„ქვეყანა ინგრეოდა, დედაბერი ბუქნურს უვლიდაო − ასეა ჩვენი საქმე“, − ამ სიტყვებით შეგვეგება თბილისის კოპწია წალკოტში, „გარდენიაში“ მისულებს ჩვენი მასპინძელი − „გარდენიას“ უნიჭიერესი შემოქმედი და ბევრი ჩვენგანისთვის საყვარელი ადამიანი, ზურა შევარდნაძე. „გარდენიაში“ ქართული OK!-ის გადამღები ჯგუფის სტუმრობა სევდიან ნოტაზე დაიწყო − მსოფლიო კრიზისისა და პანდემიის გამო, „გარდენია“, მისი არსებობის 15 წლის განმავლობაში, პირველად დაცარიელდა ადამიანებისგან და დადუმდა.
თუმცა, ამის მიუხედავად, ზურა მხნედაა და ოპტიმიზმს ინარჩუნებს, ერთ ადგილზე გაჩერებას არ აპირებს და გეგმავს კრიზისის პერიოდი უამრავი, დაგროვილი საქმის გასაკეთებლად გამოიყენოს. „გარდენიას“, ყვავილების გარდა, ცოტა ხანში ბოსტანიც შეემატება, ხოლო ძალიან მალე, როცა ყველა სირთულე უკან დარჩება, ყველანი საკუთარ, ჩვეულ ცხოვრებისეულ რეჟიმს დავუბრუნდებით და „გარდენიაც“ კვლავ აჟრიამულდება, აქაურ კაფეში მოსულები „გარდენიას“ მკვიდრი ძროხის რძიდან ამოყვანილი ყველით დამზადებულ უგემრიელეს ხაჭაპურსაც გემრიელად შევექცევით. ამას თავად ზურა გვპირდება.
ზურა, დღეს ყველანი − მთელი მსოფლიო, ფორს-მაჟორში ვცხოვრობთ. როგორ ფიქრობთ, ამ რთული პერიოდის განმავლობაში ადამიანებში ბევრი რამ გადაფასდა?
ძალიან ბევრი რამ გადაფასდა. 15 წელია ბაღში ვცხოვრობ და ეს ბაღი ადამიანებისთვისაა, ჩემ ირგვლივ ყოველთვის ბევრი ადამიანი ტრიალებდა − იმდენად ბევრი, რომ ზოგჯერ დამიწუწუნია კიდეც ამაზე, ასეც გავკადნიერებულვარ. ახლა დადგა დრო, როდესაც ორი სტუმარიც კი სანატრელია. ამ დღეებში პირველად დავკეტეთ ბაღის კარები 15 წლის განმავლობაში. პირველად ვუთხარით ადამიანებს ჩვენთან მოსვლაზე უარი.
ამ ცხოვრებისეული გადასახედიდან, როგორ ფიქრობთ, საბოლოოდ რაშია ადამიანის ბედნიერება?
ახლა ნამდვილად დავფიქრდი ამაზე. მივხვდი, რომ თურმე ბევრი არაა საჭირო, ვიყო ბედნიერი. მე მეგონა, ყოველთვის მქონდა ამ შეკითხვაზე პასუხი, ასეთი განწყობითა და ემოციით ვიცხოვრე აქამდე. მაგრამ, ამას წინათ გავაანალიზე, რომ იმ შეკითხვებზე, რომლებზეც ადრე პასუხი მქონდა, ახლა აღარ მაქვს. დღეს გამოჩნდა, რომ მხოლოდ ერთი ადამიანის, ანუ ჩემი კარგად ყოფნა არ განსაზღვრავს ჩემსავე ბედნიერებას. მე შეიძლება კარგად ვიყო, მაგრამ ბედნიერებისთვის საყოველთაო მშვიდობა და კარგად ყოფნაა საჭირო. „ღმერთო, კარგად მამყოფე“ − არასწორი თხოვნაა ზემდგომი ბუნების ძალების მიმართ. სწორია ვთხოვოთ, რომ კარგად გვამყოფოს ყველა. ერთი ინდივიდის ბედნიერება ვერ შედგება, თუ ირგვლივ, საყოველთაოდ, ხალხი ცუდადაა. ასე გამოჩნდა.
