სექტემბრიდან საქართველოს პირველი არხი ახალ სატელევიზიო სერიალს შემოგვთავაზებს, სახელწოდებით „ქიმია“. რა ხდება მაშინ, როდესაც ადამიანი ონკოპაციენტი ხდება და მის ცხოვრებაში ჩნდება ძალიან მგრძნობიარე სამედიცინო ტერმინი − „ქიმია“. როდესაც მისი ცხოვრება მრავალმხრივი სირთულეებისა და უღელტეხილების გზას ადგება, მტკივნეულად ეჯახება საზოგადოებრივ სტიგმებსა და არაჯანსაღ სტერეოტიპებს და გარშემომყოფ ადამიანებთან ემოციურ კავშირს − „ქიმიას“ ურღვევს. სწორედ ეს და სხვა საინტერესო, აქტუალური თემები იქნება წამოწეული და ღიად აღწერილი ტელედრამაში „ქიმია“, რომელიც შემოდგომიდან საქართველოს პირველ არხზე კვირაში ორჯერ გავა. ქართული OK! გთავაზობთ ექსკლუზიურ ინტერვიუს სერიალის იდეის ავტორთან და სცენარისტთან, ირმა ჩუბინიძესთან და მსახიობებთან − ნანა ბუთხუზთან, ეკა მოლოდინაშვილთან, ქეთი ჩაჩუასთან და თამთა ინაშვილთან.
რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, ძალიან მალე საქართველოს პირველი არხი ახალ სერიალს შემოგვთავაზებს − დრამას, სახელწოდებით „ქიმია“. საინტერესოა, ვის ეკუთვნოდა იდეა და ამ ფილმის გაკეთების ჩანაფიქრი? ის ერთგვარ დიდ სოციალურ პროექტადაც შეიძლება აღვიქვათ, თავისი დატვირთვისა და მნიშვნელობის მიხედვით.
(იდეის ავტორი, სცენარისტი ირმა ჩუბინიძე): იდეა ორიგინალურია, ის მაშინ გამიჩნდა, როდესაც ჩემს ბიძას ქიმიის ერთ-ერთ მორიგ გადასხმაზე გავყევი. დარბაზში შესვლის უფლება არ მოგვცეს და გარეთ ველოდი, როცა ე.წ. ქიმიის კაბინეტიდან ხმამაღალი ჩხუბის, კამათისა და სიცილის ხმა გამოვიდა. მახსოვს, კარი ოდნავ შევაღე და სასწაულის მომსწრე გავხდი: იქ ძირითადად მამაკაცი პაციენტები ისხდნენ და წინა დღის ფეხბურთის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მატჩს არჩევდნენ. მსოფლიო ჩემპიონატი იყო, ვის ეცალა კიბოსთვის. ასე ვნახე საკუთარი თვალით და ძალიან გამოხატულად ამ ვერაგი დაავადების მარცხი და გადავწყვიტე, ჩემი შთაბეჭდილება ყველასთვის გამეზიარებინა. ჩვენს შემთხვევაში მთავარი მოქმედი გმირები ქალები არიან. არც ესაა შემთხვევითი − ვარჩიე სტერეოტიპების ნგრევა საკუთარი თავით დამეწყო, მე კი ქალი ვარ.
ირმა, უფრო დაწვრილებით გვესაუბრეთ სერიალის შინაარსზე და იმ მთავარ იდეებზე, რომელზეც დგას დრამა.
