ქართული OK! წარმოგიდგენთ ინტერვიუს ირაკლი კაკაბაძესთან, რომელიც ტელემაყურებლისთვის საყვარელ გასართობ-შემეცნებით შოუ „მარტივი ლოგიკის“ წამყვანია. რატომ „მარტივი ლოგიკა“? რაში მდგომარეობს ამ საინტერესო შოუს მთავარი კონცეფცია და რა არის საჭირო იმისათის, რომ მოხვდეთ გასართობ-შემეცნებით შოუში, რომელიც 4 რაუნდის წარმატებით გავლის შემთხვევაში, გამარჯვებულს 5000 ლარით აჯილდოებს და ყოველ ორშაბათს, სამშაბათსა და ოთხშაბათს, ზუსტად 22:00 საათზე ელის ტელემაყურებელს საქართველოს პირველ არხზე...
ირაკლი, გვესაუბრეთ „მარტივ ლოგიკაზე“, გადაცემის მთავარ კონცეფციასა და დანიშნულებაზე.
მარტივი ლოგიკა არის გასართობი შოუ, რომელიც საერთაშორისო ფორმატის ანალოგია და ბევრ ქვეყანაში დიდი პოპულარობით სარგებლობს. თამაშში ყველას შეუძლია ჩაერთოს, წესები მარტივია. მონაწილეობენ წყვილები, რომლებმაც ორ ფოტოს შორის უნდა იპოვონ ლოგიკური კავშირი. თითოეული კითხვის გამოცნობისას, მონაწილეები იგებენ კონკრეტულ თანხას. სულ 4 რაუნდია და სუპერ თამაში, სადაც შესაძლებელია მაქსიმალური თანხის − 5000 ლარის მოგება. და რაც მთავარია, ეს შოუ ავითარებს ლოგიკურ აზროვნებას და საუკეთესო გზაა სიტყვის მარაგის გასამდიდრებლად.
რის მიხედვით ხდება გადაცემის მონაწილეების შერჩევა? ყველას შეუძლია მასში მონაწილეობის მიღება?
უკვე მესამე სეზონია ეთერში ვართ და ამ დროის განმავლობაში გადაცემაში მონაწილეობის მსურველთა რიცხვი უფრო და უფრო იზრდება, რადგან საკმაოდ აზარტული და მარტივი თამაშია. გადაცემაში მონაწილეობისთვის აუცილებელია იყოთ სრულწლოვანი. თუ გსურთ მოხვდეთ „მარტივ ლოგიკაში“, უნდა იპოვოთ მეწყვილე და ჩვენს ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე გამოაგზავნოთ მოკლე ვიდეო, სადაც ერთმანეთს აღწერთ. მსურველი ძალიან ბევრია და მათ გადაცემაში თანმიმდევრულად ვიწვევთ. ვისაც არ სურს რიგში დგომა, არის მარტივი გზა „მარტივ ლოგიკაში“ მოსახვედრად − ამისთვის თვალყური უნდა ადევნოთ ფეისბუქგვერდს − მარტივი ლოგიკა, სადაც ხშირად თავსდება ვიქტორინა და მოგების შემთხვევაში, გამარჯვებული შემდეგი კვირის სტუმარი ხდება.
მაქსიმალური თანხა თუ გათამაშებულა აქამდე?
ჯერ არავის მოუგია, მაგრამ რამდენიმე ძალიან კარგი მცდელობა იყო.
სუპერთამაშში ცოტა განსხვავებული წესებია. 1-4 რაუნდში 3 წუთია 10 კითხვის გამოსაცნობად, სუპერთამაშში კი მხოლოდ 90 წამი. 5000 ლარის მოსაგებად, ათივე კითხვას უნდა გაეცეს პასუხი.
თავად რამდენად აზარტული ხართ?
სანამ მარტივი ლოგიკის წამყვანი გავხდებოდი, მეგონა, რომ არ ვიყავი აზარტული, თუმცა გაირკვა, რომ ასე არ არის. თამაშის დროს, განსაკუთრებით თუ დაძაბული რაუნდია, მეც მონაწილეებთან ერთად ვერთვები გამოცნობაში და დროის ამოწურვის პარალელურად, ადრენალინი ჩემს ორგანიზმშიც იმატებს, ხანდახან ისე შესამჩნევად, რომ პროდიუსერი ყურში მეუბნება: „ირაკლი, არ დაგავიწყდეს − შენ წამყვანი ხარ!“ ამ დროს ვფხიზლდები და ვცდილობ ემოციები ვაკონტროლო.
გვითხარით, ყველაზე მეტად რატომ გსიამოვნებთ და მოგწონთ ამ გადაცემის წამყვანობა? რატომ „მარტივი ლოგიკა“?
ვფიქრობ, ეს გადაცემა გარკვეული თვალსაზრისით, უნივერსალურია. „მარტივი ლოგიკის“ თამაში შეუძლია ყველას და შესაბამისად, ყველა ტიპის ადამიანი მოდის ჩვენთან სტუდიაში. განსხვავდება მათი თამაში, სტილი, მიდგომა, „მუღამი“. მე კი ძალიან მიყვარს მრავალფეროვნება, შესაბამისად, ამიტომაც „მარტივი ლოგიკა!“
რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, მაყურებელს ისე უყვარს ეს გადაცემა/თამაში, რომ შექმნილია „მარტივი ლოგიკის“ აპი სმარტფონებისთვის...
მარტივი ლოგიკის აპლიკაცია გამოსვლის დღიდან ძალიან პოპულარულია. მალევე გახდა რეიტინგებში ნომერი პირველი ქართული მობილური აპლიკაცია. თამაში პოპულარული გახდა როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ. მუდმივად განახლებადია, ემატება ახალი ტურები და გათამაშებები. გათამაშებაში მონაწილეობისთვის აპლიკაციის მომხმარებლები გადიან რეგისტრაციას და კონკრეტულ დროს იწყება შეჯიბრი. ის, ვინც ყველაზე სწრაფად უპასუხებს ტურში მოცემულ ყველა კითხვას და მოხვდება რეიტინგის ათეულში, ავტომატურად ხვდება მარტივი ლოგიკის სატელევიზიო შოუში და აქ უკვე რეალური ფულის მოსაგებად თამაშობს.
მალე ჩაეშვება „მარტივი ლოგიკა 2“, რომელიც, დარწმუნებული ვარ, კიდევ უფრო პოპულარული გახდება ქართველ მომხმარებლებში, იქნება განსხვავებული პირველი აპლიკაციისგან, თუმცა დეტალებს ჯერ არ გავამხელთ.
თქვენ და ტელევიზია. რა როლი აქვს ტელევიზიას ირაკლი კაკაბაძის ცხოვრებაში?
დღეს ტელევიზია ჩემი ცხოვრების უმეტესი ნაწილია. „მარტივი ლოგიკა“, იუმორისტული თოქშოუ „კაცები“, სერიალი „იდეალური დედა“ − ეს ის მიმდინარე პროექტებია, რომელსაც მე ან ჩემი სტუდია ვაკეთებთ ტელევიზიაში. შესაბამისად, ტელევიზია დღეს ჩემი ცხოვრებაა.