სამშენებლო-სარემონტო მასალების იმპორტიორი და მწარმოებელი კომპანია „ნოვა“ 14 წელია ბაზარზე ერთ-ერთი ლიდერია. უმაღლესი ხარისხი, ნდობაზე დაფუძნებული კომუნიკაცია, მომხმარებელთათვის მაქსიმალური კომფორტის შექმნა და შიდაკორპორაციული ღირებულებების დაცვა – ეს იმ პრიორიტეტების არასრული ჩამონათვალია, რომელთაც „ნოვა“ რამდენიმეწლიანი სტაბილური განვითარების გზაზე მტკიცედ იცავდა. სულ ახლახან კომპანიამ საცალო გაყიდვების ბაზრის კარიც შეაღო და ძირეული რებრენდინგიც განახორციელა. ამ თემებზე სასაუბროდ, „ნოვას“ გენერალურ დირექტორს, ედიშერ ხიმშიაშვილს ვესტუმრეთ.
ედიშერ, მოგვიყევით, როდის დაარსდა კომპანია „ნოვა“?
კომპანია 2006 წელს ხუთი მეგობრის მიერ დაფუძნდა და აღსანიშნავია, რომ მისი დაარსება სრულად ქართული ინვესტიციით მოხდა. „ნოვა“ თავდაპირველად სამშენებლო მასალების იმპორტით და B2B საქმიანობით იყო დაკავებული. მოგვიანებით, დამფუძნებლებმა მიზნად დაისახეს თავად დაეწყოთ იმ პროდუქციის წარმოება, რომლის იმპორტსაც ახორციელებდნენ. 2011 წელს „ნოვა“ იწყებს სახურავის მასალების წარმოებას, 2012 წელს თაბაშირ-მუყაოს პროფილების, 2014 წელს კი პოლიეთილენის წყლის ავზების წარმოებას. „ნოვას“ ბრენდით წარმოებულმა პროდუქციამ ფაქტობრივად არა მხოლოდ სრულად ჩაანაცვლა იმპორტი, არამედ კომპანიას ექსპორტის განხორციელების საშუალებაც მისცა. იზრდებოდა კომპანიის როგორც ადგილობრივი, ასევე უცხოელი პარტნიორების რიცხვი.
როგორ ფიქრობთ, რა არის თქვენი კომპანიის მიმართ მომხმარებლისა და პარტნიორების მაღალი სანდოობის საფუძველი?
„ნოვას“ მიმართ ნდობა განპირობებულია სწორი აქცენტებით, რაც გამოიხატება პროდუქციისა და მომსახურების უმაღლეს ხარისხზე, სწორ კომუნიკაციაზე მომწოდებლებთან და მომხმარებლებთან. მნიშვნელოვანია კორპორაციული ეთიკისა და ღირებულებების მტკიცედ დაცვა. „ნოვას“ წარმატების მთავარი ვექტორი მნიშვნელოვანი პრიორიტეტების სწორად განსაზღვრა და ზედმიწევნით განხორციელებაა.
გაყიდვების ძირითადი წილი რომელ სეგმენტზე მოდის?
კომპანიის გაყიდვების მთავარი არხები იყო და დღემდე რჩება საბითუმო − კორპორაციული გაყიდვები და ექსპორტი. საბითუმო გაყიდვებს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ვახორციელებთ. სულ ახლახან დავიწყეთ საცალო გაყიდვები და ამით კომპანია განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა. თამამად შეიძლება ითქვას, რომ „ნოვამ“ დიდი წვლილი შეიტანა სამშენებლო-სარემონტო ბიზნესის რეგიონული ბაზრის განვითარების მიმართულებით.
სწორი კომუნიკაცია და ღირებულებები ახსენეთ. კონკრეტულად რა იგულისხმება ამ სიტყვებში?
