OK! თბილისელებისთვის საყვარელ და პოპულარულ მაღაზია-სალონ „ამბიენსის“ დამფუძნებელს, მხატვარ მაიკო ჯიმშელეიშვილს წარმოგიდგენთ. როგორ დაიბადა „ამბიენსის“ შექმნის იდეა და როგორ გადაიქცა დროთა განმავლობაში მომხმარებლებისთვის ერთ-ერთ საყვარელ და კომფორტულ სივრცედ. როგორია მაიკოს უახლოესი, საინტერესო გეგმები და რას ნიშნავს მისთვის ბედნიერება − წაიკითხეთ მაიკო ჯიმშელეიშვილთან ინტერვიუში.
მაიკო, რა პროფესიის ბრძანდებით?
სამხატვრო აკადემია დავამთავრე და პროფესიით მხატვარი ვარ. ხატვა ძალიან მიყვარს, მაგრამ ამ ეტაპზე, ამის გარდა, ბევრი სხვა საქმითაც ვარ დაკავებული. საკმაოდ ადრე დავოჯახდი და გარკვეული პერიოდი დიასახლისობით შემოვიფარგლებოდი, თუმცა უნივერსიტეტში სწავლისა და დიასახლისობის პარალელურად, შინ ვმუშაობდი და ვქმნიდი ხოლმე სხვადასხვა ნივთს, აქსესუარს, ავეჯსა და სანათებს. პირველად მე და ჩემმა მეგობარმა პატარა ავტოფარეხის ადგილას გავაკეთეთ მცირე სალონი და იქ გამოვფინეთ ჩვენი ხელნაკეთი ნივთები. შემდეგ უკვე სერიოზული სახე მიიღო ჩემმა ინტერესმა. გადავწყვიტე გამეხსნა მაღაზია, სადაც ინტერიერის აქსესუარები გაიყიდებოდა. 2006 წელს დაიბადა იდეა.
და ასე გაჩნდა „ამბიენსი“...
დიახ, იდეის დაბადებას მოჰყვა ფართის მოძიება, სხვა, შრომატევადი პროცესები, რომელიც მაღაზიის გახსნას ახლავს. დავიწყეთ გზების მონახვა, როგორ განგვეხორციელებინა იდეა. მეგობრებთან ერთად დავაფუძნე „ამბიენსი“. 2007 წელს, როდესაც ჩემს მესამე შვილზე ორსულად ვიყავი, რემონტი გვქონდა მაღაზიაში, თავადაც ვმუშაობდი, საკუთარი ხელით ვაკეთებდი ბევრ რამეს. დიდი შრომა და სიყვარული ჩავდეთ ამ საქმეში და ახლაც ასე ვაგრძელებთ. მომხმარებელს ვთავაზობთ გამორჩეულ, მაღალხარისხიან მომსახურებას და პროდუქციას, მეგობრულ გარემოს. ბევრი ჩვენი მომხმარებელი უკვე ოჯახის წევრივითაა, იმდენად კომფორტულად გრძნობენ თავს „ამბიენსში“.
თავად თუ ქმნით ხელნაკეთ ნივთებს „ამბიენსისთვის“?
ბოლო ორი წელია, რაც ვაკეთებ საახალწლო საჩუქრებს, რომელმაც დიდი ინტერესი და მოწონება დაიმსახურა მომხმარებელში, რაც ძალიან მახარებს. ასე აღმოვაჩინე ჩემი ახალი სიყვარული − საახალწლო დეკორაციები, რითაც ნამდვილად გამოვირჩევით ბაზარზე. წელს გვქონდა საახალწლო აქსესუარების განსაკუთრებული კოლექცია ფიროსმანის თემატიკაზე. ეს იყო ხელნაკეთი სათამაშოები, რომელიც პოლონეთში დამზადდა. ესკიზები, ნახატები, ფიროსმანის შესახებ ინფორმაცია გადავუგზავნეთ პოლონელ მწარმოებლებს და დისტანციურად, წარმატებით ვითანამშრომლეთ. საკმაოდ საინტერესო და ლამაზი კოლექცია გამოვიდა.
მაიკო, მოგვიყევით თქვენს უახლოეს, სამომავლო გეგმებზე.
მინდა შევქმნა საახალწლო დეკორაციების ბრენდი, სახელწოდებით „სტელარი“, რომელიც ყველაფრისგან გამორჩეული, ვარსკვლავური, კოსმიური იქნება − ახალი სიტყვა საახალწლო აქსესუარების დიზაინში. მინდა ამ ბრენდით საკოლექციო სათამაშოების გამოშვება, რომელსაც მსოფლიო ბაზარზე გავიტან.
