ქართული OK!-ის ივლისის ნომრის მთავარი გმირი ნინო კასრაძეა. ქართული თეატრისა და კინოს უნიჭიერესი მსახიობი და საოცრად ელეგანტური, მიმზიდველი ქალი, რომლითაც ალბათ შეუძლებელია არ მოინუსხო, არ მოიხიბლო. ნინოს ნებისმიერი გამოჩენა სპექტაკლსა თუ კინოში ავტომატურ ანშლაგს და სუპერპოპულარობას მოასწავებს. მიზეზები მრავალფეროვანი და ამავე დროს, მარტივია: მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი ავთენტური ნიჭი და რადიკალური, ელეგანტური გარდასახვები როლიდან როლამდე, სცენაზევე მარტივად აღსაქმელი მდიდარი შინაგანი ინტელექტი, გრაციოზულობა, ძალიან მომხიბლავი, ბუნებრივი მანერულობა და ამ ყველაფრის ფონზე, თავად პიროვნების მკაფიოდ გამოხატული უბრალოება. მახასიათებლების შესანიშნავი ჰარმონიაა, არა? გვაქვს პატივი, შემოგთავაზოთ ჩვენი დროის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ქართველ მსახიობთან ექსკლუზიური, საკმაოდ საინტერესო ინტერვიუ, რომელიც ჟურნალმა OK! მხოლოდ თქვენთვის, ჩვენი ძვირფასი მკითხველებისთვის ჩაწერა.
ნინო, როგორ ხართ? როგორ „გადააგორეთ“ სრულიად მსოფლიოსთვის საკმაოდ რთული, გამოწვევებით აღსავსე პერიოდი?
ჯერ არ ვიცი, „გადავაგორეთ“ თუ არა, ალბათ მისი მხოლოდ ერთი ეტაპი გადავიარეთ. ეპიდემიის აფეთქების პერიოდში ჩემს შვილებთან ერთად საფრანგეთში ვიყავი და იქ მოგვიწვია კარანტინში ყოფნა. საქართველოში ჩამოსვლიდან 3 კვირის განმავლობაში აქაც სრულ იზოლაციაში ვიყავით. ჩემთვის რთული იყო ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა.
შემოქმედებითი თვალსაზრისით, როგორი იყო ეს პერიოდი? გაჩერება მოგიწიათ?
შემოქმედებითად არ გავჩერებულვარ და მაინც ვიმუშავე ახალგაზრდა სტუდენტებთან ერთად. მათგან ერთ-ერთის შემოთავაზებას დავთანხმდი და გურამ მაცხონაშვილის პიესის მიხედვით დადგმულ სპექტაკლში მივიღე მონაწილეობა. საინტერესო პროექტი გამოვიდა, ონლაინ გვქონდა რეპეტიციები და ჩაწერა, ისე, რომ რეალურად არც რეჟისორი მინახავს და არც მსახიობები. გარდა ამისა, ბავშვებისთვის ვწერდი, რეპეტიციებს ვატარებდით სხვა პროექტთან დაკავშირებით. მოკლედ, არ გავჩერებულვარ.
ნინო, გაიხსენეთ როლი, რომლის შესრულებაც თქვენთვის განსაკუთრებით საინტერესო იყო.
იცით, ვერ გამოვყოფ ერთ ან ორ როლს. ყველა როლი მოქმედებს მსახიობზე. როდესაც ცდილობ, ისინი სიფრთხილით აარჩიო, შერჩევის კრიტერიუმი შეინარჩუნო და დააწესო, მერე გამოდის, რომ რაც გაქვს, უკვე კარგად ნაფიქრია. საბოლოო ჯამში, შეიძლება გამოვიდეს, ან არ გამოვიდეს ეს როლი, მაგრამ ხანდახან წარუმატებელი არჩევანი უფრო მეტად მოქმედებს და ახდენს გავლენას ჩვენზე. ისინი გვაჩვენებენ ჩვენს სუსტ მხარეებს, რა მიმართულებით უნდა ვიმოძრაოთ და როგორ დავხვეწოთ საკუთარი თავი. ჩემს ცხოვრებაში ასეა − ყველა როლმა განსაკუთრებული წვლილი შეიტანა ჩემს პიროვნებაში, იმოქმედა ჩემს ხასიათზე, ბედზე და თუკი ამ საქმეს გულწრფელად მიუდგება მსახიობი, როგორც თავისი ცხოვრების უმთავრეს ნაწილს, საბოლოოდ ყველა გადაწყვეტილება და როლი მოქმედებს მასზე. თავად წარმოიდგინეთ, როგორ შეიძლება ვითამაშო როლი და მან აბსოლუტურად არანაირი გავლენა არ მოახდინოს ჩემზე?..
