ისტორიკოსი, მუსიკოსი და ახლა უკვე ხელოსანი და კულინარი − ყველა ეს რეგალია ერთ, ყველასათვის ძალიან კარგად ნაცნობ ადამიანს ეკუთვნის. ამ რუბრიკის სტუმარი ჩვენი ბევრი მკითხველისთვის ძალიან საყვარელი, ნიჭიერი და გამორჩეული მომღერალია, რომლის ხმასაც მილიონში გამოარჩევთ − სტეფანე მღებრიშვილი.
პროფესიით ისტორიკოსმა სტეფანემ, რომელსაც ფართო საზოგადოება ისტორიისგან სრულიად განსხვავებული და საოცრად ჰარმონიული სფეროდან იცნობს, ხელოსნობისა და კულინარიის უნარები ბოლო პერიოდში, კარანტინის რეჟიმში შეიძინა, თუმცა თავად ამბობს, რომ ამ მიმართულებით არცთუ დიდი ნიჭით გამოირჩევა. გამოუსწორებელ ოპტიმისტს, რომელიც ადამიანებში ყველაზე მეტად გულწრფელობას აფასებს, ხოლო სიყალბესა და ქედმაღლობას ვერაფრით ეგუება, მიაჩნია, რომ თავად სრულიად ჩვეულებრივი ადამიანია, ოდნავ მძიმე ხასიათით. თუ გაინტერესებთ, კიდევ რაზე ესაუბრა სტეფანე ქართულ OK!-ის, გთავაზობთ მასთან ჩაწერილ ექსკლუზიურ, ვრცელ ინტერვიუს.
სტეფანე, როგორ ხართ? როგორ შეცვალა ბოლოდროინდელმა საყოველთაო მოვლენებმა თქვენი ცხოვრება?
არ ვიქნები ორიგინალური და გეტყვით, რომ თავიდან სხვებივით შინ შევიკეტე. მეგობრებს ეღიმებოდათ კიდეც, იმდენად ზედმიწევნით ვიცავდი რეკომენდაციებს. მე ვფიქრობ, რომ არასერიოზული და აგდებული დამოკიდებულება ამ ვირუსის მიმართ არასწორია. ჩემთვის ბევრი რამ შეიცვალა. დამაშინა იმ ფაქტმა, რომ ჩემი სფერო პირდაპირ კავშირშია ხალხმრავლობასთან და ჯერ კვლავ არსებობს საშიშროება, რომ ადამიანები დიდხანს ვერ შეძლებენ კონცერტებზე სიარულს. ეს დიდი პრობლემაა, თუნდაც ფინანსური თვალსაზრისით, შემოქმედებითი კუთხით. ამ კარანტინის პერიოდის განმავლობაში აბსოლუტურად არაპროდუქტიული ვიყავი, არ მქონდა მუსიკის შექმნის სურვილი, თავიდან იყო მხოლოდ შიში. ალბათ არიან მუსიკოსები, რომლებზეც ამ პერიოდმა დადებითად იმოქმედა შემოქმედებითი კუთხით და ნაყოფიერი პერიოდიც ჰქონდათ, თუმცა ჩემ ირგვლივ, ჩემი მეგობარი, საკმაოდ პროდუქტიული და ნიჭიერი მუსიკოსები − ყველანი ამბობდნენ, რომ მუშაობისა და საქმიანობის არანაირი სურვილი არ ჰქონდათ.
გაურკვევლობა უარყოფითად მოქმედებს ჩემზე. მოლოდინის რეჟიმი ნეგატიურად აისახება ყურადღების კონცენტრაციაზე.
ალბათ უკვე მალე დავიბრუნებთ ჩვენს ცხოვრებას, ძველ რეჟიმსა და რიტმს. როგორ ფიქრობთ, რა შეიცვლება მსოფლიოსთვის, ადამიანებისთვის, ამ გამოწვევის შემდეგ?
