ერთ დღეს, ორმა მეგობარმა გადაწყვიტა შეექმნათ წიგნი, რომელიც დაეხმარებოდა ბავშვებს სამყაროს უკეთ გააზრებაში, გარშემომყოფი ადამიანების აღქმაში, კარგისა და ცუდის გარჩევაში... ამ ამბის მთავარი შთაგონების წყარო კი ორი პატარა − მაშო და ნიკოლოზი იყვნენ. ასე დაიბადა პერსონიფიცირებული წიგნი, სახელად „შენია“, რომელიც ბავშვებს თავიანთ სამყაროს ჩუქნის, საკუთარი თავის რწმენას სძენს და ასწავლის, რომ ყველა ამბავს აუცილებლად კარგი დასასრული აქვს, რადგან სიკეთე და დიდსულოვნება ყველაზე დიდი ფასეულობაა, რაც კი ადამიანს აქვს. ასე გახდა „შენია“ ჩვენი, რომელზეც თავად პროექტის ავტორები − მარიკა წულუკიძე და მარიკა ლორია OK!-ის უამბობენ.
მოგვიყევით თქვენ შესახებ.
(მარიკა წ): ჩვენი ურთიერობა დაახლოებით ოცი წლის წინ დაიწყო. ერთმანეთი „ჯეოსელში“ გავიცანით. მოგვიანებით ისე მოხდა, რომ მე ამ კომპანიიდან წამოვედი, თუმცა ჩვენი მეგობრობა გაგრძელდა.
(მარიკა ლ): ჩვენ ორივე მარკეტინგის სფეროდან ვართ და შეხვედრებისას მუდამ ვსაუბრობდით სხვადასხვა თემაზე. მას შემდეგ, რაც შვილიშვილი შემეძინა, ძირითადი თემა ბავშვები იყვნენ. მარიკა თავის გამოცდილებას მიზიარებდა, მე ჩემსას, და ამასობაში დაგვებადა წიგნის შექმნის იდეა.
როგორ შეარჩიეთ წიგნის მთავარი თემები?
(მარიკა წ): წიგნების თემატიკა განსხვავებულია და სხვადასხვა ასაკის ბავშვზეა მორგებული. თემებს ჩვენ ვარჩევთ, თუმცა რასაკვირველია, კონსულტაციას გავდივართ ფსიქოლოგებთან. გარდა ამისა, ჩვენი ერთ-ერთი ავტორი თავად არის დედა და საკუთარი პრაქტიკული გამოცდილებით სწორედ იმ თემებზე ამახვილებს ყურადღებას, რომლებიც ბავშვებისთვის არის მნიშვნელოვანი. ჩვენ ვეცადეთ სწორი ფორმით წამოგვეწია ის მთავარი ღირებულებები, რაც ბავშვებს სხვადასხვა ასაკში სხვადასხვაგვარად უნდა მიაწოდო.
(მარიკა ლ): როცა წიგნის კითხვის დროს ბავშვი აღმოაჩენს, რომ თავად არის მთავარი გმირი, უფრო ინტერესდება, როლში შედის და მარტივად ახერხებს მიიღოს ინფორმაცია, რა არის დადებითი და რა უარყოფითი ამა თუ იმ ქცევაში.
რატომ სახელი „შენია“?
(მარიკა ლ): „შენია“ ნიშნავს, რომ ეს წიგნი შენთვის არის, შენზე მორგებული, და მთავარი პერსონაჟი შენ ხარ. პერსონიფიცირება ხდება რამდენიმე ელემენტით: სახელით, გარეგნობით, დაბადების თარიღით და სხვადასხვა მსგავსი დეტალით, რომელიც თითოეულ დამკვეთს შეუძლია დამოუკიდებლად შეიტანოს წიგნში.
ამ დრომდე რამდენი წიგნი გაქვთ გამოცემული და რომელი გაიყიდა ყველაზე კარგად?
(მარიკა წ): ამ ეტაპზე სულ 6 წიგნია. „წამოცდენილი სიტყვა“ შეიძლება ითქვას, რომ ჩვენი ბესტსელერია. ამ წიგნის საშუალებით, ბავშვებს ვეუბნებით, რომ შეცდომების დაშვებისთვის შენ არ დაისჯები. თუმცა უნდა ვეცადოთ, გავაკონტროლოთ ჩვენი საქციელი. სიტყვას უდიდესი ძალა აქვს და ამით შეგიძლია როგორც დაეხმარო ადამიანს, ისე გული ატკინო, მაგრამ თუ მაინც მოხდება ასე, შენ უნდა შეგეძლოს ბოდიშის მოხდა.