აუცილებლად უნდა შეგეკითხოთ მაკა ანჯაფარიძის პერსონაჟზე პოპულარული სერიალიდან „ჩემი ცოლის დაქალები“. მოგვიყევით, ამ გადასახედიდან რამდენად საინტერესო იყო თქვენთვის ამ როლზე მუშაობა?
ჩემთვის ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი იყო ამ სერიალში ყოფნა და მასში მონაწილეობა. დიდი ხანი ვამბობდი, რომ ძალიან მინდოდა მეთამაშა თანამედროვე ქალის როლი თანამედროვე, აქტუალური პრობლემებით − პირადი, ოჯახური, შვილების, სამსახურებრივი, და იმდენად მინდოდა მეთამაშა, რომ „მოვიყვანე“ ეს როლი ჩემამდე. მე ვფიქრობ, ფილმში ასეთი მასშტაბური როლის განსახიერების საშუალებას კიდევ აღარავინ მომცემს. წარმოიდგინეთ, რამდენ თემაზე იყო საუბარი ამ ქალის ცხოვრებაში − ოჯახი, თინეიჯერი შვილები, სამსახური და პრინციპები, ღალატი... ეს ყველაფერი ალბათ 15 ფილმის თემაა, რაც ამ სერიალმა დაიტია. ამიტომ ჩემთვის ეს დიდი გამოწვევაც იყო და შესაძლებლობაც, რომ ამდენი მიმართულებით მეთამაშა. ყველა საკვანძო სცენაში მქონდა ამის მძაფრი განცდა და საკუთარ თავს ვეუბნებოდი, კარგად გააკეთე, იმიტომ, რომ ეს შენი შანსია და ის შეიძლება მეტად აღარც მოგეცეს. ეს იყო დიდი შესაძლებლობა, რომელსაც სიფრთხილით და სრული პასუხისმგებლობით ვიყენებდი.
ნინო, კინო თუ თეატრი?
ორივე, თანაბრად. მე მგონია, რომ თეატრი შეიძლება არსებობდეს კინოს გარეშე, მაგრამ კინო თეატრის გარეშე ვერ იქნება. მე შევნიშნე, რომ კინოს ხშირად უწუნებენ ხოლმე მასში თეატრის მსახიობების მონაწილეობას. ეს ზერელე შეხედულებაა. თეატრი ხვეწს მსახიობს, აძლევს ტექნიკის სწავლის, ყველა ნიუანსში ჩაღრმავების საშუალებას და თუ მსახიობს კარგი რეჟისორი შეხვდა, ეს კიდევ დამატებითი გამოცდილება და იმ ცოდნის მიღების შესაძლებლობაა, თუ როგორ გამოიტანოს გარეთ თავისი ნიჭი და შინაგანი სამყარო. დავკვირვებივარ, ყველა როლი, რომელიც კინოში აღგვაფრთოვანებს, არის მსახიობის თეატრალური მიმართულებით დიდი შრომის, დაუსრულებელი რეპეტიციების შედეგი, რაც მე ასე ძალიან მომწონს და მიყვარს. ჯუდ ლოუს ვუსმენდი, როგორ ყვებოდა, რომ უკვე 10 წელია ჰყავს პედაგოგი და მუდმივად მუშაობს საკუთარ თავზე, მუშაობს თეატრში და იღებს მონაწილეობას სპექტაკლებში. მოხუცი ალ პაჩინოც თეატრის სცენაზე გადის და თამაშობს. ეს მნიშვნელოვანია მსახიობისთვის, რომ იგრძნოს მაყურებელი. ასეთია ჩემი განცდა და წარმოდგენა.
თქვენთვის ყველაზე დიდი განტვირთვა რა არის?
სპექტაკლის თამაში. რომ გითხრათ, რაიმეს კეთებისას ისეთსავე ადრენალინს და სიამოვნებას ვიღებ, როგორსაც თეატრში თამაშისას, არ ვიქნები მართალი. ჩემთვის ყველაზე დიდი სიამოვნება მაინც ესაა.
