დღეს სრულიად მსოფლიო და საქართველო უდიდესი გამოწვევების წინაშეა. პანდემიამ ადამიანების ჯანმრთელობასთან ერთად, მსოფლიო ეკონომიკაც საფრთხეში ჩააგდო და უდიდეს კრიზისში შეიყვანა. ბევრ ადამიანს გაუჭირდა, ოჯახებს გადარჩენისთვის ბრძოლა უწევთ. ახლა ისე, როგორც არასდროს, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ადამიანებს შორის თანადგომა, ერთმანეთისთვის დახმარების ხელის გაწვდენა, გვერდით დგომა.
ჩვენი სტატიის გმირები ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარე ნინო ზამბახიძე, „აჭარა ჯგუფის“ აღმასრულებელი დირექტორი ვალერი ჩეხერია და ბიზნესაქსელერატორ „სპარკის“ მენეჯერი სანდრო კანდელაკი გახლავან − ადამიანები, რომლებიც პანდემიამდე საკმაოდ აქტიურ, დატვირთულ საქმიან ცხოვრებას ეწეოდნენ, ახლა კი მთლიანად, მთელი გონებრივი, დროითი თუ სამსახურებრივი რესურსებით სხვა ადამიანების დახმარებაზე არიან ორიენტირებულნი.
„1იანობა“ ონლაინპლატფორმაა, რომელიც მათ პანდემიის დროს ყველაზე მგრძნობიარე, მოწყვლადი ჯგუფების − მოხუცების, მარტოხელა დედების, მრავალშვილიანი ოჯახების დასახმარებლად დააფუძნეს. პროექტის ფარგლებში, რომელშიც 500-ზე მეტი ადამიანია ჩართული, უკვე 2300-ზე მეტ ბენეფიციარს დაეხმარნენ და გაჩერებას არ აპირებენ.
როგორ დაფუძნდა „1იანობა“, როგორ და ვისი დახმარებით განხორციელდა საზოგადოებისთვის ძალიან სასარგებლო, კეთილი იდეა და რა სამომავლო გეგმები აქვთ დამფუძნებლებს პლატფორმასთან დაკავშირებით − წაიკითხეთ OK!-ის ინტერვიუში.
ვისაუბროთ სოციალურ კამპანიაზე „1იანობა“, რომლის ინიციატორები თქვენ ბრძანდებით. როგორ დაიბადა იდეა და როგორ განახორციელეთ?
(ნინო): მე და ვალერი მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ახალგაზრდა გლობალური ლიდერები ვართ. „კოვიდის“ კრიზისის პირველივე დღეებიდან მსოფლიო ლიდერებთან საერთო ონლაინსასაუბროდან მივიღეთ ინფორმაცია, როგორ უმკლავდება სხვადასხვა ქვეყანა ამ გამოწვევას, ვგულისხმობ მოხალისეთა აქტიურობას და სხვადასხვა ბიზნესის მიერ გაწეულ დახმარებებს. ჩვენც მოგვივიდა იდეა, რომ გაგვეკეთებინა ასეთი ონლაინპლატფორმა. მე დავუკავშირდი სანდროს, რომელიც ჩემი მეგობარია და ჩამოვყალიბდით, როგორ შეიძლებოდა გაგვეკეთებინა მოწესრიგებული სივრცე, სადაც თავმოყრილი იქნებოდა შეჭირვებული ჯგუფების გადამოწმებული ბაზა და ორგანიზებულად, თანმიმდევრულად მოხდებოდა მათი დახმარება. ასე შეიქმნა „1იანობა“.
თავიდან შემოგვიერთდნენ მხოლოდ მოხალისეები, რომლებიც პროდუქტის მიტანაში იღებდნენ მონაწილეობას, თუმცა მოგვიანებით მცირე, საშუალო და დიდი ბიზნესის წარმომადგენლებმაც გამოთქვეს სურვილი, დაგვხმარებოდნენ და ასე აღმოვჩნდით შუამავალი რგოლი ბიზნესს, მოხალისეებსა და ბენეფიციარებს შორის. ესენი არიან 65 წელს ზემოთ ადამიანები, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები და მარტოხელა დედები. ამასობაში, გამოგვეხმაურნენ დონორებიც. „ღია საზოგადოების ფონდი“ დაგვეხმარა ვებპლატფორმის დახვეწაში, რომელიც ქართულ, აფხაზურ, სომხურ, აზერბაიჯანულ და ინგლისურ ენებზეა. მნიშვნელოვანი იყო მოხალისე ახალგაზრდების გადამზადება, რომ არ გამხდარიყვნენ ინფიცირების წყარო, ამაში კი დაგვეხმარა ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“. სწორედ მათი დაფინანსებით და საგანგებო სამსახურის დახმარებით გადავამზადეთ ადამიანები, რომლებიც კარგად ინფორმირებულნი არიან, როგორი ეკიპირება უნდა ჰქონდეთ და როგორ უნდა გაიხადონ ეკიპირება ისე, რომ არ გახდნენ ინფექციის გადამტანები.