(ირმა): სერიალზე მუშაობისას ერთ-ერთმა ყოფილმა ონკოპაციენტმა მითხრა: მთავარი, რაც ჩვენ შესახებ საზოგადოებას ეშლება, ისაა, რომ მათი აზრით, ჩვენ ისევ იქ, იმ წამში ჩავრჩით, როდესაც გვითხრეს, რომ კიბო გვაქვს. ასე არ არის, ჩვენ ვმოძრაობთ, ჩვენ ვაგრძელებთ ცხოვრებას, წინ მივდივართ, ჩვენ ის წამიც კი უკან მოვიტოვეთ, როცა დიაგნოზი შეგვატყობინესო. სიტყვები − „კიბო განაჩენი არ არის“, ადვილი წარმოსათქმელია, მაგრამ რთული განსახორციელებელი, როგორც პაციენტებისთვის, ასევე მათი გულშემატკივრებისთვის. ამ დაავადებას კომპლექტში უამრავი სერიოზული პრობლემა მოჰყვება − ფინანსური ფაქტორით დაწყებული და ფსიქოლოგიურით დასრულებული, რომელთან გამკლავებაც ხშირად მარტო უწევთ პაციენტებს. მიუხედავად იმისა, რომ ფსიქოლოგის პროფესიული დახმარება ჯერჯერობით ჩვენს ქვეყანაში ადვილი ხელმისაწვდომი არ არის, მკურნალობის რთულ გზაზე ადამიანებს ყველაზე მეტად ისევ პაციენტები ეხმარებიან და როგორც ჩანს, ხშირად მათი ერთობა ფასდაუდებელ სამსახურს უწევს დაავადებულს. ადგილი, სადაც ჩვენი სერიალის მთავარი მოქმედებები ვითარდება, სწორედ ის ადგილია, სადაც ონკოპაციენტები დიდ დროს ატარებენ ერთად − წამლის გადასხმას ხომ საათები სჭირდება. წარმოიდგინეთ, ეს ერთ-ერთი ყველაზე ცოცხალი და მხიარული ადგილიც კი არის კლინიკაში. ალბათ იმიტომ, რომ აქ თავმოყრილ ადამიანებს, განსხვავებული ასაკის, შეხედულებების, განათლების მიუხედავად, ყველაზე უკეთ ესმით ერთმანეთის. ხანგრძლივი მკურნალობის ფონზე იცვლება მათი ცხოვრება, ამტანობა, სახეს იცვლის დაავადება − ზოგი ჯანმრთელდება, ზოგი მძიმდება. უცვლელი რჩება ერთი რამ − მუდმივი ბრძოლა საბოლოო გამარჯვებისკენ, გამოჯანმრთელებისკენ. ძირითადად, ამაზეა ჩვენი სერიალი − მეგობრობაზე, სიყვარულზე, დანაკარგზე, შიშსა და იმედზე.
ამჯერად მსახიობებთან გადავინაცვლებ კითხვებით: გვითხარით, თქვენთვის რა მნიშვნელობა აქვს ამ სოციალურ დრამაში ყოფნას და თქვენი პერსონაჟის როლის შესრულებას?
(ნანა): ამ სოციალურ დრამაში ჩემი ყოფნა, ეძღვნება ჩემს უსაყვარლეს მამიდას, რომელმაც გამზარდა და სამწუხაროდ, მისი ცხოვრება ლეტალურად დასრულდა ამ დიაგნოზის გამო, თუმცა ის ყოველთვის ამბობდა, რომ კიბოს დამარცხება შესაძლებელია, რომ სიმსივნე განაჩენი არ არის. იბრძოდა საკუთარი და სხვების სიცოცხლის გადასარჩენად, რწმენის გასამყარებლად, რათა დაეძლიათ უპირველესად შიში და მორეოდნენ ამ ვერაგ დაავადებას, რომელმაც ყველგან შეაღწია. ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია ვილაპარაკოთ ამ თემებზე ხმამაღლა იმისათვის, რომ არ გვეშინოდეს და მზად ვიყოთ საბრძოლველად. ეს ყველას პრობლემაა და ერთად უნდა მოვერიოთ. ცხოვრება ბრძოლაა!
(ეკა): რა თქმა უნდა, ჩემთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია ამ პროექტში მონაწილეობა. ასეთი ტიპის როლი ჯერჯერობით არც თეატრში მითამაშია და არც კინოში, ამიტომ ძალიან საინტერესოა ჩემთვის და ამავე დროს, რთული და საპასუხისმგებლოც. საერთოდ, ალბათ ერთ-ერთი ყველაზე რთული თემაა, რომელზეც ხშირად ლაპარაკიც კი გვიჭირს ხოლმე. როდესაც გაიგებ, რომ ადამიანს კიბოს დიაგნოზი დაუსვეს, არ აქვს მნიშვნელობა, რა ასაკის არის ეს ადამიანი, ძალიან განიცდი, არც კი იცი რა უთხრა, როგორ გაამხნევო. სიმსივნეზე ღიად საუბარი უჭირთ პაციენტებსაც და მათ ახლობლებსაც. იმედია, ჩვენი სერიალი იქნება კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯი იმისკენ, რომ უფრო მეტად გავუგოთ ამ ხალხს და მათი ოჯახის წევრებს, მეგობრებს.