B2B მომხმარებლებისთვის გვაქვს გადახდის ძალიან მოქნილი მეთოდები, ვაძლევთ საშუალებას კონსიგნაციის პირობით მიიღონ „ნოვას“ როგორც წარმოებული, ასევე იმპორტირებული პროდუქცია, მოგვიანებით გადახდის ან ღირებულების გადანაწილების პირობებით. ამგვარი მოქნილი მეთოდი, თავადაც ხვდებით, დიდი ბიძგი და ხელშეწყობაა რეგიონში სხვა ბიზნესების განვითარებისთვის. გარდა ამისა, ჩვენი კომპანია ყოველთვის მზად იყო და არის პარტნიორი კომპანიებისა და ორგანიზაციებისთვის ინტელექტუალური/საკონსულტაციო დახმარების გასაწევად, რაშიც უპირველესად, თანამშრომელთა გადამზადება, კონსულტაციების გაწევა და გამოცდილების გაზიარება მოიაზრება.
რა თქმა უნდა, დიდი მნიშვნელობა აქვს შიდაკორპორაციული ღირებულებების დაცვას და ჯანსაღ დამოკიდებულებებს. კომპანიის განვითარების პარალელურად იზრდებოდა გუნდი, რომლის წვლილიც უდიდესია ორგანიზაციის წინსვლაში. ბევრი ადამიანია დღეს ჩვენ გვერდით, ვინც კომპანიის შექმნის დღიდან „ნოვაში“ მუშაობს და დიდი როლი აქვთ ამ კომპანიის განვითარებაში.
90 კვ.მ ნაქირავებ ფართიდან, 10 ადამიანით დაწყებული საქმე რადიკალურად შეიცვალა და „ნოვას“ ქონება 80 ათას კვადრატულ მეტრზეა გაშლილი თბილისსა და ბათუმში. თანამშრომლების რიცხვი კი 500-მდე აღწევს.
სად არის განლაგებული თქვენი საწარმოები და ობიექტები?
საწარმოები განთავსებულია ბათუმსა და თბილისში. ბათუმში წარმოდგენილია კომპანიის მთავარი ლოგისტიკური ცენტრი − წარმოებისა და სასაწყობე ინფრასტრუქტურა, რომელიც 37 ათას კვადრატულ მეტრზეა განთავსებული. ასე ჩვენთვის ძალიან მოხერხებულია, ვინაიდან ბათუმიდან ხდება იმპორტირებული პროდუქციის მიღება და ჩვენს ობიექტებზე გადანაწილება. ბათუმში „ნოვას“ მეგაცენტრი 8 ათას კვადრატულ მეტრზეა განთავსებული და დაახლოებით 35 ათასამდე დასახელების სამშენებლო-სარემონტო მასალაა წარმოდგენილი.
რაც შეეხება თბილისს, გურამიშვილის გამზირზე, 24 ათას კვადრატულ მეტრზე გვაქვს განთავსებული საწარმოო და სასაწყობო ცენტრი, ხოლო აგლაძის ქუჩაზე დიდი, კომფორტული და მრავალფეროვანი საგამოფენო დარბაზი პროდუქციის დიდი ასორტიმენტით.
ედიშერ, რა როლი აქვთ პარტნიორებს თქვენი კომპანიის ზრდაში? ვინ არიან „ნოვას“ პარტნიორები?
უპირველეს ყოვლისა, ჩვენი კომპანიის ზრდასა და განვითარებაში დიდი წვლილი აქვს შეტანილი პროგრამას „აწარმოე საქართველოში“, რომელმაც მოგვცა შესაძლებლობა განვითარების ახალ ეტაპზე გადავსულიყავით და დაგვემატებინა წარმოების ახალი ხაზები. უნიშვნელოვანესი მხარდაჭერა მივიღეთ EBRD ისგან, „თიბისი ბანკის“ უშუალო ჩართულობით. ეს იყო შეღავათიანი სესხი, რომელმაც საშუალება მოგვცა ჩვენი წარმოება ევროპულ სტანდარტზე გადაგვეყვანა, რაც წარმოების უმაღლესის ხარისხის აღჭურვილობით უზრუნველყოფას და უსაფრთხოებისა და გარემოს დაცვის სტანდარტის სრულ დაცვას გულისხმობს. ამ პირობების ზედმიწევნით შესრულებისთვის EBRD-მა ბონუსიც კი მოგვცა − მთლიანი სასესხო თანხის 15%. გარდა ამისა, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისგან ერთწლიანი საკონსულტაციო პროგრამის ფარგლებში, კონსულტანტებისა და ექსპერტების საშუალებით ფასდაუდებელი რეკომენდაციები მივიღეთ, მაღალპროფესიული კონსულტაციები გაგვიწიეს რიგ საკითხებში და თანამშრომლების კვალიფიკაციის ამაღლებაში დაგვეხმარნენ.
რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, ამჟამად კომპანია „ნოვა“ განვითარების ახალ ეტაპზეა გადასული. სულ ახლახან დაიწყეთ საცალო გაყიდვების ბიზნესი და რაც ასევე მნიშვნელოვანია, კომპანიის რებრენდინგიც განახორციელეთ...
დიახ, საცალო გაყიდვების სპეციფიკა რასაკვირველია განსხვავდება საბითუმოსგან. ამ შემთხვევაში, გვიწევს ბევრი მომხმარებლის გემოვნებაზე, ინტერესებსა და მათ მაქსიმალურ კმაყოფილებაზე ვიყოთ ორიენტირებული. ეს ერთგვარი რისკიც კი იყო კომპანიისთვის და გამოწვევაც, რომ მანამდე დაგროვილი ურყევი რეპუტაცია და მაღალი ნდობის ფატორი შეგვენარჩუნებინა და გაგვემართლებინა. ამიტომ ძალიან დიდი მონდომებითა და გულისყურით მივუდექით ამ საკითხს, გავეცანით უცხო ქვეყნების გამოცდილებას, დავათვალიერეთ საგამოფენო დარბაზები, მაქსიმალურად შევეცადეთ, რომ მომზადებული ვყოფილიყავით ფართო ასორტიმენტისა და რა თქმა უნდა, სერვისის კუთხით.
ამ ყველაფრის პარალელურად, გადავწყვიტეთ, გაგვეხორციელებინა კომპანიის რებრენდინგი, რაც გულისხმობს როგორც ვიზუალურ ცვლილებებს – იმიჯის განახლებულ წარდგენას, ასევე შიდა სტრუქტურულ ცვლილებებს. ცხადია, დავისახეთ კომპანიის განვითარების ახლებური სტრატეგიაც.
დავიქირავეთ კომპანია, რომელმაც განახორციელა „ნოვას“ ვიზუალური რებრენდინგი. მნიშვნელოვანი იყო, ბრენდთან ასოცირებული ახალი ვიზუალი არ ყოფილიყო ძველისგან რადიკალურად განსხვავებული, რომ საზოგადოება არ დაგვებნია. ამგვარად, ჩვენი ძველი ლოგო იდეურად კავშირშია ახალთან, რომელიც ახალი ფერის დამატებით უფრო მეტი ენერგიის, ხალისისა და თანამედროვეობის იდეის გამტარებელია. ძირითადი თემა დარჩა და ატარებს სიმბოლურ დატვირთვას, თუ როგორ განვითარდა კომპანია ერთი სახურავის ქვეშ სხვადასხვა მიმართულებით. ჩვენი სლოგანიც სწორედ ასეთია – „ერთი სახურავის ქვეშ“. ის ჩვენს უცხოელ ექსპერტს ეკუთვნის, რომელმაც ქართულად დაგვიწერა ეს წინადადება. ამ სლოგანის ქვეშ საკმაოდ ღრმა შინაარსია გაერთიანებული და კომპანიის განვითარების დიდ და მრავალფეროვან გზას მოიაზრებს. რებრენდინგის ნაწილში მნიშვნელოვანი კომპონენტია არქეტიპი − „ნოვას“ არქეტიპი. 12 ცნობილი, სტანდარტული ტიპიდან, everyman-ია, რაც გულისხმობს, რომ კომპანია მეგობრულია, ადვილად საკონტაქტო, და არ არის გადატვირთული ბიუროკრატიული პროცედურებით. სტრუქტურა იმგვარადაა აწყობილი, რომ გადაწყვეტილების მიღების პროცესი სწრაფად ხდება. ჩვენს კომპანიასთან კომუნიკაცია ძალიან მარტივია.