როგორი იყო სამუშაო პროცესი, სანამ პირველ წიგნს გამოუშვებდით?
(მარიკა ლ): სხვადასხვა მწერალთან გვქონდა ტესტირების რეჟიმი, ასევე ილუსტრატორებთან. დიზაინთან ერთად, მნიშვნელოვანი იყო ხარისხი. შესაბამისად, სხვადასხვა სტამბასთან გვქონდა ურთიერთობა − ფურცლის სისქის, ზუსტი ფორმატის თემაზე... საბოლოოდ, მივედით იმ ფორმამდე, რომელიც დღეს გვაქვს და ჩვენი მომხმარებლები ძალიან კმაყოფილები არიან.
მოგვიყევით, რა დამოკიდებულება აქვთ დამკვეთებს წიგნის მიმართ?
(მარიკა წ): როდესაც ბიზნესი ჯერ სტარტაპია, ძალიან დიდი ძალისხმევა და დროა საჭირო, რომ სათანადოდ განავითარო, ხოლო როცა ხედავ, როგორ უყვართ და აფასებენ შენს პროდუქტს, ისეთი ძალა გეძლევა, რომ მზად ხარ ყველაფერი გააკეთო ამ საქმისთვის. ერთია ჩვენ როგორ გვიყვარს ჩვენი პროდუქტი და მეორეა მომხმარებლის უკუკავშირი. ისინი წერენ იმას, რასაც რეალურად გრძნობენ. გამუდმებით გულები და მადლობები მოდის შეტყობინებებში. არ შემიძლია არ გავიხსენო ორი შემთხვევა: პირველი, როცა ერთ-ერთმა დედამ მომწერა, თქვენი წიგნი ჩემი ქცევის რეგულაციაში დამეხმარაო, და მეორე: გარდა იმისა, რომ ეს წიგნები არის ემოციური საჩუქარი, რომელიც გაჰყვება ბავშვს მთელი ცხოვრების განმავლობაში, ეს ასევე არის დამხმარე ინსტრუმენტი იმისათვის, რომ აღზარდო კარგად განვითარებული, დამოუკიდებელი, ბედნიერი ბავშვიო. შესაბამისად, ვფიქრობთ, რომ სწორ გზაზე ვდგავართ.
(მარიკა ლ): მნიშვნელოვანია ისიც, რომ ამ წიგნის კითხვა ერთგვარ ტრადიციად იქცა − მშობელი და ბავშვი, ერთად დიდი ემოციით კითხულობენ ამ წიგნებს, რადგან მათი შვილია მთავარი პერსონაჟი. გარდა ამისა, ბავშვებს უყვარდებათ წიგნი და მის მიმართ მიჯაჭვულობა უჩნდებათ.
როგორ ვუკვეთავთ წიგნს და როგორია მიწოდების ვადები?
(მარიკა ლ): ყველა დამკვეთი საიტზე თვითონ ქმნის წიგნს. უნდა დაწეროს მიძღვნა, შეარჩიოს ვიზუალი, მიუთითოს დეტალები... მიწოდება გვაქვს როგორც თბილისის, ისე რეგიონების მასშტაბით. მიწოდების ვადა 3-დან 5 დღემდეა.
სამომავლო გეგმებზე რას გვეტყოდით?
(მარიკა წ): სულ მალე გავალთ თურქულ ბაზარზე. ჩვენი წიგნები ასევე გაიყიდება „ამაზონზე“. ეს იმას ნიშნავს, რომ სულ მალე ჩვენს მომხმარებელს შეეძლებათ წიგნები შეიძინონ როგორც თურქულ, ისე ინგლისურ ენებზე. გარდა ამისა, მალე მშობლებს შეეძლებათ ძაღლის, კატის ან ზაზუნას სახელიც შეიტანონ წიგნში, რადგან უკვე ბევრ ბავშვს ჰყავს შინაური ცხოველი. ცოტა ხანში გამოვა დაბადების დღისადმი მიძღვნილი წიგნი, რომელსაც ექნება პერსონიფიცირების დამატებითი დეტალები.