ლანა ღოღობერიძის ახალ ფილმს „ოქროს ძაფი“ მეც, როგორც რიგითი მაყურებელი, მოუთმენლად ველოდი. ქალბატონი ლანა, ჯერ კიდევ სამუშაო პროცესში იყო, როდესაც მასთან ინტერვიუ ჩავწერე და აღნიშნულ ფილმზეც ბევრი ვისაუბრეთ. ფილმი გამოვიდა და მის შინაარსზე საუბრით თავს არ შეგაწყენთ, რადგან მიმაჩნია, რომ თავად უნდა ნახოთ და შეაფასოთ. თანაც ახლა, როცა კორონავირუსის პანდემიას ვებრძვით, ამისთვის საუკეთესო დროა. თუმცა, კიდევ უფრო საუკეთესო დრო ჩვენი ჟურნალის კითხვისთვისაა და მე ამ ნომერში უმშვენიერეს მარიტაზე უნდა გიამბოთ, რომელმაც მიუხედავად პატარა ასაკისა, საოცრად ითამაშა თავისი როლი. ასეთი ფაქიზი, სუფთა და სიყვარულით სავსე პერსონაჟი ნატვრის ხის მარიტა თუ მაგონდება მეორე... ვინ იცის, იქნებ თავად ეს სახელი ატარებს მისტიკას − ბრჭყვიალა თვალებიდან სულ სხვა სამყაროში რომ გადაჰყავხარ, სიყვარულითა და სიცოცხლით სავსე სამყაროში. აი, ისეთში, მარიტამ რომ დაუხატა თავის საყვარელ ბებიას... მაშ ასე, იხილეთ OK!-ის ინტერვიუ ნინო დარასელთან და მის შვილთან − უკვე შემდგარ მსახიობ მარიტა ბერიძესთან.
ნინო, მოგვიყევით, ამჟამად რას საქმიანობთ?
ამჟამად ვარ ონლაინჟურნალის at.ge დამფუძნებელი და თავიდან ბოლომდე ჩართული ვარ ამ საქმეში. ვწერთ, ვიღებთ ყველაფერ საინტერესოს, პოლიტიკის გარდა.
როგორია თქვენი ერთი ჩვეულებრივი დღე?
ყველა დღე განსხვავებული მაქვს, თუმცა ერთი რამ უცვლელია − როგორი გრაფიკიც უნდა მქონდეს, 24 საათი აშკარად აღარ მყოფნის. რაღაცაა მოსაფიქრებელი.
განსაკუთრებული მიდგომა თუ გაქვთ შვილების აღზრდასთან დაკავშირებით.
ვცდილობ ვიყო მათი მეგობარი. ჩემი უფროსი შვილი, ზაზუკა, მაგალითად, ჩემზე უფრო სერიოზული, გაწონასწორებული და მე მგონი, უფრო ჭკვიანიცაა. ამიტომ პირიქით − მე მაძლევს შენიშვნებს და მე და ნიკა − ჩემი მეუღლე, ხანდახან რაღაცებს ვუმალავთ კიდეც, რომ შენიშვნა არ მივიღოთ. მარიტას − ჩემს პატარა გოგოს კი, ჩემგან იმდენად დიდი თავისუფლება აქვს მინიჭებული, რომ თუკი მე ბავშვობაში სხვადასხვა წრეზე თუ გაკვეთილზე სიარულს მაიძულებდნენ, ამას პირიქით − იქით ვთხოვ, მეტი ნურაფერზე ჩაეწერები-მეთქი. მოკლედ, ვმეგობრობთ და პატივს ვცემთ ერთმანეთის სურვილებს თუ ინტერესებს.
საუკეთესო ქათინაური, რომელიც შვილებთან დაკავშირებით მიგიღიათ...
