რუსთაველის თეატრის ვრცელი დარბაზი კვლავ ახმაურდა. მღელვარებით ვიაზრებ, რომ ჩემი ექოც დარჩება ისტორიულ კედლებს... რამდენიმეთვიანი პაუზის შემდეგ, მსახიობები თეატრის მამასახლისთან, რობერტ სტურუასთან ერთად დაბრუნდნენ და წარმატებით მართვადი პანდემიის პირობებში, საქართველოს საუკუნოვანი თეატრის დარბაზში ხელახლა დგამენ პირველ ნაბიჯებს. სათითაოდ ვესაუბრე დასის წევრებს, რომლებიც ახალგაზრდა და უფროსი თაობის წარმომადგენლების სინთეზში შემოქმედებით ძიებებს ნებისმიერი გამოწვევის მიუხედავად განაგრძობენ.
ნოსტალგია საერთოა. ერთია მაყურებლის კვლავ ნახვის წყურვილიც.
თუმცა კი ლეგენდარული რეჟისორის, შ. რუსთაველის სახელობის სახელმწიფო აკადემიური თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის წყალობით, მაყურებელმა მაინც შეძლო მონატრებული მსახიობების ხილვა; მაშინ, როცა სულ რამდენიმე დღის წინ, სპექტაკლის „თამაშის დასასრული“ პრემიერა ეკრანზე, პირდაპირ ეთერში შედგა.
არავის უკვირს, თუმცა მაინც აოცებს რობერტ სტურუას უშრეტი შემოქმედებითი ფანტაზია, რომელიც ნებისმიერ პირობებში გარღვევას ახერხებს. მაყურებლები ყოველ ჯერზე ველით მის მორიგ წარმატებულ ნამუშევარს და ბუნებრივიცაა, რომ როცა მასთან შეხვედრის სასიამოვნო პრივილეგია მერგო, მინდოდა საოცრად საინტერესო საუბრის დასასრული რაც შეიძლება შორი პერსპექტივა ყოფილიყო.
სწორედ ამიტომ, თავდაჯერებულებს გვწამს, რომ საუკუნეებიც კი ტალანტის ძალის წინაშე ქედს იხრიან და თეატრს სიკვდილი არ უწერია.
როგორ აღიქვამთ ამჟამინდელ სამყაროს? როგორ სცენარს წერს ის?
სამყაროს მსოფლიოს დასასრულის შესახებ ბევრი პიესა ახსოვს, რომლის ამოსავალი წერტილიც ბოლო ჟამის ფაბულაა.
რაღაც იწყება და მთავრდება. ეს უწყვეტი კანონზომიერებაა, რომელიც მუდმივად ხდება საინტერესო მასალა. მასზე ხელოვნება მუშაობს.
მე-19 საუკუნის ბოლოსა და მე-20 საუკუნის დასაწყისში განსაკუთრებით მრავალი პიესა მიეძღვნა აღსასრულის თემატიკას.
როცა „ალუბლის ბაღში“ ხეებს ჩეხავენ, ესეც დასასრულია. ალეგორიებით და მის გარეშეც, ფინალი საინტერესო მოსათხრობია.
საუკუნეების განმავლობაში, როგორ გაურბის თავად თეატრი ფინიშის ხაზს?
მგონია, რომ ჩვენი პროფესია „დასასრულისაა“. თუ წარმატებული სპექტაკლის დადგმა შესაძლებელია, იქ მსახიობები როლებს ისე თამაშობენ, თითქოს ხვალ აღარ იქნებიან და მაყურებელს ღირსეულად ეთხოვებიან.
ალბათ ამიტომაც, თეატრის დაფასება ჩვენი უკვდავების ელექსირია.
ვითამაშებთ ყველგან და მჯერა, რომ სანამ მთავარი დასასრული არ მოახლოვდება, ის ჯერ ჩვენგანაც შორსაა.
რა ტიპის ვაქცინის შექმნა შეუძლია ხელოვნებას, კერძოდ − დრამატურგიას?
