მეთ დეიმონმა საკულტო ფილმებით გაითქვა სახელი: „ჭკვიანი უილ ჰანტინგი“, „რიგითი რაიანის გადასარჩენად“, „ოუშენის 11 მეგობარი“, „ბორნის იდენტიფიკაცია“ და ა.შ. ირონიულია, რომ ბორნის როლში საკუთარი თავის წარმოდგენა ყველაზე მეტად უჭირდა. ამ წლის მარტში ვარსკვლავი ირლანდიას რიდლი სკოტის ახალი ფილმის, THE LAST DUEL ის გადაღებებისთვის ეწვია და პანდემიის გამო ცოლთან და სამ ქალიშვილთან ერთად იქვე ჩაკეტვა მოუწია. თუმცა, ამ გარემოებით მეთი ძალიან ბედნიერია: „ეს არის ყველაზე ლამაზი ადგილი, სადაც კი ვყოფილვარ“, - ახსენა ერთ-ერთ შოუში ჩართვისას.
საინტერესოა როგორ „გაყიდდით“ თქვენი უკანასკნელი ფილმის, „ფორდი ფერარის წინააღმდეგ“ სიუჟეტს: 1960-იანი წლების რეალურ ისტორიას ავტორბოლაზე, რათა დაინტერესებულიყვნენ ისინი, ვინც ამ სპორტისა და ბიზნესის მიმართ გულგრილია...
სიმართლე რომ გითხრათ, თავად ვერ ვიტან რბოლებს! მე კრისტიან ბეილის და რეჟისორ ჯეიმს მენგოლდის გამო „დავიკერე“. ეს ისტორია ახლო და გასაგები მეჩვენა − ორი მრბოლელის მეგობრობა, რომელთა შორისაც ერთი კლასიკური უიღბლოა. მაგრამ ასეთ განსხვავებულ მამაკაცებს ერთი და იგივე რაღაცები აღელვებდათ. მნიშვნელოვანი რაღაცები. ამიტომაც გამოუვიდათ მეგობრული კავშირის დამყარება, რაშიც ორივე საუკეთესო აღმოჩნდა. დიახ, ისინი კამათობდნენ, ჩხუბობდნენ და ერთმანეთს აგიჟებდნენ, როგორც ნამდვილი ძმები, მაგრამ, განა ეს ბევრისთვის არაა ნაცნობი? როცა საქმე მართლაც მნიშვნელოვან საკითხს ეხებოდა, ისინი ერთსულოვნებას იჩენდნენ.
როგორი იყო კრისტიან ბეილთან მუშაობა? ის ხომ ცოცხალი ლეგენდაა...
ის მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო მსახიობია, ვინც კი მინახავს. კრისტიანისთვის მნიშვნელოვანი იყო ერთი რამ: დისციპლინა მამაკაცების მონასტერივით ყოფილიყო დაცული. ის მზადაა ბევრი რამ გაიღოს სამსახურისთვის და საკუთარ მიზნებს ნებისმიერ ფასად მიაღწიოს. თავის საქმეში ძალიან ერთგულია. ამიტომაც, მე მის გვერდით დაძაბული არ ვყოფილვარ.
და ვის დაასახელებდით საუკეთესო პარტნიორად გადაღებებზე?
ყოველთვის ვამბობ და ვიმეორებ: აღტაცებას მგვრის ჯორჯ კლუნი. ის მშვენიერი, გასაოცარი, ხელგაშლილი კაცია. ამავდროულად, ერთ-ერთი საუკეთესო რეჟისორი, რომელთანაც მუშაობა მომიწია. რაც უფრო უკეთ ვიცნობ, რაც უფრო გვემატება წლები, მით მეტად ვიხიბლები მისით და უდიდესი პატივისცემით ვარ განმსჭვალული. აუტანელია იყო მისი მეგობარი, იმიტომ, რომ იცი, ვერასდროს შეძლებ გადაუხადო იმ სიკეთის საფასური, რასაც შენდამი იჩენს.
ბევრი რეალური და ცნობილი პერსონაჟი გითამაშიათ....
დიახ, და ეს ყოველთვის მარტივი არაა. ფილმში „დაუმორჩილებლები“ რაგბის მოთამაშეს ვასახიერებდი. ერთხელ, სამხრეთ აფრიკაში, ამ პერსონაჟის პროტოტიპს შევხვდი. მან შინ სადილზე დამპატიჟა. 100 კილოგრამზე მეტს იწონიდა, სიმაღლით დაახლოებით 2 მეტრამდე იყო. რომ შევედი და დავინახე, მახსოვს, ვთქვი: „იცით, ფილმში არც მე გამოვიყურები პატარად!“
და თქვენი გმირებიდან ვინაა თქვენთან ყველაზე ახლოს?
არ ვიცი. შეიძლება ნაწილობრივ ჩემი და ბენ აფლეკის გმირები ფილმიდან „ჭკვიანი უილ ჰანტინგი“, თუმცა არცერთს არაფერი გაგვეგება მათემატიკის. ბენი მუდამ წუწუნებს, რომ ქალიშვილს მათემატიკის დავალების შესრულებაში ვერ ეხმარება.