ზაზუკაზე ხშირად მეუბნებიან კარგს. განსაკუთრებულად მამახსოვრდება, რომ ვიღაცას დაეხმარა, გვერდით დაუდგა და ჩემთვის ეს ძალიან სასიამოვნოა. სხვის გახარებაზე და დახმარებაზე უკეთესს შენს თავსაც ვერაფერს გაუკეთებ. მარიტას რაც შეეხება, ბევრ რაღაცებშია ჩართული: მღერის, ხშირად იღებენ... შესაბამისად, ქათინაურებიც გვსიამოვნებს. მახსოვს, ძალიან გამიხარდა, როდესაც სკოლაში მიანიჭეს ყველაზე ემპათიურის წოდება. მიხარია, რომ თანაგანცდა მისი დამახასიათებელი გამოკვეთილი თვისებაა.
ყველაზე ნაყოფიერი მაშინ ხართ, როცა...
ენერგიას მაძლევს კარგი ენერგიის ადამიანებთან ურთიერთობა და ახალი იდეებისათვის ხორცშესხმა.
მოგვიყევით, როგორ მოხვდა მარიტა ლანა ღოღობერიძის ახალ ფილმში?
მარიტას მართლა ძალიან გაუმართლა, რომ ლანას ფილმის კასტინგში გაიმარჯვა. ჯერ პატარაა და კიდევ ვერ აფასებს, როგორ ხალხთან ერთად მოუწია მუშაობა: ლანა ღოღობერიძე, ნანა ჯორჯაძე, ნინო კირთაძე, გურანდა გაბუნია, ზურა ყიფშიძე...
მარიტა, როგორ მოგეწონათ ფილმში თამაში?
ძალიან მომეწონა და კიდევ მინდა.
ნინო, დიდი ხანი გრძელდებოდა გადაღებები? რამდენად დიდი მონდომებით ჩაერთო მარიტა ამ ყველაფერში?
მარიტას რომ ფილმში იღებდნენ, მე ამ დროს ფეხმოტეხილი ვიწექი შინ. ასე რომ, ფაქტობრივად, მარტო იყო საკმაოდ ხანგრძლივ გადაღებებზე.
მარიტა, იმდენად ბუნებრივი და ლამაზი ხართ ფილმში, რომ მე მგონი ძალიან დიდი მონდომებით ასრულებდით ყველა დავალებას. ყველაზე მეტად ვისთან ერთად გადაღებამ მოგხიბლათ?
დიდი, დიდი, დიდი მადლობა. ყველა, ვისთანაც ვმუშაობდი, ძალიან კარგები იყვნენ. ყველა შემიყვარდა და ძალიან ვიტირე, როცა გავიგე გურანდა გაბუნიას გარდაცვალების ამბავი. ფილმში ის ჩემს ბებიას თამაშობდა. ისედაც ჩემი ნამდვილი ბებია მომენატრა და...
ნინო, ამჟღავნებდა მარიტა აქამდე ნიჭს, რომელიც ყველამ დავინახეთ ფილმში?
დიდი მადლობა შექებისათვის. ძალიან მიხარია, რომ მოგეწონათ. საერთოდ, მარიტა მღერის, ვიოლინოზე უკრავს, გიტარისა და პიანინოს გაკვეთილებზე დადის, ტანვარჯიშითაა სერიოზულად დაინტერესებული. ჰოდა, ალბათ, სცენას და ბევრი ხალხის წინ გამოსვლას ერთგვარად მიეჩვია.
მარიტა, რომ გაიზრდებით, ვინ უნდა გახდეთ?
ბევრი ვინმე მინდა გავხდე − მომღერალი, მსახიობი... არ გადამიწყვეტია. სხვათა შორის, YouTube-იდან ვისწავლე და საჭმელებსაც ვაკეთებ.
დაბოლოს, ნინო, ბედნიერება რა არის თქვენთვის?
ბედნიერებაა ჩემი ახლობლების ჩემთან ერთად ჯანმრთელად ყოფნა. რას ვისურვებდი? − სიყვარულსა და სიმშვიდეს.