იდეალისტი არ ვარ. არ ვიტყვი, რომ ის ვაქცინაა, რადგან პარტერში მოვა რიჩარდ მესამე და დაჯდება, უყურებს მის პერსონაჟს სცენაზე და მიუხედავად იმისა, რომ მის მხარეს არასდროს დაიჭერს და აღშფოთდება, ბოროტის გმობა შინამდეც მიჰყვება, დილით კვლავ რიჩარდ მესამედ გამოიღვიძებს. ის ზნეს არ შეიცვლის.
გამოდის, თეატრი უფრო მეტად პროფილაქტიკური საშუალებაა, ვიდრე სამკურნალო?
ალბათ უფრო ასეა, მართალია. სანატორიუმს ჰგავს, რომლის დანიშნულებაშიც წერია, რომ პაციენტებს შევახსენოთ, უმკურნალონ ღვიძლს, დალიონ მინერალური წყალი, მაგრამ ისინი შემდეგ ისევ სასმელს ეტანებიან.
ახლანდელი ადამიანები როგორი პერსონაჟები არიან?
საინტერესო, საბრალო. ჰგონიათ, რომ მუდამ იქნებიან და ადრე თუ გვიან, მიემგზავრებიან იქ, სადაც ელიან.
იდეალური სამყაროს, თუმცა არაუტოპიური მოდელის, შექმნა რომ შეიძლებოდეს, რა პრიორიტეტებს განსაზღვრავდით?
სამყარო არა ჩემს ხელში, არამედ მინდა, ადამიანების ხელში იყოს, ჰუმანისტური ნოტებით.
გოგა ბარბაქაძე
სამყაროში ახლა საოცარი ვითარებაა, როცა არავითარი პროგნოზი არ გვაქვს. თუმცა ეს ჩვენთვის, მსახიობებისთვის გარკვეული მუხტიცაა. თეატრი ხომ ექსპერიმენტია და ჩვენც ვატარებთ ცდებს, პერსპექტივების ცოდნის გარეშე.
რთულია, მაყურებლის გარეშე მონაწილეობა, თუმცა პირდაპირ ეთერში, სცენაზე ის გვაძლევდა სტიმულს, როდესაც ვიცოდით, უფრო ბევრი ადამიანი გვიყურებდა, ვიდრე თეატრში ეტევა.
ახლა ყველაზე მეტად მაყურებლის დარბაზში ყოფნა მენატრება, სცენაზე ყოფნის დროს მათი ჩუმი ხმაურის ნოსტალგიაც მქონდა, ვხუმრობდი, რომ იმისიც კი, როცა შუა წარმოდგენისას მათ ტელეფონის ზარი ურეკავთ.
ლევან ხურცია
4 თვეა, სცენაზე არ ვმდგარვარ. ეს უძრაობა ძალიან უჩვეულო და რთულია. ის, რითაც აქამდე ვცხოვრობდით, რასაც ყველაზე დიდ დროს ვუთმობდით, ახლა ჩვენს ყოველდღიურობას გამოაკლდა. თუმცა ნელ-ნელა, ახალი შემართებით ვუბრუნდებით რეპეტიციებს.
დანაკლისის შევსებას ყველა თავისებურად ცდილობს. ჩემთვის, ისევე როგორც ბევრისთვის, ოჯახთან ერთად დროის გატარების დეფიციტი შეივსო.
ამ დროის განმავლობაში, ცხოვრების წესის უკეთესობისკენ შეცვლა მცირედით მაინც მოვახერხე, ბევრი რამ გადავაფასე, საკუთარი თავი გვერდიდან შევაფასე. მგონია, რომ მსოფლიო წამით შეჩერდა და იმედი მაქვს, დაფიქრდება კიდეც.
პაატა გულიაშვილი
რადგან თეატრში კვლავ ფეხი დავდგი, უკვე მშვიდად ვარ. თუმცა, აუტანელია დარბაზის ცქერა, სადაც მაყურებლის ცარიელ სკამებს შალითა აქვს გადაფარებელი.