თქვენი აზრით, სრულყოფილების მიღწევისკენ სწრაფვას არ აქვს „გვერდითი ეფექტები“?
ჩემი აზრით, ეს ყველაზე სწრაფი და მშვენიერი გზაა ბედნიერებისკენ. სურვილი, იპოვო უკანასკნელი ინფორმაცია, ტექნიკა თუ ტაქტიკა, რათა გააუმჯობესო ის, რითაც დაკავებული ხარ, გამოარჩევს ადამიანებს, რომლებსაც საკუთარი საქმისადმი სერიოზული მიდგომა აქვთ. ცოტა ხნის წინ ტომ ბრედის შევხვდი. ის მსჯელობდა იმაზე, თუ როგორ იყო მოცული ბურთის იდეალური ჩაწოდების გზის ძიებით. ეს მან უკვე ათასჯერ მაინც გააკეთა, 42 წლისაა და მაინც ოცნებობს სრულყოფილებაზე იმაში, რითაც მთელი ცხოვრებაა დაკავებული! ეს მიზანი ხდის მას ბედნიერს.
თქვენც ასეთი ხართ? უყურებთ საკუთარ ფილმებს და განიცდით, რომ უკეთ თამაში შეგეძლოთ?
არა! წარსულში დაბრუნება და იმის გამო ნერვიულობა, რასაც ვერ გამოასწორებ, ფსიქიატრიულამდე მიგიყვანს. რა თქმა უნდა, საკუთარ თავს ვუტყდები, რომ ახლა გაცილებით უკეთესი ვარ და იმაზე მეტის გაკეთება შემიძლია, ვიდრე 20 წლის წინ, თუმცა მეც ჩემი იდეალური ფილმის ძიებაში ვარ. ამიტომაც ძველებურად მიყვარს საკუთარი საქმე.
თქვენი აზრით, რა შეიცვალა უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში კინოს ინდუსტრიაში?
ყველაფერი! ამ ინდუსტრიას ვეღარ იცნობ. გაიზარდა კინოგაქირავების ბაზარი საზღვრებს გარეთ. თუმცა, ძირითადად გიგანტურ ბლოკბასტერებზეა მოთხოვნა − ფილმები სუპერგმირებზე, მინიმალური დიალოგებით. ეს სულაც არაა ის ბიზნესი, სადაც გასული საუკუნის 90-იან წლებში მოვხვდი. იმ დროს საავტორო კინო მოწოდების სიმაღლეზე იყო და ის ყველას აინტერესებდა. ჩვენ რობერტ დე ნიროს და ალ პაჩინოს ფილმებზე გავიზარდეთ და ცვლილებებს ნამდვილად ვხედავ. ის დრო აღარასდროს დაბრუნდება.
არაფერს ნანობთ საკუთარ კარიერაში?
მაქვს ერთი უარის ისტორია და დღემდე არ ვიცი, ვნანობ თუ არა. ჯიმ კამერონმა „ავატარში“ მთავარი როლი შემომთავაზა. მან ამ სიტყვებით მომმართა: „მისმინე, მე ცნობილი სახელი არ მჭირდება. არ მჭირდება ვარსკვლავი. თუ უარს იტყვი, უცნობ მსახიობს ავიყვან და ფილმს მასთან ერთად გავაკეთებ. იმიტომ, რომ, რეალურად, ფილმი კონკრეტულ ვინმეს არ ითხოვს. თუმცა, თუ დათანხმდები, შემოსავლების 10%-ს გთავაზობ. დიახ, უარი ვთქვი ამ დიდ თანხაზე. მაგრამ ვიცი, რომ თუ დავთანხმდებოდი, ფილმს „ბორნის ულტიმატუმი“ ბევრ პრობლემას შევუქმნიდი. ეს ვუპასუხე კამერონსაც. მან კი მიპასუხა: „იცი, მე მთელი კარიერის განმავლობაში 6 ფილმი გადავიღე“. მაშინვე ვერ მივხვდი, მაგრამ მერე გავიგე, რას გულისხმობდა. თითოეული მისი ფილმი მოვლენა გახდა, ამიტომაც გვგონია, რომ მან უფრო მეტი გააკეთა. როცა დროსთან ერთად გავაანალიზე, რომ შესაძლოა ეს ჩემი პირველი და უკანასკნელი შანსი იყო მემუშავა ამ რეჟისორთან, ნამდვილად მეწყინა. მაგრამ არა უშავს. მთავარია, ჩემი შვილები კარგად არიან და საქმეები მეც კარგად მაქვს.
თქვენი ერთ-ერთი საყვარელი პერსონაჟი − ბორნია. რას ფიქრობთ ახალ ფილმზე ამ ჯაშუშის გარშემო?
შეიძლება 50 წლის იუბილეზე უკანასკნელად ვითამაშო. მაგრამ არ ვიცი, მეყოფა თუ არა ფიზიკური ძალა ამისთვის. ბოლო ფილმი ძალიან რთული აღმოჩნდა. თუმცა, მე მაშინაც იგივეს ვამბობდი და საკუთარი სიტყვების ბედნიერი ღიმილით მიჩქმალვა მომიწია!