ქართული OK! ნიჭიერ ქართველ მსახიობს, ვიკა კალანდიას წარმოგიდგენთ. ვიკას შემოქმედებითი ცხოვრება საკმაოდ შთამბეჭდავი და დატვირთულია. ცოტა ხნის წინ, ახალგაზრდა, მომხიბლავი მსახიობი მსოფლიო ციფრული გიგანტის − APPLE-ის საერთაშორისო სარეკლამო რგოლში შთამბეჭდავად გამოჩნდა. სულ ახლახან დასრულდა „ნეტფლიქსის“ ახალი სერიალის გადაღება, სადაც ვიკა ეპიზოდურ როლს თამაშობს და რომლის ნახვის შესაძლებლობა კინომოყვარულებს მალე მიეცემათ. გარდა ამისა, ის ყველასათვის საყვარელ, სუპერპოპულარულ ქართულ სერიალ „ჩემი ცოლის დაქალების“ საკმაოდ სახასიათო სახეა. სულ მალე, ვიკა ცნობილ ბრიტანელ რეჟისორ პიტერ ვებერის ახალ ამერიკულ ფილმშიც მიიღებს მონაწილეობას, სადაც პარტნიორობას ჰოლივუდის სუპერპოპულარულ, „ოსკაროსან“ მსახიობს გაუწევს.
ვიკა, დავიწყოთ სულ თავიდან − როდის და როგორ გადაწყვიტეთ მსახიობობა? რა იყო ამ არჩევანის მთავარი ინსპირაცია?
რაც თავი მახსოვს, მუდამ მინდოდა მსახიობობა. ოჯახში ერთი ვიდეო გვაქვს, რომელშიც დაახლოებით 5-6 წლის, პატარა ვიკა ამბობს, დიდი რომ გავიზრდები, მსახიობი უნდა გავხდეო. მახსოვს, თინეიჯერი ვიყავი, ოდრი ჰეპბერნის მონაწილეობით „რომაული არდადეგები“ პირველად რომ ვნახე. მაშინ ოდრიმ იმდენად დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე თავისი სილამაზით, ნიჭით, რომ მის ადგილზე წარმოვიდგინე თავი − თითქოს მე ვმონაწილეობდი ამ ფილმში. დღეში რამდენჯერმე ვუყურებდი და ვოცნებობდი, მის ადგილას ვყოფილიყავი.
ფართო საზოგადოებამ სერიალიდან „ჩემი ცოლის დაქალები“ გაგიცნოთ, სადაც ეჭვიანი, ტემპერამენტიანი ცოლის საკმაოდ სახასიათო როლს თამაშობთ. რთული იყო თიკას როლის მორგება?
ქასთინგის გავლის შემდეგ მოვხვდი ამ როლზე, ისევე, როგორც ამ სერიალის დანარჩენი მსახიობები. როლზე მუშაობა რომ დავიწყე და სცენარისტმა ამიხსნა, როგორი სახე უნდა შემექმნა, ჩემ ირგვლივ მყოფ გოგოებს ვაკვირდებოდი და ვცდილობდი, მათგან ამეღო ნიუანსები, ხასიათის შტრიხები. ასე რომ, რამდენიმე რეალური პროტოტიპი ჰყავს თიკას.
რაიმე მსგავსებას პოულობთ ამ პერსონაჟსა და საკუთარ თავს შორის?
საერთოდ ვერაფერს. რადიკალურად განსხვავებულები ვართ და ამიტომაც ბევრს ვფიქრობდი თავიდან, როგორი უნდა ყოფილიყო, როგორ მეთამაშა. ახლაც მუდამ ვცდილობ, ახალი თვისებები ვუპოვო თიკას და ახალი, საინტერესო შტრიხები შევძინო მის სახეს.
ვიკა, „ნეტფლიქსის“ სერიალში გადაგიღეს. გადაღების პროცესზე და სხვა საინტერესო დეტალებზე მოგვიყევით − როგორ დაგამტკიცეს როლზე, როგორი იყო მუშაობის პროცესი?
სერიალი ძალიან ცნობილმა ბრიტანელმა რეჟისორმა, პიტერ ვებერმა გადაიღო. გახსოვთ, ალბათ, მის მიერ გადაღებული არაერთი სუპერპოპულარული ფილმი: „გოგონა მარგალიტის საყურით“, „ჰანიბალი“ და ა.შ. პიტერი საქართველოში იყო ჩამოსული კინოფესტივალზე, სადაც ჩემი და მუშაობდა. სწორედ იქ გადაწყვიტეს ერთობლივად სერიალის გადაღება. პიტერმა მომწერა და მთხოვა, გამეგზავნა ჩემი პროფესიული პორტფელი, შემდეგ კი ფილმის ერთ ეპიზოდში გადაღება შემომთავაზა, სადაც მთავარ გმირთან ერთად მაქვს სცენა. საოცრად ვღელავდი გადაღებების დროს, ყველანაირად ვეცადე, კარგი გამოსულიყო ჩემი ნაწილი. ფილმი არაბულენოვანია და მას ძალიან ცნობილი ოპერატორი, ნიკოლო პეკორინი იღებდა. მასთან ერთად მუშაობაც დიდი გამოცდილება აღმოჩნდა ჩემთვის. გადაღებები ტუნისში მიმდინარეობდა, ფილმი 12 სერიისგან შედგება და სახელად ჰქვია „ცეცხლის სამეფო“ (kingdom of fire). ალბათ, უახლოეს მომავალში გამოვა „ნეტფლიქსზე“ და ყველანი შევძლებთ სურათის ნახვას.
