თუმანიშვილის კინომსახიობთა თეატრი პანდემიური რეჟიმის კიდევ ერთი, მორიგი მსხვერპლია, რომელიც თავის ყოვლისმომცველ უძრაობაში ჩაითრია და გააჩერა, დაადუმა. ჩვენი რუბრიკის ექვს არაჩვეულებრივ რესპონდენტს უდიდესი საერთო ვნება აქვს: თავიანთი საქმისადმი უკიდეგანო სიყვარული და თეატრის, სცენის, მაყურებელთან ცოცხალი ემოციების გაცვლის მონატრება. როგორი იქნება თეატრის ახალი სიცოცხლე პანდემიის შემდეგ? გაეცანით, როგორი მოლოდინი აქვთ თუმანიშვილის კინომსახიობთა თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელს, დირექტორსა და დასის წევრებს საყვარელი თეატრის სამომავლო ბედთან დაკავშირებით.
გიორგი სიხარულიძე − თუმანიშვილის კინომსახიობთა თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი.
გიორგი, როგორი მდგომარეობაა დღეს, ასეთ კრიზისულ პირობებში თეატრში?
თეატრისთვის ყველაზე რთული მდგომარეობაა. ზოგადად, გამოსავლის პოვნა ყოველთვის, ყველა სიტუაციაში შეიძლება, მაგრამ რაკი თეატრი მაყურებელთან ურთიერთობის გარეშე წარმოუდგენელია, ჩვენ ყველაზე მეტად გაგვიჭირდა. თეატრალური ხელოვნების არსი ის ურთიერთობა და კონტაქტია, რაც იმ წუთში, იმ მომენტში არის და ცოცხლობს. უამრავი სპექტაკლი განთავსდა ინტერნეტსივრცეში და მიუხედავად იმისა, რომ შედევრები იყო, მართლაც საოცარი დადგმები, კიდევ ერთხელ დარწმუნდა ყველა, რომ თეატრი ცოცხალი ხელოვნებაა და მაყურებლისა და ემოციების გარეშე ის არსსაც კარგავს და იმ საოცარ მადლსაც, რომელიც მსახიობებსა და მაყურებელს შორის ცოცხალ კომუნიკაციაშია.
არ გაქვთ განცდა, რომ ეს დიდი გაჩერება შესაძლოა ერთგვარი ამოსუნთქვაა სამყაროსი, ენერგიით გავსება... იქნებ შემდეგი ნაბიჯი მთელი მსოფლიოსთვის და თუნდაც თქვენი სფეროსთვის ახალი და ძალიან ნაყოფიერი ეტაპის დასაწყისი იყოს?
სრულიად გეთანხმებით. ეს ისეთი მასშტაბის მოვლენაა სამყაროში, რომ აუცილებლად განაპირობებს ახლის დაბადებას. უფალმა დაუშვა ამის მოხდენა და ჩვენც − ხელოვანები, ერთგვარად დაგვაფიქრა, რომ მოვემზადოთ ახალი სათქმელისთვის, რათა ეს უდიდესი მოვლენა აისახოს ახალ შემოქმედებით ნაბიჯებში. უკვე გვაქვს ახალი იდეები, მაგრამ ალბათ ცოტა მეტი დრო უნდა გავიდეს, რომ კარგად გავაანალიზოთ ეს გამოწვევა, რომელიც გადაგვხდა. 2-3 წელიწადში უფრო ნათლად გავიაზრებთ მის მნიშვნელობას. ახლა რა პროდუქტიც იქმნება, იმპულსური, ემოციური, მაგრამ ოდნავ ზედაპირულია, წუთიერი განცდების გავლენით დაბადებული. ისტორიულად, ასეთი დიდი მოვლენებიდან გარკვეული პერიოდის გასვლის შემდეგ, იქმნება ხოლმე ღირებული სიახლეები ლიტერატურაში, მხატვრობაში, მუსიკაში... ალბათ ახლაც ასე იქნება.
მე და თქვენ ახლა თუმანიშვილის კინომსახიობთა თეატრში ვიმყოფებით. ყველაზე მეტად რა გენატრებათ ამ კედლებში? და საერთოდაც, „რა ხილია“ მონატრება?
