ქართული OK! ტელეწამყვან ლიკა ევგენიძის და მუსიკოს ნიკა კოჩაროვის წყვილს წარმოგიდგენთ. როგორ გაატარეს ლიკამ და ნიკამ გამოწვევებით სავსე თვენახევარი და როგორი აღმოჩნდა მათი საქმიანობისთვის კარანტინის პერიოდი − წაიკითხეთ წყვილთან ინტერვიუში.
ლიკა, ნიკა, მოგვიყევით, როგორ ხართ? როგორ გადაეწყვეთ ახალ რეჟიმზე, რომელმაც მთელი მსოფლიო მოიცვა? როგორ ცხოვრობთ და რას საქმიანობთ?
(ნიკა): მე საქმიანი ცხოვრების ორი მხარე მქონდა, ერთი − შინ მუშაობა, მუსიკის წერა და ჩაწერა, და მეორე − კონცერტები. ერთი მხარე უფრო ნაყოფიერი გახდა ამ პერიოდში, მეორე − კონცერტები აღარ მაქვს. მუსიკოსები დიდი გამოწვევის წინაშე დავდექით, რადგან თქვენც იცით, კონცერტები ჩვენი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემოსავლის წყაროა, ახლა კი ყველაფერი გაჩერდა. რა თქმა უნდა, რთული აღმოჩნდა ჩემთვის ეს რეჟიმი, ბავშვობიდან მიჩვეული ვიყავი სულ სხვანაირ ცხოვრების წესს, ხალხთან ურთიერთობას, გარეთ გასვლას. ყოველთვის მეგონა ინტროვერტი ვიყავი. გამოდის, მთლად ასეც არ ყოფილა.
(ლიკა): მე ძალიან დატვირთული გრაფიკი მაქვს, ბევრ სხვადასხვა საქმეს ვაკეთებ, დაკავებული ვარ ბავშვებით, ტელევიზიაში საქმიანობით და არასდროს თავისუფალი წუთიც კი არ მაქვს, მუდამ სადღაც მეჩქარება. საქმე რომც არ მქონდეს, იმდენად ვარ ჩართული ჩემს რუტინაში, რომ მაინც ყოველთვის ვშფოთავ. ადამიანებმა ჩვენით მოვიგონეთ ცხოვრების ეს გიჟური რიტმი და მას ავყევით. შინაც კი ვშფოთავ, ვერ ვისვენებ. ამ პანდემიამ დაგვანახა, რომ თურმე მშვიდადაც შეგვიძლია ცხოვრება და საქმის კეთება. შეგვანელა, ტემპი დაგვიგდო, რაც ჩემთვის სასიამოვნოც კი იყო.
გადაფასდა ამ პერიოდში თქვენთვის შეხედულებები? რაიმე სიახლე აღმოაჩინეთ?
(ლიკა): შინ ყოფნის პერიოდში დრამზე დაკვრა ვისწავლე. ვერ ვიტყვი, რომ ეს ყველაფერი ჩემთვის სრულიად ახალია, რადგან მთლიანად მუსიკის გარემოცვაში ვარ გაზრდილი, მაგრამ მაინც შეიძლება ითქვას, რომ ახლა გამომიჩნდა საიმისოდ დრო, დავმჯდარიყავი და დაკვრა მესწავლა. გადაფასებას რაც შეეხება, ალბათ ნაკლებად. ეს უფრო საკუთარ თავში ჩაღმავების პერიოდი იყო.
როგორ ფიქრობთ, შეიცვლება რაიმე ამ გამოწვევის შემდეგ?
(ლიკა): მოწოდებას, რომ სამყარო პანდემიის შემდეგ ჯადოსნური გახდება, მე ვერ მივყვები. იმდენი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა მას, რომ გამიჭირდება მსგავსი რომანტიკით შევხედო. თანაც არც ასეთი კარგი წარმოდგენა მაქვს ადამიანებზე, რომ ვიფიქრო, ეს დიდი გამოწვევა სასიკეთოდ შეცვლის ხალხს, ერთბაშად ანგელოზებად გადაიქცევიან და დედამიწაზე ზრუნვას დაიწყებენ-მეთქი. თუმცა, რა თქმა უნდა, ძალიან მომხიბვლელი ვერსიაა.
