OK! ოთხ არაჩვეულებრივ გოგოს − ოთხ მარიამს წარმოგიდგენთ, რომელთაც დღევანდელ ფორსმაჟორულ მდგომარეობაში უაღრესად კეთილშობილური საქმე ითავეს. მარიამ ცერცვაძემ, მარიამ ჯორბენაძემ, მარიამ თითბერიძემ და მარიამ ჩაკვეტაძემ პანდემიის გავლენით კრიზისულ მდგომარეობაში აღმოჩენილი, მარტო დარჩენილი მოხუცების გაჭირვება გულთან ახლოს მიიტანეს და სოციალურ ქსელში შექმნილი ჯგუფის საშუალებით, მოხუცების დასახმარებელი კამპანია წამოიწყეს, რომელსაც ასეც ჰქვია − „დავეხმაროთ მოხუცებს“.
ადამიანების დახმარების სურვილით მოტივირებული ოთხი კეთილი ადამიანის ძალისხმევას უკვალოდ არ ჩაუვლია, სიკეთე ხომ გადამდებია... ჯგუფს რამდენიმე ათასი ადამიანი და სოციალურად პასუხისმგებლიანი კერძო სექტორიც შეუერთდა და აი, დღეს უკვე რამდენიმე ასეული მოხუცი საკვებით, მედიკამენტებითა და სხვა საჭირო ნივთებით არიან უზრუნველყოფილნი. გთავაზობთ ინტერვიუს სოციალური კამპანიის „დავეხმაროთ მოხუცებს“ ინიციატორებთან.
რამ გადაგაწყვეტინათ ამ სოციალური კამპანიის წამოწყება?
(მარიამ ჩაკვეტაძე): ერთმა ჩვეულებრივმა ვიდეომ, რომლის მსგავსიც შესაძლოა მანამდეც უამრავი დადებულა, მაგრამ ის ერთი გადამწყვეტი აღმოჩნდა ჩვენთვის.
(მარიამ ჯორბენაძე): მე და ჩემმა მეგობრებმა ვნახეთ სიუჟეტი მოხუცებულ ადამიანებზე, რომლებიც უფასო სასადილოებში იღებდნენ ყოველდღიურ საკვებს. პანდემიის გამო, ასეთი სასადილოები იკეტებოდა და ეს ადამიანებიც ყოველდღიური საკვების გარეშე რჩებოდნენ. ძალიან მოგვინდა, მათ რამით დავხმარებოდით.
(მარიამ ცერცვაძე): ვიდეოში მოხუცები ჩანდნენ, საკვების მოლოდინში გარეთ მდგარნი, ანერვიულებულები და შეშინებულები. ეშინოდათ, რომ მათზე არავინ იზრუნებდა, ეშინოდათ მომავლის, მარტო ყოფნის, გაჭირვების. სიმართლე გითხრათ, ბევრი არ გვიფიქრია, ისე გადავედით პირდაპირ მოქმედებაზე, რათა არცერთი წამით არ ეგრძნოთ თავი მიტოვებულად.
ზოგადად, სოციალური პრობლემები ყოველთვის მაწუხებდა, მუდამ მგრძნობიარე ვიყავი მსგავსი თემების მიმართ და ყოველთვის ვიცოდი, რომ აუცილებლად მოვიდოდა დრო, როდესაც თავად ჩავუდგებოდი სათავეში ასეთი ტიპის კამპანიას.
(მარიამ თითბერიძე): ბავშვობიდან ძალიან განვიცდი ყველაფერს, რაც მარტოხელა მოხუცებს და მათ პრობლემებს უკავშირდება და ყოველთვის მქონდა გაჭირვებაში მყოფი მოხუცების დახმარების განსაკუთრებული სურვილი. აქამდეც, როგორც შემეძლო, მუდმივად ვეხმარებოდი მათ და იმის გათვალისწინებით, რომ ჩემი აზრით, საქართველოში ყველაზე მოწყვლად ჯგუფს სწორედ მოხუცები განეკუთვნებიან, პანდემიის დროს განსაკუთრებით გამიმძაფრდა მათი თანადგომის სურვილი.
არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ამ ვირუსის ყველაზე დიდ რისკ-ჯგუფში სწორედ ეს უსაყვარლესი ადამიანები შედიან და მიმაჩნია, რომ თითოეული ჩვენგანის ვალია მაქსიმალურად უზრუნველვყოთ მათი უსაფრთხოება და ჯანმრთელობა. თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ პენსიონერთა უმეტესობა უკიდურესი გაჭირვების ზღვარს მიღმაა, პანდემიისას დამატებითი ფინანსური დახმარების გარეშე ფაქტობრივად სასიკვდილოდ უნდა გაგვეწირა ეს ხალხი.
სწორედ იმ დროს, როდესაც ამ ყველაფერზე მე და მარიამები ცალ-ცალკე, დამოუკიდებლად ვფიქრობდით, ტელევიზიით გავრცელდა უმძიმესი კადრები, რომელიც ასახავდა მოხუცების რეაქციებს უფასო სასადილოების მუშაობის სხვა რეჟიმზე გადასვლაზე, რომელიც ჩემს ფეისბუქ-გვერდზე გავაზიარე. ვბრაზობდი სისტემაზე, იმ უსამართლობაზე, რომ ეს ადამიანები ასეთი მწარე სიბერისთვის გავწირეთ ყველამ. გოგოებმაც ამ პოსტზე დამიკომენტარეს იგივე ემოციებით და გადაწყდა, რომ სასწრაფოდ უნდა დავდგომოდით მათ გვერდით და არ მიგვეტოვებინა ისინი ამ განსაცდელში. ზუტად ამ დღესვე შეიქმნა ჯგუფი „დავეხმაროთ მოხუცებს“.
რა სახის გზებს მიმართეთ, რათა იდეა გაგეხორციელებინათ?
(მარიამ ცერცვაძე): როგორც აღვნიშნეთ, ვიდეოს ნახვისთანავე შევქმენით ფეისბუქ-ჯგუფი, დავიწყეთ თანხების მობილიზება, მოხუცების სიების შედგენა, კარდაკარ სიარული, საზოგადოების, კომპანიებისა და მოხალისეების მობილიზება. ეს დღეები ალბათ ჩემი ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე ემოციური, ამაღელვებელი და საოცარი პერიოდია. ღამეები არ გვეძინა არცერთს ნერვიულობისგან, მაგრამ იმდენად ბედნიერები ვიყავით, საკუთარი თავი არც გვახსოვდა.
პირველივე საღამოს მოხდა სასწაული − ხალხი გვენდო და ერთ ღამეში კოლოსალურ თანხებზე ავედით. შემდეგ დავიწყეთ თავდაუზოგავი შრომა, რომ ეს ნდობა ბოლომდე გაგვემართლებინა და დღემდე ამას ვაკეთებთ. საბოლოოდ, 70 ათას ლარზე მეტის აკუმულირება მოხერხდა და ასობით მოხუცის დახმარება შევძელით.
(მარიამ თითბერიძე): ჯგუფის შექმნისას გვქონდა ერთადერთი გეგმა, დაგვემატებინა ამ ჯგუფში ყველა ჩვენი ნაცნობი, მათი მეშვეობით აგვეგროვებინა თანხა (გათვლა გვქონდა 5-იდან 10 000 ლარამდე) და შემდგომ ამ თანხით გვეყიდა საკვების მარაგი (თუნდაც რამდენიმე დღის), რომელსაც მოხუცებს უფასო სასადილოების ტერიტორიიდან გავატანდით.
ჯგუფის შექმნისას ალბათ ვერცერთი წარმოვიდგენდით, თუ რა მასშტაბებზე გავიდოდით და რომ საბოლოოდ, ამ სოციალურ კამპანიაში 34,000 ადამიანს მოვუყრიდით თავს, რომელთა მეშვეობითაც რამდენიმე დღეში 78,000 ლარი აკუმულირდებოდა.
(მარიამ ჩაკვეტაძე): იყო თეთრად გათენებული ღამეების, ბაზების შექმნის და ქუჩა-ქუჩა სიარულის პერიოდი, რაც საკმაოდ რთული და ემოციურად დატვირთული იყო.
