„ეს იყო პაუზა განგებისგან. საჭიროა გავიგოთ, საით მივდივართ, ან მივდივართ კი სადმე?!“ − ამბობს მარჯანიშვილის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი, ლევან (ჭოლა) წულაძე და ერთი შეხედვით, უძრაობის ხანას თეატრისთვის დინამიკის, მნიშვნელოვანი ნახტომის წინაპირობად აფასებს.
მსახიობთა დასის წევრებიც სწორედ ხელახალი გადატვირთვისთვის ემზადებიან და საკუთარ განცდებსა და მოლოდინზე გულწრფელი ემოციებით საუბრობენ, რომლებშიც სცენის ნოსტალგია ჯერ ვერ განკურნებულა.
მაშინ, როცა სამყარო პანდემიის ფრონტზე ბრძოლამ ვაქცინის იმედად დატოვა, მარჯანიშვილის თეატრის შემოქმედებითი ჯგუფი მოლოდინით სულშეგუბებული იცდის გარდაქმნისთვის, კომუნიკაციის ახლებური ფორმებისთვის მზადყოფნას აცხადებს და თეატრს იმ იმუნიზაციად ხედავენ, რომელიც ნებისმიერ დროებაში ეფექტურ მედიკამენტად ანამნეზის მიუხედავად მიიღება.
საჭიროა თუ არა იზოლაცია კათარზისისთვის?
ეს იყო პაუზა განგებისგან. საჭიროა გავიგოთ, საით მივდივართ ან მივდივართ კი სადმე?! ჩვენ თითქოს მხოლოდ ახალგაზრდობისას ვფიქრობთ, რისთვის მოვედით, რას მოვუტანთ სამყაროს, შემდეგ კი საზრუნავში ჩაფლულები ინერციით განვაგრძობთ სვლას.
ახლა ჩვენ საშუალება მოგვეცა, შევჩერებულიყავით, დავფიქრებულიყავით, რას ვაკეთებთ ან რას უნდა ვაკეთებდეთ.
როდის ახერხებთ საკუთარი თავი უკეთ გაიცნოთ?
მსგავს ექსტრემალურ სიტუაციებში უკეთ შევიცნობ საკუთარ თავს. ზოგჯერ მდორედ მივედინებით და საჭიროებაც კი ჩნდება, რომ რაიმე დისკომფორტმა დინამიკა შეგვძინოს, რათა ახალი იდეები იშვას.
სამყარო ახლა არის დინამიკაში?
უზარმაზარი ნახტომების წინაშე ვდგავართ ფილოსოფიის, მეცნიერებისა თუ სამყაროს გააზრების თვალსაზრისით. თითქოს ერთი შეხედვით ჩანს, რომ სამყარო გაჩერდა, მაგრამ ეს ასე არ არის, ის უბრალოდ კმაყოფილი არაა და შფოთავს.
თქვენი სფეროც ასე სიჩუმეში დუღს? რა გეგმები გაქვთ?
ჩვენც ნახტომისთვის ვემზადებით. თეატრმა „ტყავი უნდა გამოიცვალოს“, ურთიერთობების ახალი ფორმა მოძებნოს. ძნელია ფორმას სახელი წინასწარ დაარქვა, თუმცა ადვილია აღნიშნო, რომ უამრავი ახალი ხერხი არსებობს, რომელსაც თეატრი ჯერ არ იცნობს, მე კი მგონია, რომ მისთვის გაჩენილა.
უკვე დავიწყებთ რეპეტიციებს თითქმის ჩვეულ რეჟიმში, უბრალოდ – მცირერიცხოვანი მონაწილეებით. იმედი მაქვს, სულ მალე ახლებურ ფორმატში სპექტაკლების ჩატარებასაც შევძლებთ.
ნინო გაჩეჩილაძე
ზუსტად მახსოვს თარიღი, რომლის შემდეგ სპექტაკლში არ მითამაშია. 27 თებერვლიდან მოყოლებული, სცენაზე წარმოდგენაში მონაწილეობა არ მიმიღია და ეს აღმაფრენა მაკლია.
