სოფო ქაცარავა − საქართველოს ახლად დანიშნული საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი დიდ ბრიტანეთში, სიამოვნებით დათანხმდა გაეზიარებინა ქართული OK!-ისთვის დიპლომატიის სფეროში საკუთარი მრავალწლიანი, ნაყოფიერი გამოცდილება.
ჩვენი სტატიის გმირმა თავისი საქმიანი ცხოვრების უდიდესი ნაწილი საქართველოსა და ბრიტანეთს შორის მეგობრული კავშირის დამყარებას და ჩვენი ქვეყნისთვის უაღრესად სასარგებლო, ერთობლივი პროექტების შესრულებას მიუძღვნა. მრავალწლიანი ნაყოფიერი დიმპლომატიური საქმიანობისთვის სოფოს დიდი ბრიტანეთისგან ძალიან პატივსაცემი და განსაკუთრებული − დედოფლის ჯილდო (MBE − ბრიტანეთის იმპერიის საპატიო წევრი) გადაეცა. გაეცანით დიდ ბრიტანეთში საქართველოს სრულუფლებიანი ელჩის პროფესიულ ისტორიას და სამომავლო გეგმებს, რომელიც ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი, საკვანძო პრიორიტეტების შესრულებით და საქართველო-ბრიტანეთის ურთიერთობის კიდევ უფრო გაღრმავებითაა მოტივირებული.
პრინციპები, რომელსაც არასოდეს ღალატობთ მუშაობის დროს...
აბსოლუტურად ყველგან, სადაც მიმუშავია, ბოლომდე ვიხარჯები. სამსახური არასოდესაა ჩემთვის მხოლოდ სამუშაო ადგილი, სადაც ვალდებულებები უნდა შევასრულო. ჩემთვის მთავარია, საქმის კეთებისას ბოლომდე დავიხარჯო და ის მაქსიმალური შედეგი მივიღო, რომელიც კონტექსტისა და რეალობის გათვალისწინებითაა შესაძლებელი. საქმის მიმართ ერთგულება და საუკეთესო შედეგზე ორიენტირება ჩემთვის მთავარი პრინციპებია.
როგორ გაიხსენებთ ბრიტანეთის საელჩოში გატარებულ წლებს?
ეს იყო ჩემთვის უზომოდ მნიშვნელოვანი, ნაყოფიერი და საინტერესო წლები, როდესაც ძალიან დიდი ცოდნა და გამოცდილება მივიღე. გამიმართლა და ბევრ საოცრად საინტერესო ადამიანთან ვიმუშავე − მაღალი კლასის პროფესიონალ დიპლომატებთან, რომელთაგან უამრავი რამ ვისწავლე. ბევრი მათგანი დღესაც ჩემი მეგობარია და ვაგრძელებთ ურთიერთობას. საელჩოში სხვადასხვა პოზიციაზე ვმუშაობდი, შესაბამისად, მქონდა იმის საშუალება, წვლილი შემეტანა ორი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებაში და მიგვეღწია იმ შედეგებისთვის, რომელმაც კიდევ უფრო გააძლიერა და დააახლოვა საქართველო და დიდი ბრიტანეთი.
ახლა კვლავ დაუბრუნდით თქვენს საყვარელ საქმიანობის სფეროს, სადაც წლების წინ ყველაზე დაბალი საფეხურიდან დაიწყეთ და რამდენიმეწლიან პერიოდში ძალიან დიდი გამოცდილება დააგროვეთ. დღეს გაქვთ საკმაოდ საინტერესო და საპასუხისმგებლო თანამდებობა − საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ბრძანდებით დიდ ბრიტანეთში. სოფო, რა არის თქვენი მთავარი გამოწვევები და პრიორიტეტები ამ თანამდებობაზე?
საქართველოსა და ბრიტანეთს მრავალწლიანი ურთიერთობა აკავშირებს. რამდენიმე წლის წინ, ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც საელჩოში ვმუშაობდი, ბრიტანეთსა და საქართველოს შორის ჩამოყალიბდა უნიკალური, უორდროპის სტრატეგიული დიალოგის ფორმატი.