თავისუფლად შეგვიძლია ვთქვათ, რომ უკვე 900-ზე მეტი მოხუცის დახმარება შევძელით.
(მარიამ ჯორბენაძე): გადავწყვიტეთ, მოხუცებისთვის დაგვერიგებინა საკვები პროდუქტები, ჰიგიენის საშუალებები და მედიკამენტები. შესაბამისად, დავუკავშირდით კომპანიებს, რომლებიც ძალიან დაგვეხმარნენ აქციის დროულად ორგანიზებაში. მაგალითად, კომპანია „გუდვილმა“ საკვები პროდუქტები და ჰიგიენის საშუალებები, ხოლო „პეესპემ“ მედიკამენტები მოგვაწოდეს. გაკეთდა პაკეტები მოხუცებისთვის.
როგორ ფიქრობთ, რა გამოწვევები აქვს მსოფლიოს ახლა და რა შეიცვალა ამ რეალობაში ადამიანებს შორის? როგორი იქნება სამყარო ამ დიდი გამოწვევის შემდეგ?
(მარიამ ჩაკვეტაძე): მსოფლიო გადის გარდასახვის გზას, რამაც დაგვანახა, თუ რამდენად კაცთმოყვარეები არიან ადამიანები. მაშინ, როცა წესით ყველას უნდა ეფიქრა საკუთარი ოჯახებისთვის მარაგების შეძენაზე, ისინი ჩვენ გვირიცხავდნენ თანხებს სხვა ადამიანების დასახმარებლად. ეს მძიმე პერიოდი ძალიან კარგია იმისთვის, რათა გადავაფასოთ მოვლენები და დავინახოთ, რომ არავის აქვს გარანტია ან უპირატესობა − ყველანი თანასწორნი ვართ.
მსოფლიო აუცილებლად დაძლევს ამ პერიოდს, თუმცა მნიშვნელოვანია არა მხოლოდ პანდემიისგან, არამედ ძველი ჩვევებისგან გავთავისუფლდეთ, უკან გადავდოთ ჩვენი ეგოიზმი და დავთრგუნოთ საკუთარი ეგო. პანდემიური ნისლი აუცილებლად გადავა და იმედია, ბევრად უფრო ადამიანურ, თანადგომით სავსე სამყაროს მივიღებთ შედეგად.
(მარიამ ჯორბენაძე): ამ გამოწვევამ მსოფლიო ძალიან შეცვალა, თუმცა სასიხარულოა ის, რომ თუნდაც ჩვენ მიერ ორგანიზებული კამპანიის საშუალებით დავინახეთ, რამდენად დიდია ჩვენს საზოგადოებასა და ადამიანებში ერთმანეთის დახმარების სურვილი. ვფიქრობ, ეს გამოწვევა ბევრ რამეზე დაგვაფიქრებს, იმაზეც, რომ იმ ადამიანების დახმარება, რომელთაც ეს ძალიან სჭირდებათ , ჩვეულებრივ პირობებშიც შეგვიძლია.
(მარიამ ცერცვაძე): დღეს, უპირველესად, უდიდესი ეკონომიკური გამოწვევების წინაშე დგას მთელი მსოფლიო და საქართველოც. უნდა გავიაზროთ და გავემზადოთ იმ რეალობისთვის, სადაც ყველაზე მოწყვლადი ჯგუფები კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდებიან − მოხუცები, შშმ-პირები, სხვადასხვა უმცირესობები, სოციალურად დაუცველი ოჯახები, მიუსაფარი ცხოველები და რაც მთავარია, მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლები. ადამიანების ერთმანეთის გვერდით დგომა, დახმარებისთვის მზადყოფნა და სოლიდარობა, ამ დროს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იქნება. მიუხედავად ამისა, მე მჯერა ჩვენი სოლიდარობის და თანადგომის, რადგან კამპანიის განხორციელების პროცესში კიდევ ერთხელ დავინახეთ, თუ რამდენის გაკეთება შეუძლია მონდომებული, გულანთებული და სოლიდარული მოქალაქეების ჯგუფს. ჩვენ ყველა ერთად გავერთიანდით მათ დასახმარებლად, ვისაც ყველაზე მეტად ვჭირდებოდით პანდემიის დროს და მთავარია, ეს ტემპი არ დავაგდოთ. მოქალაქეების გარდა, საოცრად სოლიდარული აღმოჩნდა კერძო სექტორიც და კომპანიებმა სრული მზადყოფნა გამოთქვეს ჩვენს დასახმარებლად.