მონატრება საოცარი რამეა. შეიძლება ყოველდღე იყო შენს საყვარელ ადამიანთან, ყოველდღე იყო შენს საყვარელ თეატრში, მაგრამ იმდენად დიდი იყოს სიყვარული, რომ არ გყოფნიდეს, წამოსვლიდან, გაჩერებიდან ერთი წუთის შემდეგ მოგენატროს. მე ახლაც ხშირად მოვდივარ თეატრში, დავხედავ ხოლმე, მენატრება ძალიან. უპირველესად, საქმისადმი ვგრძნობ ამ განცდას. მენატრება სარეპეტიციო სამუშაოები, ის ფუსფუსი, რომელიც ახალი სპექტაკლის დაბადებას ახლავს. ამხელა პაუზის შემდეგ, დიდია მონატრება. თუმცა ჩვეულ რეჟიმშიც, როდესაც ჩართული ვარ პროცესებში და მიდის რეპეტიციები, დავამთავრებ თუ არა, მაშინვე მენატრება. მონატრება ჩემი მუდმივი განცდაა, სადაც დიდი სიყვარულია ადამიანისა თუ საქმის მიმართ. მონატრებაც იმწუთიერია.
ნინო ბურდული
ჩემთვის ეს გამოწვევა არის ეპოქის ცვლა. და ერთადერთი, რაშიც დარწმუნებული ვარ, ამის შემდეგ აღარაფერი იქნება ისეთი, როგორიც იყო კორონაკრიზისამდე. ეს რა თქმა უნდა, ხელოვნებას და სასცენო ხელოვნებასაც შეეხება. თეატრი რომ აღარ იყოს, ამაზე ფიქრიც არ მინდა, მე ვფიქრობ, რომ ის უბრალოდ ფორმას შეიცვლის. წარსულ ცივილიზაციებში თეატრის ბევრნაირი ფორმა არსებობდა და ახლის გამოგონებაც არაა საჭირო. პირველი, რაც იოლად გასაკეთებელია, ქუჩის თეატრია, ეს მიმართულება ყველგან საკმაოდ დიდხანს არსებობდა − მაწანწალა თეატრი. ყოველთვის ვამბობდი, რომ მაწანწალა მსახიობი ვარ, რადგან თითქოს უხდება თეატრს ეს ადგილების ცვლა და მოგზაურობა, ახალ რეალობაზე მორგება. ძალიან მალე შესაძლოა ამ ფორმაში გადავინაცვლოთ, გარეთ დავდგათ წარმოდგენები. ჩემთვის ეს საკმაოდ მომხიბლავი ფორმაა, ის დრამატურგიაა, რაც ქართველ მაყურებელს ძალიან უყვარს. სახალხო თეატრის ფორმა, ვფიქრობ, გაამართლებს კიდეც ჩვენს რეალობაში. ელიტარული თეატრი კი ან იარსებებს ან არა. არავინ იცის, მომავალში რა იქნება, უპროგნოზო რეალობაში ვართ. გარკვეულ დონეზე ალბათ ინტერნეტში გადაინაცვლებს წარმოდგენები, რაც უკვე ხდება კიდეც. ამას თავისებური სპეციფიკა და კანონები აქვს, თავისებური ხიბლი, რომელიც კარგად უნდა ავითვისოთ.
თამრი ბზიავა
მაყურებლის გარეშე, ცოცხალი პროცესის გარეშე, არ არსებობს თეატრი, და მოიცავს მაყურებლის, ხალხის ენერგიას. ალბათ კვლავ გავაგრძელებთ საქმიანობას ახალ პირობებში, დისტანცირებულად. თეატრის, კულტურის გარეშე ვერ იარსებებს ქვეყანა. ძალიან მომენატრა თეატრი. იცით, ყველაზე მეტად რაზე მწყდება გული? ნოემბერში ფესტივალ „საჩუქარის“ ფარგლებში ვითამაშეთ ანდრიი ჟოლდაკის „დედოფალი ლირი“, რომელიც შემდეგ თუმანიშვილის თეატრში უნდა წარმოგვედგინა და მაწუხებს ის, რომ არ დაგვცალდა მისი თამაში. იმედი მაქვს, ყველაფერი დალაგდება და აუცილებლად გავაგრძელებთ საქმიანობას.
