ქართული OK! ძალიან საინტერესო, მრავალმხრივ განვითარებულ და წარმატებულ ქალბატონს წარმოგიდგენთ. ნატალია კვანტალიანის საქმიანი ცხოვრება საოცრად მრავალფეროვანია. თუმცა ყველა მათგანს ერთი მთავარი მიზანი და მოტივაცია აქვს − ადამიანების დახმარება, მათზე ზრუნვა და ბედნიერების მინიჭება. ნატალია ერთნაირი გატაცებით გვესაუბრა თავისი საქმიანი ცხოვრების თითოეულ მიმართულებაზე და არც რჩევები დაიშურა ჩვენი მკითხველისთვის. რა არის წარმატების გასაღები და რომელი ფორმულა ამოძრავებს დიდ თუ პატარა ბიზნესს? − წაიკითხეთ ნატალია კვანტალიანთან ინტერვიუში.
ნატალია, სისხლის ბანკის საქმიანობაზე დავიწყოთ ჩვენი საუბარი.
ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობიდან და მოთხოვნებიდან გამომდინარე, სისხლის ბანკის ფუნქციონირება ძალიან მნიშვნელოვანია. ეს არ არის ჩემთვის ბიზნესი, ეს საქმე ჩემი მოწოდებაა. ქვეყანაში სისხლის დეფიციტის გამო, ჩვენი ბანკის საქმიანობა ძალიან მნიშვნელოვანია. ვთანამშრომლობთ ქვეყნის წამყვან კლინიკებთან, რომელთათვისაც საიმედო დასაყრდენი ვართ. თითოეულმა მათგანმა იცის, რომ ნებისმიერ დროს ყველაზე დეფიციტური სისხლიც კი შეუძლიათ წაიღონ ჩვენი სისხლის ბანკიდან. ჩვენთან პროფესიონალთა არაჩვეულებრივი, შეკრული გუნდი მუშაობს. ხშირად ვატარებთ მთელი ქვეყნის მასშტაბით აქციებს. ალბათ, მოგეხსენებათ, ერთი ადამიანისგან გაღებული სისხლი სამ გადარჩენილ სიცოცხლეს უდრის. შესაბამისად, 2010 წლიდან დღემდე მოვდივართ, ჩართული ვართ საქველმოქმედო ღონისძიებებში და ვცდილობთ, გასაჭირში მყოფ ადამიანებს მხარში დავუდგეთ და შევუმსუბუქოთ მდგომარეობა.
რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, სისხლის ბანკი თბილისის გარდა დასავლეთ საქართველოშიც ფუნქციონირებს. ასეა?
დიახ. სამტრედიაში გვაქვს ფილიალი, რომელსაც ლაშა კვანტალიანი ხელმძღვანელობს და რომელიც საკმაოდ წარმატებულად, სრული დატვირთვით ფუნქციონირებს. ვაპირებთ დამატებითი ფილიალის გახსნას ფოთშიც, რომელიც დასავლეთ საქართველოს მოსახლეობას დაფარავს და მოემსახურება. მინდა, ყველასთვის ხელმისაწვდომი იყოს ჩვენი მომსახურება. ხანდახან წუთი წყვეტს ყველაფერს, ამიტომ სისხლის დროულ მიწოდებას დიდი მნიშვნელობა აქვს.
ჰემატოლოგიისა და ტრანსფუზიოლოგიის ინსტიტუტის ერთ-ერთი დამფუძნებელი ბრძანდებით, რომელიც ორიენტირებულია სისხლისა და სისხლის სისტემის დაავადებათა დიაგნოსტიკაზე, მკურნალობის უახლეს, მაღალტექნოლოგიურ მეთოდებზე. ამ საქმიანობაზეც გვესაუბრეთ.
დიახ, ეს ინსტიტუტი პროფესორებით, ექიმებით, ნამდვილი პროფესონალებითაა დაკომპლექტებული და მაქსიმალურად ხელს ვუწყობ, რომ ჩემი გუნდის დახმარებით კიდევ უფრო განვითარდეს და დაიხვეწოს ეს დარგი საქართველოში.
ნატალია, ვისაუბროთ თქვენი საქმიანობის მეორე, განსხვავებულ ნაწილზე, რომელიც ტურიზმისა და სტუმარ-მასპინძლობის სფეროს მიეკუთვნება.
