ამ სტატიის მთავარ გმირს განსაკუთრებული წარდგენა არ სჭირდება, რადგან მას იცნობს აბსოლუტურად ყველა. მუსიკალური პროდიუსერი, მუსიკისმცოდნე და უბრალოდ, თანამედროვე კოლორიტული თბილისის ერთ-ერთი ყველაზე ელეგანტური სახე – მარინა ბერიძე. ქართული OK! მარინას თავის მყუდრო ბინაში ესტუმრა, სადაც მასთან საინტერესო, გულახდილი საუბარი ჭიქა სურნელოვან ყავასთან ერთად შედგა. სიამოვნებით წარმოგიდგენთ ქალს, ვისთვისაც ადამიანის მთავარი საზომი პროფესიონალიზმი და ნიჭია, ვინც გამძაფრებული ინტუიციის გრძნობითა და რისკით შეიარაღებული, გაბედული ცხოვრებისეული ნაბიჯებით ხშირად წინ უსწრებს დროს და ამ ყველაფრის პარალელურად, არის საოცრად რბილი და დამთმობი დედა. გაეცანით პროფესიონალის მრავალფეროვან, საინტერესო მხარეებს მასთან ექსკლუზიურ ინტერვიუში.
მარინა, არაჩვეულებრივად, ლაღად და ბედნიერად გამოიყურებით. რა არის ბედნიერება თქვენთვის?
ცხოვრებისადმი სიყვარულია ბედნიერება. ძალიან მიყვარს სიცოცხლე, და განსაკუთრებით მიყვარს აქტიური ცხოვრება. მიჭირს იმ აზრთან შეგუება, რომ ოდესმე დადგება ჩემს ცხოვრებაში ისეთი პერიოდი, როდესაც ვეღარ ვიქნები აქტიური, ეს აზრი მაშინებს. თუმცა, ჩემი სპეციალობიდან გამომდინარე, ვფიქრობ, საქმე ყოველთვის შეიძლება გამოვნახო. ადამიანისთვის მთავარია იყოს ლაღი. როდესაც ხარ ლაღი და გიყვარს შენი საქმე, ყველაფერი გამოგდის. სხვანაირად წარმოუდგენელია. მხოლოდ მაშინ ვაკეთებ საქმეს კარგად, როდესაც მის მიმართ, იმ მოცემულ მომენტში, სიყვარული და გატაცება მაკავშირებს. შეიძლება შემდეგ გადავდო ეს საქმე, გადავივიწყო, მაგრამ მუშაობის პროცესში ეს ემოციური განწყობაა მთავარი მოტივაცია. ასეთ დროს დილა თენდება და მეც მიხარია.
რა გვსურს ქალებს? როგორ ფიქრობთ?
სიმშვიდე – არა მგონია, სიმშვიდე ხანდახან ყველაფერს ვნებს. რა გვსურს? – სიყვარული. მაგრამ გარკვეულ ეტაპზე ესეც მთავრდება. გვსურს, მუდამ კარგად გამოვიყურებოდეთ და ამას დიდი მნიშვნელობა აქვს. რა თქმა უნდა, არ ვგულისხმობ მხოლოდ გარეგნულ ფაქტორს. მთავარია, ფსიქოლოგიურად, ემოციურად გაწონასწორებულად ვგრძნობდეთ თავს, ვიყოთ მოტივირებული და ჩვენ გარშემო ყველა ახლობელი და საყვარელი ადამიანი კარგად იყოს. და რასაკვირველია, ქალებსაც, მამაკაცებსაც და აბსოლუტურად ყველას უნდა, ნორმალურ ქვეყანაში იცხოვროს.
ძალიან საინტერესოა, რომელ მუსიკას უსმენს მარინა ბერიძე?
მე ვუსმენ ყველაფერს. რა მიყვარს, ეს სხვა საქმეა, მაგრამ ჩემი პროფესიიდან გამომდინარე, ყველაფერს ვუსმენ, ამიტომაც არ ვბერდები. აუცილებლად ყოველთვის ვუსმენ ახალ მუსიკას და ვცდილობ გავიგო. თუ ვერ ვიგებ, მივმართავ ჩემს შვილიშვილებს, მათ ვეკითხები აზრს. ზოგადად, ძალიან მიყვარს მუსიკის მოსმენა, თუმცა ჩემი დილა იწყება ყავით და აუცილებლად კლასიკური მუსიკით.
მსოფლიოს ახალი სუპერვარსკვლავი ჰყავს – ბილი აილიში, „გრემის“ ფავორიტი. თქვენ მოგწონთ?