კრიზისი ჩაივლის და გულით მჯერა, უკეთეს საზოგადოებას და უკეთეს სამყაროს მივიღებთ. ქველმოქმედება საკმაოდ აზარტულია, ბედნიერების მომნიჭებელი. გამორიცხულია, ერთხელ ვინმეს დაეხმარო და გაჩერება მოგინდეს.
მოგვიყევით თქვენს საქმიანობაზე. რა პროფესიის ხართ და ამჟამად როგორ ახერხებთ, გააგრძელოთ საქმიანობა?
(მარიამ ცერცვაძე): მე გახლავართ სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ უფროსი მენეჯერი. როგორც თითქმის ყველა, ჩვენც დისტანციურ რეჟიმზე ვართ გადასულები და სოციალურ აქტივიზმს (ორ სხვადასხვა კამპანიას) და სამსახურს მე პირადად ყოველი თავისუფალი წამის ხარჯზე ვათავსებ. იმაზე მეტად დატვირთული ვარ, ვიდრე ოდესმე ვყოფილვარ, მაგრამ მიუხედავად ამისა, ყველაზე პროდუქტიული და ბედნიერი სწორედ ახლა გახლავართ, რადგან ვაკეთებ იმას, რაც მიხარია, მიყვარს, მაბედნიერებს და მავსებს.
(მარიამ თითბერიძე): პროფესიით იურისტი ვარ და ამჟამად, საქართველოში ერთ-ერთ უმსხვილეს ჰოლდინგურ კომპანიაში ვმუშაობ, როგორც ჯგუფის იურისტი. მარტის დასაწყისიდან დღემდე დისტანციურად ვმუშაობ. ამ რეჟიმში მუშაობის ყველაზე რთული ეტაპი იყო, როდესაც ჩვენი კამპანია „დავეხმაროთ მოხუცებს“ ყველაზე აქტიურ მოსამზადებელ ფაზაში იყო და რამდენიმე დღე სამსახურიდან დათხოვნაც კი მომიწია (day off). ამ ეტაპზეც ვაგრძელებ დისტანციურად მუშაობას და არ მგონია, რაიმე განსაკუთრებულ სირთულესთან იყოს ის დაკავშირებული, მით უფრო, თუ გავითვალისწინებთ, რომ ახლა უკვე მთელი მსოფლიო მუშაობის ამ რეჟიმზეა გადასული.
(მარიამ ჩაკვეტაძე): გახლავართ სსიპ „აწარმოე საქართველოში“ დასაქმებული იურისტი, ამჟამად ვმუშაობ დისტანციურად და პარალელურ რეჟიმში თითოეული ჩვენგანი ცდილობს, სამსახურის საქმესთან ერთად, შევითავსოთ ჯგუფისა და თანხების მართვის საორგანიზაციო პროცესები.
(მარიამ ჯორბენაძე): მეც პროფესიით იურისტი გახლავართ, ამჟამად ვმუშაობ რამდენიმე საინვესტიციო პროექტზე საქართველოში − უმეტესად, ინფრასტრუქტურისა და მშენებლობის დარგში. ეს პროექტები ამ განსაკუთრებულ ვითარებაშიც გრძელდება, თუმცა თავისთავად, შედარებით შენელებულია მათი განხორციელების ტემპი.
კიდევ აპირებთ თქვენი წამოწყებული კამპანიის გაგრძელებას? და გთხოვთ, აქვე უფრო დაწვრილებით მოგვიყვეთ ბიზნესის ჩართულობაზე თქვენს კამპანიაში.
