ქართული OK!-ის სტუმარი უნიჭიერესი მომღერალი ნატალია ქუთათელაძეა. საყოველთაო განსაცდელმა, რომელიც მთელ მსოფლიოს უდგას, ნატალია აიძულა დაფიქრებულიყო და კარგად გადაეხედა საკუთარი გეგმებისა და საქმიანობისთვის. ამბობს, რომ გაუჭირდა, რადგან ადამიანების, ურთიერთობების, მეგობრებთან ერთად გართობის მოყვარული ადამიანია, თუმცა სტრესისა და მნიშვნელოვანი შემოთავაზებების ჩაშლის მიუხედავად, მაქსიმალურად გამოიყენა შინ ყოფნის პერიოდი, რომელიც ახალი რეპერტუარის შესწავლას და მეცადინეობას დაუთმო. გრძელვადიან გეგმებს არასოდეს ისახავს, მხოლოდ დღევანდელი დღით ცხოვრობს, რადგან თავადაც არ იცის, რა იქნება ხვალ. პრაგმატიკოსია და ოცნება არ უყვარს. მიაჩნია, რომ მიზნების მიღწევა ადამიანის ხელშია და ყველაფერი შესაძლებელია.
ნატალია, ძალიან დიდი განსაცდელი და სტრესი გადაიტანა მსოფლიომ და საქართველომ, თუმცა ჯერ ბოლომდე არც გაგვიცილებია ეს საყოველთაო გამოწვევა, ჯერ კიდევ ბრძოლის რეჟიმში ვართ. თქვენზე რა გავლენა მოახდინა ამ მოვლენამ?
გავლენა ალბათ მდგომარეობს იმაში, რომ ძალიან ბევრი გეგმა, რომელიც უმნიშვნელოვანესი იყო ჩემი პროფესიული განვითარებისთვის, გადაიდო განუსაზღვრელი დროით. სიმართლე გითხრათ, მაშინებს ეს რეალობა. მიუხედავად იმისა, რომ ზოგადად არ მახასიათებს პანიკური დამოკიდებულება, ამ კონკრეტულმა ვითარებამ საკმაოდ დამაფიქრა და მაიძულა, სერიოზულად გადამეხედა საკუთარი გეგმებისთვის და საერთოდ, პროფესიისთვის, თუნდაც შემოსავლის წყაროს თვალსაზრისით... როგორც ძალიან დიდ ოპტიმისტს, მჯერა, რომ ყველაფერი ისევ თავის რიტმს დაუბრუნდება, თუმცა ჩვენი ცხოვრების გარკვეულ ეტაპზე პირბადე და ხელთათმანი ალბათ სავალდებულო ატრიბუტი გახდება.
როგორი იყო და არის თქვენი შემოქმედებითი ცხოვრება ამ საგანგებო რეჟიმში? რა შეიცვალა მასში და როგორ აგრძელებთ საქმიანობას?
როგორც უკვე ვახსენე, ძალიან მნიშვნელოვანი გეგმები გადაიდო ან საერთოდ ჩაიშალა. თუმცა სახლის პირობებში მაქსიმალურად ვეცადე შემენარჩუნებინა ის რეჟიმი, რომელიც აქამდე მქონდა, ვგულისხმობ ფორმის შენარჩუნებას, ხშირ მეცადინეობას და ასევე ახალი რეპერტუარის შესწავლას. თუმცა უნდა გამოგიტყდეთ − ძალიან გამიჭირდა ამ რეჟიმის შენარჩუნება და გარკვეულ ეტაპზე საერთოდ დავანებე თავი საკუთარი თავისთვის ყველანაირი ხელოვნურად შექმნილი რეჟიმის დაძალებას. ვგრძნობდი, რომ არანაირი ხალისი და სტიმული არ მქონდა. ძალიან კარგად დავიცავი და ახლაც ვცდილობ დავიცვა ყველა ის რეკომენდაცია, რომელიც ჩვენმა მედიკოსებმა მოგვცეს, მაგრამ საკმაოდ დიდი მოყვარული ვარ ცხოვრების, გართობის, ადამიანებთან ურთიერთობების და აქედან გამომდინარე, უზომოდ გამიჭირდა მსგავს სტრესულ და თითქმის უიმედო სივრცეში, შინაგანად მშვიდი გარემოს შექმნა. ახლა ვატყობ, რომ უფრო მოვდუნდი და მივეცი საკუთარ თავს იმის უფლება, დავტკბე ოჯახის წევრებთან თუ მეგობრებთან ურთიერთობით, რამაც ჩემში ხელახლა გააღვიძა სტიმული, ისევ მივუბრუნდე საყვარელ საქმიანობას და მეტი სიხარულით გავაგრძელო საკუთარი თავის განვითარება.
როგორ ფიქრობთ, რა შეიცვლება ამ ყველაფრის შემდეგ? როგორ გააგრძელებენ სამყარო, ადამიანები ცხოვრებასა და არსებობას?
