53 წლის წინ ორი მსახიობის − დაიან ლედის და ბრუს დერნის ოჯახში დაიბადა. თუმცა, ორი წლიდან მას დედა და ბებია ზრდიდნენ. მშობლების გადაღებებზე ხშირმა დასწრებამ ლორასთვის ბუნებრივი გახადა მიზანი, რომ ერთ დღესაც მათ გზას გაჰყვებოდა. მისი დებიუტი 6 წლის ასაკში შედგა, როცა დედასთან ერთად ფილმში „თეთრი ელვა“ გამოჩნდა. მნიშვნელოვანი ფილმებისა და სკანდალური სერიალის − „დიდი პატარა ტყუილების“ შემდეგ, ლორა დერნმა წელს პირველი „ოსკარიც“ მიიღო და ჰოლივუდში სახელი მნიშვნელოვნად დაიმკვიდრა. ლორა ორი შვილის დედაა და მათთან ურთიერთობითა და დამოკიდებულებით მშობლებს მუდამ შთააგონებს.
დღევანდელ ინდუსტრიაში მსახიობებისთვის რთულია ძლიერი და გარდამტეხი როლების პოვნა?
მე იღბლიანი ვარ, რომ ბევრი მძვინვარე ადამიანის როლი მოვირგე. მაგალითად, „მოქალაქე რუთი“ მახსენდება. ის შეშლილი და ძალიან რთული პერსონაჟი იყო. კიდევ „იურიული პერიოდის პარკი“. ისინი, თავის მხრივ, ძალიან ძლიერი გმირები არიან. ფილმში „გულით ველურნი“, მიუხედავად იმისა, რომ პერსონაჟი ყველაფერს გამოცდის, მათ შორის ტრავმას, ცდილობს უფრო ძლიერი გახდეს. „არ ვაპირებ მოგაგებინო, მე ვარ ის, ვინც აპირებს გამარჯვებას“, − ამბობს ის. დევიდ ლინჩისთვის ბევრი სხვადასხვა ტიპის პერსონაჟი ვითამაშე. სექსუალურობა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რამაა, რაც მან ღრმად იკვლია ქალებში და მათ მიმართ. ის მე მუდამ შთამაგონებს. ნოა ბაუმბახთანაც სასიამოვნო სამუშაო ურთიერთობა მქონდა. ისიც ძალიან მიყვარს, მისი ფილმებიც და ჩვენი საერთო „ქორწინების ისტორიაც“.
რას მოიცავდა ეს სამუშაო ურთიერთობა?
ერთი წლის განმავლობაში უბრალოდ ვსადილობდით ერთად და ვსაუბრობდით. ჩვენ ყველანი მისი წერის პროცესის ნაწილნი ვიყავით. ყველაფერს განვიხილავდით, მათ შორის − ურთიერთობებს. ერთ საღამოს მან თქვა: „ეს იქნება სიყვარულის ისტორია განქორწინებაზე“. ფილმი იმდენად მშვენიერი და ბრწყინვალე გამოვიდა, რომ ცრემლებს ვერ ვიკავებდი.
როგორ დაიბადა ეს ევოლუცია?
არ ვიცი, ეს ნოას უნდა ჰკითხოთ. მე მხოლოდ ის ვიცი, რომ სადილზე საუბრებმა გაგვახსენა ჩვენი მშობლების განქორწინებები, როგორ შევხვდით მათ ბავშვობაში, რა გამოცდილება იყო, რას ნიშნავდა ეს გულისტკენა ბავშვისთვის. ამაზე ბევრს ვსაუბრობდით. ორივე არტისტების ოჯახში დავიბადეთ და ახლა ჩვენ ვართ არტისტები, რომლებიც მშობლები არიან. ნოა, როგორც დრამატურგი, მეგობრულ კამპანიას ქმნის და ყველა მსახიობი ისტორიაში თავის მნიშვნელობას განსაკუთრებულად იაზრებს. მან ერთხელ თქვა, რომ ეს მისთვის გაუცნობიერებელი რამაა, როცა ფილმებს წერს, სტილი გზაში თავისით ყალიბდება. შესანიშნავია, რომ ბაუმბახს თავისი ენა აქვს და ეს ძალიან ლამაზი, მუსიკალური რიტმია მის ფილმებში.