(მარიამ ჯორბენაძე): დიდი სიამოვნებით გავაგრძელებ საქველმოქმედო საქმიანობას. ჩვენი კამპანიის ფარგლებში, ბევრმა ბიზნესსუბიექტმა გამოთქვა სურვილი დაგვხმარებოდა, განსაკუთრებით გამოვყოფდი სს „ლიბერთი ბანკს“, რომელმაც აქტიურად დაუჭირა მხარი ჩვენ მიერ წამოწყებულ პროექტს; ასევე „სანტე“, „ბარამბო“, „ბორჯომი“− ეს ის კომპანიებია, რომლებმაც პროდუქცია უსასყიდლოდ გადმოგვცეს მოხუცების დასახმარებლად და გასახარებლად.
(მარიამ ცერცვაძე): კამპანია ამჟამადაც გრძელდება, ჯგუფში მოხალისეების მიერ ინფორმაციის განთავსებით, თანხების მობილიზებითა და მოხუცების დახმარებით. ყველა აქტივობა ძალიან ყურადღებით და მკაცრადაა ჩვენ მიერ გაკონტროლებული და უზრუნველყოფილია სრული გამჭვირვალობა. პროდუქტების დარიგების გარდა, სხვა მხრივაც შევცვალეთ ბევრი მოხუცის ცხოვრება: შეგროვებულია რემონტის, ზოგი მოხუცისთვის ოპერაციის თანხები, ქირის გადასახადები და ა.შ. ჩვენს ჯგუფში სუფევს პოზიტიური განწყობა, საოცარი სოლიდარობა და ერთმანეთის გვერდით დგომის მუხტი, და ასე, ყველა ერთად, მართლაც საოცრებებს ვახდენთ. ბიზნესი იყო და არის სოლიდარული ჩვენი წამოწყების მიმართ. ჩაგვირიცხეს ფულადის სახსრები, კომპანიებმა გაგვიკეთეს დიდი ფასდაკლებები, გვაჩუქეს პროდუქტები, მედიკამენტები და ა.შ. ბევრი კომპანია გვთხოვს მოხუცების სიებს და თავადაც დამოუკიდებლად უწევენ დახმარებას. ჩვენ თვითონაც არ გვჯერა, იმდენი კარგი ამბავი მოხდა ჯგუფის მეშვეობით.
(მარიამ თითბერიძე): ვინარჩუნებთ და ვმართავთ პლატფორმას, რომელსაც 34,000 წევრი ჰყავს და ჯგუფის წევრები უკვე თავად იყენებენ ამ პლატფორმას მოხუცებულების დასახმარებლად. ჩვენი სოციალური კამპანიის ყველაზე დიდი მონაპოვარი და მიღწევა სწორედ ჯგუფის ეს 34,000 წევრი მგონია და ადამიანების დახმარების ის მუხტი და სურვილი, რომელიც ამ 34,000 წევრში ტრიალებს.
ბიზნესმა უდიდესი სოციალური პასუხისმგებლობა გამოიჩინა და იმედი მაქვს, ჩვენ გარეშეც გააგრძელებენ ეს კომპანიები ამ კეთილი საქმის კეთებას.
(მარიამ ჩაკვეტაძე): ამჟამად კამპანიის ძირითადი განმახორციელებლები და გამგრძელებლები სწორედ ის ადამიანები არიან, რომლებიც თავდაპირველ ეტაპზე ბრმად მოგვენდნენ, ხოლო ახლა თავად ათავსებენ ინფორმაციას ჯგუფში, თვითონვე ახდენენ თანხების აკუმულირებას და შემდეგ ეხმარებიან მოხუცებს. ჩვენი მხრიდან მიდის ამ პროცესის კონტროლი და მაქსიმალური ყურადღებით გადამოწმება, რომ თითოეული თეთრი ადრესატამდე მივიდეს.
კიდევ რაიმე სხვა კამპანიის წამოწყებას ხომ არ გეგმავთ დღევანდელი გამოწვევების შესამსუბუქებლად?
(მარიამ ცერცვაძე): მე პირადად უკვე სხვა მასშტაბურ აქციასაც ჩავუყარე საფუძველი მეგობრებთან ერთად − „მარტო დარჩენილი ცხოველებისთვის“. კამპანიის მიზანი მთელი საქართველოს მასშტაბით მიუსაფარი ცხოველების გამოკვებას ითვალისწინებს, რადგან საკვები ობიექტების დაკეტვის, მოძრაობის აკრძალვის გამო, ცხოველები შიმშილის ზღვარზე არიან. განსაკუთრებით მძიმეა გზატკეცილებზე მყოფი ცხოველების ბედი, რომლებიც მანამდე იქვე არსებული რესტორნების ან გამვლელი მანქანების იმედად იყვნენ.