მე მომწონს. მისი სტილი გარკვეულწილად მუსიკალური სამყაროს ახალი საფეხურია და ასევე, იმის ასახვა, თუ რომელი ტენდენციისკენ მიდის მსოფლიო. მსოფლიო კი მიდის მინიმალიზმისკენ, რადგან ამდენი ბგერების და ხმების მომრავლებამ დაღალა ადამიანები, მე ასე მგონია. სხვა შემთხვევაში, ის „გრემის“ არ აიღებდა. ბილი ძალიან ინტიმური და მინიმალისტურია, ინდივიდუალური მომღერალია. ვიღაცამ შეიძლება მოისმინოს და თქვას, აი, რაში მისცეს ამას „გრემი“? ასე ხომ ყველა მღერის?! ასეთი დამოკიდებულება მაღიზიანებს. როგორ მღერის, იცით? ბგერები გულთან ახლოს რომ გაგკრავს, სიმებს შეარხევს, ჩაგაფიქრებს. ამგვარი მინიმალისტური მუსიკა იძლევა საშუალებას, რომ მსმენელმა თავისი ფანტაზიაც შორს გაშალოს. ეს დიდი გამარჯვებაა.
როგორი ადამიანი იმსახურებს თქვენს პატივისცემას? და პირიქით – რა თვისებები გაღიზიანებთ ადამიანში?
ყველაზე მეტად ვაფასებ ნიჭიერ ადამიანებს, რომლებიც ჩემზე ყოველთვის დიდ გავლენას ახდენენ. ოღონდ, დავაკონკრეტებ – არ ვგულისხმობ გზააბნეულ ნიჭიერებას. მხედველობაში მაქვს ნიჭი და პროფესიონალიზმი ერთად, კომბინაციაში, რადგან ერთმანეთის გარეშე, ეს ორი უნარი უფუნქციოა, შედეგი არ მოაქვს. ჩემთვის ეს იმდენად ბევრს ნიშნავს, რომ ამ თვისებების მქონე ადამიანს ყველაფერს ვპატიობ. პატივს არ ვცემ უნიჭო და გაუნათლებელ ხალხს.
რაიმეს ნანობთ? წარსული წლების, სხვადასხვა გამოცდილების გაანალიზების შემდეგ, იბადება სინანულის განცდა?
თავიდან რომ დავიწყო ცხოვრება, ამავე გზას გავივლიდი. უამრავი შეცდომა მაქვს დაშვებული, მაგრამ ეს შეცდომები ჩემია და ალბათ, უნდა დამეშვა, რათა აქამდე მოვსულიყავი. მიყვარს წინსვლა, პროგრესი და გარისკვა, რომელსაც მოაქვს ბევრი უარყოფითი ფაქტორი, მაგრამ ეს ჩემი ბუნებაა, რომელსაც ვერავინ და ვერაფერი მოერევა. წინ როგორი ბარიერიც უნდა შემხვდეს, მაინც ყოველთვის მივდივარ რისკის გზით.
ინტუიციის გრძნობა გეხმარებათ?
თუკი რაიმე მაქვს ცხოვრებაში გამძაფრებული, ეს არის ინტუიცია. მას მივყვები და ვრისკავ. ერთი თავისებურება მახასიათებს – უფრო ადრე ვდგამ ხოლმე ნაბიჯებს, ვიდრე საჭიროა. თუმცა გადის დრო, ყველაფერს ერქმევა თავისი სახელი და სწორად ფასდება ჩემ მიერ გადადგმული ნაბიჯების საჭიროება. დასტურდება, რომ ეს აუცილებელი იყო და უნდა მომხდარიყო. მე პროფესიონალი ვარ და რისკის არ მეშინია. „მხოლოდ ქართულის“ ბოლო სეზონზე ცხადად გავიაზრე, რომ სწორედ ესაა ჩემი მთავარი მამოძრავებელი ძალა – ინტუიცია და რისკი.
რას მიჰყავს ადამიანი პროგრესისკენ?
იცით რა, ჩემი პრინციპია, ის მძიმე და დატვირთული გზა, რომელიც გამოვიარე, გამოვიყენო სიკეთისთვის და არა ნეგატივისთვის. შეცდომა ბევრ ადამიანს ანგრევს, მაგრამ თუ სწორად გააანალიზებს, რატომ ჩავარდა ამ მდგომარეობაში და ამის ნაცვლად სხვებს არ დაადანაშაულებს, საკუთარ თავში მონახავს მარცხის მიზეზებს, მაშინ გამოძვრება და წავა პროგრესისკენ. თავად მე უშიშარი და პირდაპირი ადამიანი ვარ.