(ნიკა): თავიდან უფრო არსებობდა ეს განცდა, როდესაც ყველა პანიკაში იყო. არის ასეთი გრძნობა, როცა გასაჭირში ხარ, ოღონდ იქიდან გამოხვიდე და ყველაფერს გააკეთებ. მაგრამ დღეს უკვე ცხოვრების ჩვეულებრივი რიტმია.
რას საქმიანობდით მთელი ეს პერიოდი?
(ლიკა): მე 1,5 თვე ვიყავი კარანტინში. მეც და ნიკაც ზუსტად ვიცავდით რეკომენდაციებს და ვცდილობდით მაქსიმალურად შინ ვყოფილიყავით. შემდეგ ტელევიზიაში დავბრუნდი და ნელ-ნელა დავუბრუნდი ჩვეულებრივ ცხოვრებას.
(ნიკა): ჩემი სფერო ალბათ ბოლოს დაბრუნდება. კონცერტები, თავშეყრის ადგილები ალბათ ბოლოს გამოცოცხლდება. თუმცა შინ ყოფნის პერიოდი პროდუქტიული იყო ჩემთვის: სიმღერებს ვწერდი, კლიპიც გადავიღე, ახლაც მუდამ რაღაცას ვაკეთებ, არ გავჩერებულვარ. შინ ყოფნისას გგონია, რომ არაფერს აკეთებ, არადა რეალურად უფრო მეტს ქმნი, ვიდრე სხვა დროს.
(ლიკა): ნიკამ მოახერხა საგანგებო რეჟიმის დროს, ყველანაირი წესის დაცვით, 3 ადამიანის ჩართულობით კლიპის გადაღება.
ლიკა, თქვენ რაზე უკრავთ დრამის გარდა?
(ლიკა): მთელი ბავშვობა, 5 წლის ასაკიდან მოყოლებული, ფორტეპიანოზე ვუკრავდი. როცა გავიზარდე, მივხვდი, არ მომწონდა, გავაპროტესტე და დავივიწყე, რომ საერთოდ არსებობდა ჩემს ცხოვრებაში. ახლა გიტარაზე დაკვრასაც ვსწავლობ. ნიკა ამბობს, რომ ნიჭიერი მოსწავლე ვარ.
ერთობლივი ნამუშევარი თუ გაქვთ?
(ლიკა): კი, ამ კარანტინის დროს ჩავწერეთ ერთობლივი კომპოზიცია, სადაც მე დრამზე ვუკრავ და ნიკა ბასგიტარაზე. ეს ჩვენი პირველი ერთობლივი ნამუშევარია.
მუსიკა ისაა, რაც ორივეს ცხოვრებაში დიდი დოზით მონაწილეობს. როგორ ფიქრობთ, რომელი სიმღერაა თქვენი ურთიერთობა?
(ნიკა): ჩემთვის ალბათ Cocteau Twins-ის Know who you are at every age − ეს სიმღერაა. ჩვენი მუსიკაა, როცა ჩვენი ამბავი იწყებოდა. მაშინ ვუსმენდით ხოლმე ამ სიმღერას.
(ლიკა): კი, ეს სიმღერა იყო ჩვენი ურთიერთობის დასაწყისში. უზომოდ მიყვარს ეს სიმღერა და აღმოჩნდა, რომ ნიკასაც ძალიან უყვარდა.
როგორ ფიქრობთ, რაშია ორ ადამიანს შორის იდილიის საიდუმლოება? რა ქმნის ურთიერთობაში ჰარმონიას?
(ლიკა): რეცეპტი, რომელიც ყველა ურთიერთობისთვის იმუშავებს, არ არსებობს, ყველასთვის ინდივიდუალურია ასეთი დამოკიდებულებები. ჩვენთვის ასეთი ფორმულა უპირველესად სიყვარულია. სიყვარული პოულობს გზას და იმარჯვებს ნებისმიერ შემთხვევაში. შემდეგი ფაქტორი ალბათ გახსნილობაა. არ უნდა იყოს ადამიანებს შორის დამალული მხარეები, ტყუილები, რაც შემდეგ მახინჯ ორგანიზმად გადაიქცევა და დაანგრევს ურთიერთობას.
რამდენიმე სიტყვით დაახასიათეთ ერთმანეთი სიმღერის ტექსტით.
(ლიკა): Pale Blue eyes − Velvet Underground.
(ნიკა): There is a light that never goes out − The Smiths.
რა არის სიყვარული?
(ლიკა): Love is the answer.
(ნიკა): Love is the answer.