უორდროპის დიალოგი არის ფორმატი, რომელიც თავს უყრის ყველა იმ მიმართულებას, რომლებიც პრიორიტეტულია საქართველოსა და ბრიტანეთისთვის − იქნება ეს დემოკრატიული რეფორმები, თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობა თუ ხალხთა შორის კავშირები. ეს მექანიზმი არის საშუალება, რომ თანამშრომლობა იყოს თანმიმდევრული, შედეგზე ორიენტირებული და ორივე ქვეყნისთვის სასარგებლო.
პარლამენტში ჩემი ყოფნის დროს, ასეთივე ფორმატი ჩამოვაყალიბე საქართველოს მეგობრობის ჯგუფთან ბრიტანეთის თემთა პალატაში, ზუსტად იმიტომ, რომ კავშირები და თანამშრომლობა იყოს რეგულარული, სისტემური და თანმიმდევრული.
რაც შეეხება გეგმებს: მას შემდეგ, რაც ბრიტანეთმა ევროკავშირი დატოვა, ბევრი მიმართულებით თანამშრომლობის ახალი ეტაპი დაიწყო. ბევრი ექსპერტი ამ პროცესში ორმხრივი ურთიერთობებისთვის ახალ გამოწვევებს ხედავს, თუმცა მე თვისებრივად ახალ შესაძლებლობებზე გადავიტანდი კონცენტრირებას.
დღეს ბრიტანეთის ინტერესებშია ურთიერთობების ახალი ხაზების მოძიება და მაშინ, როდესაც ეკონომიკური წინსვლა და ვაჭრობის განვითარება ჩვენთვის ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტს წარმოადგენს, მინდა ამ საკითხს განსაკუთრებული ყურადღება დავუთმო. გარდა ამისა, კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირება, უსაფრთხოება, თავდაცვა, განათლება, თავისთავად მაღალი დონის პოლიტიკური დიალოგი − ის საკითხებია, რომლებზეც აქტიურად გავაგრძელებ მუშაობას ჩვენს ბრიტანელ კოლეგებთან. საჭიროა მეტი მუშაობა, რათა ჩვენი აუთვისებელი პოტენციალი მაქსიმალურად გამოვიყენოთ.
ცხადია, ზემოთ ჩამოთვლილი თითოეული პრიორიტეტი საყურადღებოა, თუმცა ეკონომიკისა და ვაჭრობის მიმართულება პრინციპულად მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის, რადგან ის პირდაპირ აისახება ადამიანების ცხოვრების ხარისხზე. ჩემი მიზანია, დავანახო ბრიტანეთის მხარეს, რამხელა პოტენციალი, როგორი მიმზიდველი ბიზნესგარემო და საუკეთესო პირობებია ჩვენს ქვეყანაში იმისათვის, რომ ამ მიმართულებით მათი მხრიდან მნიშვნელოვანი დაინტერესება გაჩნდეს. ქართულ დიასპორასთან ურთიერთობა და მათი მონაწილეობა პროცესებში უმნიშვნელოვანესია, ისევე, როგორც იმ ახალგაზრდების ჩართულობა, რომლებიც ბრიტანეთის სხვადასხვა უნივერსიტეტში სწავლობენ.
სოფო, თქვენ სტუდენტების თემას შეეხეთ. რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, თავად იყავით ერთ-ერთი პრესტიჟული ბრიტანული სტიპენდიის პროგრამის ხელმძღვანელი საქართველოში...
დიახ, ეს პროექტი დღემდე საამაყოა ჩემთვის. ჩივნინგის სტიპენდია ბრიტანეთის მთავრობის გლობალური პროექტია, რომელიც უნიკალურ შესაძლებლობებს აძლევს სტუდენტებს სამაგისტრო განათლება ბრიტანეთის საუკეთესო უმაღლეს სასწავლებლებში მიიღონ.
პროექტს გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან ჩაეყარა საფუძველი. თავიდან 2-3 სტიპენდიატის დაფინანსებით, შემდეგ საკმაოდ გაფართოვდა და დღეს წარმატებული ქართველი სტუდენტები არაჩვეულებრივად სარგებლობენ ამ უნიკალური შესაძლებლობით. დღეს ასობით ასეთი ადამიანია საქართველოში, რომლებიც დარწმუნებული ვარ, ამაყობენ იმით, რომ ჩივნინგის სტიპენდიის კურსდამთავრებულები არიან. საელჩოში ჩემი მუშაობის პერიოდში, რაოდენობრივად მნიშვნელოვნად გაიზარდა ამ პროექტის ბენეფიციართა რიცხვი. ასევე საამაყოა, რომ საქართველოს მთავრობა, უკვე წლების განმავლობაში აფინანსებს სხვადასხვა ქვეყანაში ჩვენი სტუდენტების სწავლის შესაძლებლობას. ათასობით ქართველი სტუდენტი სარგებლობს ამ პროგრამით, მათ შორის ბრიტანეთში. აუცილებლად მექნება მათთან რეგულარული შეხვედრები.