საკუთარ თავს ისე ვამხნევებ, როგორც ალბათ ყველა მსახიობი. ვერ ვიტყვი, რომ მოვიწყინეთ, რადგან ჩვენ ვიცით, როგორ შევიქციოთ თავი. მაგრამ თეატრს ვერაფერი ცვლის. მაღელვებს, რომ გახსნის ეტაპები თეატრს არ შეხებია და მოგვიწევს ეფექტური გადაწყვეტილებების მიღება, რათა მაყურებლამდე მისასვლელად სწორი გზა ვიპოვოთ.
თეატრის გარეშე ცხოვრება არ შემიძლია. სირთულეებისას ხომ ყველაზე მძაფრად გრძნობ ამ ემოციას.
დავით უფლისაშვილი
გამიჭირდება სიტყვებით გადმოვცე სევდა, რომელიც დარბაზში მაყურებლის გარეშე სუფევს.
როცა პირდაპირი ეთერისთვის „თამაშის დასასრული“ ვითამაშეთ, სუბიექტური განცდა მქონდა, რომ იმ კამერებისა და მიკროფონების ალყაში შიშველი ვიდექი. მაყურებლის არსებობა დარბაზში პროცესს აცოცხლებს, მათთან უხილავი კავშირი ის მთავარი მოტივაციაა, რომლითაც მეტწილად ვსულდგმულობთ.
როლების ნოსტალგიაც მოგვეძალა. მათ ისევე ვერ გაარჩევ, როგორც შვილებს. და მალე კვლავ მათი შესრულების იმედს ვიტოვებთ.
ია სუხიტაშვილი
რომ ვიცოდე, რამდენი ხანს გასტანს უჩვეულო სიჩუმე, ყველაფერი ბევრად მარტივად იქნებოდა. მზარავს სიტყვები, თითქოს კორონავირუსის შემდეგ სამყარო ვეღარასდროს იქნება ისევ ისეთი. მე მირჩევნია წარმოვიდგინო, რომ ყველაფერი ბევრად უკეთესად გააგრძელებს არსებობას.
უამრავი რამ გადავაფასე და ბევრად უფრო დავაფასე. იმდენი ენერგია დამიგროვდა, რომ მზად ვარ, არ შევჩერდე. მიყვარს მძაფრი შეგრძნებები და ასეთი როლებისთვისაც მზად ვარ.
მთავარი, რასაც საკუთარ თავს დავპირდი და სიტყვას არ გადავალ, ისაა, რომ აღარასდროს ვიტყვი: „დავიღალე“.
ნინო არსენიშვილი
ერთი შეხედვით, გამოუვალ სიტუაციაში ყოველთვის მაქვს ძლიერი ინტერესი. ამ დროს განსაკუთრებით მწამს, რომ ვიპოვით გზებს. ბატონი რობერტ სტურუა კი ამას ყოველთვის ამტკიცებს და მისი ბოლო პროექტიც ამის ნათელი მაგალითია.
პანდემიის ფონზე ცხოვრება უცნაური პერიოდია. მსოფლიო თითქოს მხატვრულ ნაწარმოებს დაემსგავსა, რომელშიც ბოლო უცნობია.
ვცდილობ, სირთულეებშიც ვიპოვო ბედნიერება. კორონავირუსის ჟამიანობა მოვირგე და ბევრ ისეთ რამეს დავუთმე დრო, რასაც აქამდე ვერ ვახერხებდი. ამასობაში, ერთ-ერთი გატაცება − ქირომანტიაც კი შევისწავლე. შინ ჩემი როლების ტექსტებს ვიმეორებდი − იმიტომ არა, რომ დამავიწყდებოდა. იმიტომ, რომ მსიამოვნებდა.
რუსთაველის თეატრის, როგორც სახლის, ნოსტალგია მაქვს, თუმცა სტუმრები არ გვყავს და ბუნებრივია, რომ ეს გვთრგუნავს.