(ვალერი): ახალი დაწყებული იყო ეს პანდემია საქართველოში, როცა ნინომ დამირეკა და მითხრა, რომ უნდა მოვმზადებულიყავით ამ რთული პერიოდისთვის. მაშინ ცოტა წარმოუდგენლად მეჩვენებოდა, რომ ისეთივე კრიზისული მდგომარეობისთვის უნდა მოვმზადებულიყავით, რაც ჩინეთში, იტალიაში უკვე დამდგარი იყო. თუმცა, ვხვდებოდი, რომ მომზადება ნამდვილად საჭირო იყო. გავიაზრეთ, რომ მოწესრიგებული ინტერნეტპლატფორმა დაგვჭირდებოდა, რომლის გაკეთებაზე და აწყობაზე ძალიან ბევრი იშრომა სანდრომ. მისი დამსახურებაა, რომ ვებგვერდი გამოვიდა ისეთი, როგორიც არის.
ბიზნესი რა ეტაპზე შემოგიერთდათ?
(ვალერი): ბიზნესს რაც შეეხება, ჯერ თავად ჩვენ დავიწყეთ იმ პროდუქტით, რაც გვაქვს. მე, როგორც „აჭარა ჯგუფის“ დირექტორმა, რესტორნებისა და სასტუმროების ის პროდუქტი, რომელიც დახურვის შემდეგ დარჩა, მივმართე ამ პროექტში, ხალხის დასახმარებლად. შემდეგ კი, თავადაც იცით, რომ სიკეთე გადამდებია. მქონდა მეგობარი ბიზნესკომპანიების იმედი. ძალიან ბევრი მათგანი შემოგვიერთდა. ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს, მათ შორის პირველი იყო „გალფი“, რომელმაც საწვავით მომარაგება შემოგვთავაზა, იყო მსხვილი ბანკები და ბევრი სხვა კომპანია, რომლებიც საკუთარი ინიციატივით შემოგვიერთდნენ და ეს ჯერ მხოლოდ დასაწყისია. ეს ის საქმეა, რომელიც აუცილებლად უნდა გაგრძელდეს, რადგან ბიზნესს აქვს სოციალური პასუხისმგებლობა, განავითაროს თავისი ქალაქი, ქვეყანა, ადამიანები, გარემო მის ირგვლივ.
მნიშვნელოვანი და სიმბოლურია ის, რომ კამპანიის ფონდის განვითარების ნაწილი ასე დავიწყეთ: დავუკავშირდით soplidan.ge-ს და ვთხოვეთ პროექტის მხარდაჭერა, რაზეც სიამოვნებით დაგვთანხმდნენ. ასე რომ, soplidan.ge-ის თითოეული შეკვეთიდან თითო ლარი ჩვენს პროექტში ირიცხება. „აჭარა ჯგუფის“ რესტორნების შეკვეთებიდანაც გარკვეული თანხა ირიცხება ფონდში. ეს პარტნიორობა ორმხრივად სასარგებლოა იმის გათვალისწინებით, რომ ამ ფორმით დავეხმარეთ ქართველ ფერმერებს, არ ჩაექნიათ ხელი ქართულ წარმოებაზე ასეთ ურთულეს პერიოდში, რადგან ყველაზე მნიშვნელოვანი პერსპექტივები ახლა ექნება სოფლის მეურნეობის პროდუქციის ადგილობრივ წარმოებას. მათი მოტივაციის წახალისებას კი ერთგვარად ხელი შეუწყო ჩვენმა პლატფორმამ. ბევრი ფერმერი თავად გვიკავშირდება, საკუთარი ინიციატივით ერთვება ამ პროექტში, ბევრი მათგანი უსასყიდლოდ გვაძლევს პროდუქტს და ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ ძალიან უფრთხილდებიან პროდუქციის ხარისხს და ზრუნავენ, რომ მაქსიმალურად მაღალი ხარისხის პროდუქტი მივიდეს ბენეფიციარებამდე. ეს არის ის, რაც ბიზნესის პასუხისმგებლობას შეეხება.
