სირშა რონანი − თავისი თაობის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ვარსკვლავია. 25 წლის ირლანდიელი მსახიობი უკვე ოთხჯერაა ნომინირებული „ოსკარზე“. უკანასკნელად სირშამ საკულტო რომან „პატარა ქალების“ მერვე კინოვერსიაში მოგვხიბლა, სადაც სამოქალაქო ომის შემდეგ მცხოვრებ დამოუკიდებელ მწერალს განასახიერებს, რომელიც თავად წყვეტს, როგორ განაგრძოს ცხოვრება.
„პატარა ქალები“ თქვენი და გრეტა გერვიგის მეორე ერთობლივი ნამუშევარია. 2017 წელს რეჟისორმა „ლედი ბერდში“ გადაგიღოთ...
მე და გრეტა ძალიან დავმეგობრდით. როცა მან მომიყვა, რომ „პატარა ქალების“ გადაღებას აპირებდა და მკითხა, მზად ვიყავი თუ არა მონაწილეობა მიმეღო, აღტაცების განცდა დამეუფლა. რა თქმა უნდა, მაშინვე დავთანხმდი. ვუთხარი, რომ ვითამაშებდი ჯო მარჩს და არავის სხვას. იმიტომ, რომ ჯო − ეს მე ვარ! გრეტას ეს პირდაპირ მოვთხოვე, ზოგადად, ასე არ ვიქცევი.
რამ გიბიძგათ თქვენთვის უჩვეულო საქციელი ჩაგედინათ?
შესაძლებლობის ხელიდან გაშვების შემეშინდა. როცა მწერალი ამ გმირს აღწერს, ის თითქოს ჩემზე წერს. ვფიქრობ, ამ გმირს ფიზიკურადაც და ხასიათითაც ძალიან ვგავარ: პირდაპირი, ხანდახან უხერხული და საკუთარ სურვილში ყოველთვის დარწმუნებული. ისე დავიღალე იმის მოსმენით, რომ სიყვარული − ეს ერთადერთი რამაა, რაც ქალისთვის აუცილებელია! მომბეზრდა! იმ დროს, 150 წლის წინ, ქალებს ამბიციები, ძალა და ნიჭი ჰქონდათ და არა მხოლოდ სილამაზე. ჩემს პერსონაჟსაც რთული დამოკიდებულება აქვს სიყვარულთან. რა თქმა უნდა, ახლა მდგომარეობა შეცვლილია, მაგრამ არც ისე, რომ ამ საკითხის გარშემო ძვრები არ ღირდეს.
ამ ნაწარმოებში მნიშვნელოვანია დები ერთმანეთს მხარს როგორ უჭერენ და როგორი ახლო კავშირი აქვთ ერთმანეთთან. მიმაჩნია, რომ ქალები არ უნდა უპირისპირდებოდნენ მამაკაცებს. მთავარია იბრძოლონ ერთმანეთისთვის და გვერდით ედგნენ დებსა და მეგობრებს! არ მიყვარს საუბრები ქალურობასა და კაცურობაზე. ბევრი მამაკაცი ვიცი, ვინც ძალიან მგრძნობიარეა და პირიქითაც. სამსახიობო წრეში კი იმდენი ფარსია! მამაკაცი მსახიობები გიჟდებიან ცხოვრების გამო წუწუნზე და არასდროს არავის აქებენ. სხვათა შორის, ბალეტში პირიქითაა: თუ ცუდად იცეკვე, გეტყვიან, თუ კარგად − არც ამას დაგიმალავენ.
აღსანიშნავია, რომ არ გაქვთ მიღებული არც უნივერსიტეტის და არც დრამატული განათლება...
დიახ, სკოლის პერიოდშიც კი საშინაო სწავლაზე ვიყავი გადართული - ჯერ მშობლებთან, შემდეგ − რეპეტიტორებთან. გადაღებები 9 წლის ასაკში დავიწყე. დუბლინთან ახლოს ვცხოვრობდით, რომ ლონდონში კასტინგებზე და შემდეგ გადასაღებ მოედნებზე იოლი ყოფილიყო სიარული. ვაგზავნიდი ჩემს ვიდეოჩანაწერებს. სკოლაში დაბრუნებისას არ მსიამოვნებდა დამამცირებელი ხუმრობები: „ოჰ, ჩვენი ვარსკვლავი დაბრუნდა“, და მსგავსი. მაგრამ ნაწყენი აღარ ვარ.
ანუ სამსახიობო სამყაროში პატარა ასაკში მოხვდით...