(თამთა): დავიწყებ იმით, რომ გიწევს იმასთან დამეგობრება, რასაც კიბო ჰქვია, რომელსაც ქვეცნობიერად, ავტომატურად არყოფნასთან აკავშირებ. თუმცა ეს საბოლოოდ ამას არ ნიშნავს, მით უმეტეს 21-ე საუკუნეში. მაგრამ პირველი ფიქრი ალბათ ეს არის. რა თქმა უნდა, ბოლომდე ამ ახალ რეალობას ვერ გაითავისებ, რადგან სრულყოფილი წარმოდგენა არ გაქვს მასზე. ადამიანი გამუდმებით რაღაცის შიშშია, თუმცა როცა მას გაიცნობ და სახელს დაარქმევ, მარტივდება მასთან ერთად ყოფნა. მე მინდა ამ შიშთან ჩავიარო და გავიგო, რას ნიშნავს, როდესაც გეუბნებიან, რომ შენ სხეულს ვეღარ ფლობ, რომ რაღაც გაფუჭდა, რომ ახალი დღე არ იქნება ისეთი, როგორც აქამდე იყო.
გთხოვთ, დაახასიათოთ თქვენი პერსონაჟები, მათი ხასიათები და როლი ამ სერიალში.
(ქეთი): ჩემს პერსონაჟს თათა ჰქვია. ჰყავს დედა და 18 წლის შვილი, რომლებთანაც არ აქვს ურთიერთობა. თათა არის თაღლითი, ლუდომანი, ავანტიურისტი, აზარტული მოთამაშე. მისი წყალობით ოჯახმა ყველაფერი დაკარგა, ქონება და სახლიც კი. ჩემი პერსონაჟი კლინიკაში ცხოვრობს, მძიმე დიაგნოზი აქვს − მეოთხე სტადიის სიმსივნე. თვითონაც კარგად იცის საკუთარი მდგომარეობა, ისიც, თუ რამდენად დიდი შეცდომები დაუშვა ცხოვრებაში, მაგრამ ახლა უკვე მათ გამოსწორებაზე ფიქრი გვიანია. მხოლოდ იმაზე დარდობს, რომ დედა და შვილი ასეთ მდგომარეობაში ჩააგდო, ძალიან ენატრება ოჯახი... ამ ეტაპზე ალბათ სჯობს თავი შევიკავო ჩემი პერსონაჟის შესახებ მთლიანი ინფორმაციის მოცემისგან. სჯობს მაყურებელმა თავად ნახოს და გაიცნოს ის.
(ეკა): ჩემს პერსონაჟს თინა ჰქვია. თინა სასტუმროს მენეჯერია, წარმატებული ქალი. 40 წლის რომ გახდება, უცებ მისი ცხოვრება თავდაყირა დადგება. გადაწყვეტს, სკრინინგი ჩაიტაროს და იგებს, რომ მკერდის კიბო აქვს. ერთი შეხედვით „დალაგებული“ პირადი ცხოვრებაც აირევა. თინას ბევრ პრობლემასთან უწევს გამკლავება, უჭირს ახლებურ ცხოვრებასთან შეგუება, არ უნდა, ოჯახს ტვირთად დააწვეს და ამიტომ უახლოეს ადამიანებსაც კი უმალავს თავის დიაგნოზს და იმას, რომ ქიმიის კურსს იტარებს. ჩემი პერსონაჟი რთულ გზას გადის, რომელსაც მაყურებელიც მასთან ერთად გაივლის, თუმცა სერიალის დასასრულს... ცხადია, ვერ გაგიმხელთ, ამას მაყურებელი თავად ნახავს.
(თამთა): ბოლომდე ჯერ მეც არ ვიცი ჩემი პერსონაჟის ხასიათი და არც როლი ამ სერიალში. ამოხსნის პროცესში ვარ, ახლა დავიწყეთ მუშაობა და არ ვიცი, როგორ ვითარდება. მაგრამ საწყისი ნიშნები გამოკვეთილია და შემიძლია მოკლედ ვისაუბრო. ჩემი გმირი, სახელად ანა, 26 წლის შემდგარი მოცეკვავეა მებრძოლი ხასიათით. არ ცდილობს დამალვას, იღებს მდგომარეობას და მყარად მიიწევს წინ.
(ნანა): ჩემი პერსონაჟი ერთი ჩვეულებრივი ქალია, რომელსაც უყვარს, ზრუნავს, სტკივა, უხარია, ნერვიულობს, იბრძვის, ოცნებობს, ჩხუბობს, იცინის და ცდილობს, არ გაექცეს პრობლემას, ხმამაღლა ლაპარაკობს ამაზე. დანარჩენს უკვე ეკრანზე იხილავთ და თავად გექნებათ საშუალება, შეაფასოთ. გეტყვით მხოლოდ იმას, რომ ის იპოვის ძალას და დაამარცხებს ამ დაავადებას.