ამ საქმეში დიდი და პატარა წვლილი არ არსებობს. თითოეულ ლარს მნიშვნელობა აქვს. ზოგი ადამიანი ლარს რიცხავს, ზოგი კი 10 000-ს და ეს ერთნაირად დასაფასებელია. როდესაც ვუყურებთ ჩვენს ბენეფიციარებს, ვხვდებით, რამხელა მნიშვნელობა აქვს ამ თანადგომას და ადამიანების მიერ სოციალური პასუხისმგებლობის გათვითცნობიერებას.
სანდრო, როგორც თქვენმა მეგობრებმა აღნიშნეს, დიდი როლი მიგიძღვით „1იანობის“ პლატფორმის ჩამოყალიბებაში და პროექტის განხორციელებაში. თქვენთვის რას ნიშნავს ეს პროექტი?
(სანდრო): კრიტიკულ, კრიზისულ სიტუაციებში საზოგადოებისა და ბიზნესის ჩართულობა ძალიან მნიშვნელოვანია. საქართველოს ისტორიაში გარკვეულ პერიოდებს თუ გადავხედავთ, ვნახავთ, რომ კრიზისულ სიტუაციაში ყოველთვის იყვნენ ადამიანთა გარკვეული ჯგუფები, რომლებიც განსაკუთრებული ენთუზიაზმით და საშუალებებით ზრუნავდნენ ქვეყნის რთული მდგომარეობიდან გამოყვანაზე. ჩემი, ნინოს, ვალერის, ბიზნესსექტორის ჩართულობის გარდა, უმნიშვნელოვანესი იყო მოხალისეების მხრიდან დახმარების უდიდესი სურვილი და თავდაუზოგავი შრომა, რომელსაც გასწევენ მოწყვლადი ჯგუფების დასახმარებლად. შესაბამისად, ასეთი პლატფორმის ჩამოყალიბება მგონია ქვეყნის სწორ დამხმარე საშუალებად. დიდი ბედნიერებაა, როდესაც ვხედავთ ადამიანებს, რომლებსაც ძალიან ახარებთ ეს დახმარება. ჩვენ მივდივართ ისეთ ადგილებშიც, მაღალმთიან რეგიონებში, სადაც სხვა დახმარებებმა ვერ მიაღწია. ამიტომ მგონია, რომ საქმე, რომელსაც ჩვენი გუნდი აკეთებს, ბევრ სიკეთეს მოუტანს ქვეყანას.
(ვალერი): ჩვენი ბენეფიციარები არიან ადამიანები, რომელთაც ხანდახან იმედიც კი გადაწურული აქვთ, რომ ვინმე დაეხმარებათ. ხშირად ისიც ძნელად წარმოუდგენიათ, რომ ღირს „1იანობის“ ვებგვერდზე დარეგისტრირება და ნამდვილად დაეხმარებიან. არ სჯერათ ხვალინდელი დღის, არ სჯერათ, რომ მასთან მივალთ. მგონია, ამ დახმარებით იმედს, ფსიქოლოგიურ იმუნიტეტს, რწმენას იძენენ, რომ შეიძლება ხვალინდელი დღე უკეთესი იყოს და არსებობენ ადამიანები, რომლებიც მას არ მიატოვებენ.
(ნინო): სამომავლოდ ვფიქრობთ, რომ ეს პლატფორმა არ იყოს ერთჯერადი და მხოლოდ ამ ერთ გამოწვევაზე საპასუხო საშუალება. გვინდა, რომ პანდემიის შემდეგ არ დავხუროთ და გადავაქციოთ მდგრად ონლაინსივრცედ, რომელსაც კომპანიები შეინახავენ და სასარგებლო საქმის კეთებას გააგრძელებენ. კარგი იქნება, თუ შემდეგშიც, ზოგადად, საზოგადოების სიდუხჭირის ნაწილში, ბიზნესი გაიზიარებს კორპორაციულ, სოციალურ პასუხისმგებლობას და სახელმწიფოსთან ერთად, ბიზნესის სექტორიც ჩაერთვება რიგ სასარგებლო აქტივობებში. ჩვენ მუდმივად ვაკვირდებით, რა სახის შეცდომებს ვუშვებთ, რა შეიძლება გავაუმჯობესოთ, დავხვეწოთ, რათა სამომავლოდ სრულყოფილ პროექტად ვაქციოთ „1იანობა“, რომელიც იქნება ერთგვარი სწრაფი რეაგირების პლატფორმა იმ გამოწვევებზე, რომელიც ქვეყანას გაუჩნდება ხოლმე პერიოდულად. საქართველო არ იქნება მარტივ მდგომარეობაში უახლოეს 1.5-2 წელიწადის განმავლობაში; ქვეყნის ეკონომიკას სერიოზული გამოწვევები ექნება; ხალხი, სამწუხაროდ, სიდუხჭირის ზღვარს მიღმა აღმოჩნდება და შეიძლება, „1იანობა“ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი აღმოჩნდეს ჩვენი ბენეფიციარებისთვის, რათა გაიტანონ თავი, სანამ ქვეყანაში მდგომარეობა უკეთესობისკენ შეიცვლება.