მარინა, ყოველთვის არაჩვეულებრივად გამოიყურებით, გაქვთ თქვენთვის დამახასიათებელი ინდივიდუალური, მოხდენილი სტილი, ელეგანტურობა. დიდ დროს ანდომებთ სარკის წინ ტრიალს?
ძალიან ცოტა დროს ვატარებ სარკის წინ. ერთ რამეს გაგიმხელთ: ღამით, ძილის წინ, აბსოლუტურად დაგეგმილი მაქვს მეორე დღე. ზუსტად ვიცი, რომ გავიღვიძებ რა უნდა ჩავიცვა, დავიხურო, როგორი მაკიაჟი გავიკეთო, რომელ საათზე სად ვიყო და რა გზით. ღამით ვალაგებ ხოლმე სახლს, რომ დილა ფორიაქში არ გავატარო, შემდეგ ვჯდები 10 წუთით და მეორე დღეს ვგეგმავ. როგორც წესი, დილის სცენარის რამდენიმე ვარიანტი მაქვს, ამინდისა და დღის რეჟიმის გათვლით. ეს ჩვევა მაქვს გამომუშავებული, რომელიც მე მგონი გენეტიკურია. დედაჩემი მეუბნებოდა ხოლმე, პურის საყიდლადაც კი მოწესრიგებული გადი შინიდან, რადგან არ იცი, ვინ შეგხვდებაო. წესრიგის სიყვარული ბევრ სხვა საქმეშიც ძალიან მეხმარება.
სამზარეულოში ტრიალებთ?
ახლა აღარ. მე დიდი ოჯახი მქონდა და ჩემზე იყო მონდობილი სადილების კეთება. კარგი კულინარი ვარ და პრაქტიკულად ყველაფერი გემრიელი გამომდის, მხოლოდ ცომთან ვერ ვმეგობრობ. რაც მარტო ვცხოვრობ, ხეირიანი სამზარეულოც კი არ მაქვს. ვერ ვისწავლე დიდი პორციებიდან პატარაზე როგორ გადავიდე, ბევრი ინგრედიენტის ნაცვლად ცოტა როგორ გამოვიყენო. ამიტომ შევეშვი, მცირე მასშტაბი საერთოდ არ მიყვარს, მით უმეტეს – კულინარიაში.
მარინა ბერიძე – დედა. როგორი დედა ხართ?
აბსოლუტურად განსხვავებული იმ ადამიანისგან, როგორადაც მიცნობენ. ვიცი, რომ ლაღი შვილი გავზარდე, შემდგარი ადამიანი, რომელსაც თავად ოთხი შვილი ჰყავს, ფანტასტიკური დედა და კეთილმოსურნე, კარგი ადამიანია. მას არასდროს არავისთან მოსდის კონფლიქტი, დედისგან განსხვავებით. მე თვითონ ლიდერი ვარ და იმპერატიული ტონი მაქვს, რაც ძალიან შევზღუდე ჩემს შვილთან ურთიერთობაში – მეშინოდა, არ დამეთრგუნა. არასოდეს ვყოფილვარ მასთან კატეგორიული. ყოველთვის პრინციპული მნიშვნელობა ჰქონდა მხოლოდ მის აზრს და არჩევანს, რას გადაწყვეტდა, სად მოუნდებოდა სწავლა და ა.შ. სხვათა შორის, საკუთარ შვილთან ერთად გავზარდე მთელი მისი სამეგობრო, პროფესიებიც კი ერთად შევარჩიეთ.
თქვენი ოცნებები, სამომავლო დიდი გეგმები გაგვიზიარეთ. რაზე ოცნებობთ?
რამდენიმე გიჟური პროექტი მაქვს თავში, რომელიც მაწუხებს და სანამ შემიძლია, მინდა მათი შესრულება მოვასწრო. ორი მათგანი ისეთია, რომ მათი განხორციელება ბევრ რამეს შეცვლის მუსიკალურ მიმდინარეობებში. ამიტომ ძალიან მინდა, გავაკეთო. რაც შეეხება უფრო გლობალური ხასიათის ოცნებას, მინდა ისე წავიდე ამ ქვეყნიდან, რომ არავინ შევაწუხო და ბოლომდე ენერგიულად ვიყო. ჩემს უმოქმედობას და უსუსურობას ვერავინ აიტანს. მათ შორის, ჩემი შვილი.
პრინციპი, რომელსაც არასოდეს ღალატობთ...
არ ვტყუი.
დაბოლოს: ერთი წინადადებით დაახასიათეთ საკუთარი თავი.
მე მართალი ქალი ვარ.