მუსიკას რა როლი აქვს თქვენს ცხოვრებაში?
მიყვარს მუსიკა, თუმცა ხშირად არ ვუსმენ, მელომანი არ ვარ. მინდობილი ვარ ჩემს შვილებზე, მათი მუსიკალური გემოვნება მომწონს და ვუსმენ ხოლმე მათ საყვარელ მუსიკას. მე გეტყვით, თეატრში როგორი დატვირთვა აქვს ჩემთვის მელოდიას. თეატრში ზუსტად შერჩეულ მუსიკას შეუძლია თავიდან ბოლომდე მიკარნახოს როლის განვითარების მიმართულება, იქ ეს შეგრძნებები ძალიან მიბმული მაქვს მუსიკაზე.
თქვენი ოჯახი გავაცნოთ მკითხველებს...
მყავს 2 შვილი და მეუღლე. შვილები მოსწავლეები არიან − 16 წლის ლუკა და 18 წლის სალომე.
ნინო, შინ ფუსფუსი თუ გიწევთ? სამზარეულოში კერძების მომზადება?
არათუ მიწევს, მეტიც − მთელი კარანტინის პერიოდში, საზღვარგარეთ ყოფნისას მუდმივად მიწევდა კერძების მზადება და სახლის დალაგება. ძირითადად ამაზე ვიყავი ორიენტირებული და ამიტომ ძალიან მომაბეზრებელი სახე მიიღო ამ საქმიანობამ.
ზოგადად, გიყვართ კულინარია?
ძალიან. როდესაც რუტინაში გადადის, ძნელია, მაგრამ ზოგადად, საკმაოდ კარგად გამომდის და მიყვარს კიდეც. საფრანგეთში ფრანგულ კერძებს ვამზადებ ხოლმე, რადგან იქ ქართული არ გამოდის გემრიელი. ძალიან საინტერესო სამზარეულო აქვთ ფრანგებს, ამიტომ ყოველთვის ვამზადებ ახალ-ახალ კერძებს. საქართველოშიც, რასაც ხელს მოვკიდებ, ვფიქრობ, რომ გამომდის. ამბობენ, რომ ხორცის მომზადება გამომდის კარგად. მიყვარს კულინარია, საინტერესო პროცესია. მთავარია, სამზარეულოში დამწყვდევად არ გადაიქცეს, როგორც კარანტინის პერიოდში მოხდა.
ნინო, როგორი ტიპის ადამიანი ხართ? ხმაური, ხალხმრავლობა გიყვართ? თუ სიმყუდროვეში, მარტოობაში პოულობთ კომფორტს და შინაგან სიმშვიდეს?
ადრე ხმაური ძალიან მიყვარდა. ხალხში, საზოგადოებაში ყოფნა. ბოლო პერიოდში სურვილი კვლავ მაქვს, მაგრამ იმდენად ვიტვირთები და ვიღლები, რომ აღარ გამომდის. საბოლოოდ, მარტოს მირჩევნია ყოფნა.
რა არის თქვენთვის ის, რაც დღევანდელ საზოგადოებაში, ჩვენს ქვეყანაში ყველაზე მეტად გაწუხებთ და გადარდებთ?
მაწუხებს ის, რომ პრობლემებს, რომელიც ჩემს ახალგაზრდობაში ამ ქვეყანაში იყო და მეგონა, დღევანდელ დღეს აღარ იქნებოდა, ჩემი შვილები კვლავ აწყდებიან. ძალიან მადარდებს, რომ არ მოხდა გარდატეხა ქვეყანაში და მინდა, ჩემმა შვილიშვილებმა მაინც შედარებით უკეთეს საზოგადოებაში იცხოვრონ, სადაც ადამიანებს შორის თანხმობა იქნება. არ გამოვყოფ კონკრეტულ პრობლემებს − სოციალურს, ეკოლოგიურს და ა.შ. ზოგადად ვიტყვი, რომ ქვეყანა მაშინაა შემდგარი, როცა მეტ-ნაკლებად ყველა სფერო დალაგებულია. ვისურვებდი, ჩვენი შვილები გამოადგნენ თავიანთ ქვეყანას და ხარისხობრივად შეცვალონ ის. მიმაჩნია, რომ საქართველო არის ნამდვილი სამოთხე, ყველანაირი რესურსით მდიდარი სავანე, და დადგება დრო, როდესაც ეს სავანე დაიმკვიდრებს თავის ადგილს მსოფლიოში. პრობლემები რასაკვირველია, ყოველთვის იქნება, მაგრამ ფუნდამენტურ საკითხებზე უნდა შეთანხმდეს ხალხი. ყველაზე მეტად მაწუხებს ის, რომ დღეს ასეთი გახლეჩილია საზოგადოება. ჩვენ აუცილებლად უნდა მოვძებნოთ კომპრომისის გზა.
