ციფრული მასალები და მათი ხელმისაწვდომობა ძალიან მნიშვნელოვანია თითოეული ადამიანისთვის, რადგან სწორედ ეს ზრდის საზოგადოების ინფორმირებულობას და ამას აქვს როგორც კულტურული და პოლიტიკური, ასევე ეკონომიკური მნიშვნელობაც. ადამიანს ახალი და ინოვაციური იდეები შესაძლოა სწორედ ამ ხელმისაწვდომი ინფორმაციის გადაკვეთაზე მოუვიდეს. და მაშინ, როდესაც ინფორმაციის გავრცელებაზე და მათ ხელმისაწვდომობაზე ვსაუბრობთ, შეუძლებელია არ გაგვახსენდეს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, რომელიც მაქსიმალურადაა ჩართული და ფეხს უწყობს ტექნოლოგიურ მიღწევებს, რაც სტუდენტებისთვის, პროფესორებისა და ზოგადად, საზოგადოებისთვის შესაძლოა მნიშვნელოვანი იყოს. სწორედ ამ თემებთან დაკავშირებით, OK! უნივერსიტეტის რექტორს, გიგა ზედანიას ესაუბრა.
ბატონო გიგა, როგორ შეაფასებდით ბეჭდური გამომცემლობის ციფრულ ფორმატში გადაყვანას?
ყველაზე მნიშვნელოვანი რამ, რასაც ახალი ფორმატი გვაძლევს, არის ხელმისაწვდომობა. ჩვენ შეგვიძლია ტექსტუალური არქივი წამების განმავლობაში გვქონდეს საკუთარ მოწყობილობაში. ეს არის ცხოვრების გაადვილება მათთვის, ვინც იკვლევს და მათთვისაც, ვინც სწავლობს − პროფესორებისთვისაც და სტუდენტებისთვისაც. ილიას უნივერსიტეტიც მაქსიმალურად ცდილობს ამ ტექნოლოგიებით, როგორც ის პროდუქცია გახადოს ხელმისაწვდომი, რომელიც იწარმოება ილიაუნიში, ასევე ტექსტები, რომლებიც თავისუფალ ცირკულაციაშია. ჩვენ ვაცნობიერებთ და გვესმის, რამდენად მნიშვნელოვანია ამ ტექსტების ხელმისაწვდომობა ქართულ ენაზე უნივერსიტეტის წევრებისა და ზოგადად, მკითხველი პუბლიკისთვის.
ასე ხდება ცოდნის დემოკრატიზაცია. ცოდნა აღარ არის ის, რაზეც ხელი მიუწვდება მხოლოდ უმცირესობას. მოგეხსენებათ, სულ რამდენიმე საუკუნის წინ წიგნი ძალიან იშვიათი რამ იყო, კითხვის უნარსაც საზოგადოებაში უმცირესობა ეუფლებოდა. წიგნის ბეჭდვამ და საყოველთაო განათლებამ ვითარება შეცვალა, თუმცა წიგნის ფიზიკური აუცილებლობის ეპოქაში წვდომა მაინც შეზღუდული იყო. თანაც ჩვენ ვართ ქვეყანა, რომლის ისტორიის გარკვეულ მანძილზეც ესეც კი არ იყო შესაძლებელი, გარკვეული წიგნების წაკითხვა პირდაპირ აკრძალულიც კი იყო. დღეს, რა თქმა უნდა, ეს მდგომარეობა შეიცვალა − როგორც სამართლებრივად, ისე დელიკატურად რომ ვთქვათ, სამართალს მიღმა. მაგალითად, ძალიან ბევრი სამეცნიერო წიგნი და სტატია არსებობს, რომელთა შეძენა დიდ თანხებთან იყო და არის დაკავშირებული, თუმცა ისინი დღეს ინტერნეტშია განთავსებული პირატულ თუ ნახევრადლეგალურ პლატფორმებზე და ნებისმიერს შეუძლია ამ მასალის წაკითხვა და გამოყენება.
ზოგადად, ძალიან დიდი კონფლიქტი და დაძაბულობა არსებობს ერთი მხრივ ამ ხელმისაწვდომობის იმპერატივსა და მოთხოვნას შორის და მეორე მხრივ – კომერციალიზაციას შორის. არსებობს კორპორაციები, რომლებსაც სურთ, რომ ინფორმაციის გაყიდვით სერიოზული მოგება ნახონ. შესაბამისად, ეს ორი უპირისპირდება ერთმანეთს აკადემიური და კულტურული პროდუქციის სფეროში. ისეთი ღარიბი ქვეყნის მოქალაქეებისათვის, როგორიც საქართველოა, საკითხი, ჩემი აზრით, არც უნდა იდგეს − ჩვენ გვჭირდება ხელმისაწვდომობა ცოდნაზე, რათა თავადაც გავხდეთ ცოდნის მწარმოებლები.
გვესაუბრეთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ვებგვერდების შესახებ.
ჩვენს უნივერსიტეტს რამდენიმე საკმაოდ აქტიური ვებგვერდი აქვს. ცხადია, უპირველესად, თავად უნივერსიტეტის ვებგვერდი უნდა დავასახელო, სადაც უზარმაზარი ინფორმაციაა თავმოყრილი როგორც სასწავლო, ისე სამეცნიერო პროექტებისა და პროგრამების შესახებ. ასევე აღვნიშნავდი ილიაუნის გზამკვლევის ვებგვერდს guide.iliauni.edu.ge − ესაა საიტი, სადაც უფასოდ არის და იქნება ხელმისაწვდომი ჩვენი უნივერსიტეტის მიერ გამოცემული შესავლები სხვადასხვა სფეროსა თუ ავტორის შემოქმედებაში (უკვე გვაქვს თხუთმეტამდე წიგნი, სათაურებით: „ევოლუცია“, „დემოკრატია“, „ფარაჯანოვი“,„დანტე“, „ნარკოტიკები“, „კალატოზოვი“ და ა.შ.). გარდა ამისა, ჩვენი პროფესორების სტატიები და მონოგრაფები განთავსებული გვაქვს სპეციალურ ელექტრონულ საცავში, რომელიც შეიძლება მოძებნოთ ეპრინტის პლატფორმაზე: eprints.iliauni.edu.ge
ასევე გვაქვს ონლაინბიბლიოთეკა, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი პროფესორებისა და სტუდენტებისათვის. არსებობს ციფრული ლექციების ვებგვერდი online.iliauni.edu.ge სადაც ჩვენს პროფესორებსა და ლექტორებს შეგიძლიათ მოუსმინოთ. ერთ-ერთი ახალი და საინტერესო პროექტია ლიტერატურული ვებპორტალი literature.iliauni.edu.ge რომელიც მოიცავს ყველა ჟანრის ლიტერატურულ ნაწარმოებებს, თუმცა განსაკუთრებული აქცენტი გვინდა აქ ლიტერატურულ კრიტიკაზე გავამახვილოთ. ამ ლიტერატურულ ვებპორტალს აქვს ცალკე საიტი სტუდენტებისათვის, რომლის აქტიურ ამუშავებასაც უახლოეს თვეებში ვგეგმავთ.
რამდენად გაზარდა ხელმისაწვდომობამ საზოგადოების ინტერესი ამა თუ იმ ინფორმაციაზე?
ცხადია, ილიაუნის ერთ-ერთი მთავარი ამოცანა არის ის, რომ ხელმისაწვდომობა გაზარდოს. მაგრამ ხელმისაწვდომობის გარდა, გაციფრულება შესაძლებელს ხდის უკვე არსებული ცოდნა ახლებურად დავამუშავოთ და გავიგოთ. მაგალითად, ჩვენთან შექმნილია პროსოპოგრაფიული ბაზები, რომლებიც ისტორიულ კვლევას არა მხოლოდ ბევრად აადვილებს, არამედ ახალ შედეგებსაც იძლევა. მაგალითისთვის, ასეთ ბაზებში შეტანილია ყველა იმ ადამიანის სახელი, რომელიც ეხმარებოდა წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას, ან იყო მისი წევრი. შედეგად, ჩვენ ამ ადამიანების სრული სია გვაქვს და ვიცით, რა კავშირში იყვნენ ერთმანეთთან, რის გამოც ბევრად უკეთ გვესმის საზოგადოებრივი თუ პოლიტიკური პროცესები 100-150 წლის წინ, ვიდრე ასეთი ბაზის გარეშე გავიგებდით.
