ჩვენი რუბრიკის სტუმარი ორი ნიჭიერი ადამიანია − არქიტექტორი და ინტერიერის დიზაინერი ხათუნა მიქაბერიძე და ინტერიერის დიზაინერი ნინო ყამბარაშვილი. ნინო და ხათუნა რამდენიმე წელია ერთობლივად, ჰარმონიულად მუშაობენ და სხვადასხვა მნიშვნელოვან და საინტერესო დიზაინერულ პროექტებს ახორციელებენ. გოგონებმა სიამოვნებით გაგვიზიარეს ემოციები, თუ რა აღაფრთოვანებთ საკუთარ საქმეში ყველაზე მეტად, გაგვიმხილეს, რომელია მათი საყვარელი, შესრულებული პროექტები და ინტერიერისა და ექსტერიერის დიზაინის თანამედროვე, მოდურ ტენდენციებზეც გვესაუბრნენ.
ნინო, ხათუნა, მოგვიყევით, როდიდან დაინტერესდით თქვენი საქმიანობით და როდის გადაწყვიტეთ დიზაინერობა? რა იყო ინსპირაცია?
(ხათუნა): ბავშვობიდან მიყვარდა ხატვა, ძერწვა, სხვადასხვა ნივთებით აპლიკაციების გაკეთება. ყოველთვის ვიცოდი, რომ ჩემი საქმე ხელოვნებასთან ახლოს უნდა ყოფილიყო. არქიტექტურა და დიზაინი სამ განზომილებაში ხატვას გულისხმობს, შემოქმედებით პროცესს სივრცესა და დროში; უამრავი დეტალის, მოცემულობის დაკავშირებას და ახალი მთლიანობის შექმნას. მგონი ამ საქმის კეთების სურვილით დავიბადე.
სად და რა მიმართულებით მიიღეთ განათლება?
(ნინო): თბილისის სამხატვრო აკადემია დავამთავრე. პროფესიით თეატრის მხატვარ-დეკორატორი ვარ. ინსპირაციის წყაროც ეს იყო − მაკეტის შექმნა და შემდგომში ჩემი წარმოსახვის მოცულობაში გადატანა.
(ხათუნა): საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში არქიტექტურის ფაკულტეტი დავამთავრე.
რა აღგაფრთოვანებთ თქვენს პროფესიაში ყველაზე მეტად?
(ნინო): მუშაობის ყველა ეტაპი საინტერესოა. იდეის დაბადებიდან განხორციელებამდე საკმაოდ ხანგრძლივი და აზარტული პროცესია. ყველაზე სასიამოვნო შეგრძნება კი მაინც შედეგია.
(ხათუნა): სრული შემოქმედებითი პროცესი საინტერესოა. შემოთავაზებულ ამოცანაზე ფიქრი, მსჯელობა, იდეის ჩამოყალიბება, პროექტის დამუშავება. აღმაფრთოვანებს მიღებული შედეგი, ხორცშესხმული იდეა და ჩვენი მომხმარებლის კმაყოფილი სახე.
გვესაუბრეთ პროექტებზე, რომელზე მუშაობაც ყველაზე საინტერესო იყო თქვენთვის.
(ხათუნა): პროექტი განსაკუთრებით საინტერესოა, როდესაც დამკვეთისა და ჩვენი ხედვა ერთმანეთს უახლოვდება. ახერხებ დაანახო მას ისე, როგორც შენ ხედავ. ასე პროცესი ჰარმონიული ხდება და ყოველთვის კარგი გამოდის. ამ კუთხით, ფიტნესკლუბ „ოკტოპუსს“ გამოვყოფდი. ამ ჯგუფთან მუშაობა ძალიან გვსიამოვნებს.
ჩემთვის ყველაზე საინტერესოა, როდესაც შენობის მოცულობას ვქმნი. ექსტერიერი და ინტერიერი ერთობლივად იქმნება, სხეული მთლიანია. განსაკუთრებით საინტერესოა, როცა ბევრ ამოცანას ერთად ვითვალისწინებ: რთულ რელიეფს, ლანდშაფტს, ისტორიულ გარემოს, რთულ კონსტრუქციულ გადაწყვეტას, სივრცის გამართულად ორგანიზებას. ასეთი კერძო სახლების პროექტები მახსენდება კრწანისში, წყნეთში, წავკისში და სასტუმრო „ციტადელი ნარიყალა“, სადაც ყველა გამოწვევა ერთად იყო თავმოყრილი.
