ქართული OK! რუბრიკაში „ერთი დღე“ დიდი სიამოვნებით წარმოგიდგენთ წარმატებულ, გონიერ, საქმიან და მომხიბლავ ადამიანს − ნათია ცაბუტაშვილს, რომელიც ერთნაირი წარმატებით ასწრებს იყოს ყურადღებიანი, მზრუნველი დედა, ისიამოვნოს მეგობრებთან ერთად ყოფნით, მოახდინოს გადატრიალება თანამედროვე სამედიცინო მეთოდოლოგიაში და დანერგოს ახალი დარგობრივი სიახლეები „ჯენეტიქსში“ − გენეტიკურ კვლევით ცენტრში, რომლის დამფუძნებელიც თავად ნათიაა. როგორია მისი ერთი ჩვეულებრივი დღე, რას საქმიანობს, როგორ განიტვირთება და რა რიტუალი აქვს შვილთან, 7 წლის ანასტასიასთან ერთად − ამ ყველაფერზე ნათია ცაბუტაშვილთან საინტერესო ინტერვიუში წაიკითხავთ.
ნათია, როგორ იწყება თქვენი ერთი ჩვეულებრივი დღე?
ჩემი ერთი რიგითი დღე საკმაოდ ადრე იწყება. დილის 7-8 საათზე ვიღვიძებ და ვემზადები. დილა ძირითადად შვილთან კომუნიკაციასთან ასოცირდება ჩემთვის. ჩვეულ, არაპანდემიურ რეჟიმში სკოლაში მიმყავს ხოლმე და შემდეგ მივდივარ სამსახურში.
ვარ კომპანია „ჯენეტიქსის“ დამფუძნებელი. ეს გახლავთ გენეტიკური კვლევის ცენტრი, რომელიც შვედეთში მომსახურე მეცნიერ ზაალ კოკაიასთან ერთად დავაფუძნე. ჩვენი კომპანიის მიზანია საქართველოში ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტთან ერთად შევუწყოთ ხელი სტუდენტებს, დოქტორანტებს, გახდნენ უშუალო მონაწილენი მოლეკულური და უჯრედული სამეცნიერო-დიაგნოსტიკური კვლევებისა.
ძალიან საინტერესო სამსახური მაქვს, რომელიც ჩემი მხრიდან ძირითადად გულისხმობს კლინიკური მედიცინის სხვადასხვა მიმართულებაში მოვიძიო მოლეკულურ მეთოდოლოგიაზე დაფუძნებული სიახლეები. ასევე მოლაპარაკებების, კონფერენციების ორგანიზება ექიმებთან − როგორც საქართველოში, ისე ქვეყნის ფარგლებს გარეთ. კომპანიის მუშაობის პროცესში მუდმივ რეჟიმში ვარ ჩართული ონლაინ თუ პირადი ურთიერთობების სახით ამერიკასა და ინგლისში მომუშავე წარმატებულ ქართველ მეცნიერებთან.
„ჯენეტიქსში“ მოლეკულურ ბიოლოგებთან, ბიოინფორმატიკოსებთან და ექიმებთან ერთად ვნერგავთ ახალ, საინტერესო და ძალიან მნიშვნელოვან სამედიცინო მეთოდოლოგიას, რომელსაც დიდი დრო, ცოდნა და ენერგია სჭირდება. ეს მეთოდოლოგია და გენეტიკური კოდის გაშიფვრის საკითხი, ახლა, პანდემიის დროს განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და აქტუალური გახდა. ამგვარად, ჩემი დროის დიდი ნაწილი ხმარდება პროფესიონალ ბიოლოგებთან, ბიოინფორმატიკოსებთან, ექიმებთან კომუნიკაციას, ინფორმაციის გაცვლას, თანამედროვე გაიდლაინებით რეკომენდებული ტესტების დანერგვას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია პაციენტზე ინდივიდუალური მკურნალობის კურსის შესარჩევად.
სამუშაო საათები რამდენ ხანს გრძელდება?