ვინ არიან თქვენი პარტნიორები და მხარდამჭერები ამ ყველასათვის სასარგებლო, კეთილი პროექტის განხორციელებისას?
(ვალერი): მინდა აღვნიშნო არასამთავრობო ორგანიზაციების უდიდესი როლი და დახმარება, რომელიც გაგვიწიეს ტრენინგების დაფინანსების სახით. აქვე აუცილებლად უნდა აღვნიშნო პრემიერის აპარატის მხარდაჭერაც, რომელიც ბიუროკრატიული პროცესების მარტივად გადალახვაში დაგვეხმარა და ხელი შეგვიწყო, რომ რაც შეიძლება მალე მომხდარიყო ჩვენი პროექტის ჩაშვება და ამუშავება. ძალიან მნიშვნელოვანი იყო ეს დახმარებები და პროექტის შესრულებაში ყველას ჩართულობას უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა.
(ნინო): ვთანამშრომლობთ სახელმწიფო სტრუქტურებთან − პრემიერის აპარატთან, გამგეობებთან. ვფიქრობ, ეს არის კარგი მოდელი, როგორ შეიძლება კარგი თანამშრომლობა დამყარდეს ბიზნესს, არასამთავრობო ორგანიზაციას და სახელმწიფოს შორის, საერთო გამოწვევების საპასუხოდ.
სულ რამდენ ადამიანს დაეხმარეთ დღეის მდგომარეობით?
(სანდრო): დღეისათვის 2350 ადამიანს დავეხმარეთ. დარეგისტრირებულია 4000-ზე მეტი ადამიანი, რომელიც დახმარებას ელოდება და მიიღებს მოკლე დროში.
სამივე საკმაოდ დაკავებული, საქმიანი ადამიანები ხართ. როგორ უმკლავდებით მიმდინარე გლობალურ გამოწვევას? როგორ ახერხებთ საქმიანობას ფორსმაჟორულ მდგომარეობაში?
(ვალერი): ძალიან აქტიური ცხოვრების წესით ვცხოვრობდით პანდემიამდე. დღეს ჩემი მიმართულება გაჩერებულია და გონების მუშაობა, კრეატივი და ენერგია მიმართული მაქვს მთლიანად ამ საქმისკენ. ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს, რომ იმ ადამიანებამდე მივიდეთ, ვისაც ჩვენი დახმარება სჭირდება. ყველას მოგიწოდებთ, დარჩით შინ და ჩვენ მოვალთ თქვენთან.
(ნინო): მე, სანდრო და ვალერი გულით და სულით ვართ ჩართული ამ საქმეში. ვალერი არა მხოლოდ თავად ჩაერთო ამ პროექტის მართვაში, არამედ თავისი თანამშრომლებიც კი აქეთ წამოიყვანა. მე და სანდროც ასე ვართ. მარკეტინგის სამსახური, PR-ი, სოციალური ქსელების მართვა − საკმაოდ ბევრი ადამიანის ჩართულობაა საჭირო ამ საქმის გასაკეთებლად. თავად წარმოიდგინეთ, ათასობით ადამიანი რეკავს, გვწერენ მესენჯერში. სამივე, ჩვენი გუნდით, მთლიანად დაკავებულები ვართ ამ საქმეში და დღე-ღამეში 24 საათი არ გვყოფნის.