რაც შეეხება უფრო ფართო პუბლიკის ინტერესს, მე შემიძლია გითხრათ, რომ მართლაც მნიშვნელოვანი პროცესები მიმდინარეობს. ჩვენ ვხედავთ, რომ ბოლო წლებში ძალიან დიდი რაოდენობის უცხოენოვანი ლიტერატურა ითარგმნება ქართულ ენაზე. მე პირადად, თუნდაც 15 წლის წინ ვერაფრით წარმოვიდგენდი, რომ ამდენი თარგმანი გვექნებოდა − როგორც კლასიკური, ისე თანამედროვე მხატვრული ლიტერატურის, და ეს, ცხადია, ძალიან მახარებს. მაგრამ ერთი სერიოზული ნაკლი, რომელიც ჩვენ გვაქვს ამ ლიტერატურულ პროცესთან დაკავშირებით, არის კრიტიკული ჟანრის ნაკლებობა, იმიტომ, რომ ბევრად მეტი მხატვრული წიგნი გამოდის, ვიდრე მაგალითად, რეცენზია ან გამოკვლევა ამ ლიტერატურულ ნაწარმოებებსა თუ პროცესებზე. ეს ცხადია ართულებს ლიტერატურის აღქმას, რადგან შეიძლება წაიკითხო ძალიან კარგი რომანი, მაგრამ, თუ არ ხარ პროფესიონალი ლიტერატორი, გჭირდება კრიტიკოსი, რომელიც მინიშნებებს გააკეთებდა იმასთან დაკავშირებით, თუ რა არის საყურადღებო ამ ნაწარმოებში, რა ფორმალურ თუ ისტორიულ პროცესებთან გვაქვს კავშირი. სწორედ ამ მიმართულებით, ქართულ კონტექსტში ნაკლები კეთდება, ამიტომ, როდესაც ჩვენ literature.iliauni.edu.ge დავაარსეთ, ერთ-ერთი მთავარი ამოცანა იყო კრიტიკული ჟანრი წინ წამოგვეწია. ჩვენ ვცდილობთ, მსჯელობა ლიტერატურაზე არა მხოლოდ ზეპირსიტყვიერი იყოს, არამედ, უპირველესად, დაწერილი ფორმით მოიპოვებოდეს. დარწმუნებული ვარ, ახალი ლიტერატურული ვებპორტალი ამ საქმეში თავის წვლილს შეიტანს.
რამდენად აქტიურია ილიაუნის ვებგვერდი საზოგადოებისთვის სხვადასხვა მასალის მიწოდებაში?
ერთი ახალი და მნიშვნელოვანი მიმართულება დღეს მსოფლიოში არის ეგრეთ წოდებული დიდ მონაცემთა ანალიზის გაკეთება − big data analysis. ჩვენ უკვე ხელთ გვაქვს ძალიან დიდი მოცულობის მონაცემები, რომლის ადამიანის ძალებითა და რესურსებით დამუშავება უბრალოდ შეუძლებელია, მაგრამ კომპიუტერული ტექნოლოგიები იძლევა ამის საშუალებას. მაგალითისთვის, შეგვიძლია შევისწავლოთ ბოლო 30 წლის განმავლობაში ელექტრობის მოხმარება საქართველოში და აქედან საინტერესო პრაქტიკული შედეგებიც გამოვიტანოთ. ყოველივე ამის გათვალისწინებით, დიდი მონაცემების ანალიზი ილიას უნივერსიტეტში პერსპექტიულ და მიმზიდველ მიდგომად ყალიბდება.
აქვე მინდა ვთქვა, რომ ინფორმაციის ხელმისაწვდომობა მნიშვნელოვანია არა მხოლოდ კულტურული გაცვლისა და ეკონომიკური განვითარებისათვის, არამედ პოლიტიკური პროცესების დემოკრატიზაციისთვისაც. დემოკრატიული მოქალაქეობისათვის საჭიროა გარკვეული უნარ-ჩვევები, რომლებიც მხოლოდ და მხოლოდ ინფორმაციის გაცვლით არ მიიღება, მაგრამ ინფორმაციის ხელმისაწვდომობა აქ ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტია. ჩვენთან, საქართველოში, ყოველთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭებოდა განათლებას, კულტურულ კომპეტენციას და დარწმუნებული ვარ, რომ მომავალშიც ასე გაგრძელდება, ხოლო ილიას უნივერსიტეტი კვლავაც გააგრძელებს ამ პროცესის ხელშეწყობას.
დაბოლოს...
თავისთავად, წერაც და წიგნის ბეჭდვაც ტექნოლოგიებია. ორივე გამოგონება წარმოადგენდა საფუძველს ღრმა და ყოვლისმომცველი კულტურული და საზოგადოებრივი რევოლუციებისა. ამავე კონტექსტში უნდა განვიხილოთ დიგიტალური, ციფრული რევოლუციაც − ესაა დიდი ნაბიჯი გლობალური დემოკრატიზაციისკენ და ნიშნავს იმას, რომ ბევრად ადვილი გახდა ადამიანისათვის, მიიღოს ინფორმაცია და განათლება, მიუხედავად სოციო-ეკონომიკური მდგომარეობისა თუ გეოგრაფიული მდებარეობისა (ცხადია, ამით იმის თქმა არ მინდა, რომ ეს ფაქტორები და შეზღუდვები სრულიად გაქრა). ხოლო რაც შეეხება მეცნიერულ, კულტურულ განვითარებას, ეს საბოლოო ჯამში სხვა ტიპის ენერგიაზეა დამოკიდებული, რომელიც თავისით უნდა გაჩნდეს ჩვენს ქვეყანაშიც და მსოფლიოშიც. ამისი წინასწარმეტყველება ძალიან რთულია, ამიტომ დაველოდოთ, რა ახალ აზრობრივ თუ კულტურულ რევოლუციებამდე მიგვიყვანს ახალი ტექნოლოგიები.