტივი და პოპულარული პროდუქტია. მიხარია, რომ ბევრს თავის მოვლის პროცესი გავუიოლე.
რამდენად დიდ მნიშვნელობას ანიჭებთ თავის მოვლას და რომელი პროცედურები გიყვართ განსაკუთრებით?
სახის საცხი პირველად რომ ვიყიდე, 28 წლის ვიყავი, რაც არასწორი მიდგომაა. მიმაჩნია, რომ სახისა და სხეულის კანს, სახლის პირობებში, უფრო ადრეულ ასაკში უნდა მოვუაროთ. არ არის საჭირო განსაკუთრებით ძვირადღირებული საშუალებები − უბრალოდ, უნდა დავიტენიანოთ კანი. მნიშვნელოვანია, კანი მზის სხივებისგან დავიცვათ, იმისათვის, რომ ნაადრევ დაბერებას თავი ავარიდოთ.
მიყვარს ბიორევიტალიზაციის პროცედურა და „ჰიდრა ფეშალი“ სახის კანის მოვლისთვის. სხეულისთვის კი ვარჯიშია საუკეთესო საშუალება, რათა ფორმა შევინარჩუნოთ.
მახსოვს, ერთხელ კოსმეტოლოგთან მისული, გამაყუჩებლის მოქმედების გააქტიურებას ველოდი, რათა ბიორევიტალიზაციის პროცედურა ჩამეტარებინა. სწორედ ამ დროს შემოვიდა დაახლოებით 60 წლამდე ასაკის ქალი, რომელმაც კოსმეტოლოგს კანის ძლიერ სიმშრალეზე და ნაოჭებზე შესჩივლა და სთხოვა, რაიმე პროცედურა ჩაეტარებინა მისთვის, რაც ამ დისკომფორტის მოხსნაში დაეხმარებოდა. მე საკმაოდ ცნობისმოყვარე ვარ, ინტერესით გამოველაპარაკე და მომიყვა, რომ სახის საცხი არასოდეს წაესვა, მხოლოდ წყლით იბანდა სახეს. მაშინ მივხვდი, რამდენად მნიშვნელოვანია სახის მოვლა სახლის პირობებში ადრეული ასაკიდან. ჩემთვის ეს შინაგან კულტურაზე მიუთითებს. საკუთარ თავს პატივი უნდა სცე და მას დრო დაუთმო. გარეგნობა მნიშვნელოვანია.
რას ურჩევდით თავის მოვლის მიმართულებით ჩვენს მკითხველებს?
ალბათ ვერ შევთავაზებ ისეთ რჩევებს, რაც თქვენმა მკითხველმა თავადაც არ იცის. ფორმულა მარტივია − საკმარისი ძილი, სითხის კონტროლი, ჯანსაღი კვება, ფიზიკური აქტივობა და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, სურვილი, რომ საკუთარ თავს მოუაროს.
რა ქმნის სილამაზეს?
სილამაზე სუბიექტური ესთეტიკური წარმოდგენაა სამყაროზე, რომელიც მუდმივად იცვლება. იგი ბევრი კომპონენტის ერთობლიობა და ბალანსია, თუმცა მეცნიერები სილამაზეს Golden Ratio-თი თვლიან. ამბობენ, რომ სილამაზე გეომეტრიული პროპორციაა. კონკრეტული ციფრები არსებობს, თუ რა მანძილი უნდა იყოს დაცული სახის ნაკვთებს შორის იმისათვის, რომ „ლამაზი“ სახე გვქონდეს. სიმეტრია მნიშვნელოვანიაა.
ვიტყვი ბანალურ ჭეშმარიტებას, რომ ყველა გარეგნულ მონაცემს მაინც შინაგანი მდგომარეობა გადაწონის. ასე არ ვფიქრობდი, როდესაც 15-ის ვიყავი. ახლა კი დარწმუნებული ვარ, რომ სილამაზე დამოკიდებულია იმაზე, თუ რაზე ფიქრობს შენი გონება და რას გრძნობს გული.