ნინო, გავშალოთ თქვენი პიროვნების ის ნაწილი, რომელიც ქალისთვის შესაძლოა ყველაზე მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლოა. ნინო კასრაძე − დედა. როგორ ფიქრობთ, როგორი დედა ხართ? რას ნიშნავს თქვენთვის ეს სტატუსი?
არ ვიქნები ორიგინალური. ჩემი განცდაა, რომ ჩვენ, 2000 წლის შემდეგ დაბადებული ბავშვების დედები, მშობლების შესახებ სხვა, მანამდელი შეხედულებებისგან და სტერეოტიპებისგან განვსხვავდებით. ძალიან დიდი ცვლილებების შემდეგ, განვითარების ეპოქაში დაბადებული ბავშვები აბსოლუტურად სხვანაირები არიან და ძველი სქემები − აკრძალვები, დიდაქტიკა, აღარ მუშაობს მშობლებსა და შვილებს შორის. ამაზე ბევრს წერენ საზღვარგარეთ და მუდამ ვცდილობ წავიკითხო, მაქსიმალურად გავეცნო. ჩემი შეხედულება ასეთია: დედა შვილებთან ერთად იზრდება, ბევრ რამეს მათთან ერთად აღმოაჩენს და ნელ-ნელა ხდება მშობელი. მშობლად რომ შედგე, ამ პროცესის ყველაზე დიდი კომპონენტი შვილია. შენ მას ზრდი, ის − შენ. შენ, როგორც შვილს, ის − როგორც მშობელს. მე მხოლოდ თეორიული წარმოდგენა რომ მქონდეს ამ საკითხზე, ამ თემაზე ნამდვილად არ ვილაპარაკებდი, მაგრამ ჩემმა შვილებმა გარკვევით დამანახეს, რომ ძველი სქემები არ მუშაობს, და სანამ რეალობისა და კითხვების წინაშე უსუსური არ დავდექი, ბოლომდე არ დავივიწყე ძველი მეთოდები და ის, რომ მშობლობაზე თითქოს რაღაც მეც ვიცოდი, მანამდე ვერ მოხდა გარდატეხა ჩემში და ახალი ვერ დავინახე.
დიდი შიშით მივუყვები მშობლის გზას, სადაც არსებობს მხოლოდ უკიდურესი გულწრფელობა, შვილების დახმარების სურვილი, ყველაფრის უკან გადაწევა, რაც ადრე ვიცოდი, და გაფაციცებული მოსმენა, რომ მივსდიო მათ. თუმცა, ამის მიუხედავად, გამომივა თუ არა, კაცმა არ იცის. ზოგადად, არ უნდა განვეწყოთ, რომ ოჯახი იდილიაა და ჩვენ ყველაფერს სწორად ვაკეთებთ და შეცდომები არ მოგვდის. ვინ თქვა, რომ ეს ყველაფერი იდილიურია?.. პირიქით, ოჯახი საკმაოდ რთული მექანიზმია − თავისი შიდა პრობლემებით, სისუსტეებით, და აუცილებელია, ფრთხილად წარვმართოთ მართვის პროცესი.
ნინო, რა გაბედნიერებთ? რა გაძლევთ სასიცოცხლო ძალას?
ოჯახისგან, შვილებისგან, მშობლებისგან ვიღებ სასიცოცხლო ენერგიას. ყველაზე დიდ ბედნიერებას ისინი მანიჭებენ, მაგრამ მიმაჩნია, რომ ადამიანისთვის ძალიან მნიშვნელოვანია პროფესია, პროფესიული ზრდა. ჩემი პროფესია ძალიან მაბედნიერებს და ძალას მაძლევს.