შეიძლება ითქვას, ნულიდან დავიწყე ეს საქმე და ძალიან მიყვარს, რადგან პირდაპირ არის დაკავშირებული სხვა ადამიანების გაბედნიერებასთან, მათთვის სიამოვნების მინიჭებასთან, დადებითი ემოციების გაცემასთან. მაქვს სასტუმრო ბორჯომში − „ბორჯომი აისი“, რომელიც 120 ადამიანზეა გათვლილი და ბორჯომის პატარა პარკის პირდაპირ მდებარეობს. სასტუმროს აქვს შემინული პანორამული, ულამაზესი ხედი მდინარესა და მთაზე, აქვეა საკონფერენციო დარბაზი, რესტორანი და რაც მთავარია, სპა-გამაჯანსაღებელი ცენტრი, სადაც სხვადასხვა საჭირო და სასარგებლო მომსახურებას იღებენ ჩვენი სტუმრები. მიხარია, რომ ჩვენი სასტუმროს დამსვენებლების დიდი ნაწილი ქართველები არიან. მაქვს კიდევ ერთი სასტუმრო ქუთაისში, კოპიტნარის აეროპორტთან ახლოს − სასტუმრო „დავითი“, რომელიც ძირითადად აეროპორტის მგზავრების მომსახურებაზეა ორიენტირებული.
ნატალია, თქვენ გაქვთ კიდევ ერთი გატაცება, რომელიც თავის მხრივ, რადიკალურად განსხვავდება ამ ორი საქმიანობისგან − სოფლის მეურნეობა.
ბოლო პერიოდში ძალიან დავინტერესდი სოფლის მეურნეობით, კერძოდ, მესაქონლეობით და უბედნიერესად ვგრძნობ თავს, როცა ცხვარში ვარ. გატაცებული ვარ ამ საქმიანობით. გორის რაიონში ცხვრის ფარა მაქვს, რამდენიმე ასეული სული ცხვარი, რომელიც სამ სოფელში მაქვს განაწილებული. შესაბამისად, მუდამ ერთი ადგილიდან მეორესკენ მივიჩქარი, რათა ყურადღება არ მოვაკლო.
ნატალია, თქვენს ოჯახზე მოგვიყევით.
მყავს ქალიშვილი − ნათია ჩაჩავა, არაჩვეულებრივი სიძე და 5 შვილიშვილი, რომლებიც საოცრად მაბედნიერებენ. ნათიას საკუთარი საქმე აქვს, დამოუკიდებელი ქალია. მის მიერ დაფუძნებულ სილამაზის ცენტრ „არტჰაუსს“ წარმატებით ხელმძღვანელობს.
მრავალმხრივ წარმატებული ქალი ბრძანდებით, მუდამ მოძრაობაში, დინამიკაში, ფუსფუსში ხართ. ალბათ, სწორედ ესაა თქვენი წარმატების საიდუმლო...
თუ ადამიანს შრომა არ ეზარება, მას აუცილებლად გამოუვა ყველაფერი. ყველას აქვს უდიდესი შანსი, საკუთარი თავი ბევრი მიმართულებით იპოვოს. ფორმულა ერთია − არ დაფრთხნენ, არ შეშინდნენ. დიდ და პატარა ბიზნესში, ორივეგან ერთი გასაღები აქვს წარმატებას − მონდომება, შეუჩერებლად წინსვლა და რწმენა. ცხოვრება ისედაც რთულია და ჩვენ მეტად აღარ არ უნდა გავართულოთ. შევხედოთ საკუთარ შესაძლებლობებს და მომავალს რწმენით, სიყვარულით და მონდომებით, და ყველა საქმე, რომელსაც მიზნად დავისახავთ, აუცილებლად გამოვა. რა თქმა უნდა, ისიც მნიშვნელოვანია, რომ სწორ დროს და სწორ ადგილას მოვხვდეთ. მე გულში დიდი ტკივილიც მაქვს და სიხარულიც, მაგრამ ეს ტკივილი სიკეთისთვის, პროგრესისთვის მოვმართე და გამოვიყენე.
რისკიანი ბრძანდებით?
რისკი დიდ როლს თამაშობს ადამიანის წარმატებაში. ვფიქრობ, გარისკვა აუცილებელია. მე არც მედიცინის მუშაკი გახლავართ, არც სოფლის მეურნეობის სპეციალისტი − ძველი სპორტსმენი ვარ და აი, სრულიად განსხვავებული მიმართულებებით განვავითარე ჩემი შესაძლებლობები. თუმცა, ვფიქრობ, სპორტსმენობამაც გარკვეული როლი ითამაშა ჩემს ცხოვრებაში. სპორტსმენებში სრულიად სხვა რანგშია აყვანილი სიყვარული, ერთიანობა, გუნდურობა და გულწრფელობა. ტყუილი და ღალატი ჩვენთვის მიუღებელია, დისციპლინა და ნებისყოფა კი განუყოფელი, რადგან ნებისყოფის მოკრებით იგებ ყველაზე მთავარს − დროს.