ძალიან ბევრი აზრი მოვისმინე იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ შეიცვლება სამყარო და ადამიანების აზროვნება ამ პანდემიის შემდეგ. სიმართლე გითხრათ, დიდი იმედი არ მაქვს, რომ რაიმე გლობალურად და რადიკალურად შეიცვლება. ჩემთვის არ იყო საჭირო არც კორონა და არც სამყაროს გაჩერება იმისათვის, რომ მივმხვდარიყავი, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ეკოლოგიურად სუფთა გარემო, ბუნება, ურთიერთობები და ა.შ. რამდენიმე წელი უცხოეთში ცხოვრება საკმარისი აღმოჩნდა იმისათვის, რომ ეს ყველაფერი უფრო გამძაფრებულიყო ჩემთვის. ბევრი რამ ვისწავლე, რაც აქამდე არ ვიცოდი და საერთოდ გაგონილიც არ მქონდა. თუნდაც ის, რომ მეტად უნდა მეზრუნა ეკოლოგიაზე. სხვათა შორის, ბევრი სასარგებლო ჩვევა გამოვიმუშავე და ვცდილობ, არ ვუღალატო ამ ჩვევებს. არასოდეს ვიფიქრებდი, რომ ოდესმე საყოფაცხოვრებო ნარჩენების გადახარისხება მომიწევდა ან იმაზე ფიქრი, თუ რამდენად მნიშვნელოვანია თუნდაც ერთი ხე ან სუფთა ჰაერი. ალბათ ასაკის ბრალია და იმ გამოცდილების, რაც უცხოეთში ცხოვრებამ მომცა. დიდი იმედი მაქვს, საქართველოში ადამიანები გავითავისებთ და საბოლოოდ შევთანხმდებით, რომ ამდენი გამონაბოლქვი, მშენებლობა, პარკების სიმცირე და სხვა მრავალი საკითხი არის ყველაზე მძიმე პრობლემა და ამასთანავე, უმნიშვნელოვანესი კომპონენტი ჩვენი ჯანსაღი და სწორი განვითარებისთვის.
ამ გამოწვევის შემდეგ, კონკრეტულად თქვენთვის, თქვენს სფეროში როგორ შეიცვლება ცხოვრება? გამოიკვეთა რაიმე სახის მიმართულებები? მაგალითად, როგორ ჩატარდება კონცერტები? დაიგეგმა უკვე რაიმე ამ მხრივ?
ძალიან მძაფრად და რადიკალურად შეიცვალა ჩვენს სფეროში „ამინდი“. როგორც უკვე გითხარით, გამიუქმდა ძალიან ბევრი კარგი შემოთავაზება და ჩემს მეგობარ კოლეგებსაც საკმაოდ არასახარბიელო პერიოდი დაუდგათ ცხოვრებაში. მიუნხენის თეატრმა, სადაც ერთი წელი ვმუშაობდი, წელს საერთოდ მთელი სეზონი გააუქმა. ძალიან მძიმე რეალობაა. ზუსტ პროგნოზს, სამწუხაროდ, ვერავინ გვეუბნება და აქედან გამომდინარე, რთულია განსაზღვრო მომავალი და დაგეგმო თუნდაც მომდევნო ღონისძიებები.
ნატალია, ამჟამად რას საქმიანობთ?
ამჟამად ვცდილობ მაქსიმალურად მოვიგო დრო და ვისწავლო ის პარტიები, რომლებიც 2021 წელს მელოდება სხვადასხვა თეატრში. ძალიან მიჭირს მარტოს ამ ყველაფრის გაკეთება, მაგრამ დიდი ხანია მივხვდი, რომ ჩემს გასაკეთებელს სხვა ვერავინ გააკეთებს. მაგალითად, შემიძლია გაგანდოთ ჩემი ხერხი, თუ რამდენ ეტაპად ვყოფ პარტიის სწავლის პროცესს.
არ ვიცი, ეს რამდენად საინტერესოა ჩვენი მკითხველისთვის, მაგრამ ზოგადი შეხედულება რომ ჰქონდეთ, თუ რამდენად რთული და მძიმე პროცესია, ამის გასაგებად მოგიყვებით ჩემს უცვლელ ხერხებს: უპირველესად, ვიწყებ საოპერო ნაწარმოების ლიბრეტოს ნაწილის გადათარგმნას, რაც დამერწმუნებით, არც ისე პატარა შრომაა... ამ ეტაპზე ვმუშაობ ბიზეს ოპერა „კარმენზე“, რომელიც ფრანგულ ენაზე გახლავთ დაწერილი, სადაც ძალიან დიდი რაოდენობით დიალოგებია. უმნიშვნელოვანესია ტექსტის სწორად გამოთქმა, ანუ პრონონსი, დიქცია. ამისთვის საჭიროა იცოდე ამ ენის დიქციის წესები. ჯულიარდში სწორედ ამ საგნებს გავდიოდი დიდი ინტენსივობით, ამიტომ მიწევს ნოტებში თარგმანთან ერთად ტრანსკრიფციის ჩაწერა, რაც ასევე საკმაოდ შრომატევადი საქმეა. გარდა ამისა, ვცდილობ, მკვეთრი ფერით გავხაზო ჩემი პარტია, რათა სწავლის პროცესში არ გამიჭირდეს საკუთარი მელოდიის წაკითხვა. ამ ყველაფრის შემდეგ ვიწყებ უკვე მუსიკალური ნაწილის შესწავლას და იწყება ყველაზე საინტერესო და ახალი აღმოჩენების ეტაპი. ეს გახლავთ ის მცირედი, რითაც ამ ეტაპზე ვარ დაკავებული.