ეს პროდუქცია საქართველოში დამზადდება?
საწყის ეტაპზე შეიძლება გაგვიჭირდეს, მაგრამ საბოლოოდ, ეს იქნება საქართველოში დამზადებული ქართული ბრენდი.
მაიკო, ოჯახზე მოგვიყევით.
როგორც უკვე ვთქვი, ადრე დავოჯახდი და სამი შვილი მყავს − ჩემი უდიდესი შთაგონებისა და მოტივაციის წყარო. ხშირად ვეკითხები ხოლმე მათ რჩევებს, რადგან ძალიან მინდა მეტ-ნაკლებად ჩაერთონ ჩემს საქმიანობაში. მეუღლე ყველა იდეის განხორციელებაში გვერდით მიდგას და მისი დამსახურებაა დღეს სადაც ვარ და რასაც წარმოვადგენ. დიდი შთაგონება და სტიმულია ჩემთვის ის, რომ საყვარელი, უახლოესი ადამიანები ყველა ჩემი წამოწყების დროს გვერდით მიდგანან და მორალურად მამხნევებენ.
შვილები გაგვაცანით.
უფროსი − ივანე გელბაქიანი 20 წლისაა და ნიუ-იორკში სწავლობს არქიტექტურულ ფაკულტეტზე. უკვე ისეთ ასაკშია, რომ რჩევებს ვეკითხები და ვითვალისწინებ კიდეც. უმცროსებს − 14 წლის ნიკუშას და 12 წლის ელენეს დედის საქმიანობა აინტერესებთ. ახალი კოლექციების განლაგებაში მეხმარებიან ხოლმე, ჩართულები არიან საქმეში და ამით თავადაც სიამოვნებას იღებენ. ნიკუშა გატაცებულია ფეხბურთით. ძალიან უყვარს ეს სპორტი და გეგმავს, რომ წარმატებული ფეხბურთელი გახდეს, რაშიც მაქსიმალურად ვუწყობთ ხელს. სხვათა შორის, სამივეს აქვს მხატვრობის ნიჭი. პატარა ელენეს ძალიან უყვარს ანიმეს პერსონაჟები და მათი ხატვა. ანიმაციების აპლიკაციებს იწერს და აკეთებს პერსონაჟებს, ილუსტრაციებს.
მაიკო, თავისუფალ დროს როგორ ატარებთ ხოლმე?
ყველაზე ძალიან მიყვარს, როცა მთელი ოჯახი ერთად ვართ და ქალაქიდან გავდივართ. კიდევ უფრო დიდი ბედნიერებაა, როცა რამდენიმე მეგობრის ოჯახი ერთად გავდივართ ქალაქგარეთ და დროს მხიარულად ვატარებთ. ძალიან მიყვარს მოგზაურობა და ესეც ჩემი შთაგონების წყაროა. ყოველთვის იდეებით დახუნძლული ვბრუნდები მოგზაურობიდან.
ახლა ხატავთ?
ვხატავ მეტწილად სათამაშოების ესკიზებს. 2018 წელს თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში გამოფენა მქონდა და ახლა ცოტა ხნით პაუზა ავიღე. ერთ ტალღაზე სტაბილურად ყოფნა ამ მხრივ არ შემიძლია, შესვენება მჭირდება ხოლმე. ცოტა ხანში, ალბათ, ახალი ენერგიით შევუდგები საქმეს.
ძალიან მნიშვნელოვანია, ადამიანს ჰქონდეს საყვარელი საქმე, ორგანიზებული იყოს. როდესაც საქმის კეთების სურვილი აქვს, ყოველთვის გამოიძებნება საშუალება, რათა მიზანი განახორციელოს. არ არსებობს დაბრკოლება − ძლიერი სურვილი და მონდომება ყოველთვის გადალახავს დაბრკოლებას.
თქვენი გადასახედიდან, სად არის ბედნიერება?
ბედნიერება უნდა იპოვო საკუთარ თავში. ჩემთვის ბედნიერებაა ჰარმონია საკუთარ თავთან და მადლიერება იმის გამო, რაც მაქვს: შვილები, ოჯახი, საქმიანობა. ბედნიერებაა ის, რაც სიამოვნებას მანიჭებს. მე ვფიქრობ, რომ სავსე და ბედნიერი ცხოვრება მაქვს.