ქართული OK! იმ კამპანიის ინიციატორზე მოგიყვებათ, რომელიც ალბათ ყველაზე კარგად ასახავს განსაკუთრებულ, უჩვეულო მდგომარეობას, რომელშიც მთელი მსოფლიო და საქართველოა. „კადრი კარანტინიდან“ შინ გამოკეტილი ადამიანების ცოცხალი ემოციებისა და აღქმების ყულაბაა, მათი თვალით შინიდან დანახული გარესამყაროს კადრები, ამბები, ცხოვრება... ალბათ მალე დადგება დრო, როდესაც ფოტოგრაფ ზინკა ბარნოვის მიერ შექმნილი სოციალური კამპანია თავის სიტყვას იტყვის და პანდემიური საქართველოს ამბავს მოყვება, თვითმხილველების თვალით დანახულ და საინტერესო ფოტოკადრებად აწყობილ ნამდვილ ამბავს.
ზინკა, ძალიან დიდი გამოწვევები აქვს მსოფლიოს. როგორ აღიქვამთ და უმკლავდებით მათ? რა ძალა, სიახლე აღმოგაჩენინათ ამ ფაქტმა. გვესაუბრეთ თქვენს დამოკიდებულებაზე დღევანდელი რეალობის მიმართ.
გამოწვევები ყოველთვის იყო. ჩვენ საკმაოდ რთულ და საინტერესო დროს მოგვიწია ცხოვრება. გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან მუდამ გამოწვევებში ვართ. გამოვიარეთ 9 აპრილი, საბჭოთა კავშირის დაშლისა და ახალი სახელმწიფოს შექმნის მნიშვნელოვანი ეპოქა; სამოქალაქო, აფხაზეთის, სამაჩაბლოს, აგვისტოს ომები და ბევრი სხვა მოვლენა, რომლებმაც როგორც ზოგადად ქვეყნის, ასევე ჩვენს პირად ცხოვრებასა თუ ბედზე მოახდინა გავლენა.
ახლა პანდემიის პირობებში გვიწევს ყოფნა. მაგრამ ყველაფერს აქვს დასასრული, ყოველთვის არსებობს გამოსავალი. ასეთ რთულ დროშიც კი შეიძლება იპოვო რაიმე ხელჩასაჭიდი, იპოვო მიზანი − დაეხმარო, გვერდით დაუდგე სხვებს, შეუმსუბუქო მდგომარეობა. ინტერესის გარკვეული ახალი სფეროები აღმოაჩინო. იმოქმედო.
თქვენ განახორციელეთ კამპანია „კადრი კარანტინიდან“. გვესაუბრეთ ამ კამპანიაზე. მოგვიყევით, როგორ გაჩნდა იდეა და როგორ განახორციელეთ.
ფოტოებს შინიდან ყოველთვის ვიღებდი. საერთოდ, საკმაოდ საინტერესო და დიდი რაოდენობის, მრავალფეროვანი მასალა დამიგროვდა, რომელიც ასახავს თბილისის, საქართველოს ისტორიას 1990 წლებიდან დღემდე.
რა თქმა უნდა, ფოტოგადაღებას თვითიზოლაციის დროსაც ვაგრძელებ და მომინდა, სხვებისთვისაც გამეზიარებინა პირადად ჩემი ნამუშევრები; სხვებისთვისაც მიმეცა სწორედ დღევანდელ გარემოებებში განწყობის, სულიერი მდგომარეობის გამოხატვის, ყოველდღიურობის, ყოფის ელემენტების დაფიქსირების − იმის ჩვენების შესაძლებლობა, თუ როგორ ცხოვრობენ თვითიზოლაციაში, კარანტინის რეჟიმის დროს ადამიანები, რა ქმნის თითოეული მათგანის სამყაროს; შემეთავაზებინა, რაღაც შეექმნათ, ემოგზაურათ შინიდან გაუსვლელად, წარსული იქნება თუ თანამედროვეობა, ქალაქი თუ ჩვენი ქვეყნის სხვადასხვა კუთხე; ემოქმედათ და არ ეგრძნოთ მარტოობა. ეს ყველას − თითოეულ ჩვენგანს ეხება და შეიძლება ვთქვათ, გვაერთიანებს ისე, როგორც არასდროს.
ჩვენ კვლავ ვცხოვრობთ ისტორიულ დროში. ჩვენ თვითონ ვქმნით ისტორიას. და მით უმეტეს, ასეთ რთულ პერიოდში განსაკუთრებით გვჭირდება პოზიტივი, სილამაზე, ესთეტიზმი, ხელოვნებასთან კავშირი და ახალი აღმოჩენები ახალ გარემოებებში.
თვითიზოლაციაშიც კი შეიძლება იყო თავისუფალი. სამყარო ასეთ დროსაც კი მშვენიერია, საინტერესო და აქტუალური, რადგან ცხოვრება გრძელდება. და ჩვენც უნდა ვისწავლოთ ახალ რეალობაში ცხოვრების წესი და სიცოცხლის მიმზიდველობა. და უნდა გვჯეროდეს, რომ ყველაფერი მოგვარდება, ყველაფერი კარგად იქნება და ნურაფრის შეგვეშინდება. ეს ისტორიაა, რომელსაც ყოველი ჩვენგანი გადის და ქმნის. ისტორია, რომელიც ფოტოზე დარჩება. და სწორედ იმ მიზნით, რომ ჩვენს საზოგადოებას, გარშემომყოფებს, ჩვენი თანამედროვე ადამიანების ცხოვრება, სამყაროს აღქმა, ყოველდღიურობის ხედვა და პროცესები, რომლებიც გარშემო და ჩვენივე მონაწილეობით მიმდინარეობს, ფოტოს სახით გადმოეცათ და დაეფიქსირებინათ, რათა ეს ყველაფერი არ დაფანტულიყო, სოციალურ ქსელში შევქმენი ჯგუფი „კადრი კარანტინიდან“.
