41 წლის მსახიობი ტკბება პირადი და შემოქმედებითი თავისუფლებით, თამაშობს კინოსა და თეატრში, ზრდის ქალიშვილს და იღებს თავის მეორე ფილმს: RARE OBJECTS. დღეს ის პრინციპულად დამოუკიდებელი ქალია და ამით ამაყობს.
ოჯახში 5 შვილიდან ყველაზე უმცროსი იყო. ოჰაიოს შტატში იზრდებოდა, ვიდრე 17 წლის ასაკში დედასთან ერთად ჰოლივუდში არ გაემგზავრა. ორი წლის შემდეგ მიიღო როლი ახალგაზრდულ სერიალში Dawson’s Creek, რამაც ყველაფერი შეცვალა. ქეითმა ერთ დილითაც პოპულარულმა გაიღვიძა და ქვეყნის გოგონების კერპად იქცა. 2005 წელს „ბეტმენში“ გადაიღეს, შემდეგ სატირულ კომედიაში „აქ ეწევიან“, 1 წლის თავზე კი ცოლად ტომ კრუზს გაჰყვა და მასთან ქალიშვილი შეეძინა. 2012 წელს ქორწინებამ კრახი განიცადა და წყვილი დაშორდა. ჰოლმსმა ნიუ-იორკს 6 წლის შვილთან ერთად მიაკითხა. პაპარაცები მუდამ უკან დასდევდნენ. იმისთვის, რომ პარკში გაესეირნა, დილის 6 საათზე დგებოდა, თუმცა ქეითმა ახალი ცხოვრების შენება გადაწყვიტა. მას ეს ნამდვილად გამოუვიდა: ახლა ნიუ იორკი ნებისმიერ გიდზე უკეთ იცის, მისი კარიერა კარგ სიმაღლეზე ავიდა, სური უკვე 14 წლისაა...
ქეით, გასართობად ყველაზე მეტად სად გიყვართ სიარული?
ძალიან მიყვარს საცეკვაო წვეულებები. სინამდვილეში, მათ თავადაც ყოველ დილით ვაწყობ, რათა შვილი გავაღვიძო, მაგრამ ის კატეგორიულ უარზეა.
რას ფიქრობთ პოპულარობაზე?
ეს ჯერ კიდევ მაშინ გამოვცადე, როცა სერიალში ვითამაშე და ყველგან მცნობდნენ. რა თქმა უნდა, სამყარო მაშინ სხვანაირი იყო − არა ამ რაოდენობის პაპარაცებით და სმარტფონებით სავსე. მაგრამ, მაინც ვგრძნობდი, რომ არ მიყურებდნენ ისე, როგორც ყველას, და ეს უცნაური იყო. ახლა ჩემთვის მნიშვნელოვანია, ვიყო არა საზოგადოებისთვის ცნობადი სახე, არამედ უბრალოდ ადამიანი. მაგალითად, უნდა იყო კეთილი მხოლოდ იმიტომ, რომ ეს ადამიანური ბუნებაა და არა იმიტომ, რომ გინდა კეთილი სხვის თვალში გამოჩნდე.
რა დრო დაგჭირდათ ამის გააზრებამდე?
სანამ ახალგაზრდა ხარ, შეპყრობილი ხარ იმით, თუ რას ფიქრობენ სხვები. მაგრამ შემდეგ დგება მომენტი, როცა წყვეტ, ყველაფრის მიუხედავად, შენებურად მოიქცე. ახლა ვგრძნობ, რომ სწორედ ამ ეტაპამდე მივედი. გასული საუკუნის 90-იანებში, კადრის გადაღებისას, ვფიქრობდი: „გამომივიდა კი საკმარისად კარგად?“ მაგრამ ნელ-ნელა ყველაფერი შეიცვალა და თავდაჯერება შევიძინე. აღარ ველი, რომ ვინმე მეტყვის: „მშვენიერი ნამუშევარია“. უფრო მეტად მაწუხებს კითხვა: „რისი მიღწევა გვსურს ამით?“
როგორია საკუთარი ცხოვრების სრულად მართვა და ყველაფრის თავად გადაწყვეტა?
სხვადასხვანაირი, მუდამ ცვალებადი. დილის 10 საათზე ფიქრობ: „დიახ, მე ამას გავაკეთებ! 12 საათზე: „წადი პროფესიიდან, უნიჭო!“ დღის 1 საათზე კი: „რა ყოჩაღი ვარ, ვუმკლავდები!“
როგორია თქვენი ცხოვრების სტილი ბოლო წლებში?
დავდივარ ცეკვის გაკვეთილებზე, თეატრში, დაკავებული ვარ იოგათი და კრივით, ასევე წიგნის კითხვის კლუბი მაქვს. როცა ყოველდღე გეგმაში 25 საინტერესო პუნქტი გიწერია, საკუთარ თავში ჩაკეტვა აღარ გიწევს. მომწონს ნიუ იორკის ცხოვრების ენერგიული რიტმი, რომელიც მე და ჩემს შვილს ძალიან გვიხდება. მაგალითად, სახლთან ახლოს, ფეხების მასაჟს შუაღამემდე აკეთებენ. აი, ასეთია ნიუ იორკი!