დამოკიდებულებები ბევრი საკითხის მიმართ. ჩვენ აღმოვაჩინეთ, რომ არც ისე ძლიერები ვართ. მსოფლიო უძლური აღმოჩნდა ამ პანდემიის მიმართ. აღმოჩნდა, რომ სრულიად არაპროგნოზირებადია ჩვენი ცხოვრება. როცა ეს ყველაფერი მორჩება, გავა წლები და ადამიანები დაივიწყებენ ამ გამოწვევას, დაუბრუნებიან ცხოვრების ჩვეულ რეჟიმს, ახლა კი, ჯერჯერობით მაინც განსაკუთრებულ ემოციურ განწყობაზე ვართ.
სტეფანე, გაგვიმხილეთ, რა გაქვთ დაგეგმილი მას შემდეგ, რაც ყველანაირი საგანგებორეჟიმი მოიხსნება და დავუბრუნდებით ძველ ცხოვრების წესს? რამდენადაც ვიცით, უკვე დაგეგმილი გაქვთ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი საქველმოქმედო აქცია.
დიახ. ივნისის დასაწყისში „აჭარა ჯგუფის“ ინიციატივით და საქველმოქმედო ფონდ „1იანობის“ ეგიდით ვაპირებთ საქველმოქმედო აქცია-კონცერტის ჩატარებას, „სტამბიდან“ პირდაპირი ეთერის სახით. ეს იქნება ერთსაათიანი კონცერტი საუკეთესო მუსიკოსებთან ერთად, რომლებიც ჩემთან ერთად დაუკრავენ. ამგვარად, მოგროვდება თანხა და იმ ადამიანებისთვის დაიხარჯება, რომელთაც ყველაზე მეტად შეეხოთ ბოლოდროინდელი კრიზისი და ვისაც დახმარება ახლა ძალიან სჭირდება. ასეთი ხალხის მონაცემები უკვე არსებობს, „1იანობის“ მონაცემთა ბაზაში.
გარდა ამისა, კოვიდის კრიზისამდე დაგეგმილი მქონდა კონცერტები ამერიკაში − ნიუ იორკში, ფილადელფიაში, უკვე გაყიდული იყო ბილეთები და ცხადია, ჩაიშალა ეს კონცერტები, რომელთაც მე ვფიქრობ, 2021 წელს მაინც ჩავატარებ. ლონდონშიც მქონდა დაგეგმილი კონცერტი, ასევე, ბელორუსში − მინსკში, სადაც ძალიან მელოდნენ და ხშირად მწერდნენ.
წელს ზაფხულს ბათუმშიც ვაპირებდი კონცერტების ჩატარებას და დიდი იმედი მაქვს, რომ არ მომიწევს მათი გადადება, თუმცა ჯერჯერობით გადაწყვეტით მიჭირს რაიმეს დაზუსტებით თქმა. თუკი იქნება შესაძლებლობა, ყველანაირად შევეცდები, ეს კონცერტები ჩატარდეს. გარდა ამისა, ვმუშაობ კორპორაციულ შეკვეთებზე ჩემს მუსიკოსების გუნდთან ერთად და იმედი მაქვს, ეს საქმიანობა, ყველაფერი ნელ-ნელა დაბრუნდება, რადგან ამაზეა დამოკიდებული ჩვენი, მუსიკოსების ფინანსური სტაბილურობა. ახლა ჩვენ დანაკარგის პერიოდი გვაქვს.
იმედია, საერთო მდგომარეობა მალე აუცილებლად გამოსწორდება. ახლა კი... რომ არა მომღერალი, ვინ იქნებოდა სტეფანე?
პატარა რომ ვიყავი, ვოცნებობდი ექიმობაზე, რადგან შინ ბევრი ექიმი მყავს. შემდეგ დავამთავრე სკოლა და 1990-იანების მძიმე პერიოდში მიწევდა ჯარში წასვლა, როდესაც იქ ძალიან ცუდი პირობები იყო. სწორედ ამ დროს გამოცდები ჩავაბარე ისტორიის ფაკულტეტზე. რამდენად კარგი ისტორიკოსი გამოვედი, ვერ გეტყვით, მაგრამ დღემდე ძალიან მაინტერესებს ეს სფერო − დოკუმენტურ-ბიოგრაფიული მასალები, ევროპული ქვეყნების ისტორია, ომები, ქვეყნების პირველი პირები და მათი ცხოვრება, ისტორიები, სტრატეგიები.