ზურა, თქვენს საყვარელ საქმეზე ვისაუბროთ.
მე ძალიან კეთილშობილური საქმე მაქვს, რომელიც ხელით შრომასთან ერთად, ადამიანისგან მთელ მის ემოციას, სიყვარულს მოითხოვს, ხოლო საქმე, რომელიც სიყვარულს ითხოვს, შეუძლებელია კეთილი არ იყოს. თანაც ეს ყველაფერი − ჩემ მიერ ნამუშევარი და შექმნილი, მარტო ჩემთვის არაა, სხვებისთვისაცაა. მთელი ცხოვრება ბაღში ვარ, ხელით ვშრომობ, მოდიან ადამიანები და ამისთვის მადლობას მიხდიან. გამოდის, რომ სხვებისთვისაც ვშრომობ.
რა გასწავლათ თქვენმა საქმემ? რა სახის უნარები შეგძინათ?
მე გრძელი გზა გავიარე. შორიდან დავიწყე, რომ აქამდე მოვსულიყავი. გურიაში დავიბადე და მგონია, რომ მადლიერების, ზოგადად, შეგრძნებების აღქმის უნარი სხვანაირი მაქვს. ვფიქრობ, საყვარელი საქმე წყალობაა − როდესაც ამ ბევრ „საცდურს“ შორის აირჩევ იმას, რაც ნამდვილად შენია. ბედნიერი ვარ იმით, რომ მომეცა შესაძლებლობა იმ სფეროში ვიმუშაო, რომელიც მიყვარს.
სხვა პროფესიაზე თუ გიფიქრიათ ოდესმე?
არა, არა... არასდროს. მებაღეობის გარდა, არაფერი მიკეთებია. თანაც, მებაღეობა საკმაოდ ფართო ცნებაა − შეგიძლია დამატებითი ფუნქციები მიამატო, დეკორატორობა სცადო, ცოტაც დიზაინერობა. შემდეგ, კარგად მოწყობილ ბაღში რომ დაჯდება ადამიანი, გემრიელად ჭამა-სმაც მოუნდება და ამიტომ ბაღს პატარა კაფეც მიემატება, ღონისძიებებით, წვეულებებით... „გარდენიას“ მთლიანი ინფრასტრუქტურის ინტერიერ-ექსტერიერიც თავად მოვაწყე.
ზურა, რისი გაკეთება გიყვართ ძალიან, თქვენი საქმის გარდა? განტვირთვის რომელ გზას მიმართავთ ხოლმე? კინო გიყვართ?
არც ისე. ხშირად ფილმის ბოლომდე ნახვას ვერც ვახერხებ, არ მინდება. დიდად მოყვარული არ ვარ ფილმების, არც განსაკუთრებულად მონდომებული მკითხველი ვარ. განსატვირთად ძალიან მიყვარს წასვლა მაღალმთიან აჭარაში. იქ მყავს მწყემსების ახლობელი ოჯახი, რომელთანაც ვმეგობრობ. აჭარის მაღალმთიან სოფლებში თავს ძალიან საინტერესოდ, ლაღად და კარგად ვგრძნობ. ჩემთვის ის გარემო ძალიან სასიამოვნოა და არ მბეზრდება. შემიძლია კვირების განმავლობაში ვიყო იმ ადამიანებთან, მოვისმინო მათი ისტორიები, საქმეში მივეხმარო, გულით შევირგო მათთან სტუმრობის ეშხი და ბედნიერება.
საზღვარგარეთ წასვლა და მოგზაურობა თუ გიყვართ?