9-10 საათამდე ვმუშაობ, როგორც წესი.
მოგვიყევით, სამსახურის შემდეგ როგორ აგრძელებთ დღის რეჟიმს? როგორ განიტვირთებით?
ჩემი საუკეთესო განტვირთვა მეგობრებთან ყოფნას უკავშირდება. ყოველდღე ვნახულობ მეგობრებს, ზოგადად, ძალიან მიყვარს ადამიანებთან კომუნიკაცია, ურთიერთობები. მყავს ქალიშვილი − 7 წლის ანასტასია. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია ჩემს შვილთან და ჩემს ძმასთან ერთად ყოფნა. ანასტასია და სანდრო არიან ჩემი ცხოვრების მთავარი მოტივატორები. სხვათა შორის, ჩემს ცხოვრებისეულ რეჟიმს რომ უყურებს, ჩემი შვილიც საკმაოდ მოტივირებული იზრდება. გადაწყვეტილი აქვს, სამედიცინო ფაკულტეტზე ისწავლოს და ექიმი გახდეს. მოსწონს ის, რომ დედა დაკავებულია და საქმიანია.
მეგობრებთან ერთად განსატვირთად სად გიყვართ წასვლა?
კაფე-ბარებში. ხშირად შინაც ვსტუმრობთ ერთმანეთს. ასევე, არცთუ იშვიათად მიწევს საღამოობით ოფიციალურ, საქმიან ვახშმებზე დასწრება. ღამის კლუბებს ხშირად ნამდვილად არ ვსტუმრობ. ძალიან მიყვარს კითხვა, ფილოსოფიური შინაარსის წიგნები. გამოვარჩევდი იმანუილ კანტს (რომლის ფილოსოფიურ ნააზრევს შინაგანად ვეთანხმები). ასევე მოტივაციას მიჩენს ავტობიოგრაფიული წიგნები წარმატებულ ადამიანებზე, საიდანაც ინსპირაციას და ენერგიას ვიღებ. ფაქტობრივად, ყოველდღიური კომუნიკაცია მაქვს ჰარვარდის პროფესორ დევიდ სინქლერთან, რომელიც დაბერების საწინააღმდეგო თემებზე მუშაობს და ავითარებს კონცეფციას, რომ სიბერე დაავადებაა, რომელიც შესაძლოა განიკურნოს. ის ამტკიცებს, რომ დაბერება ბიოლოგიური პროცესი არ არის და ქრომოსომების დაბოლოებაზეა დამოკიდებული, დაბოლოებები წლების მატებასთან ერთად მოკლდება და სწორედ ეს იწვევს სიბერეს. ამ ადამიანს შესაძლებლად მიაჩნია, რომ გარკვეულ ეტაპამდე გაჩერდეს ქრომოსომების ბოლოების (ტელომერების) დამოკლების პროცესი, რაც დაბერების პროცესსაც გააჩერებს. სწორედ ამ საკითხს ამუშავებს და იკვლევს, რაც ჩემთვის ძალიან საინტერესოა.
ნათია, ოჯახთან დიდ დროს ატარებთ?
ვცხოვრობ შვილთან, მშობლებთან და ძმასთან ერთად. ბავშვი დამყავს სიმღერაზე, ბალეტზე, ცურვაზე. მთლიანად ვარ ჩართული მისი კონცერტებისა და სხვადასხვა ღონისძიების დაგეგმარებაში. ვცდილობ, ანასტასია გასართობად დახურულ სივრცეში ნაკლებად ვატარო, მე და სანდრო ხშირად ვახერხებთ ქალაქგარეთ გავიყვანოთ დასვენების დღეებში.
რაიმე განსაკუთრებული დედაშვილური რიტუალი ხომ არ გაქვთ?