1980-იან წლებში, ჩემი მშობლები ამერიკაში ემიგრანტები იყვნენ. ბრონქსში, ირლანდიურ რაიონში ცხოვრობდნენ. იქ გაიცნეს ერთმანეთი და დაქორწინდნენ. იქ დავიბადე. მამა მშენებელი იყო, შემდეგ ბარმენად მოეწყო, დედა კი ძიძად მუშაობდა. მოკრძალებულად ცხოვრობდნენ, დოკუმენტებისა და უფლებების გარეშე. ბარში, სადაც მამა მუშაობდა, ხშირად შედიოდნენ პატარა თეატრის მსახიობები ბროდვეიდან. ერთხელ ირლანდიელი რეჟისორი შევიდა, ის მამაჩემს დააკვირდა. მამას საოცარი ქარიზმა აქვს და კლიენტებს ისე უმასპინძლდებოდა, თითქოს სცენაზე თამაშობდა. შეეძლო ყურადღების მიქცევა და ხალხის გამხიარულება. ამიტომაც თეატრში მიპატიჟება მიიღო და მაშინვე როლზე დაამტკიცეს.
და რატომ მოგიწიათ ირლანდიაში დაბრუნება?
სამწუხაროდ, თეატრი დაიკეტა. მამაჩემს გარკვეული კონტაქტები უკვე ჰქონდა, მაგრამ შემოქმედებითი საქმიანობით დაკავება სამშობლოში გადაწყვიტა. მშობლებმა იფიქრეს, რომ ჩემთვის მშვიდ ირლანდიაში გაზრდა უფრო სასარგებლო იქნებოდა, ნიუ-იორკის ხმაურს მიღმა.
ანუ, მამას ემადლიერებით, რომ მსახიობი გახდით?
მაშინ მას საშინელ წინააღმდეგობას ვუწევდი. მშობლებს ისტერიკა მოვუწყვე, რადგანაც ტელევიზიაში პირველი პროექტის გადაღებებზე წასვლა არ მინდოდა. მახსოვს, როცა დედამ იქ მიმიყვანა, საშინლად ვნერვიულობდი. გარშემო აბსოლუტური ქაოსი სუფევდა, ადამიანები ყვიროდნენ, სადენებს ასწორებდნენ, პროჟექტორებით და კამერებით დარბოდნენ... უცებ სიწყნარემ დაისადგურა. მე უბრალოდ გავშეშდი. მაგრამ, როგორც კი კამერა ჩაირთო, მთლიანად მოვდუნდი. ვიცოდი, რა უნდა გამეკეთებინა და ჩემი სჯეროდათ. მას შემდეგ, ამ პროცესით ვტკბები. კამერის წინ დგომა ჩემთვის ყველაზე მარტივი საქმეა დედამიწის ზურგზე. ამბობენ, რომ კინო − ეს ტკბილი საწამლავია, რომელიც შენში აღწევს. ეს მართალია.
ბევრი მსახიობი, რომელმაც ეს საქმიანობა ბავშვობაში დაიწყო, მშობლებს დაძალებაში ადანაშაულებს...
ჩემი მშობლები არასდროს მაძალებდნენ გადამეღო, არც ჩემს ექსპლუატაციას ეწეოდნენ. ეს ჩემს სურვილზე იყო დამოკიდებული. დედაჩემი მომყვებოდა კასტინგებსა და გადაღებებზე და ყველას ასწავლიდა, პატივი ეცათ ჩემი არჩევანისთვის. თავს თავისუფლად ვგრძნობდი, იმიტომ, რომ ვიცოდი, ნებისმიერ დროს შემეძლო უარის თქმა.
მორალურ ტრავმებსა და პრობლემებს ადგილი არ ჰქონია?
ჩემთვის 20 წლის ასაკში დადგა რთული მომენტი: თითქოს ჯერ ქალი არ ხარ, მაგრამ აღარც გოგონა. პროდიუსერები იბნევიან − ისინი მიცნობდნენ როგორც მსახიობს, რომელიც 15 წლის თინეიჯერებს თამაშობდა და ყველაფერი მშვენივრად იყო. ახლა რა უნდა ექნათ ჩემთვის? თავში არ მოსდიოდათ სხვა თვალით შემოეხედათ და ახალგაზრდა ქალის როლებში დავენახე. კონტრაქტების მიღება გაჭირდა. ერთხელაც ჩემმა აგენტმა სერიოზული საუბარი გამიმართა იმის შესახებ, თუ როგორი როლების მოპოვება მსურდა, რას ველოდი მომავლისგან და კარიერისგან. ეს ყველაფერი ძალიან დეპრესიული იყო, სტრესი განვიცადე. ამიტომაც, ფილმი „ბრუკლინი“ ნამდვილი საჩუქარი აღმოჩნდა. ჩემი გმირი სახლიდან მიდის, უყვარდება, ორსულდება და ქორწინდება. ეს ჩემთვის კინოინდუსტრიისადმი ერთგვარ მიმართვად იქცა: „ხალხნო, მე გავიზარდე!“ მიუხედავად ამისა, მაინც კრიზისი მქონდა. დავბრუნდი ირლანდიაში და არ ვიცოდი, ემოციებს როგორ გავმკლავებოდი. თითქოს პუბერტატის პერიოდი ხელახლა გავიარე, უბრალოდ − უფრო მტკივნეულად.