სიხარულით მივფრინავ ხოლმე და კიდევ უფრო მეტად მიხარია, როცა საქართველოში ვბრუნდები. თვითმფრინავი რომ ჯდება, ყელში სიხარულის ბურთი მებჯინება ხოლმე. რამდენიმე დღეს დიდი სიამოვნებით ვატარებ უცხო ქვეყანაში, დავყავარ იქაურ მასპინძლებს სხვადასხვა გამოფენაზე, მუზეუმებში, ვათვალიერებ ქალაქებს, ბაღებს, მაგრამ აი, სამ დღეში ჩავქრები ხოლმე, მეოთხე-მეხუთე დღეს კი უკვე ერთი სული მაქვს, როდის წამოვალ. შინ მინდება, ჩემს ხალხს შორის. ამას წინათ მოსკოვიდან ვბრუნდებოდი დღის რეისით. ერევნიდან მოვფრინავდით. რუსთავს და სხვადასხვა მუსლიმურ სოფელს გადავუფრინეთ და მქონდა განცდა, რომ თვითმფრინავი ნაგავსაყრელზე ჯდებოდა. ზემოდან რომ გადმოვიხედებოდი, მოჩანდა საშინლად გაუბედურებული ლანდშაფტი, რომელიც სავსე იყო ნაგვით. მიუხედავად ამისა, ეს სიხარულის ბურთი მაინც მქონდა. კიდეც ვფიქრობდი, რა გასაკვირია, ვჯდები ნაგავში და მიხარია. ჩემია ეს ნაგავიც, რა ვქნა...
ქვეყნები, რომლებმაც თქვენზე განსაკუთრებული შთაბეჭდილება დატოვა...
პორტუგალიაში ვიყავი ცოტა ხნის წინ და ემოციურად ძალიან იმოქმედა ამ ქვეყანამ. საერთოდ, სადაც ადამიანები მაინტერესებს, იქ სხვა ყველაფერიც საინტერესოა. მხოლოდ ლამაზი ფასადები და ბაღებიც კი არ მომხიბლავდა, რომ არ მმასპინძლობდნენ იქ ის ადამიანები, რომლებიც ამ ყველაფერს ქმნიან. ადამიანების გამო მომწონს ან არ მომწონს შემდეგ ის ახალი, უცხო გარემო.
თვისება, რომლის გამო ადამიანს პატივს სცემთ...
შრომისმოყვარეობა. როცა მშრომელ ადამიანს ვხედავ, უკვე განწყობილი ვარ მის მიმართ პატივისცემით. ძალიან ვაფასებ, როცა ადამიანს აქვს სიყვარულის უნარი, როცა შეუძლია გამოგიყოს დრო, თავისი ცხოვრების ნაწილი. ძალიან დასაფასებელია, როდესაც ადამიანი თავისი ცხოვრების გარკვეულ მონაკვეთს შენთვის გადადებს. ასეთი ადამიანის მიმართ მიჩნდება არა მხოლოდ პატივისცემა, არამედ უდიდესი მადლიერების გრძნობა. ასევე ძალიან მნიშვნელოვანი თვისება მგონია წესიერება და ღირსების შენარჩუნება ყველა სიტუაციაში. ღირსეულად ცხოვრება ძალიან რთულია, მაგრამ არის ისეთი მოცემულობები, როდესაც განსაკუთრებით პრინციპულია ადამიანისთვის ღირსეული სახის შენარჩუნება.
სამზარეულოში ფუსფუსი, კერძების მომზადება თუ გამოგდით?
გადასარევად და ძალიან მარტივად გამომდის. ქორწილის სუფრის გაშლაც შემიძლია, დიდი სუფრის გამზადება, და არაერთხელ გამიკეთებია კიდეც. თუმცა აქ, საქართველოში, არ არის ჩემი სამზარეულოში ტრიალის დიდი აუცილებლობა. საზღვარგარეთ, როდესაც ჩემს გერმანელ მეგობრებთან ჩავდივარ, ვგეგმავთ ხოლმე ქართულ საღამოებს. ჩემი მეგობრები პატიჟებენ თავიანთ გერმანელ მეგობრებს, ბევრნი ვიკრიბებით და ვშლი დიდ, ქართულ სუფრას ნიგვზიანი კერძებით, ჩაქაფულით, სოკოთი, შემწვარი გოჭით... როგორც წესი, ყველა ძალიან კმაყოფილი მრჩება ხოლმე.
ზურა, დღევანდელი გადასახედიდან, როგორია თქვენი სამომავლო გეგმები? როცა ეს საყოველთაო ალიაქოთი და კრიზისი გადაივლის, გაქვთ გუმანში, როგორ უნდა გააგრძელოთ ცხოვრება? იქნებ უკვე ახალი იდეებიც გაგიჩნდათ?