მე ბატონი რობერტის იმედი მაქვს, რომ ნებისმიერი გამოწვევის წინაშე სასიამოვნო სიახლის მომზადებას შეძლებს.
მარინა კახიანი
ჩვენი ცხოვრება რბოლას ჰგავს, რომელშიც ზოგჯერ შესვენება გარდაუვალია. ხომ ვამბობთ, რომ მატარებელი მიქრის, ვწუხვართ, რომ ბევრს ვერ ვასწრებთ. ჩანს, რომ პაუზა საჭიროებაცაა. თუმცა მსოფლიოში პანდემია ტრაგედიაა, რომლისთვისაც სამყარომ მსხვერპლი გაიღო და ეს პაუზა დიდი დანაკლისია.
მახსოვს, როცა წლების წინ ფეხი მოვიტეხე და შინ ყოფნა 2 თვით მომიწია, მოვწყდი თეატრს, ვერ ვითამაშე პრემიერა, ვერ წავედი გასტროლებზე, დავკარგე კინოროლი... ადვილი წარმოსადგენია, რამდენად რთული რეალობა იქნებოდა ეს მსახიობისთვის, თუმცა, ჩემდა გასაკვირად, თითქოს განცდებისგან დაცლილი, უბრალოდ ვისვენებდი და თავს ვამზადებდი, ვიკრებდი ძალებს. ახლანდელი ვითარებაც იმ პერიოდს მაგონებს.
სულმოუთქმელად ველოდები რუსთაველის თეატრის გაცოცხლებას. არაფრის მეშინია, რადგან ზუსტად ვიცი, რომ როცა ბევრს მიაჩნდა, თითქოს თეატრი მოკვდა, მაშინ, როცა ჯერ კინემატოგრაფი, შემდეგ ტელევიზია აღზევდა, ისინი ცდებოდნენ. ახლაც, როცა რთული ჟამი გვიდგას, მე მწამს, რომ თეატრს სიკვდილი არ უწერია − მას ძლიერი ვაქცინა აქვს და ყველა სენს გადაიტანს.
თათული დოლიძე
ახლა მსახიობების უმეტესი ნაწილისთვის ჩუმი პერიოდია. საქმიანობაში ბევრად ნაკლები პიროვნული ხარჯით. დანაკლისის შევსება ფილმში მონაწილეობით შევძელი, რომელიც პანდემიის გამოცხადებამდე ცოტა ხნით ადრე დაიწყო. ის ე.წ. „ჰოუმ ფიქჩერსია“, რომელსაც მაყურებელი მალე იხილავს.
რაც შეეხება თვითიზოლაციას, მე შინ ყოფნა ძალიან მიყვარს, თავს კომფორტულად ვგრძნობ. მიტაცებს ფიქრი და ოცნებების დევნა, რომელიც არ მელევა. ამ პერიოდში შინ უამრავი საქმე გამოჩნდა, ხელი მივყავი მებაღეობასაც. ბევრი ვიშრომე და ფეხით ვისეირნე.
თეატრი ჩემთვის სივრცეა, სადაც ასევე სრული კომფორტის ზონა მაქვს. ყველანაირი აქსესუარი თუ ვარცხნილობა, რომელიც შესაძლოა რეალურ ცხოვრებაში ჩემგან ძალიან შორს იყოს, აქ ორგანული ხდება.
ნანა ფაჩუაშვილი
ბევრი რთული ჟამი ახსოვს თეატრს და ასეთ არაერთ დროებას დავსწრებივარ თავად. ამჯერად სიძნელე საყოველთაოა და დიდი ბედნიერებაა ჩვენი ქვეყნის ზურგში მდგარი საოცრად პროფესიონალი მედიკოსების გუნდის არსებობა, რომელსაც უღრმეს მადლობას ვუხდი.
თეატრის წინაშე გამოწვევა დგას, თუმცა გამოსავალს აუცილებლად ვიპოვით. მისი შველა ახლაც, როგორც აქამდე, ყოველთვის შესაძლებელია.