როცა სცენარი წავიკითხე, ვიფიქრე, რომ ის ყველაზე ნატიფი რამ იყო, რაც კი ცხოვრებაში წამიკითხავს. ვფიქრობ, წერილობით ნამდვილი ხელოვნების ნიმუში შექმნა. თითოეულ სიტყვას თავისი განზრახვა აქვს, თითოეულ ხაზს – მნიშვნელობა. არ შემიძლია არ აღვნიშნო ჩემი პერსონაჟის მონოლოგი სოციალურ წნეხზე დედებისა და წმ. მარიამის გარშემო. ეს იყო საუკეთესო რამ, რაც წამიკითხავს.
საკუთარ თავზე თუ გამოგიცდიათ სკარლეტ იოჰანსონის პერსონაჟის პრობლემატური მდგომარეობა?
დიახ, მე ვყოფილვარ ურთიერთობაში, რომელშიც სხვისი სიამოვნება და ყველაფრის სწორად გაკეთება მსურდა და მხოლოდ გვიან დავფიქრდი: „მას არასდროს უკითხავს, მე რა მსურდა, მაგრამ მეც არასდროს მითქვამს ეს, რადგანაც არ ვიცოდი, რომ ამისი უფლება მქონდა“.
თქვენი აზრით, სიტუაცია უკეთესობისკენ იცვლება?
ვფიქრობ, ჩვენ ყველანი ერთად ვსწავლობთ, რა არის პარტნიორობა, იმიტომ, რომ ჩვენი მშობლების თაობაში ძირითადად მამაკაცი ადგენდა წესებს. დიახ, ახლა რაღაცები იცვლება და ვითარდება. ჩემი აზრით, ჩვენ ყველანი ერთად უნდა განვვითარდეთ და არ გავნაწყენდეთ მამაკაცებზე, რომლებიც არ ითვალისწინებენ იმას, თუ რა გვინდა, როცა ჩვენ თავად არ გამოვხატავთ ამას. ეს რთულია, მაგრამ ვცდილობ ჩემს ქალიშვილს ასე ჩავუნერგო. მძვინვარე პოლიტიკური კლიმატის გამო, დღეს ამერიკაში ბევრი ხმამაღალი და გაბრაზებული გოგონაა. ეს ძალიან ამაღელვებელია.
ახლა „პატარა ქალებზე“ ვისაუბროთ. კინოისტორიას ამ წიგნის ეკრანიზაციები ახსოვს, თუმცა გრეტა ეცადა სიუჟეტი ლუიზა მეი ალკოტის რეალურ ცხოვრებასთან მაქსიმალურად მიეახლოვებინა. ფილმს აქვს ელემენტები, რომლებიც მანამდე ეკრანზე არ აღბეჭდილა.
სისასტიკე და ბრაზი, რაც წიგნშია, ეკრანულ ვერსიაში არასდროს ყოფილა. გრეტას ფილმში ნაჩვენებია ერთი მნიშვნელოვანი დიალოგიც, რომელიც ასევე არავის გადაუღია. ის აგრეთვე დედისა და ქალიშვილის ურთიერთობას ეხება, სადაც ჩემს გმირს ციდან მოვლენილ ანგელოზადაც კი მივიჩნევთ. ვისურვებდი, რომ მარმესნაირი დედა ვყოფილიყავი, მაგრამ ის ძალიან გულნატკენია და სიღარიბეც სასტიკად ექცევა. მათ არაფერი გააჩნდათ. ლუიზას დედა რევოლუციური სულის პატრონი იყო, რომელიც კაბების ნაცვლად შარვლებს ატარებდა მუშაობისა და სხვების დახმარების მიზნით. მის ქალიშვილებს შორის სწორედ ჯო (სირშა რონანის პერსონაჟი) იმეორებს დედის ენერგიას ყველაზე მეტად.
მარმეს მსგავსი ადამიანის განსახიერების შემდეგ, ფიქრობთ, რომ ის თქვენი ნაწილი გახდა ცხოვრებაშიც?
