„რომ არა ხელოვანი... ხელოვანი ვიქნებოდი. ეს არ არის პროფესია, რომლის არჩევაც შესაძლებელია. ან ხარ ამითი შეპყრობილი, ან არა“, – ასე ახასიათებს ჩვენი დღევანდელი რესპონდენტი, ნინო ჩუბინიშვილი, იგივე „ჩუბიკა“, თავის დამოკიდებულებას ხელოვნების მიმართ. მისი თქმით, არავინ იცის სად, როდის და როგორ იბადება ხელოვნების პროცესი. ამის გაგება ჩვენი შესაძლებლობების მიღმაა. მაშ ასე, ინტერვიუ „ჩუბიკასთან“.
რა არის თქვენთვის ხელოვნება?
რა არის ხელოვნება ჩემთვის? ყველაფერს სჭირდება ხელოვნება, დახელოვნება. თუკი რაიმე პროფესია არსებობს სამყაროში, ყველაფერი მოიცავს შემოქმედებით ასპექტს. ყველაფერში დევს თამაში, შემეცნება, ის, რაც ხელოვნების მახასიათებელია. მაგრამ ხელოვნება ამაზე მეტია. ხელოვნება არსის წვდომაა, ხედვა და ძიება ნებისმიერი ფორმით. ჩემთვის ერთადერთი ენაა უნივერსალური, პირველადი ენა... რომელიც ტყუილის, სიკეთისა და ბოროტების მიღმაა, დროისა და ნაციონალობის.
ამ ეტაპზე რითი ხართ დაკავებული?
ბევრ პროექტზე ვმუშაობ ერთდროულად... სკულპტურა, აქსესუარები, ინტერიერი; ვზრდი შვილს, ვუვლი ოჯახს... ჩემი ენერგია ბევრ სხვადასხვა ადგილას ნაწილდება.
როგორია მუშაობის პროცესი? ჯერ იდეა მოდის თუ პირიქით − ჯერ ნამუშევარს ქმნით?
არავინ იცის სად, როდის და როგორ იბადება ხელოვნების პროცესი. ამის გაგება ჩვენი შესაძლებლობების მიღმაა. შემოქმედებითი პროცესი ისეთივე საიდუმლოა, როგორც ბავშვის ჩასახვა, პლანეტის დაბადება... ჩვენ უბრალოდ შეგვიძლია გავიხსენოთ მომენტები, რომლებიც ყველაზე დიდ შთაბეჭდილებას ახდენს ჩვენზე, თუმცა პროცესი სად იწყება, აუხსნელია...
რომ არა ხელოვანი, ვინ იქნებოდით?
რომ არა ხელოვანი... ხელოვანი ვიქნებოდი. ეს არის მოცემულობა, ეს არ არის პროფესია, რომლის არჩევაც შესაძლებელია. ან ხარ ამითი შეპყრობილი, ან არა. უპირობო სიყვარული და მოთხოვნილებაა, და არა არჩევანი.
რა არის თქვენი ინსპირაცია მუშაობის პროცესში?
ინსპირაცია... ყველაფერი შეიძლება იყოს, რაზეც იმ მომენტში ყურადღება გიმახვილდება, სწორედ ის ხდება ინსპირაციის წყარო. ეს შეიძლება იყოს მოგონება, ნივთი, სიზმარი, განძი, სამყაროსადმი დამოკიდებულება... ფაქტობრივად, ყველაფერი.
რამდენად აისახება ადამიანის ცხოვრებაზე ხელოვნებასთან მჭიდრო კავშირი? როგორ მოხდა ეს თქვენს შემთხვევაში?
ხელოვნება აყალიბებს ხელოვანს, ზრდის, ავითარებს, უყალიბებს მსოფლმხედველობის გრძნობებს, აცნობს სამყაროს... ხელოვნება გზაა, ცხოვრების გზა − ისევე, როგორც მონაზვნობა, ფილოსოფოსობა. ხელოვნება გზაა, რომელიც შენსავე ცხოვრებას განსაზღვრავს, და არა პირიქით. ხელოვანი ხელოვნებას ემსახურება, მე ვარ მისი მსახური და არა პირიქით.
ჩემს შემთხვევაში მოხდა ის, რომ დავიბადე ხელოვანთა ოჯახში, გარემოში, სადაც მუდამ მუსიკა მესმოდა და სახვით ხელოვნებას მაჩვენებდნენ, თანაბრად მზესთან, ხეებთან და ჩიტებთან. დავიბადე თუ არა, ხელოვნება ჩემთვის ისეთივე ბუნებრივი ნაწილი იყო, როგორც წყალი, მზე, ოჯახის გემო...