(ნინო): როდესაც დამკვეთი შენი ფანტაზიის სრულად გამოყენების საშუალებას გაძლევს, პროექტი ხდება საყვარელი. „ოქტოპუს ფიტნესკლუბი“ მოცემულობა იყო, შეგვექმნა განსხვავებული ენერგიის კონცეპტუალური სივრცე, სადაც ყველა დეტალი გათვლილი იქნებოდა კომფორტზე. მუშაობის პროცესი სრულიად თავისუფალი გახლდათ. „ლებოვსკი“ ბოულინგ-კლუბი – აქ ძმები კოენების კრიმინალური კომედიის „დიდი ლებოვსკის“ მთავარი გმირის ცხოვრება, ინტერიერში ჩვენებურად გავაცოცხლეთ. დავარღვიეთ ყველანაირი სტანდარტი და შევქმენით საოცრად ფერადი და ქაოსური გარემო. ლეილა მესხის ჩოგბურთის აკადემია − ამ პროექტზე მუშაობის დროს, ჩვენი მთავარი ამოცანა იყო, შეგვექმნა დემოკრატიული სოციალური სივრცე.
ამჟამად რითი ხართ დაკავებული?
(ნინო): ვმუშაობთ „ოქტოპუსის“ ახალ რიგით მესამე პროექტზე და სხვადასხვა კერძო დაკვეთებზე. პარალელურ რეჟიმში ვარ კერამიკული სახელოსნოს „ვაით სტუდიოს“ თანადამფუძნებელი ამიტომ მაქსიმალურად ვცდილობ ჩემი რესურსი გამოვიყენო და ყველა ჩემს გაკეთებულ ინტერიერში მისთვის სპეციალურად შექმნილი კერამიკული ნივთი შემოვიტანო.
(ხათუნა): გვიხარია, რომ „ოკტოპუსის“ დამფუძნებლის ნდობა დავიმსახურეთ და დღეს უკვე მათ მესამე ფილიალს ვაკეთებთ. ასევე ვმუშაობ საოფისე შენობის ინტერიერის პროექტზე, ჭავჭავაძის გამზირზე, კერძო სახლის არქიტექტურულ პროექტზე წავკისში, და კიდევ რამდენიმე ბინის ინტერიერზე.
გვესაუბრეთ ინტერიერისა და ექსტერიერის დიზაინის თანამედროვე ტენდენციებზე. რა არის ახლა მოდური − სტილი, არქიტექტურა, აქსესუარები, ტექსტურა თუ ლითონები.
(ნინო): თანამედროვე ტენდენციებზე ჩემი მოსაზრება მაქვს. არ არის აუცილებელი, ვაკეთოთ ის, რაც ტრენდულია. დიზაინი არ გულისხმობს მხოლოდ მოდურ, ლამაზ ვიზუალს − ის ბევრ კითხვას უნდა პასუხობდეს. დიზაინი პრობლემას უნდა ჭრიდეს. მიუხედავად იმისა, რომ ამ სფეროში ტენდენციები ყოველწლიურად იცვლება, ყველა დროის მნიშვნელოვან ტრენდად მაინც კომფორტი და სიმყუდროვე რჩება.
(ხათუნა): არქიტექტურის ტენდენციას ძირითადად ახალი ტექნოლოგიები განსაზღვრავს. ასევე სოციალური გარემო, ეპოქის გამოწვევები. მაგალითად, დღეს ეკოლოგიაზე ზრუნვა ძალიან აქტუალურია და შესაბამისად, არქიტექტურაში ჭარბობს მწვანე ფასადი, ბალახის საფარით გადახურვა, ახალი ტექნოლოგიებით ბუნებრივი ენერგიის მაქსიმალურად გამოყენება. ექსტერიერშიც და ინტერიერშიც ბუნებრივ მასალას ვანიჭებ უპირატესობას: ბეტონი, ხე, აგური, ქვა, ლითონი. უბრალოდ, ამ მასალების გამოყენების სხვადასხვა მეთოდს ვიგონებთ. ინტერიერის თანამედროვე ტენდენციად, მოდურ სტილად, ახლა მაინც არტდეკო მიიჩნევა, ანუ თანამედროვე გარემოში შემოჭრილი კლასიკური, ბაროკული მოტივები: მარმარილო, ფერადი ლითონი, დამუშავებული მინა, ძვირფასი ქსოვილი. თუმცა ჩემთვის არ არსებობს მოდური სტილი − მინიმალიზმიც ისეთივე საინტერესოა, როგორც ანტიკური კლასიციზმი და ყველა მიმდინარეობას თავისი ხიბლი აქვს. მთავარია ბუნებრივი, ზომიერი, მთლიანი, სიყვარულით შექმნილი გარემო.
თქვენს სამომავლო გეგმებზე მოგვიყევით.
(ნინო): ბევრი ახალი იდეა გვაქვს. ახლო მომავალში გამოფენის ჩატარებას ვგეგმავთ.
(ხათუნა): ჩვენ ავეჯისა და განათების დიზაინზეც ვმუშაობთ და ვქმნით მას. ვგეგმავთ შემოთავაზებულ გამოფენებში მონაწილეობის მიღებას. ასევე ძალიან მინდა მოსაპირკეთებელი მასალების შექმნა როგორც გარე, ისე შიდა მოხმარებისთვის. როგორც კი დრო გამომიჩნდება, აუცილებლად განვახორციელებ ამ იდეას.