ბოლო ორი წელია, ძალიან გამიტაცა მცენარეების მოვლამ. მაქვს საკმაოდ დიდი ზომის აივანი, რომელიც სავსეა ბევრი ლამაზი მცენარით. დროსთან ერთად ვისწავლე მცენარეებზე დაკვირვება და მათზე სწორი ზრუნვა. ასევე მყავს ახალი ოთხფეხა ოჯახის წევრი, სახელად „ჩოოკიე“, რომელიც თითქმის შვილის ყოლას უტოლდება და მიწევს მასზე ძალიან დიდი ძალისხმევისა და შრომის დახარჯვა.
კარგად დაფიქრდით და გვითხარით, როგორ ხედავთ საკუთარ თავს და თქვენს ცხოვრებას 5-10 წლის შემდეგ?
არათუ 5-10 წლის შემდეგ, ხვალ რა იქნება, ისიც კი არ ვიცი. ჩემი ცხოვრების დევიზია, ვიცხოვრო დღევანდელი დღით. ალბათ ესეც ოჯახიდან მოდის. ჩვენ ასე ვცხოვრობთ − არასოდეს უყვარდათ ჩემს ოჯახში გეგმები. არც გამოგვდის და არც არის საჭირო, წინასწარ იფიქრო ან დაგეგმო რაიმე. ცხოვრება სავსეა მოულოდნელობებით, ამიტომ ნამდვილად ვერ გეტყვით, როგორი წარმომიდგენია ჩემი თავი თუნდაც ხვალ. ისე კი, ვისურვებდი ჩემთვის ძვირფასი ადამიანების გვერდით ყოლას. ამაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არაფერია.
ოდესმე სხვა პროფესიაზე თუ გიფიქრიათ?
დიახ, მუდამ ვფიქრობ, ახლა განსაკუთრებით, თუმცა ძალიან ღრმა ბავშვობიდან ვიცოდი, რომ მუსიკალური სამყაროს ნაწილი ვიქნებოდი. ეს ალბათ ჩემმა მუსიკალურმა მონაცემებმა განაპირობა და არა ოჯახის წევრების პროფესიამ. მამის მხრიდან მუსიკალური ნიჭი ძალიან უხვად არის ჩემში, თუმცა ისინი სულ სხვა პროფესიის არიან. ალბათ ყველაფერი ისე მოხდა ჩემს ცხოვრებაში, როგორც უნდა მომხდარიყო. არაფერს ვნანობ და პირიქით, ბედნიერი ვარ ჩემი არჩევანით.
რა არის თქვენი გატაცება მუსიკის გარდა? რა განიჭებთ დიდ ბედნიერებას?
ყველაფერი, რასაც ვაკეთებ და როგორც ვცხოვრობ, მანიჭებს სიამოვნებას. ძალიან მაბედნიერებს ურთიერთობები. ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია მეგობრებთან და ოჯახის წევრებთან ყოფნა, ურთიერთობა.
მუსიკა, რომელსაც არასდროს უსმენთ და ფიქრობთ, რომ არასოდეს მოუსმენთ.
არასდროს ვიტყვი არასდროს, მაგრამ ეჭვი მეპარება, ოდესმე რუსული იაფფასიანი ესტრადის მოყვარული გავხდე. მოსმენით მომისმენია და ამიტომაც, სავარაუდოდ, აღარ მოვუსმენ.
თქვენი ყველაზე დიდი ოცნება გაგვიმხილეთ.
ოცნება არ მიყვარს. მიმაჩნია, რომ მიზნების მიღწევა ადამიანის ხელშია და ყველაფერი შესაძლებელია. თუ ოცნებაა, მაშინ ვიოცნებებ ისევ საკუთარ ბედნიერებაზე, რომელიც პირდაპირ უკავშირდება ჩემს შინაგან სიმშვიდეს, ხოლო ეს სიმშვიდე მხოლოდ იმ შემთხვევაში მექნება, თუ ის ადამიანები, რომლებიც მიყვარს და ჩემთვის მნიშვნელოვანნი არიან, იქნებიან კარგად და ვიცხოვრებთ ისეთ საქართველოში, როგორზეც ჩვენ, ყველა ვოცნებობთ.