„1იანობაში“ ჩართულ ყველა ადამიანს მინდა მადლობა გადავუხადო, დაახლოებით 500 ადამიანია ასეთი. მინდა იცოდნენ, რომ ძალიან დიდი ნდობა გვაქვს მათი და ვაფასებთ, რასაც ისინი აკეთებენ. აქამდე ვფიქრობდი, რომ ცოტაა ადამიანი, რომელსაც შეუძლია თვითონ მოიკლოს და სხვას მისცეს, მაგრამ ვცდებოდი. ბევრი ისეთია, ვინც ანონიმურად ჩარიცხა თანხა. ერთმა პიროვნებამ 15 000 ლარი ჩარიცხა ფონდში. დღესაც არ ვიცი მისი ვინაობა. ძალიან დასაფასებელია ის, რომ გაჭირვებაში ადამიანებს ერთმანეთის გვერდით დგომა შეუძლიათ, რომ ასეთი სოციალური პასუხისმგებლობა აქვთ და თავად ვერ გრძნობენ თავს კომფორტულად და ბედნიერად, როცა სხვა ადამიანებს უჭირთ. ასევე ძალიან გვიხარია, რომ პირადად ჩვენ ასეთი ნდობა გამოგვიცხადეს.
აქვე, ქედს ვიხრი თითოეული ექიმის წინაშე. ცოტა ხნის წინ, სააღდგომოდ, „1ანობის“ სახელით ამანათები გავუგზავნეთ ექიმებს და ძალიან გაუხარდათ ჩვენგან ყურადღება. ხშირად ვეუბნები ჩემს შვილებს და მეგობრებს, რომ ყველაზე იაფიანი და ყველაზე ძვირადღირებული საჩუქარი ყურადღებაა. პატივს ვცემ ადამიანებს, რომელთაც ზრუნვისა და ყურადღების გამოჩენის უნარი აქვთ.
საინტერესოა, ამ კეთილი საქმის კეთებისას გამორჩეული ისტორიები თუ დაგიგროვდათ?
(სანდრო): ერთი ასეთი კარგი ისტორია გვაქვს, რომელმაც მე თვითონ გული გამითბო და სხვებსაც ხშირად ვუყვები ხოლმე. ოჯახმა მოგვწერა წერილი, სადაც ასეთ ამბავს გვიყვებოდნენ: დედამ დარჩენილი მცირედი თანხით მაღაზიაში იყიდა პროდუქტი, რომელიც სოციალური დახმარების მიღებამდე უნდა ჰყოფნოდათ მის შვილებს. რომ გამობრუნდა, სწორედ ამ დროს დაინახა მის წინ მდგარი მოხუცი ქალი, რომელიც ხურდას ითვლიდა და მასში თავისი ბავშვობის მეზობელი ამოიცნო − სწორედ ის, რომელსაც მისი ბავშვობის გაჭირვებული, მრავალშვილიანი ოჯახისთვის ყოველდღე რძე და საკვები პროდუქტები მოჰქონდა და ასე ეხმარებოდა მათი პატარა ძმის გაზრდაში. ეს რომ გაახსენდა, დაეწია მოხუც ქალს, ნაჩქარევად შეატოვა ხელში ნაყიდი პროდუქტები და შინ გამოიქცა. ბავშვები რომ შემოეხვივდნენ და ჰკითხეს, რა მოუტანა მაღაზიიდან, დედამ შვილებს მოატყუა, რომ ფული გზაში დაკარგა. თვითონ სასოწარკვეთილი იყო, რადგან ვერ ხვდებოდა, როგორ გაეტანა თავი სოციალური დახმარების მიღებამდე, რადგან სხვა არანაირი საშუალება არ ჰქონდა. აღმოჩნდა, რომ სწორედ იმ დღეს დავურეკეთ ჩვენ და მივუტანეთ დახმარება.
მე მგონია, რომ ასეთ ადამიანებზე დგას მსოფლიო, საქართველო, და ამ კრიზისიდან გამოსვლაც ადამიანებს შორის ასეთ დამოკიდებულებებზეა დაფუძნებული. ერთიანობაზე, სიკეთის კეთებაზე, დახმარებაზე და სიყვარულზე.
(ნინო): ასეთი შემთხვევაც გვქონდა − დაგვირეკა 70 წლის ქალბატონმა და გვთხოვა, რომ ჩაგვერთო პროექტში მოხალისედ. სრული მზადყოფნა გამოთქვა, ეტარებინა პროდუქტები და ხალხს დახმარებოდა. ჩვენ ავუხსენით, რომ ეს კეთილი ადამიანი თავად წარმოადგენდა რისკჯგუფს და ვთხოვეთ, შინ დარჩენილიყო...