მე უკვე ვიყიდე ძროხა. სათბურები ყვავილებისგან გამოვათავისუფლე და ახლა სავსეა ბოსტნეულით. ვფიქრობ, ეს ცვლილებები „გარდენიაში“ საჭიროც იქნება, საინტერესოც და სასარგებლოც. ასე რომ, გონებით და მოქმედებით უკვე გადართული ვარ ახალ ეტაპზე. ყველი და რძე უკვე მაქვს. ვფიქრობ, აქ მოსულ სტუმარს ესიამოვნება, ჩვენი ძროხის რძეს თუ შევთავაზებთ. ბოსტანს უსათუოდ გავაკეთებ, კარტოფილი უკვე დავთესეთ. ეს ყველაფერი აქამდეც უნდა გამეკეთებინა. რა სჯობს საკუთარი ხელით ამოყრილ ახალ კარტოფილს? არაჩვეულებრივი პომიდვრის ჯიში გვაქვს, რომელსაც გავამრავლებთ. აქ მოსულ ადამიანებს, ბავშვებს, ჩვენი ხელით ამოყვანილი ყველით გამოვუცხობთ ხაჭაპურს. საერთოდ, მთავარია ადამიანებს დახვდეთ გარემო, სადაც თავს კომფორტულად იგრძნობენ. ეს შეიძლება ყვავილებით გაკეთდეს, შეიძლება ჯანსაღი და გემრიელი ბოსტნეულის საშუალებით, ან სულაც ყველაფრის კომბინაციით. შიშით არაფრის მეშინია. რა თქმა უნდა, ახლა ვართ აქამდე გამოუცდელ, სრულიად ახალ მდგომარეობაში, მაგრამ სირთულეები არ არის ჩემთვის უცხო, რადგან ამგვარ მდგომარეობაში აქამდეც მიცხოვრია. ამიტომ მგონია, რომ ამ განწყობას შევინარჩუნებ.
გამოდის, კრიზისმა რაღაც დადებითსაც მისცა დასაბამი, ასეა?
მე მგონია, რომ უკვე გააკეთა კიდეც − დაგვაფიქრა გლობალურ საკითხებზე. და რაკი ეს საყოველთაო კრიზისია, ამიტომ მთელი მსოფლიო დაგვაფიქრა. ადამიანისთვის არსებობს ზოგადად სიკვდილის ცნება და ასევე „ჩემი სიკვდილი“. ჩვენ ახლა შევეხეთ და პირისპირ დავდექით მეორე ცნების წინაშე. ამან კი ფიქრის, მობილიზებულად მუშაობის, გადაფასებების ბიძგი მოგვცა. რა თქმა უნდა, გვექნება დიდი ეკონომიკური კრიზისი, მაგრამ რას ვიზამთ, ამასაც გადავაგორებთ. თქვენი უცხოელი კოლეგები ხშირად მისვამენ ხოლმე შეკითხვას, თუ რა განსხვავებას ვხედავ ჩემი ბავშვობისა და ახლანდელ პერიოდებს შორის. მე ვპასუხობ, რომ ჩემს ბავშვობაში, 30-35 წლის წინ ადამიანებს მეტი დრო ჰქონდათ ერთმანეთისთვის და მას შემდეგ ეს განცდა არ მქონია, დღევანდელ პერიოდამდე. დღეს მომეჩვენა, რომ ჩემს უახლოეს მეგობარს უფრო დიდხანს და მშვიდად ველაპარაკე ტელეფონზე, რადგან ამის დრო და ემოცია მქონდა. აღმოჩნდა, რომ ახლა ადამიანები უფრო ზრუნავენ, ფიქრობენ ერთმანეთზე. ასეთი განცდა მაქვს.
მე მგონია, რომ ჩვენ, ადამიანებს, ზედმეტი მოგვივიდა და ბევრ რამეში გადავაჭარბეთ. მეც თავად ბევრჯერ არასწორად მოვქცეულვარ, ფუჭად დამირიგებია ემოციები, უშედეგოდ ბევრი რამ გამიღია და ვფიქრობ, ახლა დროა გამოვასწორო. გამორიცხულია, ამ კრიზისმა კვალი არ დატოვოს ადამიანებზე.