თქვენ გადაგიღეს APPLE-ის საერთაშორისო რეკლამაში. გაიხსენეთ, როგორ მოხდა თქვენი შერჩევა ამ სარეკლამო რგოლისთვის?
დამირეკეს სარეკლამო კომპანიიდან და ქასტინგზე მიმიწვიეს. მაშინ არც ვიცოდი, რა სახის ვიდეორგოლზე ტარდებოდა შერჩევა. მოგვიანებით შემატყობინეს, რომ apple-ის სარეკლამო რგოლის ერთ-ერთ როლზე დამტკიცებული ვიყავი და 3 დღეში პრაღაში გადაღებები მეწყებოდა. ძალიან გამიხარდა. თავიდან დაგეგმილი იყო, მონაწილეობა მიმეღო მხოლოდ ერთ სცენაში. ჩემი ნაწილის გადაღების დასრულების შემდეგ, აეროპორტში უკვე გასაფრენად ვემზადებოდი, როცა ერთ-ერთი პროდიუსერი სასწრაფოდ დამიკავშირდა და მთხოვა, დავრჩენილიყავი, რადგან ჩემი მონაწილეობით კიდევ ერთი სცენის გადაღება უნდოდათ. ასე გავაუქმე ბილეთი, დავრჩი პრაღაში და გადავიღეთ კიდევ ერთი ეპიზოდი, რომელზეც ჩემამდე უკვე დამტკიცებული იყო ლამაზი, ფერადკანიანი მსახიობი გოგო.
ვიკა, ოდესმე გიფიქრიათ, სხვა პროფესიის ყოფილიყავით? რას ნიშნავს მსახიობობა თქვენთვის?
ჩემი პროფესია ჩემი ჰობია. ვერც წარმომიდგენია, სხვა რა შეიძლება ვაკეთო, ამის გარდა. ზოგადად, საკმაოდ მერყევი ადამიანი ვარ, ხშირად მეცვლება გუნება და დამოკიდებულებები, მაგრამ ეს თვისება არ შეხებია ჩემს საქმეს. არასოდეს მიფიქრია, რომ მომბეზრდა და სხვა რამის გაკეთება მირჩევნია.
არაჩვეულებრივად გამოიყურებით. გაგვიმხილეთ, როგორ უვლით თავს?
არაფერს განსაკუთრებულს არ ვაკეთებ. ბავშვობიდან ვიკვებები ჯანსაღად, არასოდეს მივირთმევ სწრაფი კვების ობიექტებში, არ ვსვამ გაზიან სასმელებს. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის ძილის ფაქტორი − ყოველთვის ვცდილობ, სრულყოფილად მეძინოს. მე მგონია, რომ კვებისა და ძილის მოწესრიგებული რეჟიმი დადებითად აისახება გარეგნობაზე, კანზე. ცხადია, იმაზე აღარ ვამახვილებ ყურადღებას, რომ არასოდეს ვიძინებ სახეზე მაკიაჟით.
რომელია ვიკა კალანდიასთვის საუკეთესო სტილი და ყველაზე კომფორტული სამოსი?
ჯინსი. ზამთარში როლინგი, ზაფხულში − მაისური. ასე ყველაზე კომფორტულად ვგრძნობ თავს, და, რა თქმა უნდა, აუცილებლად ვისვამ წითელ ტუჩსაცხს, რომლის გარეშე ვეღარ წარმომიდგენია საკუთარი თავი. ძალიან მიყვარს.
საოცნებო როლი გაქვთ?
ხანდახან, როცა რომელიღაც ნაწარმოებს ვკითხულობ ან ფილმს ვუყურებ, მომინდება და გავიფიქრებ, რომ აი, ამ პერსონაჟს სიამოვნებით ვითამაშებდი-მეთქი. თუმცა ასე, ერთი ამოჩემებული, საოცნებო როლი არ მაქვს.
საყვარელი, ფავორიტი მსახიობი თუ გყავთ? ვის პარტნიორობას ისურვებდით?
დენიელ დეი-ლუისის, მერილ სტრიპის. ალბათ, საოცრად ვინერვიულებდი, მერილ სტრიპისთვის რომ გამეწია პარტნიორობა. ძალიან შემეშინდებოდა. სხვათა შორის, სულ მალე ჩემი პარტნიორი ჰოლივუდის ერთ-ერთი ძალიან ცნობილი, „ოსკაროსანი“ მსახიობი იქნება.
შესანიშნავი ახალი ამბავია. ცოტა უფრო დეტალურად მოგვიყევით თქვენს გეგმებზე.
ამ ფილმსაც პიტერ ვებერი გადაიღებს. გადაღებები იქნება ნიუ-იორკში და ამერიკის რამდენიმე შტატში. სცენარი უკვე მზად არის და დაგზავნილია მსახიობებთან. აგვისტოში დაიწყება ფილმის მოსამზადებელი პერიოდი და შესაბამისად, მაისისთვის მეც უნდა ჩავიდე ამერიკაში, მოვემზადო პროექტისთვის. საკმაოდ საინტერესო როლი მექნება, რომლის შესრულებაც ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ჩემი კარიერისთვის.