თქვენთვის, როგორც ხელოვანისთვის, რა შეცვალა ამ რეალობამ?
ამ გარემოებებში, როდესაც ჩვეული რიტმით ვერ ვცხოვრობთ და ვერ ვმუშაობთ, საშუალება მომეცა, ჩემი ფოტოარქივი დამელაგებინა. სხვა მხრივ, დიდად არაფერი შეცვლილა, იმის გარდა, რომ სოციალურ ქსელში ბევრად გავაქტიურდი. პირველთან ერთად, გავაკეთე კიდევ რამდენიმე ჯგუფი, რომლებიც ასახავენ აწმყოს, დღევანდელობას, წარსულს, ისტორიას, რომელიც რჩება და დარჩება: „კადრი კარანტინიდან“, „წინაპრები“, „საქართველოს ფოტოგრაფია“, „პორტრეტი“, „საქართველოს არიტექტურა“, „მომავალი“, „ბუნება“,„ფაუნა“, „ვიდეოხელოვნება“. ჩემთვის მოულოდნელად, ამ წამოწყებამ, ყოველმა მომდევნო ჯგუფმა, საზოგადოების დიდი ინტერესი გამოიწვია. ბევრმა დაიწყო ფოტოების, ვიდეოს გადაღება, გამოგზავნა, და მივხვდი, რომ სწორი არჩევანი გავაკეთე და სწორი გზით მივდიოდი. ამ თემატურ ჯგუფებში ატვირთული და გაზიარებული ფოტოები ცალკე, დამოუკიდებელ გამოფენებად შეიკრა და იმედი მაქვს, ჩანაფიქრს რეალობად ვაქცევ.„გალერეა ბარნაველში“ გამოფენების ციკლს მოვაწყობ და შესაბამისი შინაარსის ალბომებსაც გამოვცემ.
ზინკა, საინტერესოა, რამდენად აქტიური ხართ თქვენი საქმიანობის მიმართულებით ახლა. აგრძელებთ თუ არა მუშაობას? რა იდეები გაქვთ და საქმიანობის როგორ რეჟიმზე ხართ გადაწყობილი?
ვაგრძელებ არქივის დალაგებას. ვიღებ ფოტოებს, შინიდან გაუსვლელად − ფოტოებს იზოლაციიდან, და რეპორტაჟებად ვაწყობ და ფაქტობრივად, ყოველდღე ვაზიარებ. ყოველი კვირის ბოლოს კი ვარჩევ საუკეთესო ფოტოებს ამა თუ იმ ჯგუფიდან, ავტორების წასახალისებლად და მათთვის თუ სხვებისთვისაც სტიმულის მისაცემად; სოციალურ ჯგუფებში ვაწყობ სხვადასხვა ავტორის გამოფენებს − რა თქმა უნდა, ვირტუალურ სივრცეში. პარალელურად, ვახარისხებ ფოტომასალას მომავლის გამოფენისთვის და ჩაფიქრებულ-დაგეგმილი ფოტოალბომების გამოსაცემად.
მოგვიყევით ფოტოგრაფიაზე, როგორც თქვენს გატაცებაზე, და საქმეზე. როდიდან დაინტერესდით და რატომ აირჩიეთ?
მამამ, რომელიც ფოტოებს ყოველთვის იღებდა, თავისი ფოტოაპარატი მაჩუქა და რომ არა პირველი ორი კადრი, რომლებიც სახლის აივნიდან გადავიღე (დღემდე ვაგრძელებ იგივე ხედის გადაღებას), ამ პროფესიას ალბათ არასდროს გავყვებოდი. შემდეგ „საქინფორმში“, პრეზიდენტის პრესსამსახურში დავიწყე მუშაობა. წლების განმავლობაში ედუარდ შევარდნაძის პირადი ფოტოგრაფი ვიყავი. პროფესიით სოციოლოგი ვარ. დამთავრებული მაქვს ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტის სოციოლოგია-ფილოსოფია-ფსიქოლოგიის ფაკულტეტი.
მოგვიყევით თქვენს გეგმებზე − რას გააკეთებთ, როდესაც ძველი ცხოვრება დაბრუნდება?
როდესაც ეს ყველაფერი დასრულდება, როგორც უკვე გითხარით, ვაპირებ პანდემიის დროს, ჩემ მიერ შექმნილ ჯგუფებში, უკვე ძალიან ბევრი ადამიანის გაზიარებული ფოტოების გამოფენების მოწყობას და ამ ფოტოების ალბომებად გამოცემას. ამ საკითხებზე უკვე სერიოზულად და აქტიურად ვმუშაობ.
რა შეიცვლება მსოფლიოში, როგორ ფიქრობთ?
მსოფლიო უკვე შეიცვალა. შეიძლება ვთქვათ, რომ ბევრი რაღაცის გადაფასება მოხდა. იმედია, აწმყოს გამოცდილება არ დაგვავიწყდება, მომავალშიც დავფიქრდებით და სხვა ფასეულობები ბევრად მნიშვნელოვანი გახდება, ვიდრე აქამდე იყო.