როგორ ფიქრობთ, ძირითადად რომელ სტიგმებს მოიცავს ეს სერიალი და საბოლოოდ რა გავლენას მოახდენს მაყურებელზე?
(თამთა): სწორედ იმას შეგვიძლია სტიგმა ვუწოდოთ, რაზეც მანამდე ვისაუბრე − „არყოფნა“. თუმცა ის პირველადი შეგრძნება, რაც ადამიანს დიაგნოზის შედეგად გეუფლება, ალბათ მაინც არ შეიცვლება, რადგან კოდივით არის ჩაბეჭდილი ჩვენში. ამ სერიალმა უნდა ასახოს ის რეალობა, რომელიც არის, რომ სენი ავტომატურად არ ნიშნავს ცუდ განაჩენს, რომ ეს ყველაფერი განკურნებადია. მთავარია სწორი პრევენცია, ოპტიმიზმი, და ყველაფერი დაძლევადია.
(ნანა): ადამიანთა უმრავლესობას ჰგონია, რომ კიბო და ონკოლოგიური დაავადებები სასიკვდილო განაჩენია, მაგრამ ეს ასე არ არის. დაავადების დროულად გამოვლენის შემთხვევაში, გამოჯანმრთელება შესაძლებელია. ამიტომ უნდა ვიყოთ ინფორმირებულები, განათლებულები, პერიოდულად (წელიწადში ერთხელ) ჩავიტაროთ გამოკვლევები და საწყის ეტაპზე აღმოვფხვრათ პრობლემები, მათი არსებობის შემთხვევაში. იმისათვის, რომ არ გეშინოდეს, უნდა გქონდეს ცოდნა და ინფორმაცია. სტიგმა უვიცობა და შიშია. ამიტომ უნდა ვილაპარაკოთ გახსნილად და ეს თემა ფართოდ გავშალოთ საზოგადოების წინაშე, რაც არ არის ერთი შეხედვით იოლი, თუმცა ჩემი აზრით, აუცილებელია! რაც ყველაზე მთავარია, ყველა ერთად მაქსიმალურად უნდა შევეცადოთ და შევქმნათ ქვეყანაში ისეთი გარემოპირობები და ურთიერთობები, რომ ნეგატივი და სტრესი მინიმუმამდე დავიყვანოთ. ეს კი მხოლოდ ურთიერთპატივისცემითა და სიყვარულით მიიღწევა. მეტი პოზიტივით აუცილებლად გავიმარჯვებთ, რადგან ჯანსაღი გარემო ჯანმრთელობის საწინდარია.
რამდენად რთული აღმოჩნდა იმ ქალების „ტყავში შეძვრომა“, ვისაც მსგავსი პრობლემები აქვს? რამდენად საინტერესო გამოდგა ამ პერსონაჟების თამაში?
(ქეთი): ჯანმრთელობასთან დაკავშირებული მსგავსი პრობლემა რამდენიმე წლის წინ მეც მქონდა, ოპერაციაც გავიკეთე, თუმცა ქიმიის კურსი არ დამჭირდა. ალბათ ნაწილობრივ ამანაც განაპირობა, რომ არც ისე რთული აღმოჩნდა ჩემი პერსონაჟის „ტყავში შეძვრომა“. მკურნალობის პროცესში და შემდეგაც, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ოჯახის წევრების, ახლობლებისა და მეგობრების გვერდით დგომა, გამხნევება; ხშირად ამას გადამწყვეტი მნიშვნელობაც კი აქვს პაციენტისთვის. ვფიქრობ, რა დიაგნოზიც უნდა ჰქონდეს ადამიანს, ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ სიცოცხლე ღმერთის მონიჭებული საჩუქარია და ყოველ წუთს თუ წამს უნდა გავუფრთხილდეთ მას და დავაფასოთ.
გადაღებები ცოტა ხნის წინ დავიწყეთ და თითქოს ყველა ერთად „ვცხოვრობთ“ ჩვენი პერსონაჟების ცხოვრებით. საინტერესო პროცესია. ძალიან მიყვარს ჩემი გმირი, თავისი უარყოფითი და დადებითი თვისებებით. მგონია, რომ კარგად ვიცნობ მას. ისე კი, ჩემთვის, როგორც მსახიობისთვის, რაც უფრო რთულია პერსონაჟი, მით უფრო საინტერესოა მასზე მუშაობა.
თქვენთვის, მსახიობებისთვის თუ შეიცვალა რაიმე მას შემდეგ, რაც სერიალში „ქიმია“ დაიწყეთ მუშაობა?
(თამთა): ისევ და ისევ გეტყვით, რომ ახალ შიშთან ვიწყებთ მეგობრობას.