3-თვიანი უძრაობის შემდეგ, სულ რამდენიმე დღეა რაც გადაღებებს სერიალში დავუბრუნდი და საოცრად გამახარა ამ ატმოსფეროში დაბრუნებამ.
თეატრში ფაქტობრივად ვცხოვრობთ, ერთი ოჯახის წევრები ვართ, რომლებიც ერთმანეთს ყველაფერს ვუზიარებთ და ვგულშემატკივრობთ. საქმიანობის გარდა, ჩვენი ეს ყოველდღიურობაც დანაკლისია, ძლიერ მონატრებას ვგრძნობთ, რომლის შევსებასაც ინტერნეტკავშირში ვცდილობთ.
ის, რასაც ამ დროის განმავლობაში ალბათ ყველანი მეტი სიმძაფრით მივხვდით, ისაა, რომ თეატრის არსებობამ ჩვენს ცხოვრებაში გაცილებით დიდი მნიშვნელობა შეიძინა. ყოველდღიურ რუტინაში ჩაკარგულები ხომ ზოგჯერ ბოლომდე ვერ ვიაზრებთ და ვაფასებთ იმას, რაც გვაქვს. ამას კი ახლა ზუსტად ვხვდებით, როცა ამხელა პაუზის შემდეგ სცენაზე დაბრუნებას ვცდილობთ.
ზოგადად, საკმაოდ ჩაკეტილი ადამიანი ვარ და თვითიზოლაციამ საკუთარ თავში კიდევ უფრო ჩამაღრმავა. მიძინებულმა გატაცებებმაც გაიღვიძა და მათ დრო დავუთმე.
რთულ ჟამს უნდა მოვერგოთ და სარგებელი ვნახოთ, სირთულეებს კი ვებრძოლოთ. ასე ყოველგვარ შეფერხებას გამარჯვების სასარგებლოდ გადახრა უწერია.
დავით დვალიშვილი
მე მინახავს ცარიელი თეატრი, სადაც მაყურებელი არ დადიოდა, მინახავს კუპონების დრო და ერთ ათეულ კუპონზე მომუშავე დასი. ბევრი ქარტეხილის მომსწრე ვარ, რომელსაც თეატრმა გაუძლო და იცოცხლა. ახლა ახლებური სირთულის წინაშე ვდგავართ. იდეაც წარმოვადგინე, რომ ტელევიზიის დახმარებით თეატრს სხვა სიცოცხლე შთავბეროთ. ვფიქრობ, დრამატულ თეატრს მეტი ხალხიც კი გაიცნობს. მანამდე ფორმა დასაზუსტებელია, თუმცა ეს გადარჩენის ერთ-ერთი რეალური შესაძლებლობა მგონია.
კიდევ არაერთი როლის შესრულება მინდა, აქამდე 150-ზე მეტი როლი შემისრულებია და თითოეულში მიპოვია საკუთარი ნაწილი. მინდა ვიცოდე, კიდევ რამდენ სულიერთან იპოვის საერთოს ჩემში ახალი პერსონაჟი.
კოკო როინიშვილი
მარჯანიშვილის თეატრთან უამრავი რამ მაკავშირებს. შევამჩნიე, ბოლო დროს აქ ახლოს არც კი ჩამივლია. მიმაჩნია, რომ სენტიმენტალური ადამიანი ნაკლებად ვარ, თუმცა როგორც ჩანს, ემოციები ჭარბობს იმ ატმოსფეროს მიმართ, რომელსაც ტყუილად არ ვეძახით ჩვენს მეორე სახლს.
ახლა ტელევიზიაში ვმუშაობ, ახლად შეძენილი პროფესია ჩემთვის საინტერესოცაა, თუმცა არაფერი ცვლის იმ ფაქტს, რომ თეატრში თებერვლის შემდეგ არ მითამაშია.
როცა ზაფხულობით სეზონის დახურვისას დასასვენებელად მივდივართ, მაშინ ფიქრები იჩენს თავს, რომ შესაძლოა როლი, ტექსტი, ნაწილობრივ დაგავიწყდეს, თუმცა როგორც კი სცენაზე დგები, ყველაფერი თავის ადგილს უბრუნდება.