აქ განქორწინების შემდეგ გადმოხვედით. რა მოგონებები გაქვთ იმ პერიოდზე?
ძალიან დაძაბული დრო იყო: პატარა ბავშვი მყავდა, ჟურნალისტები ფეხის ყოველ ნაბიჯზე დამდევდნენ... თუმცა ბევრი უცნობი ადამიანი დამიმეგობრდა და დამეხმარა, ეს ყველაფერი გადამელახა. მახსოვს, ერთხელ სური მეგობართან წავიყვანე, თავად კი ბალეტზე გავეშურე. საღამოს 10 საათზე დამირეკა, რომ მიმეკითხა. ტაქსით ვბრუნდებოდით, როცა გზაში ჩაეძინა. სახლთან მისვლისას მძღოლმა კარი გამიღო და ბავშვს რომ არ გაღვიძებოდა, ბინამდე თავად მიიყვანა. ძალიან კეთილი იყო − აი, ამიტომ მიყვარს ეს ქალაქი.
როგორც დედა, რა მიზნებს ისახავთ?
ჩემი მთავარი მიზანია ვასწავლო ქალიშვილს, მუდამ საკუთარი თავი იყოს, თავდაჯერება ჰქონდეს და იცოდეს, რომ ყველაფერს გაუმკლავდება. ის ძალიან ძლიერი იზრდება. თუ რაიმეს ხელს მოჰკიდებს, იმუშავებს იქამდე, სანამ არ იგრძნობს, რომ მიაღწია ყველაფერს, რაც შეეძლო და მხოლოდ ამის შემდეგ კონცენტრირდება სხვა საქმეზე. შრომისმოყვარეობა და საკითხზე ფოკუსირება ძალიან კარგად აქვს გამჯდარი.
და საკუთარ თავს რა მიზნებს უსახავთ?
კარგი მასალის მოძიებას და მასზე მუშაობას. მინდა მოვყვე ისტორიები ქალებზე, იმაზე, თუ რისი გადატანა უწევთ ცხოვრებაში. Rare Objects სწორედ ასეთი ისტორიაა. ესაა ფილმი გოგონაზე, რომელმაც ბევრ გამოწვევას გაუძლო.
როდის იგრძენით, რომ ყველაფერი გამოგივიდათ და საკუთარი საქმე გაქვთ?
Rare Objects-ი პროექტის სტადიაზე 4-5 წელი შეფერხდა. ვეკითხებოდი აზრს ადამიანებს, რომლებსაც პატივს ვცემდი და მპასუხობდნენ, რომ ის საკმარისად კარგი ჯერ კიდევ არ იყო. მსურდა რაიმე სასარგებლო მომესმინა და არა მხოლოდ კრიტიკა. მაგრამ როცა ვინმე „არა“-ს მეუბნება, არასდროს ვჩერდები, მუშაობას ვაგრძელებ და წინ მივდივარ. როცა საბოლოოდ „მწვანე შუქი“ მივიღე, მამას დავურეკე. მან კი მითხრა: „ცხოვრება − ეს მოგზაურობაა, ზოგიერთ რამეს დრო სჭირდება, მაგრამ თუ შრომას განაგრძობ, ისინი უფრო სასურველნი გახდებიან. მე შენით ვამაყობ“. ეს იყო ზუსტად ის, რისი მოსმენაც მსურდა. ამბობენ, რომ 40 წლამდე საკუთარ თავს ბოლომდე არ იცნობ. სანამ 41 წლის გავხდებოდი, ბევრი რამ გავიაზრე. ახლა, უპირველესად, საკუთარ თავს ვუსმენ, ხოლო შემდეგ − სხვების აზრს.
როგორია თავს ისევ ბავშვად გრძნობდე, მაგრამ სახე და სხეული თითქოს დანებებას იწყებდეს?
ძალიან უცნაურია. უმაკიაჟოდ სიარულს ახალგაზრდობიდან ვარ მიჩვეული. ახლა ვფიქრობ: „მგონი ამის გაკეთება მჭირდება“.
ალბათ პატარა ქეით ჰოლმსს წარმოდგენაც არ ჰქონდა, რა რთული გზის გავლა მოუწევდა...
ყოველთვის მსურდა თავგადასავლები და მათ ვიღებდი. თავგადასავლები ახლაც გრძელდება. ცხოვრებაში აუცილებლად უნდა იყოს სიხარულიც, ტკივილიც, დანაკარგიც და სიმშვიდეც. ვერ იტყვი, რომ უკან დაბრუნების შემთხვევაში, ისურვებდი, ცხოვრებაში მხოლოდ სიხარული გამოგეცადა. იმიტომ, რომ ასე არ ხდება. ვერავინ დააღწევს თავს ამ წრეს და არც უნდა დააღწიო. წინააღმდეგ შემთხვევაში, ყველაფერს გამოტოვებ.