დიახ, შეიძლება ასეც ითქვას. მხოლოდ ჩვენ ორს გვაქვს ხოლმე საუბრები ანასტასიას მომავალზე, რომელსაც მუდმივად აქვს მოთხოვნილება, რომ თავისი მომავალი მაქსიმალურად დაგეგმოს. ამით გატაცებულია, მეუბნება, რომ ძალიან უნდა ინგლისში სწავლა. მესაუბრება, როგორ ჩააბარებს კემბრიჯში და ისწავლის. არაჩვეულებრივად ხატავს და გამოფენებშიც იღებს მონაწილეობას. შესაძლოა ეს საუბრები მისი მომავლის შესახებ ჩვენს განსაკუთრებულ რიტუალადაც ჩაითვალოს, რადგან მუდამ მთხოვს ეს იყოს ჩვენი საიდუმლო. ანასტასიას ძალიან უყვარს ჩემს მეგობრებთან ერთად ყოფნა. საოცრად მოტივირებული და გონიერი ადამიანია. უნდა იყოს ექიმი და მხატვარი ერთდროულად. მე ვურჩევ, გახდეს პლასტიკური ქირურგი, რადგან ამ პროფესიაში ორივე მისწრაფებისა და ნიჭის გაერთიანებაა შესაძლებელი.
ნათია, როგორია თქვენი დღის დაბოლოება?
ძალიან მიყვარს თავის მოვლა. გამაჯანსაღებელ სპაცენტრებში სიარული ჩემთვის დასვენების ყველაზე კარგი საშუალებაა. თავის მოვლის ჩემებური რიტუალი მაქვს, რომელიც სიამოვნებას მანიჭებს.
განათლება სად გაქვთ მიღებული?
პროფესიით ექიმი-მამოლოგი, ონკო-ქირურგი ვარ. დავამთავრე თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი და შემდეგ ჩავაბარე რეზიდენტურაში. რეზიდენტურის პარალელურად, ვმუშაობდი და ვსწავლობდი ავსტრიაში, გერმანიაში, სხვადასხვა კლინიკაში ონკოქირურგიის განხრით. ბოლოს, სულ ახლახან, 1 თვით ვიყავი მანჩესტერის უნივერსიტეტში, პროფესორ გარეტ ევანსთან, სადაც ძუძუს კიბოს მემკვიდრული ფაქტორების მოლეკულური წარმომავლობა გავიარეთ. ვიყავი ასევე ნოთინგემისა და დერბის სამეფო ჰოსპიტლების ქირურგიულ დეპარტამენტებში, პროფესორ მარკ ზიბერინგთან პრაქტიკული მიმართულებით.
მამოლოგიას, როგორ პრაქტიკულ საქმიანობას, სამწუხაროდ ვეღარ ვაგრძელებ, რადგან დრო აღარ მრჩება − კვლევითი ცენტრის ადმინისტრაციულ საქმიანობაზე ვარ გადართული. ვფიქრობ, ის, რასაც კვლევით ცენტრში ვაკეთებთ − ვავითარებთ გენეტიკის მიმართულებას, არა მხოლოდ მამოლოგიის, არამედ მედიცინის სხვადასხვა დარგისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან დღეს, ისე, როგორც არასდროს, მოხდა ცვლილებები და მედიცინა გადავიდა მომდევნო ეტაპზე, რასაც ვუწოდებთ პერსონალიზებულ მედიცინას. მაგალითისთვის, ერთი და იგივე წამალი ყველა ადამიანზე ერთნაირად არ მოქმედებს და ამას ჩვენი ინდივიდუალური გენები დიდად განსაზღვრავს.
ნათია, რას ურჩევდით ჩვენს მკითხველებს, როგორც პროფესიონალი ექიმი?