იმედი მაქვს, იმდენად მალე დავბრუნდებით, რომ ყველაფერი ისეთივე მცირე პაუზას დაემსგავსება.
ირმა ბერიანიძე
ახლა თეატრის ყველა მსახიობის საფიქრალი ერთია. უამრავს ვსაუბრობთ, დაბრუნების გზებს განვიხილავთ და ბატონი ლევან (ჭოლა) წულაძის კრეატიულობის იმედი გვაქვს.
ჩვენთვის თეატრი ჰაერივითაა და როგორც წყალი, ისე გვწყურია. გვენატრება სცენა, სადაც უბრალოდ შესვლა და დადგომაც კი ახლა რეგულაციების ფონზე გართულებულია.
ჩვენს ერთგულ მაყურებლებს ქუჩაში თუ ვხვდებით; ტელევიზია ხომ პოპულარობის მოპოვების თვალსაზრისით ალბათ ყველაზე ძლიერი იარაღია, თუმცა თეატრის სტუმრები საოცარი ერთგულებით გამოირჩევიან, მათ ზეპირად იციან ტექსტების ნაწილი, ერთსა და იმავე სპექტაკლს მრავალჯერაც ესწრებიან და ბილეთები მუდმივად წინასწარ გაყიდულია. საოცარი შეგრძნებაა მათთან შემთხვევითი შეხვედრაც კი. ვიცით, რომ მოუთმენლად გველოდებიან.
ანკა ვასაძე
ახლა, როცა ამდენი ხნის შემდეგ მარჯანიშვილის თეატრში პირველად შემოვდგი ფეხი, ეს ემოცია ძალიან ძლიერი აღმოჩნდა.
აქამდე შესვენებას ყოველთვის ახლდა თარიღი, როცა ვიცოდით, დაბრუნებას შევძლებდით, ახლა კი ვადების არარსებობაა მთავარი სირთულე.
დავაფასე საქმე, რომელიც მაქვს და დიდი შემართებით ველოდები რეპეტიციებზე შემოქმედებითად დახარჯვას. ვწუხვარ, რომ სპექტაკლის ჩვენების საშუალება არ გვეძლევა, არადა სივრცეში დისტანციის დაცვაც შესაძლებელია და ღია ცის ქვეშ წარმოდგენის დადგმაც რეალურია.
სოციალურ ქსელში ბევრი გულშემატკივარი გვწერს, ამბობენ, რომ ჩვენთან შეხვედრას ელოდებიან.
ონისე ონიანი
როცა 3 თვით შვებულებაში გავდივართ და სეზონი იხურება, სულ სხვა შეგრძნებაა, ახერხებ დასვენებას, მაგრამ ეს სულ სხვა, იძულებითი პაუზაა. შესვენება, რომელიც მარტში, წესისამებრ აქტიურ პერიოდში მოულოდნელად ავიღეთ.
ახლა ის ეტაპი მიდგას, როცა მინდა ყველაფერს შევეჭიდო, შემოქმედებითად მაქსიმალურად დავიხარჯო. ამიტომაც, განსაკუთრებით რთულია ეს შეჩერება. ყველა თავშესაქცევზე ფიქრობს და მეც ჯერ ონლაინსივრცეში გადავინაცვლე, სახალისო ვიდეოებით სხვებსაც ვართობდი და საკუთარ თავსაც, წიგნების კითხვითაც ვიჯერე გული, წერაზეც გადავერთე. თუმცა არასდროს შემიწყვიტავს ფიქრი თეატრზე და არ იკლებს მონატრება, ის შეუცვლელია.
ჩვენთვის თეატრი ხომ მხოლოდ შენობა არ არის, სადაც მიხვალ, საქმეს გააკეთებ და ამ კედლებს დატოვებ. ეს ჩვენი სახლია, სადაც იმაზე მეტ დროს ვატარებთ, ვიდრე შინ.