თუ შეიძლება, გვესაუბრეთ „ნოვა“-ს განვითარების სტრატეგიაზე.
პირველი, რაც გავაკეთეთ, მოვიკვლიეთ ადგილობრივი ბაზარი და გავეცანით მომხმარებლის ნება-სურვილს, მოთხოვნებს, თუ რა სურდა ჩვენს მომხმარებელს და რის ნაკლებობას განიცდიდა. გავიგეთ, ვინ იყვნენ ჩვენი კონკურენტები და რამდენად შეგვეძლო ვყოფილიყავით მათი ღირსეული კონკურენტი თავად ჩვენ.
ჩვენი უმთავრესი მიზანი იყო შეგვეთავაზებინა მომხმარებლებისთვის მეგაცენტრი, სადაც დახვდებოდათ ხარისხიანი მომსახურება, პროდუქციის ფართო ასორტიმენტი და მოსახლეობის ყველა სეგმენტისთვის ხელმისაწვდომი ფასები. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენთან შემოსულ მომხმარებელს შეეძლოს იყიდოს ყველაფერი, რაც რემონტისთვის სჭირდება. ვიმყოფებით ელიავას ბაზრობის ტერიტორიის მიმდებარედ, რომელიც ადგილმდებარეობით არარეგულირებადი ბაზრის სტილის სავაჭრო ობიექტებთანაა ასოცირებული. ჩვენი მიზანი იყო, სწორედ ამ ტერიტორიაზე მომხმარებლებისთვის შეგვეთავაზებინა გარშემო არსებულისგან სრულიად განსხვავებული, ძალიან კომფორტული გარემო, უფრო დემოკრატიული ფასებითა და უკეთესი სერვისით. გარემო, სადაც მშვიდად შეარჩევენ მათთვის საინტერესო პროდუქციას უდიდესი ასორტიმენტისა და არჩევანის პირობებში.
ედიშერ, რა სახის პროდუქციაა წარმოდგენილი საგამოფენო დარბაზებში?
უპირველესად, წარმოდგენილია ადგილზე წარმოებული, ქართული პროდუქცია. ვცდილობთ მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი ადგილობრივი წარმოების ბაზრის განვითარებას. გვაქვს ასევე იმპორტირებული პროდუქცია, რომელსაც ევროპიდან, ჩინეთიდან, თურქეთიდან ვიღებთ. აღსანიშნავია, რომ გვაქვს მომხმარებლებისთვის პროდუქტის მიღების საკმაოდ მოქნილი სისტემა. კერძოდ, ჩვენთან მოსულ ადამიანებს შეუძლიათ საგამოფენო დარბაზში აარჩიონ პროდუქტი და აქ წარმოდგენილი პროდუქციის 80%-ის შემთხვევაში, იქვე, დარბაზშივე სალაროში გაატარონ და ნებისმიერი რაოდენობის პროდუქტი წაიღონ შინ, საწყობის გვერდის ავლით. ეს სერვისი ძალიან მოქნილი და კომფორტულია ჩვენი მომხმარებლისთვის დროის მენეჯმენტის თვალსაზრისით.
დაბოლოს, თქვენი აზრით, რა არის „ნოვას“ წარმატების საიდუმლო?
ძალიან ბევრი შრომაა საჭირო, რომ მივიღოთ წარმატება. უდიდესი მნიშვნელობა აქვს პროფესიონალთა გუნდს, რომელიც „ნოვაში“ მუშაობს, რომლებიც არიან ამ კომპანიის პატივსაცემი სახეები, ჩვენ კი მუდმივად ვზრუნავთ მათ ზრდასა და პროფესიულ განვითარებაზე. ამგვარად, ავტორიტეტი და რაც მთავარია, უპირობო ნდობა, რომელიც ჩვენს კომპანიას აქვს, ძალიან დიდი შრომისა და რა თქმა უნდა, უცხოელი და ადგილობრივი პარტნიორების თანადგომის შედეგია.