დღეს მსოფლიოში არსებული წამყვანი სამეცნიერო-კვლევითი ცენტრები ცდილობენ დაადგინონ, რა იწვევს კიბოს, მაგრამ დაავადების პრევენციის უმთავრეს რეკომენდაციად მაინც რჩება ცხოვრების ჯანსაღი რეჟიმის შენარჩუნება. ამაში იგულისხმება ჯანსაღი კვება, გარემო ფაქტორები და რა თქმა უნდა, მემკვიდრეობაც, რომლითაც გადმოგვეცემა რიგი მიდრეკილებები. ჭარბი წონა, არაჯანსაღი საკვების მიღება და უძილობა, ცხადია მხოლოდ უარყოფითად აისახება ადამიანის ჯანმრთელობაზე. ყველას ვურჩევ, განსაკუთრებული მნიშვნელობა მიანიჭონ სრულყოფილ ძილს, სუფთა ჰაერზე სეირნობას, სიარულს და სწორ კვებას. ეს ის სამი კომპონენტია, რომელიც ძვირი არ ღირს და მარტივი შესასრულებელია ყველასთვის. ეს არის ჩემი, როგორც პროფესიონალის, რჩევა.
რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია წელიწადში ერთხელ მაინც ჯანმრთელობის საერთო მდგომარეობის შემოწმება. გვაქვს ჯანმრთელობის კვლევის არაჩვეულებრივი სახელმწიფო პროგრამა − „ეროვნული სკრინინგ ცენტრი“, სადაც პროფესიონალები მუშაობენ და რომელიც თანამედროვე კვლევის აპარატურითაა აღჭურვილი.
ხშირია ასეთი დამოკიდებულებაც − ადამიანებს აღენიშნებათ დაავადების სიმპტომატიკა, მაგრამ არ აქცევენ ყურადღებას, აიგნორებენ. აუცილებელია ორგანიზმის შინაგან ხმას მოვუსმინოთ, რომელიც ყოველთვის გვაძლევს სიგნალს და აუცილებელია მასზე სწორი რეაგირება, სანამ პროცესი შორს წავა. საწყის ეტაპზე გაცილებით ნაკლები ბიუჯეტით და მარტივად არის შესაძლებელი თანამედროვე მედიცინის ფარგლებში დაავადების დაძლევა, ვიდრე შორს წასული რთული პროცესების მართვა.
თქვენ საკმაოდ დაკავებული, აქტიური, საქმიანი ქალი ხართ, გადატვირთული დღის რეჟიმით. რა არის თქვენთვის მთავარი მუხტი, ის, რაც გაბედნიერებთ და ენერგიით გავსებთ?
უპირველესად, ესაა შვილთან კონტაქტი. ანასტასიასთან ჩახუტება საერთოდ ყველაფრისგან განსხვავებული, საოცარი გრძნობაა. შეიძლება გაგიკვირდეთ, მაგრამ ჩემი ყოველდღიური რუტინისა და სიამოვნების აუცილებელი კომპონენტია ყავა. ზოგადად, ძალიან დიდი დატვირთვა აქვს, თუ როგორ ვიწყებ დილას და გავდივარ შინიდან. ჩემი ძმა, რომელთან ყოველდღიური კომუნიკაციაც ჩემი ცხოვრების მნიშვნელოვანი ფაქტორია, მისი რჩევები, მზრუნველობა... მის გარეშე ვერ წარმომიდგენია ვერაფერი. ჩემი მეგობრები, რომლებიც უმთავრესი ადამიანები არიან ჩემს ცხოვრებაში. ზოგადად, ბევრი და მრავალფეროვანი გატაცება მქონდა და მაქვს. იყო დრო, როდესაც საკმაოდ ხარისხიან, პოპულარულ ღონისძიებებს, სტუდენტურ სილამაზის კონკურსს „მის სტუდენტური სახე“ ვატარებდი, ჩამომყავდა სუპერპოპულარული მომღერლები, მაგალითად, რეპერი ქულიო, და ორგანიზებას ვუწევდი კონცერტებს. ახლა ეს ჟინი გადმომაქვს საქმიან კონფერენციებზე, სადაც კი არ ვიღლები, პირიქით − დიდ ენერგიას ვიღებ. რაც მეტად ვიღლები ფიზიკურად, ემოციურად პირიქით − ვივსები. უცვლელი და მომაბეზრებელი ყოველდღიური რუტინა ჩემთვის არ არსებობს.