ვახდენთ თანხების მობილიზებას, ტომრებით საკვების შეძენას და რეგიონებში წინასწარ არჩეულ მოხალისეებთან გაგზავნას, რომლებიც ჩვენი მითითებების მიხედვით კვებავენ მიუსაფარ ცხოველებს.
მინდა ყველას ვთხოვო: როდესაც ქალაქს ვტოვებთ, ცხოველებს პური მაინც გავუყოლოთ და გზად დავაპუროთ ხოლმე ჩვენი ოთხფეხა მეგობრები. მანამდე კი, ახლანდელ რეჟიმში, მაღაზიაში ან აფთიაქში ჩასვლისას ვუწილადოთ მათ საკვები.
რას ეტყოდით ამ მძიმე პერიოდში ჩვენს მკითხველს, ადამიანებს?
(მარიამ ცერცვაძე): უპირველესად, OK!-ის მკითხველებს გადავუხდი მადლობას, რადგან დარწმუნებული ვარ, ბევრია მათ შორის ისეთი, ვინც ჩვენი კამპანიისთვის თითო ლარი მაინც გაიღო და სანამ თავად არ გამოვცადე, მანამდე ვერ ვხვდებოდი, იმ ლარსაც რამხელა მნიშვნელობა აქვს. ყველას შეგვიძლია რაღაცის გაკეთება სამყაროს უკეთესობისკენ შესაცვლელად.
ასევე, ყველას ვთხოვდი, ნუ იქნებიან მხოლოდ მოხალისეებისა და სოციალური აქტივიზმის იმედად. თითოეულმა მოქალაქემ საკუთარი წილი პასუხისმგებლობა უნდა ავიღოთ უკეთესი ქვეყნის, უკეთესი საზოგადოების შენებაში.
როდესაც ვიცით, რომ ვინმეს უჭირს, ნუ გვექნება იმედი, სხვა დაეხმარებაო. დამიჯერეთ, ყველას შეგვიძლია რაიმე მცირედის გაკეთება. მოხუცების შემთხვევაში, კომუნიკაციაც ბევრს ნიშნავს მათთვის და იმის გააზრება, რომ არ არიან მარტო. პანდემიის პერიოდმა ბევრი გვასწავლა. მჯერა, რომ ამ ყველაფრის შემდეგ, უკეთესი საზოგადოება ვიქნებით − ემპათიურები და სოლიდარულები.
(მარიამ თითბერიძე): თქვენი ჟურნალის საშუალებით ყველას მოვუწოდებ, სულ მცირე, ერთ ადამიანს მაინც დაეხმარონ, რითაც შეუძლიათ, და თავად ნახავენ, რამხელა ცვლილებას შეიტანენ ამ ადამიანების ცხოვრებაში და საქართველოში არსებულ ზოგად სოციალურ ფონში. თითოეულმა მოქალაქემ უნდა ავიღოთ ჩვენი წილი სოციალური პასუხისმგებლობა და მჯერა, ამ გზით გაცილებით კარგ და ბედნიერ სახელმწიფოს შევქმნით.
(მარიამ ჯორბენაძე): ამ ეტაპზე ალბათ ყველაზე დიდი პრობლემა გაურკვევლობაა. ის, რომ არავინ იცის, როდემდე გაგრძელდება პანდემია და მსოფლიოში არსებული შეზღუდვები, რაც მძიმე დარტყმას აყენებს ქვეყნების ეკონომიკას. თუმცა, ჩემი აზრით, აუცილებელია დადებითი განწყობა შევინარჩუნოთ, ყველამ საკუთარი მაქსიმუმი გავაკეთოთ ჩვენ გვერდით მყოფი ადამიანების დასახმარებლად და შევუმსუბუქოთ ერთმანეთს ეს მძიმე პერიოდი.