ვერცერთი კოსმეტოლოგი და პლასტიკური ქირურგი უმეცარ, ამპარტავან და მანკიერ შინაგან სამყაროს ვერ გამოასწორებს. ეს დანამდვილებით ვიცი.
ოჯახზე გვესაუბრეთ. მოგვიყევით თქვენი ოჯახის წევრების შესახებ.
არ მიყვარს პირად ცხოვრებაზე ლაპარაკი. ყოველთვის ვიკავებ თავს ოჯახის წევრებზე დაწვრილებით საუბრისგან, რადგან ეს პირადულია. ჩემი კარიერა და პროფესიული საქმიანობა გამიჯნულია ოჯახისგან. ეს შეგნებული გადაწყვეტილებაა. შემიძლია ზოგად მიდგომებზე ვილაპარაკო: მკაცრი დედა ვარ, განსაკუთრებით, როცა საქმე ეხება დისციპლინას და განათლებას. ამ კუთხით ძალიან მომთხოვნი გახლავართ. ამავდროულად, არ მივეკუთვნები იმ დედების კატეგორიას, რომლებიც არ აქებენ საკუთარ შვილებს. ჩემი შვილის პირველი „ფანი“ მე ვარ, ყველა მის ახირებას და წამოწყებას მხარს ვუჭერ. ძალიან ნიჭიერი, გონიერი, სხარტი, ცელქი ბიჭია და იუმორის ფანტასტიკური გრძნობა აქვს. უთბილესი და უტკბილესი ადამიანია. დედობას ინსტრუქცია სამწუხაროდ არ მოყვება. უფრო მეტ ინტუიციურ გადაწყვეტილებას ვიღებ, ვიდრე ლოგიკურს. ვცდილობ, ყოველთვის მოვუსმინო ჩემს შვილს და გავიგო, რას ფიქრობს.
რაც შეეხება მეუღლეს, შემიძლია ვთქვა მხოლოდ ის, რომ 10 წელია ერთად ვართ. ჩემს თავდაჯერებულობას და სიძლიერეს განაპირობებს ის, რომ ასეთი განსაკუთრებული ადამიანია ჩემ გვერდით. მარტივად ვიტყვი − მიყვარს და ვუყვარვარ.
როგორ და სად განიტვირთებით დაძაბული დღის შემდეგ?
საუკეთესო განტვირთვა ისევ ჩემი ოჯახია. როდესაც ერთად ვართ, ყოველთვის კარგ დროს ვატარებთ. ჩვენს სახლში ხშირად არიან სტუმრები − ჩვენი მეგობრები, მათი შვილები, და არის დიდი მხიარულება.
ჯანსაღი ცხოვრების წესს თუ მიჰყვებით?
იყო პერიოდი, როდესაც ზედმიწევნით მივყვებოდი ჯანსაღი ცხოვრების წესს − იქნებოდა ეს კვება თუ ვარჯიში. თუმცა ამ სამთვიანი თვითიზოლაციის შემდეგ, ახლა მოდუნებული ვარ და უბრალოდ ვტკბები ზაფხულით. ზოგადად, მიმაჩნია, რომ სწორი კვება და ფიზიკური აქტივობა მნიშვნელოვანია როგორც უფროსებისთვის, ასევე მოზარდებისთვის.
ნინუცა, თქვენს სამომავლო გეგმებზე გვესაუბრეთ. სად ხედავთ საკუთარ თავს 10 წლის შემდეგ?
დაზუსტებით ვიცი, რომ მინდა კიდევ გავაჩინო შვილი. მინდა, პროფესიული კუთხით განვვითარდე და ახალი სფეროები ავითვისო. თუმცა ზუსტად არ ვიცი, რა მენდომება ათი წლის შემდეგ, მაგრამ თუ რაიმე მომინდება, ამას აუცილებლად გავაკეთებ.