მისი ტოლერანტულობა ჩემთვის ძალიან შთამაგონებელია. ამიტომაც, როცა რთული პერიოდი მიდგას, ცხოვრება პრობლემებით იხუნძლება და შვილებს ვჭირდები, სწორედ ის მახსენდება და მრცხვენია, რომ არ ვთავისუფლდები საკუთარი გამოწვევებისგან, დარდისგან თუ დაღლილობისგან, იმისათვის, რომ ვიყო მშობელი აწმყო დროში და მოვისმინო, თუ რა სჭირდებათ მათ. ის კი საოცარი ქალი იყო. მან 4 ქალიშვილი სიღარიბეში აღზარდა, უვლიდა ავადმყოფ შვილს, ქმარი გვერდით არ ჰყოლია, არაფერი გააჩნდა, ბევრ სამსახურს ეჭიდებოდა და მაინც კვებავდა მასზე გაჭირვებულ ოჯახს.
ის ჩემი მუზაა. ქალი, რომელიც ვიქნებოდი, რომ მახსოვდეს ვიყო მისი 10% მაინც.
გაგვიმხილეთ გადაწყვეტილება, რომელმაც თქვენი ცხოვრება შეცვალა.
რეჟისორებისთვის მუშაობის არჩევა და მათგან განათლების მიღება. ეს ნიშნავდა მცირე ანაზღაურებას და მხოლოდ რამდენიმე სცენაში თამაშს. როცა წარსულში ჩემს კარიერას ვუყურებ, იმას, თუ რა ვისწავლე საკუთარი მშობლებისგან, გადამწყვეტი მომენტი იყო, როცა ვთქვი: „მე აქ ვარ, რომ ვისწავლო, რომ გავიზარდო, რომ ავტორებთან ვიმუშაო, ვემსახურო მათ ისტორიას, ამის როგორი ნაწილიც უნდა ვიყო“.
იყო ცხოვრებაში მომენტი, როცა გიფიქრიათ, რომ ამის კეთება აღარ გსურდათ?
რადგან მსახიობებმა გამზარდეს, ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, როგორც დედას, მომეძებნა დრო, შვილებთან მთელი არსებით ვყოფილიყავი. ამას ჩემი მშობლები არ აკეთებდნენ, ან დედაჩემს უბრალოდ ამის ფუფუნება არ ჰქონდა. ხშირად იყო წასული და არ შეეძლო ლოკაციაზე მეც წავეყვანე, ვინმესთვის ჩავებარებინე ან იქ სასტუმროს ნომერი აეღო. ეს ადვილი არ იყო, ამიტომაც მე მუდამ მობილიზებული ვიყავი, მათთვის დრო გამომეყო. ორი წელი უარი ვთქვი მსახიობობაზე და მხოლოდ დედობაზე გადავერთე. მათი მამა მუსიკოსია. ვმოგზაურობდით, მუზეუმებს ვათვალიერებდით, კონცერტებზე დავდიოდით. ეს ჩემთვის თერაპიად იქცა. როცა საქმეს დავუბრუნდი, მოწყურებული და ვნებით აღსავსე ვიყავი, მაგრამ უწინდელი სასურველი ფორმის დაბრუნება მარტივი არ ყოფილა.
მაგრამ თქვენ ახლა ძალიან წარმატებული ხართ ნაყოფიერი თანამშრომლობებით.
ერთდროულად ვმუშაობდი შემდეგ პროექტებზე: „დიდი პატარა ტყუილები“, „ტვინ პიქსი“ და „ვარსკვლავური ომები“. გადასაღებ მოედნებს შორის დავრბოდი. მომწონდა არსებული თავისუფლება და შემართება, რომ შემესრულებინა ეს ყველაფერი ნებისმიერ ფასად. უნდა მეთამაშა ნორა და შემდეგ მარმი. 15 წლის წინ ვერ ვიტყოდი, რომ პერსონაჟების გამოცვლას ასე სწრაფად შევძლებდი. ჩემი აზრით, ბრძოლები და დაბრკოლებები − ეს მადლია.