საზღვარგარეთ, ამ შემთხვევაში ბრიტანეთში, სწავლა მხოლოდ ცოდნის გაღრმავებას არ მოიცავს. ახალ ცხოვრებისეულ გამოცდილებებს, უცხო ქვეყნის კულტურასთან და ცხოვრების წესთან ადამიანის ზიარებას და გარკვეულწილად, ახალ რეალობასა და საზოგადოებაში ინტეგრირებასაც მოიაზრებს, რაც თავისთავად, სასარგებლო გამოცდილებაა.
სოფო, გაიხსენეთ, როდის და როგორ ჩამოყალიბდა თქვენი პირველი კავშირები დიდ ბრიტანეთთან? როგორ შედგა ეს ორმხრივი ურთიერთობა და შემდეგ როგორ გაგრძელდა?
ყოველთვის განსაკუთრებული დამოკიდებულება მქონდა ამ ქვეყნის მიმართ. ბრიტანეთის საელჩოსთან ჩემი კავშირი დაიწყო მაშინ, როდესაც სულ პირველად გაიხსნა საელჩო 1990-იან წლებში. მაშინ ჯერ კიდევ სტუდენტი ვიყავი. ხოლო 2005 წლიდან 2016 წლამდე ბრიტანეთის საელჩოში ვმუშაობდი სხვადასხვა პოზიციაზე. ბოლო წლებში გახლდით საელჩოს პოლიტიკური მდივანი.
სოფო, თქვენ მიღებული გაქვთ უმნიშვნელოვანესი და ძალიან პატივსაცემი − ინგლისის დედოფლის ჯილდო ბრიტანეთ-საქართველოს შორის ურთიერთობის გაღრმავებაში წვლილისთვის. ალბათ, საკმაოდ ემოციური იქნებოდა თქვენთვის დიდი ბრიტანეთის მხრიდან ასეთი დაფასება და პატივისცემის დადასტურება...
ნამდვილად ძალიან ემოციური იყო. ნებისმიერი სახის დაფასება ყოველთვის ამაღელვებელია, მაგრამ დედოფლის ჯილდოს, რა თქმა უნდა, განსხვავებული დატვირთვა აქვს. ჩემთვის მთავარი იყო ქალბატონ ალექს ჰოლ ჰოლის მიერ ჩემი საქმისადმი დამოკიდებულების და თუ გნებავთ, თავდადების აღიარება. სწორედ მან წარმადგინა მე ამ ჯილდოზე და ეს დღესაც ჩემთვის ერთ-ერთი ამაღელვებელი მიღწევაა.
თქვენი ყველაზე დიდი სურვილი ან ოცნება, რომელიც გაქვთ ჩვენს ქვეყანასთან, საქართველოსთან მიმართებაში...
საქართველო დღეს ოთხი მთავარი გამოწვევის წინაშე დგას. ესენია: უსაფრთხოება და ტერიტორიული მთლიანობა, კეთილდღეობა, დემოკრატიული პროცესის კონსოლიდაცია და ეკონომიკური განვითარება.
მე მჯერა იმის, რომ საქართველო ამ გამოწვევებს მარტო ვერ უპასუხებს. და იმისიც მჯერა, რომ ბრიტანეთს ოთხივე მიმართულებით უზარმაზარი როლის თამაში შეუძლია, მეტიც − ამისათვის საჭირო პოლიტიკური ნება და კავშირები საკმაო ხანია არსებობს. ბედნიერი ვარ, რომ მომდევნო წლებში მექნება ძალიან დიდი პასუხისმგებლობა და შესაძლებლობა, წარმოვადგენდე ჩემს ქვეყანას და ვემსახურებოდე მის სტრატეგიულ ინტერესებს ბრიტანეთში.