ზურა გეწაძე
თეატრი მუდმივად ცვალებადი ცოცხალი ორგანიზმია. იმ ისტორიის განმავლობაში, რაც სასცენო ხელოვნება არსებობს, ის მუდმივად ცვლილებებს განიცდის, დროს მიჰყვება. შესაბამისად, სულ რომ არ მომხდარიყო არაფერი, ის მაინც შეიცვლებოდა, რადგან დროის გამოძახილს პასუხობს. ამ შეთხვევაშიც, ამ კრიზისის პირობებში, ეს პრინციპი შესრულდება. შეიცვლება თეატრის ფორმა, ახალი გამომსახველობითი საშუალებები გაჩნდება, მოგვიწევს რეგულაციების, რიგი პირობების გათვალისწინება და თეატრის ფორმა თუ შინაარსიც მას მოერგება. შეიცვლება სათქმელი. ამ პაუზამ ისიც გააკეთა, რომ დავფიქრდით ბევრ რამეზე, ახალი პრიორიტეტები გავიაზრეთ.
დარეჯან ხაჩიძე
მე მგონია, რომ მსახიობები ამ პერიოდში უფრო მობილიზებული უნდა იყვნენ, ეს დრო არ უნდა დაკარგონ, ბევრი უნდა იკითხონ, გამოცდილება დაიგროვონ, რადგან ამ კრიზისული პერიოდის გადავლის შემდეგ კონკურენცია კიდევ უფრო გაიზრდება. მაყურებელმა იმდენი ნახა და განიცადა, რომ ის, რასაც აქამდე ვთავაზობდით, მისთვის აღარ იქნება საკმარისი. თეატრის ფორმას რაც შეეხება, ალბათ ესეც გამოჩნდება ნელ-ნელა, თუ რა ფორმით შეიძლება მან განაგრძოს მოქმედება. ბატონი მიშა (თუმანიშვილი) ამბობდა, მე რომ ერთი ხალიჩა მომცა, იმაზეც კი დავდგამ სპექტაკლსო. მთავარი ნიჭია. ამაზე უარესი დროც უნახავს თეატრს და ის ისეთი სიცოცხლისუნარიანი ორგანიზმია, რომ აუცილებლად გამოძვრება. მთავარია, უკეთესი სპექტაკლები დაიდგას, მეტი ნიჭი გაიშალოს, გაიფურჩქნოს. ამის რესურსი ნამდვილად გვაქვს. იმდენი ენერგია დაგვიგროვდა ამასობაში, რომ ის აუცილებლად სადღაც უნდა გამოვათავისუფლოთ. მალე სექტემბერი დადგება, ახალი სეზონის დასაწყისი. ვფიქრობ, დროა, მსახიობებმა ახალი ენერგიით, უფრო საინტერესოდ გამოვაჩინოთ ჩვენი თავი.
ვანო თარხნიშვილი
არ ვიცი, როგორი იქნება თეატრის ახალი სიცოცხლე, მაგრამ ზოგადად, როდესაც წინაღობა არსებობს, ის უფრო გვაძლიერებს და მოტივაციას გვიზრდის, ისე, რომ ფანტაზია გაგვეხსნას და ამ ყველაფერზე გავიმარჯვოთ. თუკი აღდგა თეატრალური წარმოდგენები, მაყურებელთან უნდა ითამაშო − სხვანაირი თეატრი არ არსებობს. როგორც კი ეს ნაწილი აღდგება, იმდენი ენერგია, მოტივაცია ექნებათ დაგროვილი დრამატურგებს, რეჟისორებს, მსახიობებს, რომ ალბათ დიდი შემოქმედებითი აფეთქება მოხდება. გაიხსენეთ, როდესაც ცენზურა არსებობდა, ის შემოქმედებს საქმის კეთების დამატებით მოტივაციას აძლევდა. ხანდახან მტერი საჭიროა, რომ დაამარცხო და შემდეგ ახალი ენერგიით ბევრი რამ შეცვალო. თუ მსახიობებისა და მაყურებლების კვლავ დაკავშირება გამოვა, მაშინ იმედიანად ვუყურებ თეატრის მომავალს, და თუკი ეს ვერ მოხერხდება, მაშინ ჩემთვის თეატრი აღარ იქნება.