გარდა ამისა, შეიძლებოდა გავმხდარიყავი ხელოსანი. აი, პანდემიის დროს დამჭირდა და დავიწყე ხელოსნობა, მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ დიდად ნიჭიერი ვარ ამ მიმართულებით. საჭმელების მომზადებაც დავიწყე.
თვისებები, რომელთა გამო ადამიანს პატივს სცემთ და პირიქით − რომელი თვისება გაღიზიანებთ?
პირველი, რასაც ვაფასებ, ეს არის გულწრფელობა. შესაძლოა ადამიანს ჰქონდეს მძიმე ხასიათი, მაგრამ გულწრფელი იყოს. ის, რაც ჩემთვის მიუღებელია, ეს სიყალბეა. უკვე 40 წლის ვარ და მაქვს იმის საშუალება, იოლად გავფილტრო ადამიანები. არაფრით არ შემიძლია ყალბ ხალხთან ურთიერთობა. ასევე მათთან, ვისაც საკუთარ თავზე დიდი წარმოდგენა აქვთ და მიაჩნიათ, რომ სამყაროს მათ წინაშე ვალი აქვს. მოლოდინი აქვთ, რომ ყველა მათ უნდა ეთაყვანებოდეს. ქედმაღალ ადამიანებს ვერ ვგუობ. ჩემი მეგობრები არიან ისეთები, როგორსაც ვაფასებ − ნამდვილები.
რაშია ადამიანის ბედნიერება? რაშია თქვენი ბედნიერება?
ყოველწუთიერ ცხოვრებაში. და მადლობა ღმერთს, ეს უნარი არასოდეს დამიკარგავს, მიუხედავად ჩემი ცხოვრების ძალიან მძიმე პერიოდებისა. მე ისევე, როგორც ბევრ ადამიანს, უამრავი პრობლემა მქონია, ურთულესი ცხოვრება მაქვს გამოვლილი, მაგრამ ბედნიერების შეგრძნება არასოდეს დამიკარგავს. განსაკუთრებით ახლა, როცა შვილი მყავს. ბედნიერებისთვის მთავარია, ბავშვები და ჩვენ გარშემო ადამიანები იყვნენ კარგად, ჯანმრთელად, სხვა დანარჩენი მოგვარებადია. ბედნიერების გასაცნობიერებელად არ მაქვს განსაკუთრებული მოთხოვნილებები ან ამოჩემება. ყოველი წუთი ბედნიერებას მანიჭებს.
შორეულ მომავალს გეგმავთ?
სიბერეს ასე ვხედავ: თუკი მექნება იმდენი დანაზოგი, რომ სადმე, სოფელში ვიყიდო დიდი ტერიტორია და იქ მშვიდად ვიცხოვრო, ეს ბედნიერება იქნება. მარტო ყოფნა, საკუთარ თავთან მარტო დარჩენა ჩემთვის კომფორტის ზონაა, ხშირად სამოგზაუროდაც წავსულვარ მარტო და ეს ძალიან მსიამოვნებს. ამიტომაც ჩემს სიბერეს ასეთად ვხედავ. კონკრეტული გეგმები არ მაქვს. ხომ იცით, ადამიანი გეგმავს, გეგმავს და მერე პირიქით ხდება.
ოპტიმისტი თუ ხართ?
ძალიან ოპტიმისტი ადამიანი ვარ.
დაბოლოს, შეეცადეთ ერთი წინადადებით დაახასიათოთ საკუთარი თავი.
რა რთულია ამ შეკითხვაზე პასუხის გაცემა... ჩვეულებრივი ადამიანი ვარ, სრულიად ჩვეულებრივი.
ეს თავმდაბალი კაცის პასუხია.
არ ვიცი მიზეზი, რატომ არ უნდა ვიყო თავმდაბალი. ამას რომ აღნიშნავენ ხოლმე, ვერ ვხვდები, რატომ არ უნდა იყოს ასე?.. ჩვეულებრივი, ტიპური ადამიანი ვარ, ცოტა მძიმე ხასიათით. ზოგისთვის ალბათ კარგი ვარ, ზოგისთვის შესაძლოა − ცუდი.