ხშირად გადარებენ მერილ სტრიპს − საოცარი ორგანულობისა და გარდასახვის სიმსუბუქის გამო. სტრიპს კონტრაქტში უწერია, რომ თითოეული როლის წინ 3 თვე სჭირდება მოსამზადებლად, რაც მიუთითებს იმაზე, რომ მისი ეს სიმსუბუქე დიდი შრომისა და მონდომების შედეგია...
მგონი მე ყველაფერს ინსტინქტურად ვაკეთებ. მერილი გენიალური მსახიობია და ამავდროულად, ურთიერთობაში ძალიან უბრალო! ერთხელ „პატარა ქალებში“ ნამდვილი ქეიფი მოაწყო. იმ დღეს მოედანზე არ ვყოფილვარ და ტიმოთი შალამესგან, ემა უოტსონისგან და ფლორენს პიუსგან შეტყობინებები მივიღე: „წარმოიდგინე, მერილს შემწვარი კარტოფილი და ბურგერი მოუნდა და ყველა დაგვპატიჟა!“
როგორც ჩანს, თქვენს ცხოვრებაში დედას უმნიშვნელოვანესი როლი აქვს...
დედამ მასწავლა ყველაფერი: როგორ გადავიხადო გადასახადები, როგორ ვიარო მაღაზიაში, რა საკვები ვიყიდო, როგორ მოვამზადო, როგორ დავალაგო, რა პრინციპით გავრეცხო ჭურჭელი − რაც უფრო ადრე, მით უკეთესი! მოკლედ, დედამ დამოუკიდებლობა მასწავლა, რათა მეგრძნო თავი თავდაჯერებულად არა მხოლოდ გადასაღებ მოედანზე, არამედ რეალურ ცხოვრებაშიც.
საჭმლის მომზადებასთან როგორ ხართ?
მომიწია სწავლა. მიყვარს სპაგეტი „ა-ლა ბოლონეზე“ ქათმითა და ბოსტნეულით, ისე, როგორც ჩემს ოჯახში ამზადებენ. ამ კერძის სურნელი შინ სიმყუდროვეს გაგრძნობინებს. გასულ ზაფხულს თავისუფალი დრო მქონდა და კულინარიულ კურსებზე ჩავეწერე. ახლა ვიცი, როგორ მზადდება ხორცი სწორად. ვისწავლე ნამცხვრის გამოცხობაც. კულინარია ცოტათი სამსახიობო თამაშს წააგავს. მე ვიცი „რეცეპტის“ ზუსტად მიყოლა, მაგრამ თამაშის პროცესში მის გამრავალფეროვნებას ვსწავლობ, ამისგან კი დიდ სიამოვნებას ვიღებ.
როგორ ფილმებს უყურებთ?
ახლა იმდენი კარგი ფილმი გამოდის, რომ დრო არ მყოფნის ყველაფერი ვნახო. მაგრამ სიამოვნებით აღვნიშნავდი: „მე, ტონიას“, „წყლის ფორმას“ და „სამ ბილბორდს ებინგის საზღვარზე“. ისინი ჩემი კონკურენტები იყვნენ წინა წლის „ოსკარზე“, ამიტომაც წაგება არ მწყენია. ბავშვობაში დიდი აღტაცებით ვუყურებდი „ჰარი პოტერის“ ფილმებს. ოცნებებში მასზე შეყვარებულიც ვიყავი და ცოლადაც მივყვებოდი.
ხშირად ცდილობენ ტიმოთი შალამეზე „დაგაქორწინონ“. უკვე მესამე ფილმზე მუშაობთ ერთად...
გულშემატკივრები ხშირად მეკითხებიან, მსურს თუ არა გავყვე მას ცოლად. მე ვპასუხობ: „ჩემთვის მასთან მეგობრობა გაცილებით საინტერესოა!“ ერთად ვთამაშობთ და ვიცინით. დაე, ყველაფერი ასე დარჩეს ჩვენ შორის!